ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობა სრულად ერგება აშშ-ის საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგს. კერძოდ, „ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) სახელით ცნობილ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს ევროპისა და ცენტრალური აზიის დაკავშირებას სამხრეთ კავკასიის გავლით. „Report“-ის ინფორმაციით, ამის შესახებ „Arab News“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, ჰადსონის ინსტიტუტის წამყვანმა მკვლევარმა, ლიუკ კოფიმ განაცხადა. მისი თქმით, ეს პროექტი ისტორიულ პარალელებს ავლებს იმ რეგიონულ ენერგეტიკულ ინიციატივებთან, რომლებიც 1990-იან წლებში, აშშ-ის პრეზიდენტ ბილ კლინტონის მხარდაჭერით განხორციელდა, განსაკუთრებით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენთან დაკავშირებით. იმ პერიოდში დაწყებულმა პროექტებმა არა მხოლოდ კასპიის რეგიონის ენერგომატარებლებს გაუხსნა გზა გლობალურ ბაზრებზე, არამედ დასავლეთთან კავშირების გაღრმავების გზით, პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობაც განამტკიცა.
კოფის აზრით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც შეუძლია ამ სტრატეგიის გაგრძელება, სანქციების გამო, რუსეთის ბაზრიდან გამორიცხული ამერიკული ენერგოკომპანიებისთვის ახალი ბაზრების გახსნა და რეგიონულ პარტნიორებთან კავშირის გაძლიერება.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ტრანსკასპიური გაზსადენის პროექტი სადავო საკითხია. მისი რეალიზება საერთაშორისო მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, გვერდი აუარონ რუსეთისა და ირანის ენერგობაზრებსა და სატრანზიტო მარშრუტებს, რითაც ორივე ქვეყნის სტრატეგიული პოზიცია შესუსტდება.
წლების განმავლობაში, მოსკოვი და თეირანი ამ პროექტის დაბლოკვას დიპლომატიური და პოლიტიკური გზებით ცდილობდნენ, არგუმენტად გარემოსთვის საფრთხეს ან კასპიის ზღვის არაერთგვაროვან სამართლებრივ სტატუსს ასახელებდნენ. თუმცა, ექსპერტების აზრით, მათი ნამდვილი შეშფოთება ბაზრის წილისა და პოლიტიკური გავლენის დაკარგვას უკავშირდება.
ამასთან, ავტორის თქმით, არსებული გეოპოლიტიკური ვითარება ხელსაყრელია პროექტის რეალიზებისთვის. რუსეთი ამჟამად უკრაინაში მიმდინარე ომზეა კონცენტრირებული და პროექტის წინააღმდეგ ისეთი აქტიურობით აღარ გამოდის, როგორც ადრე. ირანი კი შიდა სირთულეებსა და მზარდ საერთაშორისო იზოლაციას უპირისპირდება.
ლიუკ კოფიმ ხაზი გაუსვა, რომ 1990-იანი წლების შემდეგ, ტრანსკასპიური გაზსადენის განხორციელებისთვის ასეთი ხელსაყრელი შესაძლებლობა არ ყოფილა. თუ ეს გაზსადენი აშენდება, ის მთელ რეგიონში გარდამტეხ მომენტად იქცევა - ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოება გამყარდება, თურქმენეთს დამატებითი შემოსავლის წყარო გაუჩნდება და ევრაზიის სივრცეში გეოპოლიტიკური სტაბილურობა განმტკიცდება.
ანალიტიკოსის შეფასებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვაშინგტონში წარმატებული ვიზიტის შემდეგ, მისი სტუმრობა თურქმენეთში შემთხვევითი არ არის. პირიქით, ეს ვიზიტი ტრანსკასპიური გაზსადენის ინიციატივის წინ წამოწევას ემსახურება. მეორე მხრივ, თურქმენეთსაც შეუძლია, ისარგებლოს ახალი რეალობებით, ენერგოექსპორტის დივერსიფიკაციის გზით.
ევროპა კი, ამ კონტექსტში, უკიდურესად მნიშვნელოვანი ახალი ბაზარია. გლობალურ ენერგეტიკულ დინებებთან შეერთებამ, შესაძლოა, ქვეყნის გეოპოლიტიკურ პოზიციაში სტრატეგიული ცვლილება გამოიწვიოს.