ბოლო დღეებში, რამდენიმე მედიასაშუალებამ, ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირი აპირებს რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის გამკაცრებას ან სრულად აკრძალვას. „ჩვენ, უბრალოდ, ვერ შევეგუებით იმ ფაქტს, რომ რუსები მოგზაურობენ და ცხოვრებით ტკბებიან მაშინ, როცა მათი მთავრობა უკრაინელებს კლავს და ყოველდღიურად ემუქრება ჩვენს უსაფრთხოებას“, - განუცხადა Euraktiv-ს ევროკავშირის დიპლომატმა, რომლის ვინაობაც უცნობია.
პანიკა პრესაში
12 სექტემბერს, Politico-მ, ევროკომისიის წარმომადგენელზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ წლის ბოლომდე გამოსაქვეყნებელი ახალი სახელმძღვანელო პრინციპები რუსეთისა და სხვა მტრულად განწყობილი ქვეყნების მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემაზე უფრო მკაცრ შეზღუდვებს მოიცავს. იმავე დღეს, გერმანულმა საინფორმაციო სააგენტო DPA-მ დაწერა, რომ გერმანია ამკაცრებს ვიზების გაცემის წესებს და მხარს უჭერს ახალი სანქციების პაკეტში შეზღუდვების ჩართვას.
კიდევ უფრო ადრე, 8 სექტემბერს, იტალიურმა სააგენტო ANSA-მ, წყაროებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის სანქციების მე-19 პაკეტი, შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრებასაც მოიცავდეს. სააგენტოს არ დაუკონკრეტებია, თუ რას მოიცავს ეს გამკაცრება.
ოფიციალური პოზიცია
შინაგან საქმეთა და მიგრაციის პოლიტიკის ევროკომისარმა, მაგნუს ბრუნერმა განაცხადა, რომ ევროკავშირს არ შეუძლია აკრძალოს ვიზების გაცემა რუსეთის მოქალაქეებისთვის - ეს საკითხი ცალკეული სახელმწიფოების კომპეტენციაა. „ბოლო წლებში, რუსებისთვის გაცემული ვიზების რაოდენობა საკმაოდ შემცირდა, რაც კარგია. როგორც იცით, ვიზები ცალკეული ქვეყნების პასუხისმგებლობაა. ამიტომ, ევროკავშირს სრული აკრძალვის დაწესების შესაძლებლობა არ აქვს“, - განაცხადა ბრუნერმა და დასძინა: „ჩვენ, წლის ბოლომდე, ჩვენს სავიზო სტრატეგიას გადავხედავთ. თუმცა, საქმე უფრო მიგრაციას ეხება“, - აღნიშნა მან.
ვითარება რუსეთის საკონსულოებში
უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებამდე, რუსეთსა და ევროკავშირს გამარტივებული სავიზო შეთანხმება ჰქონდათ. ვიზის საფასური 35 ევრო იყო, ბევრი ქვეყანა, ხუთ წლამდე, მრავალჯერად ვიზებს გასცემდა, ზოგიერთ საკონსულოს კი დოკუმენტების მოთხოვნები შემსუბუქებული ჰქონდა.
2022 წლის 9 სექტემბერს, ევროკავშირმა აღნიშნული შეთანხმება გააუქმა. დღეს, ევროკომისიის ვებ-გვერდზე წერია, რომ რუსეთის მოქალაქეებს ვიზების მისაღებად უფრო ხანგრძლივი, ძვირადღირებული და რთული პროცესი გავლა უწევთ.
ომის დაწყებიდან მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ შეწყვიტა მოკლევადიანი - C ტიპის ვიზების გაცემა. ისლანდიამ საერთოდაც საელჩო დახურა. შვედეთმა ოფიციალურად ვიზების გაცემა არ შეწყვიტა, თუმცა სავიზო ცენტრები დოკუმენტებს 2024 წლიდან აღარ იღებენ და დოკუმენტების საკონსულოში წარდგენა მხოლოდ საგანგებო სიტუაციის შემთხვევაშია შესაძლებელი.
რამდენიმე ქვეყანა ვიზებს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში გასცემს. გამონაკლისი ეხებათ ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქეების ნათესავებსა და ზოგჯერ კი ბინადრობის ნებართვის მქონე პირთა ნათესავებს. ამ წესს ჩეხეთის რესპუბლიკა, პოლონეთი, ფინეთი, ნორვეგია, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა იცავენ .
ნიდერლანდები ვიზაზე განაცხადებს მხოლოდ ქვეყნის მაცხოვრებლების ნათესავებისგან იღებს, ასევე გარკვეული საქმიანი ვიზიტებისთვის და გარკვეული ორგანიზაციების მოწვევით სოციალური ან კულტურული მნიშვნელობის ვიზიტებისთვის.
გერმანია ოფიციალურად არ ზღუდავს მოკლევადიანი ვიზების გაცემას. რუმინეთს, რომელიც 2025 წლიდან შენგენის ზონის სრულუფლებიანი წევრია, საკონსულოს ვებ-გვერდზე ჯერ არ განუახლებია ვიზის დოკუმენტების მოთხოვნების გაცემასთან დაკავშირებული ცვლილებები.
სულ, 2024 წელს, რუსეთის საკონსულოებში, 540 000-ზე ოდნავ მეტი მოკლევადიანი ვიზა გაიცა. იტალიამ, საფრანგეთმა და ესპანეთმა, თითოეულმა, 100 000-ზე მეტი ვიზა გასცა. შედარებისთვის, 2019 წელს (რომლის შემდეგაც ვიზის გაცემა კორონავირუსის პანდემიის გამო გართულდა), რუსეთში, სულ 4 მილიონზე მეტი ვიზა გაიცა. იმ დროს რეკორდსმენი ფინეთი იყო - მან 780 000-ზე მეტი ვიზა მიიღო.
წყარო: https://www.bbc.com/russian/articles/c8d715rd858o