„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სოფო ჯაფარიძის განცხადებამ, რომ „ქართული ოცნება“ ყოფილი თანაგუნდელებისგან ბევრ სიურპრიზს უნდა ელოდოს, მმართველი გუნდის რეაქცია მოჰყვა. ჯაფარიძის ამ კომენტარს, რომელიც 4 ოქტომბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციას უკავშირდება, მმართველი პარტიის წარმომადგენლები „აღიარებად“ აფასებენ. „ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მათთვის ცნობილია ყოფილი მაღალჩინოსნების ოპოზიციასთან „ფარული გარიგებების“ შესახებ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, სოფო ჯაფარიძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდის რეჟიმი დასუსტებულია და 4 ოქტომბრის აქციაზე ქართველ ხალხს ქვეყნის გამარჯვების გაფორმების საშუალება ექნება. მისი თქმით, „კობახიძე და „ქართული ოცნება“ კიდევ ბევრ სიურპრიზს უნდა ელოდოს მათივე ყოფილი, შეიძლება ითქვას, თანაგუნდელებისგან. ყველაფერს ვერ ვისაუბრებ, ცხადია, მაგრამ ძალიან მალე, ბევრ სიურპრიზს უნდა ელოდონ მათგან.
ასე რომ, რეჟიმი დასუსტებულია, სრულიად გამოშიგნულია, ჩამოშლილია და დაგვრჩა ერთი - საქართველოს გამარჯვების გაფორმება, რომელიც უნდა მოხდეს 4 ოქტომბერს და ყველას, მთელ საქართველოს, 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ველოდებით რუსთაველის გამზირზე, რათა ერთად მივიღოთ ის გამარჯვება, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ნამდვილად იმსხურებს“, - ამბობს სოფო ჯაფარიძე.
ჯაფარიძის ეს სიტყვები ინტრიგას ქმნის: ვინ არიან ის ყოფილი თანაგუნდელები და რა სიურპრიზზეა საუბარი? შესაძლოა, 4 ოქტომბერს, საპროტესტო აქციაზე გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც „ქართული ოცნების“ მთავრობაში, ან პარტიაში მაღალ პოზიციებს იკავებდნენ და შემდეგ დატოვეს პარტია. მათი საჯარო გამოსვლები და ხელისუფლების მხილება სერიოზულ დარტყმას მიაყენებს „ოცნების“ იმიჯს და, შესაძლოა, დამატებითი მხარდამჭერებიც მოიზიდოს.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სოფო ჯაფარიძის განცხადებას არ აიგნორებენ, პირიქით, პირდაპირ უპირისპირდებიან. თბილისის მერი, კახა კალაძე ჯაფარიძის კომენტარს უმნიშვნელოდ მიიჩნევს, თუმცა პარალელურად აცხადებს: „ასეულობით მილიონი დაიხარჯა იმისთვის, რომ შექმნილიყო ის აგენტურული ქსელი, რომელიც დღეს, ამ რადიკალი აკაცუკების სახით არის წარმოდგენილი“, -ამბობს კალაძე.
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადება კი უფრო მკაფიოა: „ჩვენ კი არ უნდა ველოდოთ რაღაცებს, ისინი უნდა ელოდნენ, რომ ვამხელთ“.
შარმანაშვილმა გაიხსენა პრემიერ-მინისტრის განცხადებებიც ლევან ხაბეიშვილისა და ფსევდონიმ „ანიტას“ შესახებ, რაც აჩვენებს, რომ მმართველ გუნდს უკვე აქვს გარკვეული ინფორმაცია და მზადაა, საჯაროდ ამხილოს ყოფილი წევრები. ეს შეიძლება იყოს სუს-ის პოტენციური პრევენციული ზომების ნაწილი, რომელიც ფინანსური და სხვა კავშირების გასაჯაროებას გულისხმობს. „აღარ გავიმეორებ იმ მეტსახელს, რომლითაც ხაბეიშვილი იღებდა ჰონორარს ამ „ღალატის აქტთან“ დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეს მოსალოდნელია. ეს ადამიანები გუნდიდან იმიტომაც გაუშვეს და გააგდეს, რომ სახელმწიფოს საწინააღმდეგო საქმეს ეწეოდნენ. თავის საქმიანობას სწორი მიმართულებით არ ეწეოდნენ და, რა თქმა უნდა, ისინი ამას აგრძელებენ. თუმცა, ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ ისინი და ბევრი სხვაც, ეტყობა, ვერ ხვდებიან, რომ სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ მოქმედებები ასე ადვილად უკვე აღარ ჩაივლის. ისინი, ყველანი, მხილებულნი იქნებიან უცხოეთთან ისეთ კავშირებზე, რომელიც ძალიან აზიანებს საქართველოს და მის ინტერესებს. ასე რომ, ჩვენ კი არ უნდა ველოდოთ რაღაცებს, ისინი უნდა ელოდონ, რომ მხილებული იქნებიან“, - განაცხადა შარმანაშვილმა.
თუმცა, რჩება კითხვა: არის თუ არა ყველაფერი ეს, მხოლოდ ოპოზიციის მიერ დაგეგმილი ინტრიგა საზოგადოების მობილიზებისთვის, თუ ნამდვილად არსებობს ფარული კავშირი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართული ოცნების“ ყოფილ მაღალჩინოსნებს შორის?
ამ კითხვაზე პასუხს, სავარაუდოდ, 4 ოქტომბერს გავიგებთ. თუ აქციაზე მართლაც გამოჩნდებიან „ოცნების“ ყოფილი წევრები, ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციის სტრატეგია წარმატებული იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ყველაფერი დარჩება მხოლოდ პოლიტიკურ რიტორიკად, რომლის მიზანიც ამომრჩევლის ყურადღების მიპყრობა იყო.
„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი, დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ თუ სოფო ჯაფარიძე „ოცნების“ ყოფილ წევრებს შორის, გიორგი გახარიას, ნათია მეზვრიშვილს და მმართველი გუნდიდან წასულ სხვა პირებს გულისხმობს, ამაში სიურპრიზი და ახალი არაფერი იქნება. ქართველიშვილის თქმით, წინა წლებში ბევრი იყო ისეთი ადამიანი, რომელიც თავის დროზე ოპოზიციასთან ვალში იყო. დღეს კი ხელისუფლება შეკრულია და ძლიერი გუნდითაა წარმოდგენილი.
საუბარი იმაზე, რომ „ოცნების“ გუნდის მოქმედი წევრებიდან, ან პოლიტსაბჭოდან ვინმე რადიკალების გვერდით დადგება და 4 ოქტომბერს რუსთაველზე ვიხილავთ, გამორიცხულია. მესმის, ეს სისულელე რატომაც ვრცელდება ოპოზიციის მხრიდან. რაც უფრო ახლოვდება 4 ოქტომბერი, ოპოზიციას დაძაბულობის გაზრდის მცდელობა აქვს. 2020 წლიდან 2025 წლის ჩათვლით, ყოველ ნახევარ, ან ერთ წელიწადში, ქართულ პოლიტიკაში რაღაც ხდება. ვხედავთ, რომ ყველა არჩევნების პერიოდს, ოპოზიცია ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობისთვის იყენებს. თუმცა, მათი ყველა მცდელობა წარუმატებელია, ამიტომ ახლა, სცენარში შემოაქვთ თემა, თითქოს, ხელისუფლების ყოფილი წევრები მათ გვერდით დადგებიან. მათ ახლა კარგად იციან, რომ 2025 წლის 4 ოქტომბრის შემდეგ, ქვეყანაში არაფერი მოხდება საპარლამენტო არჩევნებამდე, ამიტომ ამ სიტუაციის გამოყენება უნდათ. ყველანაირ ვა-ბანკზე მიდიან“, - ამბობს დავით ქართველიშვილი
ჩვენს შეკითხვაზე, რატომ აქვს ხელისუფლებასაც მოლოდინი, რომ შესაძლოა ოპოზიციასთან „ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნები იყვნენ შეკრულები და კულისებიდან მართავდნენ სიტუაციას, ანალიტიკოსი პასუხობს, ბოლო დროს, კორუფციის მუხლით, არაერთი ყოფილი თუ მოქმედი მაღალჩინოსანი დააკავეს. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ თუ საუბარია ამ ადამიანების უკან მდგარ სხვა ფიგურებზე, რომლებიც ასევე კორუფციაში არიან გარეულნი, ამაში ქვეყნისთვის არაფერია დასაღუპი და ხელისუფლებისთვის - საშიში.
„არავის არ ასცდება პასუხისმგებლობა და თუ ვინმეს ჰგონია, რომ რუსთაველზე, „ნაცებთან“ გვერდით დგომით ამ პასუხისმგებლობას აირიდებს, ძალიან ცდება. რუსთაველზე, სამშობლოს გამყიდველების გვერდით დგომით, კიდევ ერთ მუხლს, სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებას დაიმატებენ და ეს იქნება ხელისუფლების პასუხი. მე არ მესმის, სოფო ჯაფარიძის მხრიდან ხელისუფლების ამომრჩევლის დაშინების მიზანი რა არის. ჩვენ რა, არ ვიცით, რომ „ოცნების“ ეგიდით და ნიღბით მოქმედებდნენ და მოქმედებენ არაკეთილსინდისიერი ადამიანები, რომელთა ვინაობას ნელ-ნელა ფარდა აეხადა. ამ ხელისუფლებამ მოიხსნა ის კომპლექსი, რომ ე.წ. შენიანი არ უნდა ამხილო და არ უნდა წაუყენო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. მეტსაც გეტყვით, შემოდგომაზე, არჩევნების შემდეგ, კიდევ უფრო დიდ მხილებას და ბრალის წაყენებას ველი. ჰაერში იგრძნობა, რომ ვერცხლისმოყვარე, ხელისუფლებას ამოფარებული ჩინოსნები ჯერ კიდევ მრავლად არიან სახელისუფლებო შტოებში მოკალათებულები“, - ამბობს დავით ქართველიშვილი.
მისივე თქმით, ის ადამიანები, რომლებიც უკვე კორუფციის ბრალდებით არიან დაკავებულები, მარტო არ მოქმედებდნენ. მათ ჰყავთ თანამზრახველები, როგორც დაბალ, ასევე მაღალ სახელისუფლებო შტოში, ამიტომ ხმაურიანი დაკავებები გარდაუვალი იქნება.