ვინ დაუთმო ჩორჩანას საგუშაგოები რუს ოკუპანტებს და საიდან დაიწყო სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟი? ექსპრემიერ გიორგი გახარიას განცხადება თეა წულუკიანის კომისიაზე ახალ კითხვებს აჩენს.
თუ მართლაც სუს-ისა და შსს-ს მაშინდელ ხელმძღვანელებს – ვახტანგ გომელაურსა და გრიგოლ ლილუაშვილს მიუძღვით ბრალი ჩორჩანას საგუშაგოების რუსებისთვის დათმობაში, მაშინ რატომ არ იღებს პასუხისმგებლობას თავად გახარია, რომელიც იმ დროს უკვე პრემიერი იყო? ხომ არ არის ეს მხოლოდ გადაბრალების მცდელობა, რომ საკუთარი პასუხისმგებლობა გადაფაროს?
უსაფრთხოების ექსპერტი დავით კუხალაშვილი for.ge-თან ამბობს, რომ მსგავსი მასშტაბის გეგმის განხორციელებას უნდა ახლდეს წერილობითი და ანალიტიკური დოკუმენტები, რომლებიც უწყებებში უნდა ინახებოდეს, ხოლო თუ ასეთი დოკუმენტები არ არსებობს, ეს დამატებით კითხვებს აჩენს თავად გახარიას მიმართ.
გიორგი გახარიამ წულუკიანის კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ ჩორჩანას მიმართულებით დაგეგმილი შვიდი საგუშაგოდან მხოლოდ ერთი აშენდა, ხოლო დანარჩენ ადგილებზე, სადაც საქართველოს საგუშაგოები უნდა განთავსებულიყო, მოგვიანებით რუსეთის ფედერაციის საგუშაგოები გაჩნდა.
გახარიას თქმით, გეგმის მომზადებაში ერთობლივად მონაწილეობდნენ შსს და სუს. 24 აგვისტოს პირველი საგუშაგო აშენდა, ხოლო 3 სექტემბრიდან 8 სექტემბრამდე – გახარიას პრემიერად დამტკიცების პერიოდს შორის – მოხდა პროცესის შეჩერება და მისი შეფასებით, „საბოტაჟი“, რასაც, მისი თქმით, ხელმძღვანელობდნენ მაშინდელი შს მინისტრი ვახო გომელაური და სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი.
ამიტომ გახარია ითხოვს ახალი კომისიის შექმნას, რომელიც გაარკვევს, როგორ ჩაიშალა საქართველოს საგუშაგოების მშენებლობის გეგმა და რატომ გაჩნდა ჩორჩანაში, ქართულ პოზიციებზე, დღეს რუსული დროშები.
„სწორედ ამ კოორდინატებზე, სადაც ჩვენი საგუშაგოები უნდა ყოფილიყო, დღეს რუსეთის ფედერაციის საგუშაგოებია. ეს გეგმა იყო შეთანხმებული და გაწერილი. ის უნდა შესრულებულიყო და დროშა დღეს იქ ქართული იქნებოდა, რომ არა ის ჩაშლა, რაც მაშინ მოხდა“, – განაცხადა გახარიამ.
გახარიას ამ განცხადებას ამ ეტაპზე არც გომელაური და არც ლილუაშვილი არ გამოხმაურებიან. არც ისაა ამ ეტაპზე ცნობილი, დაიბარებენ თუ არა მათაც საგამოძიებო კომისიაზე. თუმცა ცნობილი ხდება, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 4 ივლისს გამოკითხვაზე საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი ივანე მაჭავარიანი იყო დაბარებული.
საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 321 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად შესწავლის საგანს წარმოადგენს 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედება.
უსაფრთხოების ექსპერტი დავით კუხალაშვილი for.ge-თან აცხადებს, რომ გიორგი გახარია ვერც შინაგან საქმეთა მინისტრობისას, ვერც პრემიერობისას ვერ გაექცევა იმ პროცესებზე პასუხისმგებლობას, რაც ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით განვითარდა.
„იმ მოვლენებზე, რაზეც გახარიას ედავებიან და პრაქტიკულად, ბრალი წარედგინა, მას აუცილებლად უნდა ჰქონოდა როგორც ოპერატიული, ასევე აგენტურული ინფორმაცია, როგორც შსს-ს, ისე უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან. სუს-ს და შსს-ს ამ მასშტაბის ფაქტზე დაზვერვითი ინფორმაცია უნდა დაეფიქსირებინათ, რათა დროული რეაგირება მომხდარიყო.
დღეს ამაზე საუბარი რამდენიმე წლის დაგვიანებით გვიწევს, რაც სერიოზული პრობლემაა. მთავარი ის არის, რომ მაშინვე არ იქნა გატარებული საჭირო ზომები იმ შესაძლო დანაშაულთან მიმართებით, რომელიც იკვეთებოდა როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის, ასევე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას. ცხადია, პრემიერი თავად ვერ დაიწყებდა საკუთარ პასუხისმგებლობაზე გამოძიებას, თუმცა არსებობდა სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურები, რომელთაც დროულ რეაგირება უნდა განეხორციელებინათ,“ – აცხადებს კუხალაშვილი.
ექსპერტი ხაზს უსვამს კიდევ ერთ გარემოებას, რომ თუნდაც სუს-ს ჰქონოდა სადაზვერვო ინფორმაცია, ის ისევ გახარიასთვის უნდა მიეწოდებინათ.
„თუნდაც სუს-ს რომ ჰქონოდა ინფორმაცია, ის მაინც პრემიერ გახარიასთვის უნდა მიეწოდებინა. და თუ ეს ყველაფერი მის შსს მინისტრობის დროს ხდებოდა, მაშინაც თავად გახარია იყო პასუხისმგებელი. შესაბამისად, საჭიროა გამოკვლეული იქნას – არსებობს თუ არა ჩანაწერები სუს-ში, შსს-ში, საგარეო საქმეთა სამინისტროში, გენპროკურატურასა და დაზვერვაში, რომლებიც იმ დროს ჩართულები უნდა ყოფილიყვნენ.
მაშინ ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იყო – მას, როგორც უმაღლეს მთავარსარდალს, შესაძლოა, თავისი წილი ინფორმაცია და შესაბამისად, პასუხისმგებლობაც ჰქონოდა“,-ამბობს ანალიტიკოსი.
მისივე თქმით, თუ მსგავსი ჩანაწერები არ არსებობს, ეს ან სტრუქტურების არაკომპეტენტურობაზე მიანიშნებს, ან შესაძლოა, საქმე გვქონდეს მიზანმიმართულ საბოტაჟთან.
„გახარიას ექვემდებარებოდა ყველა ის უწყება, რომლებიც უშუალოდ უნდა რეაგირებდნენ მსგავს უსაფრთხოების გამოწვევებზე. ამიტომ პასუხისმგებლობის გადატანა მხოლოდ გომელაურზე და ლილუაშვილზე ვერ იქნებოდა საკმარისი. მით უფრო, რომ დღემდე უცნობია, რეალურად რა ინფორმაცია მიეწოდებოდა მაშინდელ პრემიერს და როგორი იყო მისი რეაგირება. შესაბამისად, საკითხი კომპლექსურად და სიღრმისეულად უნდა იქნას გამოძიებული“, – ამბობს კუხალაშვილი.