რადიკალური ოპოზიციაში დაპირისპირება მწვავდება. მიზეზი ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხი გახდა. არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ - „თავისუფლების მოედანი“, „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ახალი, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ფედერალისტები“ და თვლიან, რომ ხელისუფლება მხოლოდ რევოლუციით უნდა შეცვალონ. ამ რადიკალურ გზაზე არ მიდის „ლელო“ და „გახარია საქართველოსათვის“, რომელებიც ხელისუფლების ცვლილებას არჩევნებით გეგმავენ.
გერმანიაში გაქცეულმა გიორგი გახარიამ საგამოძიები კომისიას დაუდასტურა, რომ „ოცნება“ „რევოლუციით კი არა, არჩევნების გზით უნდა დაემხოს“ და ამიტომ, მისი პარტია თვითმმართველობის არჩვნებში ჩაერთვება, რასაც არ იზიარებს პარტიის წევრი ელგუჯა ხოკრიშვილი და შედეგად მათი პოლიტიკური გზები გაიყო. ხოკრიშვილი კატეგორიულად წინააღმდეგია, რომელიმე ოპოზიციური პარტიის ამ არჩევნებში მონაწილეობის.
ტრადიციულად, საინტერსო სვლა გააკეთა „მოქალაქე“ ალეკო ელისაშვილმა, რომელმაც თქვა: „ყოყმანი დამთავრდა, მე მომხრე ვარ არჩევნებში მონაწილეობის! ჩემი ყოყმანი იქ დამთავრდა - როცა ხაზარაძე-ჯაფარიძეს ხელბორკილები დაადეს“. თუმცა ჩვენი ინფორმაციით „ლელოში“ ჩასიძებულ ელისაშვილს პარტია მერობის კანდიდატად არ წარადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ მერობისთვის მეოცნე ელისაშვილი პარტიიდან, დიდი ალბათობით, გავა და დამოუკიდებლად ჩაერთვება ბრძოლაში.
რაც შეეხება „ლელოს“, პარტიის ლიდერი მამუკა ხაზარაძე წერს, რომ შეზღუდულ საინფორმაციო სივრცეშიც კი გრძნობს, რომ ოპოზიციური პარტიების რიგმა წარმომადგენლებმა სამიზნედ „ლელო“ გაიხადეს და კამპანიის წარმოებასაც კი აანონსებენ მის წინააღმდეგ. ხაზარაძე მიმართავს ყველას, ბრძოლის გასამართად გააერთიანონ ძალები თბილისსა და 2024 წელს მოგებულ ქალაქებში.
„სამწუხაროა, რომ 2024 წლის არჩევნების შედეგების გაყალბების შემდეგ, ჩვენს მიერ საპარლამენტო მანდატების დატოვებას არ მოჰყვა ე.წ. ალტერნატიული პარლამენტის, ოპოზიციური პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბება, ისევე როგორც ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით, ნორმალური კომუნიკაცია სხვა ოპოზიციურ პარტიებთან. სამწუხაროა, რომ ზოგიერთმა ოპოლიდერმა სატელევიზიო ბრიფინგებით კომუნიკაცია გადაწყვიტა ჩვენთან, რომელსაც დაუფარავად, პერიოდულად ბულინგის ელემენტებიც ახლდა.
მე არ ვიცი რატომ გადაწყვიტა ვინმემ, რომ შესაძლებელია ჩვენზე ასეთი ფორმით ზემოქმედება?! როგორც ჩანს, სულ დიალოგისა და ერთმანეთისკენ მოწოდება ვიღაცამ ჩვენს სისუსტედ ჩათვალა. აქვე, მკაფიოდ ვიტყვი - რბილად რომ ვთქვა, სამწუხაროა ეს მოცემულობა და ვერანაირი მსგავსი ზეწოლა, კამპანია, ჩვენს გადაწყვეტილებაზე ვერ იმოქმედებს, მოსწონს ეს ვინმეს, თუ არა!
წინ ახალი არჩევნები გველოდება და იქამდე ბრძოლით მისვლაა საჭირო და არა ბოიკოტით, რომლის სარეალიზაციო გეგმის შედეგი სრულიად ბუნდოვანია. ყოველ შემთხვევაში, დღემდე ვერ მოვისმინე, რა ხდება 4 ოქტომბრის არჩევნების მეორე დღეს, გარდა „ოცნების“ უფრო გაძლიერებისა. ერთობა, ბრძოლა და ერთმანეთის მოსმენა არის გამარჯვების აუცილებელი შემადგენელი“, - წერს მამუკა ხაზარაძე.
„ლელოს“ ლიდერის სამიზეა „ნაციონალური მოძრაობა“. პარტიის წევრები მოითხოვენ „ლელოსგან“, რომ უარი თქვან არჩევნებში მონაწილეობაზე. როგორც ირაკლი ფავლენიშვილმა ხაზარაძის წერილის საპასუხოდ თქვა: „ფოკუსი გასასწორებელი აქვთ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც მომავალში ე.წ. ხელისუფლებასთან თანამშრომლობას აპირებენ, ბოიკოტის და ართანამშრომლობის პოლიტიკაზე ამბობენ უარს. ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელიც არის პოლიტიკური პატიმარი, მაგრამ პოლიტიკური პატიმრობა მისი პოლიტიკური ძალისთვის იმუნიტეტი არ გახლავთ. როდესაც პოლიტიკური ძალა ბრძოლიდან გამოდის და პირიქით, არ შედის, სურს, რომ მოახდინოს რეჟიმის ნორმალიზება, მათ შორის საერთაშორისო წნეხის შემსუბუქება, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს ძალა მიიღებს შესაბამის რეაქციას და პასუხს, მათ შორის ჩვენი პოლიტიკური ძალის მხრიდან. ეს თავდასხმა არ გახლავთ, უბრალოდ, ფაქტის კონსტატაციაა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩუმად ვიქნებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი საერთო ბრძოლას და პროტესტს უღალატებენ, ძალიან ცდებიან“.
მაშ ასე, ოპოზიცია ახლა ერთმანეთს ღიად უპირისპირდება და, დიდი ალბათობით, დაპირისპირება უფრო გაღრმავდება. პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, როდესაც პარტია უარს ამბობს ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლაზე, ის უპირატესობას ანიჭებს ქუჩას, ანუ რევოლიციას.
„თქვა კიდევაც გვარამიამ, რომ რევოლუცია არის ერთადერთი გამოსავალი, რომ ეს ხელსუფლება წავიდესო. ეს ხომ რევოლუციური მოწოდებაა? მაგრამ რევოლუციაც, რომ არ გამოსდით? ამიტომ, დალაგებულ მსჯელობის ფარგლებში, რა თქმა უნდა, უნდა ვთქვათ ის, რაც თქვა ეუთოს გენერალურმა მდივანმა - 40% ჰქონდეს ოპოზიციას და არ გამოიყენო, გაუგებარიაო. ანალოგიურად, ადგილობრივ არჩევნებში შეიძლება რაღაცა ადგილები აიღონ და არ გამოიყენებენ -
ასეთ გაუგებარ სურათს დებენ. ეს ნაბიჯები ერთადერთი იმ ნიშნით არის გასაგები, რომ თუკი მათი პარტნიორი დასავლეთი მათგან ითხოვს, რომ იყავით გაბუტული და პროტესტი უნდა იყოს მკაფიოო. თუკი ასეთი დაკვეთა არის მათგან, მაშინ ამ დაკვეთას ასრულებენ. სხვა შემთხვევაში, ბოიკოტი, ქუჩაში დგომის ტენდენციები გაუგებარია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის შეფასებით, ოპოზიციის ე.წ. პროტესტს წერტილი დაუსვა ეუთოს გენერალურმა მდივანმა, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა კანონიერად და ამავე დროს გაკვირვება გამოთქვა, რომ ოპოზიციამ, რომელმაც 40% მიიღო და რატომ არ გამოიყენა მანდატები და არ შევიდა პარლამენტში.
„უპირველეს ყოვლისა, ამ განცხადებამ იმ ცეცხლზე დაასხა ბენზინი, რომელთანაც იდგნენ და ხელებს ითბობდნენ ამ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ დღეს თუ ხვალ ხელისუფლებას ჩამოაგდებდნენ, მაგრამ შედეგები სახეზე გვაქვს. ეს პროცესები, რომელიც მათ შორისაა დაწყებული, თანდათან კიდევ უფრო გამძაფრდება და ბოლოს დასრულდება იმით, რომ ესენი იქნებიან საბოლოოდ განადგურებული. როდესაც კაცი თვითგანადგურებას და თვითმკვლელობას დააპირებს, ხელს შეუშლი ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და ამის შემდეგ ვერაფერს ვერ გააკეთებ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.