ბარტერი, როგორც სანქციების ალტერნატივა
რუსეთის საგარეო ვაჭრობაში პირველად, 1990-იანი წლების შემდეგ, ბარტერის ტენდენცია იზრდება. კომპანიები, რომლებიც ცდილობენ, დასავლურ სანქციებს გვერდი აუარონ, ხორბალს - ჩინურ მანქანებში, ხოლო სელის თესლს სამშენებლო მასალებში ცვლიან.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აძლიერებს ურთიერთობებს ჩინეთთან და ინდოეთთან, ბარტერის დაბრუნება ნათლად აჩვენებს, რამდენად შეცვალა უკრაინის ომმა სავაჭრო ურთიერთობები მსოფლიოს ყველაზე დიდი ბუნებრივი რესურსების მწარმოებელი ქვეყნისთვის. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა საბჭოთა კავშირის 1991 წლის დაშლის შემდეგ, როცა დაიწყო რუსეთის ეკონომიკური ინტეგრაცია დასავლეთთან.
აშშ-მა, ევროპამ და მოკავშირეებმა რუსეთის წინააღმდეგ 25 000-ზე მეტი სხვადასხვა სანქცია დააწესეს 2022 წელს, უკრაინაში ომისა და 2014 წელს, ყირიმის ანექსიის გამო, რათა დაემხოთ რუსეთის 2.2 ტრილიონი დოლარის ეკონომიკა და შეერყათ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისადმი მხარდაჭერა.
პუტინი კი აცხადებს, რომ რუსეთის ეკონომიკამ მოლოდინებს გადააჭარბა და ბოლო ორი წლის განმავლობაში, უფრო სწრაფად გაიზარდა, ვიდრე „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ეკონომიკები, მიუხედავად დასავლეთის პროგნოზებისა. მან ბიზნესსა და ოფიციალურ პირებს დაავალა, ყველა შესაძლო გზით დაუპირისპირდნენ სანქციებს.
თუმცა, არსებობს მზარდი ნიშნები იმისა, რომ ეკონომიკა სტრესის ქვეშაა:
ცენტრალური ბანკის მონაცემებთ, ქვეყანა ტექნიკურად რეცესიაშია და ინფლაციის დონე მაღალია.
ზოგიერთი სანქცია - განსაკუთრებით, რუსეთის ბანკების SWIFT-ის გადახდის სისტემიდან გათიშვა 2022 წელს და ვაშინგტონის გაფრთხილებები ჩინეთის ბანკებისთვის, რომ არ დაუჭირონ მხარი რუსეთს - აძლიერებს შიშს მეორადი სანქციების შესახებ.
„ჩინეთის ბანკებს ეშინიათ, რომ სანქციების სიაში აღმოჩნდებიან, ამიტომ ისინი არ იღებენ ფულს რუსეთიდან“, - უთხრა Reuters-ს გადახდების ბაზრის ერთ-ერთმა წყარომ.
ამ შეშფოთებას უკავშირდება ბარტერული გარიგებების გაჩენა, რომლებიც ბევრად რთულია თვალთვალისთვის. 2024 წელს, რუსეთის ეკონომიკის სამინისტრომ გამოსცა 14-გვერდიანი „გზამკვლევი საგარეო ბარტერული გარიგებებისთვის“, რომელიც ბიზნესებს სთავაზობდა სანქციების თავიდან აცილების ამ მეთოდის გამოყენებას. დოკუმენტში ასევე წარმოდგენილი იყო წინადადება ბარტერული ბირჟის შექმნის შესახებ.
მართალია, აქამდე, კომერციული ინტერესის მცირეოდენი მტკიცებულება არსებობდა, მაგრამ გასულ თვეში, Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩინეთის Hainan Longpan Oilfield Technology Co ცდილობდა, ფოლადისა და ალუმინის შენადნობების გაცვლას საზღვაო ძრავებში. ამ ამბის ფარგლებში, Reuters-მა შეძლო რვა ასეთი ბარტერული გარიგების გამოვლენა სხვადასხვა წყაროსა და საბაჟო განცხადებების საფუძველზე. მათი ღირებულება ან მოცულობა უცნობია, თუმცა სამი სავაჭრო წყარო ამბობს, რომ პრაქტიკა სულ უფრო ხშირად გამოიყენება.
„ბარტერის ზრდა არის დედოლარიზაციის, სანქციების ზეწოლისა და ლიკვიდურობის პრობლემების სიმპტომი“, - განაცხადა მაქსიმ სპასკიმ, რუსეთისა და აზიის მრეწველთა კავშირის გენერალური საბჭოს მდივანმა.
ექსპერტების თქმით, ბარტერის მასშტაბის ერთ-ერთი ნიშანი შეიძლება იყოს ცენტრალური ბანკისა და საბაჟო სტატისტიკას შორის 7 მილიარდი დოლარით განსხვავება, რომელიც დაფიქსირდა წლის პირველ ნახევარში.
Reuters-თან რუსეთის საბაჟომ დაადასტურა, რომ ბარტერი სხვადასხვა საქონელზე ხორციელდება, თუმცა აღნიშნა, რომ გარიგებების რაოდენობა უმნიშვნელოა საერთო ვაჭრობასთან შედარებით. 2025 წლის იანვარ-ივლისში, რუსეთის საგარეო ვაჭრობის ბალანსი 14%-ით შემცირდა და 77.2 მილიარდ დოლარი იყო. ექსპორტი ამ პერიოდში 11.5 მილიარდით შემცირდა და 232.6 მილიარდი შეადგინა, იმპორტი კი 1.2 მილიარდით გაიზარდა და 155.4 მილიარდი გახდა.
მანქანები ხორბლის სანაცვლოდ
Reuters-ის მიერ გამოვლენილი ერთ-ერთი გარიგების მიხედვით, ჩინური ავტომობილები რუსულ ხორბალში გაიცვალა. ჩინურმა პარტნიორებმა რუსულ მხარეს სთხოვეს, გადახდა ხორბლით განეხორციელებინათ. ისინი მანქანებს ჩინეთში იუანით ყიდულობდნენ, რუსული მხარე კი ხორბალს - რუბლში, შემდეგ ხორბალი ავტომობილებში გაცვალეს. Reuters-მა ვერ დაადგინა გარიგების მოცულობა და ისიც, როგორ ფასდებოდა ხორბალი ან ავტომობილები.
სხვა გარიგებების ფარგლებში, სელის თესლი ჩინურ საყოფაცხოვრებო ტექნიკასა და სამშენებლო მასალებში გაიცვალა. ერთ-ერთი გარიგება, დაახლოებით, 100 000 დოლარად იყო შეფასებული. აგვისტოში, ყაზანში გამართულ ბიზნეს-ფორუმზე, ჩინურმა კომპანიებმა აღნიშნეს, რომ ბარტერი შეიძლება გამოსავალი ყოფილიყო „გადახდებთან დაკავშირებული პრობლემების“ პირობებში.
ბარტერი 1990-იან წლებში ქაოსს იწვევდა
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1990-იან წლებში, ბარტერმა ქაოსი მოიტანა ეკონომიკაში: არსებობდა უზარმაზარი ჯაჭვები, დაწყებული ელექტროენერგიიდან და ნავთობიდან, დამთავრებული - ფქვილით, შაქრითა და ჩექმებით. ფასების სქემები მნიშვნელოვნად ართულებდა ღირებულების განსაზღვრას.
იმ პერიოდში, ბარტერი მიმზიდველი იყო ფულის ნაკლებობისა და მაღალი ინფლაციის ფონზე. ახლა ფული პრობლემა აღარ არის, მაგრამ ბარტერი დასავლეთის სანქციების მუდმივად ცვალებადი ზეწოლის შედეგია.
ოფიციალური რუსეთი აცხადებს, რომ დასავლური სანქციები უკანონოა, ხოლო ჩინეთი მათ დისკრიმინაციულს უწოდებს. ბარტერი ერთადერთი გამოსავალი არ არის: ზოგი კომპანია „გადახდის აგენტებს“ იყენებს, ზოგი - კრიპტოვალუტას, ზოგი - ნაღდ ფულს.