ის, რაც ბოლო დღოს, „ქართული ოცნების“ ოფისთან, მელიქიშვილის გამზირზე ხდება, მიზანმიმართული პროვოკაციაა, ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობის“ გენერალური რეპეტიცია, თუ კარგად გაწვრთნილ-დატრენინგებული აქტივისტების აგრესიული ქმედება, რათა არეულობა და სამოქალაქო დაპირისპირება გამოიწვიოს?! მართალია, ეს კითხვები რიტორიკულია, თუმცა for.ge ანალიტიკოსს, დავით ზარდიაშვილს ესაუბრა.
- ბატონო დავით, მიდის თუ არა ეს პროცესი სამოქალაქო დაპირისპირებამდე?
- პროცესი უკვე მისულია სამოქალაქო დაპირისპირებამდე და მელიქიშვილის ქუჩაზე, ეს ნათლად ვნახეთ. თუმცა, ბუნებრივია, ჯერ მცირე, „ლოკალური მასშტაბით“ და „სამოქალაქო ცემა-ტყეპის“ სახით. ეს არ გახლავთ ისეთი კრიტიკული სახის დაპირისპირება, რაც რამე მასობრივ არეულობას მოასწავებს, მაგრამ ვითარება ნამდვილად საყურადღებოა. საზოგადოებაში პოლარიზაციის ხარისხი უაღრესად მაღალია, ხოლო ნაცებს კიდევ მეტად სურთ „ტემპერატურის“ აწევა, რათა მიუხედავად რადიკალთა შედარებით მცირე რაოდენობისა თუ სხვა რესურსებისა, უცხოელ პატრონებს აშკარად სურთ, ეგებ, სრულმასშტაბიან სამოქალაქო ომში გადაზარდონ პროცესი.
ამას უცხოელი პატრონების ყურმოჭრილად კლიენტი ნაცები არც მალავენ - მათი ოფიციალური პოლიტიკური „პროგრამა-მინიმუმი“ - არც მეტი, არც ნაკლები - საქართველოს ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობაა“. ეს თავისთავად სრული აბსურდია, ვინაიდან თუკი „დამხობაა“ (ეს სიტყვა აბსოლუტურ შეურიგებლობას, მეტიც, ღია აგრესიას გამოხატავს, რაც იმთავითვე უკიდურეს ძალადობას გულისხმობს) მიზანი, ის „მშვიდობიანი“ ვერასგზით იქნება, ხოლო თუ პირიქით - სამოქალაქო მშვიდობაა პრიორიტეტი, მაშინ „დამხობა“ ყოვლად დაუშვებელი და წარმოუდგენელიც კია. მშვიდობის შენარჩუნებასა და იმავდროულად, დამხობაზე საუბარი რამე საზრისს მოკლებულია, რადგან ან ერთია, ან - მეორე.
ცხადია, აშკარა ოქსიმორონია, „მშვიდობიანი დამხობა“ ხომ იგივეა, რაც „ცხელი ყინული“ ან, მათივე ტერმინებით - „ცივი ცეცხლი“ ე.წ. ოლიგარქიას. ეს ტიპურად პოსტმოდერნული „ორუელიზმია“, როცა მშვიდობა ომია და პირიქით. მსგავსი აბსურდის მასობრივი გავრცელება დეზინფორმაციული ნაცპროპაგანდის მედია-საშუალებებით ერთადერთ მიზანს ემსახურება - ხალხის ბოლომდე დაბნევასა და ბრბოდ გადაგვარებას. თუკი „ორუელიზმის“ პროპაგანდამ მასები ისე გამოალაყა და გამოაყეყეჩა, როგორც ეს ე.წ. გულანთებული ახალგაზრდები, არა მხოლოდ მასშტაბურ არეულობას, არამედ, საბოლოო ჯამში, გარანტირებულად ეროვნულ კატასტროფას მივიღებთ.
საბედნიეროდ, ამ საბედისწერო უბედურებას ჯერ კრიტიკული მასშტაბი არ აქვს, რადგან „რევოლუციის მომწიფება“, მიუხედავად გაშმაგებული მცდელობებისა, საწყის სტადიას ვერაფრით გასცდა. მაგრამ თავის დამშვიდება არ ღირს და არც შეიძლება. უკვე წლებია, ამ „ორუელიზმს“, აბსურდულ ნარატივებს თხზავენ, ავრცელებენ და გამუდმებით ბერავენ საქართველოს წინააღმდეგ და უწყვეტ რეჟიმში, იარაღად იყენებენ ჩვენი ქვეყნის დაუძინებელი საგარეო მტრები, რათა ჩვენი სახელმწიფოებრიობა შეარყიონ და ჩამოშალონ. უკვე ნათელია, რომ მათი მიზანი არ გახლავთ ხელისუფლების შეცვლა, არამედ - საქართველოს სუვერენიტეტის, მისი სახელმწიფოებრიობის უკიდურესი დაქვეითება და სულაც დანგრევა.
ამიტომ, სახელმწიფოს უსაფრთხოების სისტემურ განმტკიცებას სასიცოცხლო მნიშვნელეობა ენიჭება; სწორედ ასეც უნდა აღვიქვათ ბატონი მამუკა მდინარაძის გამწესება სუს-ის ხელმძღვანელად. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვა დღეს ხელისუფლების ნომერ პირველი ეროვნული პრიორიტეტია. ამდენად, ხელისუფლების პასუხი სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, რაც ვიმეორებ, კრიტიკულ ფაზაში გადაზრდის შემთხვევაში, გარდაუვალ ეროვნულ კატასტროფას გვიქადის, მეტ-ნაკლებად, ადეკვატურია.
თუმცა, შეიძლება საზოგადოების კონსოლიდაცია წესრიგის გარშემო უფრო მნიშვნელოვნი აღმოჩნდეს, ვიდრე სუს-ის მაღალი პროფესიონალიზმი, მისი ეფექტიანობა და თავდადება, ანუ გადაიზრდება თუ არა მელიქიშვილის ქუჩაზე მომხდარი „სამოქალაქო ცემა-ტყეპა“ სერიოზულ სამოქალაქო დაპირისპირებასა და საბოლოოდ, როგორც მტრებს სწადიათ, სამოქალაქო ომში, არა მხოლოდ სახელმწიფოზე, ხელისუფლების ორგანოებზე, სამართალდამცველებზე, არამედ, უწინარესად საზოგადოებაზე, უფრო მეტიც, წესრიგის დასაცავად ყოველი მოქალაქის პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული.
ყოველ მოქალაქეს მოეთხოვება და ეს მისი ვალდებულებაა, კანონისმიერი ფარგლების ზედმიწევნით დაცვა ნებისმიერი ქმედებისას. კანონის დარღვევა და მით უმეტეს, კანონის წინააღმდეგ ღიად გალაშქრება, ამჟამად მთავარი საფრთხეა, რასაც საზოგადოებამ, მოქალაქეებმა წესრიგის გარშემო კონსოლიდაციით უნდა უპასუხონ. საჭიროა გვახსოვდეს, რომ სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, ასეთ დროს უფრო მნიშვნელოვანი ხდება არა სამოქალაქო უფლებები (თუმცა, მათი დაცვა ყოველთვის სავალდებულოა), არამედ სამოქალაქო ვალდებულებები, რაც მოქალაქეებს ქვეყნის, სახელმწიფოს, სამართლის და გამომდინარე, ერთმანეთის წინაშე ეკისრებათ. სამოქალაქო დაპირისპირებისა და შესაძლო ომის თავიდან არიდება უწინარესად ჩვენი, საქართველოს ყოველი მოქალაქის ვალდებულებაა!
- რა ჯგუფია დღეს ქუჩაში გამოსული და რას უპირისპირებს ხელისუფლება? გუშინ, „ოცნების“ შტაბთან, პროვოკაციას აჰყვნენ მათივე მხარდამჭერებიც და მივიღეთ ისევ გალახული აქტივისტები. ისევ მოძალადის როლში გამოვიდა „ქართული ოცნება“. რა პროცესია ეს და რა არის მიზანი, მზადება 4 ოქტომბრისთვის, როგორც დაანონსებული აქვს ოპოზიციას?
- როგორც ზემოთ აღვნიშნე, ქუჩაში გამოსულია და სამოქალაქო დაპირისპირებას აღვივებს, ამ მიზნით იდეოლოგიურად თუ მატერიალურად უცხოეთიდან მათი აგენტურის - ნაცების „მენეჯმენტით“ კარგად მოტივირებული და გაწვრთნილი, თუმცა საკმაოდ მცირერიცხოვანი ჯგუფი, რომელიც თავისი, ასე ვთქვათ, ცოცხალი მაგალითით, ეფექტურ აგიტაციასა და პროპაგანდას უწევს „ნაცების“ ოფიციალურ პოლიტიკურ პროგრამას - ხელისუფლების „მშვიდობიან დამხობას“, რისი მასობრივი ტირაჟირებაც ხდება დეზინფორმაციული მედია-საშუალებებით. მთლიანობაში კი, ასე ვთქვათ, სტრატეგიულად, ტოტალურ „ორუელიზმს“, ე.ი. აბსურდის თავს მოხვევით, მასების გამოყეყეჩებასა და გამოლაყებას, ქართველი საზოგადოების, ხალხის სინდისისა და გონის, ასევე ეროვნული ნების პარალიზებას, რაც ამ ხალხს ბრბოდ აქცევს. ბრბოდ ქცეულ ხალხს შესაწირ მსხვერპლად გამოიყენებენ, რათა ამ ქვეყნად გაბატონდეს ბოროტი ნება, დაბრუნდეს უსჯულოება.
ესე იგი, ისევ უმოწყალოდ უნდა იდევნებოდეს სიმართლე, კვლავ დავიწყებულ იქნას სამართლიანობა, ფეხქვეშ გაითელოს სამართალი. ეს ნიშნავს, რომ ამჯერად სამუდამოდ დასრულდეს „ქართველთა ოცნება“ საკუთარ თავისუფალ სახელმწიფოზე. ამდენად, არსებითად, 4 ოქტობრის აქცია, საქართველოს სუვერენიტეტის დამხობის ანონსირებაა. ბუნებრივია, მანამდე მზადდება შესაბამისი ფონი, რათა შეიქმნას სამოქალაქო არეულობისა და ქაოსის ისეთი მძიმე გარემო, რაც შესაძლებლად აქცევს მათ დანაქადებს დამხობის შესახებ. როგორც აღვნიშნეთ, ქართველების პასუხი უნდა იყოს წესრიგის გარშემო კონსოლიდაცია და არა მათი აყოლა სამოქალაქო დაპირისპირებაში.
ცხადია, ადამიანურად ძალზე რთულია, როცა უბინძურეს პროვოკაციას გიწყობენ, ძალზე ძნელად ასატანია უშვერი ლანძღვა-გინება, მძიმე სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფა, ჭირს საკუთარი თავის მოთოკვა, რათა წესრიგი შეინარჩუნო. თუმცა, სხვა გამოსავალი არ არის. თავი უნდა ავარიდოთ მსგავს აფექტურ სიტუაციებს და შევინარჩუნოთ სიმტკიცე, გამოვიჩინოთ მაქსიმალური კეთილგონიერება. ასეთ დროს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვმართებს და, ბუნებრივია, ამ დროს გადამწყვეტი იქნება ჩვენი სამართალდამცველების მაღალი პროფესიონალიზმი და თავდადება.
- რასაც ვუყურებთ, საზოგადოება ჯერ კიდევ შორიდან ადევნებს თვალ-ყურს ამ პროცესს, ვგულისხმობ ინტელექტუალურ საზოგადოებას, თუმცა ამბობენ, რომ თუ ხელისუფლებამ დროულად არ ალაგმა ეს ვითარება, დიდი ალბათობით, სიტუაცია უმართავი გახდება. ფაქტია, რომ ამ პროცესს ჰყავს არაერთი დირიჟორი, რატომ არ ეძლევა ამას სამართლებრივი რეაგირება? მაგალითად, თუნდაც თავდგირიძე რატომ არაა დაკითხული, რომელმაც სამხედრო კურსი ჩაუტარა აქტივისტებს?
- მე ვიტყოდი, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი, ფაქტობრივად, აბსოლუტური უმრავლესობა, რომელსაც დასაკარგი ბევრი აქვს და არეულობა უშუალოდ დაემუქრება, სამოქალაქო მშვიდობის შეგნებულად მომხრეა. ამდენად, ამჯერად მინიმალურია პროვოკატორთა შანსი, რომ დაპირისპირების პროცესის მძიმე ესკალაცია მოხდეს. ე.ი. ეს, მართალია, მძიმედ სანახავი, მაგრამ მაინც ლოკალური შეტაკება, „სამოქალაქო ცემა-ტყეპა“ მელიქიშვილზე, უფრო სერიოზულ დაპირისპირებაში და მით უმეტეს, სამოქალაქო ომში გადაიზარდოს, რაც არის მათი მთავარი მიზანი.
ბუნებრივია, ამ პროვოკაციებსა და პროვოკაციის მცდელობებს უნდა მოჰყვეს სათანადო სამართლებრივი რეაგირება. თუმცა, ასევე გასათვალისწინებელია, რომ ამასაც თავისი დრო აქვს - როდის და რა რეაგირებაა შესაბამისი და მაქსიმალურად ეფექტიანი, უნდა გადაწყვიტოს ქვეყნის უსაფრთხოებისა და სამართალდაცვის სისტემებმა. მათი მაღალი პროფესიონალიზმი, თავდადება და უდიდესი პასუხისმგებლობაა პროცესის წარმატებული მართვა, რათა მძიმე შედეგები თავიდან ავიცილოთ. ამ ეტაპზე, რამე სერიოზულ რისკს გამოვრიცხავ, რომ უმართავი მოვლენები განვითარდეს, მაგრამ გავიმეორებ, ვითარება უთუოდ საყურადღებოა.
დარწმუნებული ვარ, სათანადო ორგანოების მიერ ხდება სიტუაციის ანალიზი, ადეკვატურად შეფასება. ასევე, ვიმედოვნებ და მოველი, რომ რეაგირებაც შესაბამისი და დროული იქნება. რაც შეეხება თავდგირიძის ყბადაღებულ ტრენინგებს, ცხადია, მას არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა „დამხობის“ სტრატეგიასა და ტაქტიკაში, გარდა პროპაგანდისტულ-სააგიტაციო დეზინფორმაციული ხმაურის შექმნისა, არა აქვს და ვერც ექნება. მოველი, რომ არც ეს დარჩება სამართალდამცველთა ყურადღების მიღმა და სამართალი პასუხს მოსთხოვს ამ ვაი-დამამხობლებსაც. დაველოდოთ, ვიმეორებ, ყველაფერს თავისი დრო აქვს.
- როგორ ფიქრობთ, არის თუ არა დაფინანსებული ეს პროცესი და მხარდაჭერილი საელჩოების მიერ? გერმანიის საელჩოზე უკვე გააკეთა განცხადება შალვა პაპუაშვილმა...
- ეჭვის შეტანა ყოვლად შეუძლებელია და ეს უკვე ზუსტად ვიცით, „დამხობის“ სტრატეგია უცხოელების მიერ არის შემუშავებულიც, დაკვეთილიც, მატერიალურად უზრუნველყოფილიც და პოლიტიკურად თუ ორგანიზაციულად მხარდაჭერილიც. ბუნებრივია, გამაოგნებელი და შემზარავია, როცა ერთ დროს, ვითომცდა სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების საელჩოები მსგავს მტრულ მოქმედებებში უშუალოდ არიან ჩართულნი. ისინი არაერთგზის იმხილებიან და ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარეც დაურიდებლად ამბობს სიმართლეს მათი ბოროტი ზრახვებისა და ავკაცობის თაობაზე.
სამწუხაროდ, უფრო მძიმე გართულებების თავიდან ასაცილებლად, საქართველო მოკლებულია ეფექტიან პრაქტიკულ შესაძლებლობებს, ამ სიტუაციაში სათანადოდ იმოქმედოს და ვითარების შესაბამისად, საჭირო მკვეთრი ნაბიჯები გადადგას, მათ შორის, ელჩის გაძევების, ან თუნდაც ასეთ მტრულ საქმიანობაში მხილებული ელჩის წარმომგზავნ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის ჩათვლითაც. ამას ჩვენი სახელმწიფო არ აკეთებს, რადგან სტრატეგიული მოთმინების გამოჩენა დღეს უფრო კეთილგონივრულია. უნდა ვიმოქმედოთ მიზანმიმართულად რაციონალური გათვლებით და არავითარ შემთხვევაში - აფექტურად! იმედია და გამოკვეთილი საერთაშორისო ტენდენციებიც აჩვენებს, რომ დასავლეთის პოზიციები, მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომის გაგრძელება ყოველგვარ აზრს დაკარგავს, რაც სულ უფრო მეტად გარდაუვლად მოჩანს, საქართველოს მიმართ მკვეთრად შეიცვლება.
მოთმინებით უნდა დაველოდოთ, რადგან ჩვენზე შეუდარებლად მძლავრ სახელმწიფოებთან, მით უმეტეს მაშინ, როცა ისინი მწარე გეოპოლიტიკური მარცხის წინაშე დგანან და უკან არაფერზე დაიხევენ, მიუხედავად მათი ჩვენს მიმართ აშკარად მტრული დამოკიდებულებისა, ვითარების უკიდურესად დაძაბვა არ შედის ჩვენს ეროვნულ ინტერესებში, რასაც ყოველმხრივ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, თავი უნდა ავარიდოთ. ეს დანებებას არამც და არამც არ ნიშნავს, ისინი დაურიდებლად უნდა ვამხილოთ, სიმართლე და სამართლიანობა, როგორც ჩვენი ფარი და მახვილი, რაც შეიძლება, ეფექტიანად გამოვიყენოთ თავდასაცავად! ღვთის შეწევნით და სჯულის მადლით, აუცილებლად გავიმარჯვებთ!