უკრაინის სამ ნაწილად გაყოფის სცენარი - უნგრეთის პრემიერის პოლიტიკური განცხადება, თუ რეალური საფრთხე?!

უკრაინის სამ ნაწილად გაყოფის სცენარი - უნგრეთის პრემიერის პოლიტიკური განცხადება, თუ რეალური საფრთხე?!

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებამ უკრაინის ტერიტორიის სამ - რუსეთის, დემილიტარიზებულ და დასავლეთის - ზონად დაყოფის შესახებ საერთაშორისო საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია. ორბანის თქმით, მიმდინარე მოლაპარაკებები უსაფრთხოების გარანტიებზე უკვე მოიცავს „რუსეთის ზონის“ არსებობის აღიარებას, ხოლო დებატები მხოლოდ მის ზომასა და ფორმატს ეხება. ორბანის პოზიცია ეფუძნება მოსაზრებას, რომ უკრაინაში ომის გაგრძელება ევროპას დიდ ზიანს მიაყენებს და კონფლიქტის დასრულების ერთადერთი გზა რუსეთთან შეთანხმებაა. 

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის არგუმენტი რამდენიმე ძირითად ხაზს მოიცავს: ორბანის მტკიცებით, რუსეთის უსაფრთხოების ინტერესები (კერძოდ, ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოების შეჩერება) უნდა იყოს გათვალისწინებული, რათა მიღწეულ იქნას გრძელვადიანი მშვიდობა. ის ეწინააღმდეგება უკრაინის ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას, რადგან, მისი აზრით, ეს რუსეთთან პირდაპირ ომს გამოიწვევს და ევროპის ეკონომიკას დაანგრევს.

უნგრეთის პრემიერი თვლის, რომ ევროკავშირი „კოჭლი იხვის“ მსგავსად იქცევა და ამერიკის ინტერესებს ემსახურება, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი უსაფრთხოების საკითხები რუსეთთან მოაგვაროს.

ორბანის განცხადება, მიუხედავად მისი სიმკაცრისა, სხვადასხვა გეოპოლიტიკურ მოთამაშეში განსხვავებულად იქნა აღქმული.

დასავლური გამოცემები, როგორებიცაა: The Guardian, Politico და BBC, ორბანის განცხადებას ძირითადად რუსეთის ნარატივის გამეორებად და ევროკავშირის ერთიანობისთვის შემაფერხებელ ფაქტორად აფასებენ. ისინი აღნიშნავენ, რომ მსგავსი სცენარები არ განიხილება უკრაინის მოკავშირეების დიპლომატიურ წრეებში და ორბანის განცხადებები უნგრეთის შიდა პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების ასახვაა, რომლებიც ხშირად ეწინააღმდეგება ევროკავშირისა და ნატო-ს პოზიციებს. დასავლური ლიდერების უმრავლესობა, მათ შორის, გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა უპირობოა.

რუსეთის სახელმწიფო მედია, მაგალითად, TASS და RT, აქტიურად ავრცელებს ორბანის განცხადებებს და მათ, როგორც დასავლეთში არსებული განხეთქილების დასტურად წარმოაჩენს. მოსკოვისთვის ეს მოსაზრება სასურველია, რადგან ის ლეგიტიმაციას აძლევს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს და შესაძლებლობას უქმნის გავლენა მოახდინოს უკრაინის მომავალზე.

უკრაინული მედია კი მკაცრად აკრიტიკებს ორბანის განცხადებებს და მათ რუსეთის ინტერესების გამტარებლად მიიჩნევს. პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაცია არაერთხელ გამოეხმაურა უნგრეთის მთავრობის პოზიციას და ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა არასოდეს დათანხმდება ტერიტორიულ დათმობებს და მის სუვერენიტეტზე ნებისმიერი სახის მოლაპარაკებები, მხოლოდ კიევის მონაწილეობით უნდა წარიმართოს.

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე for.ge-სთან  ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ორბანის მიერ აღწერილი სცენარი თეორიულად არსებობს, ის ამჟამად არც დასავლეთის და არც უკრაინის ოფიციალური პოლიტიკის ნაწილია. მისი თქმით, რუსეთს ამჟამად არ აქვს სამხედრო უპირატესობა, რომელიც მას სრულმასშტაბიანი გაყოფის პირობებს უკარნახებს. უკრაინის მტკიცე წინააღმდეგობა და დასავლეთის სამხედრო და ფინანსური დახმარება ამგვარ სცენარს ნაკლებად რეალურს ხდის.

„ამ ეტაპზე, ორბანის განცხადება უფრო მეტად პოლიტიკური ინსტრუმენტია, რომელიც მიზნად ისახავს უნგრეთის ინტერესების წინ წამოწევას, ევროკავშირზე ზეწოლას და რუსეთთან კავშირების გამყარებას, ვიდრე რეალური სამომავლო გეგმის ასახვას. ეს განცხადება ხაზს უსვამს ევროკავშირის შიგნით არსებულ დაძაბულობასა და მოსაზრებათა სხვადასხვაობას უკრაინასთან მიმართებაში, რაც კრემლისთვის ერთიანობის დარღვევის შესაძლებლობებს ქმნის.

რა თქმა უნდა, არავინ უარყოფს იმას, რომ უკრაინა ამ ეტაპზე ვეღარ შეძლებს დაკარგული ტერიტორიების სრულად აღდგენას და ეს პროცესი დიდი ხნის განმავლობაში გაიყინება. რაც შეეხება გაყოფას, რუსეთის ინტერესია, მოლაპარაკებების პროცესში მიიღოს ის ტერიტორიები, რომლებიც უკვე დაპყრობილი აქვს და ასევე ის, რაც ჯერ კიდევ ვერ დაიკავა. პუტინი არ აპირებს დათმობაზე წასვლას და უკან დახევას. ამიტომ, ორბანის განცხადებები, შესაძლოა, ნიადაგის მოსინჯვადაც ჩაითვალოს“, - ამბობს პოლკოვნიკი.

მისივე თქმით, პუტინის განცხადება ზელენსკის მოსკოვში გამოძახების შესახებ, ცინიკური და დამცინავი იყო. ეს არის მბრძანებლის პოზიციიდან გაკეთებული განცხადება, რომელსაც სურს, რომ ეახლონ.

„მე არ ველი, რომ ეს ომი წელს მაინც დასრულდება. ეს არის გრძელვადიანი ომი და პუტინს ვერავინ, ვერც ტრამპი, აიძულებს ომის შეწყვეტას, თუ მისი ინტერესები არ იქნება დაკმაყოფილებული და ის ვერ მიიღებს ყველაფერს, რაც სურს. რუსეთი მართალია, როდესაც ამბობს, რომ სანქციები არ მოქმედებს, თუ მათ არ აქვთ რეალური ძალა. ჩვენ ვიცით, რომ პუტინი ახერხებს იარაღის მიღებას ავტორიტარული ქვეყნებისგან, ასევე მისი ეკონომიკა სამხედრო რელსებზეა გადაყვანილი. მხოლოდ მაშინ დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან, როცა რეალურად დაინახავს, რომ მის ეკონომიკას საფრთხე ემუქრება და ფრონტის ხაზზე პოზიციებს სერიოზულად აგებს. ახლა კი, სანამ იმას არ მიიღებს, რაც უნდა, ვერც ტრამპი და ვერც ვერავინ აიძულებს პოზიციების დათმობას“, - ამბობს ბერიძე.