მიუხედავად იმისა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 2025 წლის დეკლარაციაში საქართველოზე კრიტიკული ჩანაწერები შევიდა, მმართველი გუნდის დელეგაციამ პორტოში გამართულ სხდომაზე წარმატებით მოახერხა იმ ნარატივის გაბათილება, რომელიც მიზნად პოლიტიკური პროცესის დელეგიტიმაციას ისახავდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთ ტრიბუნაზე დააფიქსირეს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა სრულად ასახა ამომრჩევლის ნება და სწორედ ეს პოზიცია გაიზიარა ეუთოს გენერალურმა მდივანმაც.
მათი განცხადებით, ოპოზიციის მიერ არჩეული ბოიკოტის სტრატეგია იყო უპასუხისმგებლო ნაბიჯი და ვერ გამოიყენეს მათ ხელთ არსებული 66 მანდატის რეალური ძალა. ამ ფონზე კრიტიკული შესწორებებისადმი დამოკიდებულება არაერთგვაროვანი აღმოჩნდა თავად ეუთოს შიგნითაც, რის შედეგადაც კიდევ უფრო გამოკვეთა, რომ საქართველოს მიმართ გამოთქმული შენიშვნები ცალმხრივად ეფუძნებოდა ქართული ოპოზიციის მხარდაჭერილი ჯგუფების პოზიციას და ვერ ასახავდა ეუთოს ერთიან დამოკიდებულებას.
აღნიშნული კრიტიკული შესწორებების ავტორია ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი. როგორც ქართული დელეგაციის წევრები აცხადებენ, აღნიშნულ ჩანაწერებს მხარდაჭერა გამოუცხადეს საქართველოს ოპოზიციის უცხოელმა მხარდამჭერებმაც. საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გამართული დებატებისას, საქართველოზე განსაკუთრებით კრიტიკული იყო პოლონეთის დელეგაციის წარმომადგენელი, რის პასუხადაც საქართველოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, რომ 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებული მუხლები აბსურდულია.
„ბევრმა თქვენგანმა არ იცის, რომ ასამბლეის რამდენიმე წევრმა წერილით მიმართა პორტუგალიის პრემიერ-მინისტრს, რომ ქართული დელეგაციის წევრები არ შემოეშვა ქვეყანაში. ეს არის სამარცხვინო ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება ეუთო-ს და ზოგადად პარლამენტარიზმის პრინციპებს“, - განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა.
ნიკოლოზ სამხარაძემ გააკრიტიკა საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს შესახებ დამატებული შესწორებები. მისი თქმით, კომიტეტებში გამართულ დებატებზე ნათლად გამოჩნდა, რომ ქვეყნის მიმართ ბრალდებები უსაფუძვლოა და სრულად უგულებელყოფს ფაქტებს.
„თუ დღეს ხდება საარჩევნო სადამკვირვებლო მისიების ანგარიშების შინაარსის დამახინჯება, სიცრუის გავრცელება და პიროტექნიკითა და „მოლოტოვის“ კოქტეილებით „შეიარაღებული“ თავდამსხმელების მშვიდობიან მოქალაქეებად მონათვლა, ხვალ, ამავე ლოგიკით, შეიძლება გვიწოდონ სპილოები და თუ უმრავლესობას ეს ტერმინი მოეწონება, მაშინ მსგავსი აბსურდი შეიძლება რეზოლუციაში მოხვდეს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
დელეგაციის სხვა წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ დოკუმენტში კრიტიკული ტონი ძირითადად იმ უცხოელი პარტნიორებისგან მოდიოდა, რომლებიც წარსულში ღიად უჭერდნენ მხარს ქართულ ოპოზიციას. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ეუთოს გენერალური მდივნისა და შვეიცარიის დელეგაციის წევრის განცხადებებზე.
ეუთოს გენერალურმა მდივანმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა, რომ არჩევნების შედეგებმა რეალურად ასახა საქართველოს ამომრჩევლის ნება, ხოლო ოპოზიციამ ვერ გამოიყენა მიღებული მანდატები – 66 ადგილი, რაც სამწუხარო პოლიტიკური რეალობაა. მისივე თქმით, ეს არ შეიძლება გამოყენებულ იქნას არგუმენტად არსებული პროცესების დელეგიტიმაციისთვის.
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე for.ge-თან აცხადებს, რომ ეუთო/ოდირის ანგარიში სიურპრიზი არ ყოფილა, რადგან ბოლო პერიოდში ამ ორგანიზაციის დეგრადაცია აშკარად შეიმჩნევა. მამრაძის თქმით, ეუთო/ოდირი დიდი ხანია იმ პრინციპებს დაშორდა, რომელთა საფუძველზეც თავდაპირველად შეიქმნა.
„დღეს საქმე გვაქვს აშკარა უსამართლობასთან. ეს არის დეზინფორმაციაზე დაფუძნებული ანგარიში. საქართველოს ხელისუფლებას უსაფუძვლო ბრალდებებს უყენებენ და წარმოაჩენენ ვითარებას, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება. ზუსტად მეორდება ის, რაც სააკაშვილის მმართველობის დროს ხდებოდა - იგივე დეზინფორმაციული კამპანია, თითქოსდა ხელისუფლება უკანონოდ იცავს ძალაუფლებას და ხალხი ჩაგვრაში იმყოფება. ამავე მეთოდით ცდილობენ საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას დღესაც“, - აცხადებს მამრაძე.
მისი თქმით, ეს არ არის მხოლოდ სტრატეგია, ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკაც, რომლის უკან დგას გარკვეული დასავლური პოლიტიკური წრეები, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლების დამოუკიდებელი კურსი არ მოსწონთ.
„სამწუხაროდ, ამ ძალებმა შეძლეს საკუთარი ინტერესების ლობირება ისეთი გავლენიან ორგანიზაციებში, როგორიცაა ეუთო/ოდირი. ისინი ამ ინსტრუმენტს იყენებენ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში. ორაზროვანი და მიკერძოებული სტანდარტები ახალი არ არის – ჯერ კიდევ 2008 წელს, მაშინდელმა ეუთოს ხელმძღვანელმა დიტერ ბოდენმა განაცხადა, რომ არჩევნები გაყალბდა, თუმცა დღევანდელი რეალობა სრულიად განსხვავებულია. ახლანდელმა გენერალურმა მდივანმა კი პირიქით თქვა – ოპოზიციამ ვერ გამოიყენა 40%-იანი მხარდაჭერა. გამოდის, რომ არჩევნების შედეგი რეალობას შეესაბამება. ასეთ შემთხვევაში გაუგებარია, რას ედავებიან ხელისუფლებას, რომელმაც მილიონამდე ხმა მიიღო?“, - ამბობს მამრაძე.
მისივე თქმით, დასავლეთში არსებული ზოგიერთი ჯგუფი ვერ ურიგდება საქართველოს მთავრობის დამოუკიდებელ საგარეო კურსს. არ პატიობენ იმას, რომ ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და არ იმეორებს მათთვის სასურველ რიტორიკას. ამიტომაც, სადაც შეუძლიათ, ზეწოლას არ იშურებენ.
„ისინი, ვინც დღეს მხარს უჭერენ ამ ანგარიშს, საქართველოში ოპოზიციური აქციების დროს ჩამოდიოდნენ და ღიად გამოხატავდნენ თანადგომას. მათ გვერდით იდგნენ და საჯაროდაც გამოდიოდნენ სიტყვით. ამ დეზინფორმაციულ კამპანიაში, სამწუხაროდ, მონაწილეობას იღებს საქართველოში აკრედიტებული ზოგიერთი ევროპელი ელჩიც. არაერთი ელჩის წვლილია ისიც, რომ ასეთი შინაარსის ანგარიში მივიღეთ. სწორედ ამ ორგანიზებული კამპანიის შედეგია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში არსებული გადაწყვეტილებაც. ეს არის კოორდინირებული მოქმედება საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. თავდაპირველად შეფასება მკვეთრად განსხვავებული იყო და არ მოიცავდა ასეთ მძაფრ ფორმულირებებს. თუმცა გავლენიანი ძალების ზეწოლამ შედეგი გამოიღო – მაგალითად, აშშ-ის კონგრესმენმა ჯო უილსონმა მოახერხა 20-მდე წევრის გადაბირება, რაც საკმარისი აღმოჩნდა საბოლოო შედეგზე გავლენის მოსახდენად,“ – განმარტავს მამრაძე.
მისივე შეფასებით, მიუხედავად ზეწოლისა, მმართველი ძალა შეინარჩუნებს სიმტკიცეს და გააგრძელებს სახელმწიფოს ინტერესებზე მორგებულ პოლიტიკას.
„ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ ამ პოლიტიკით ქვეყანაში სტაბილურობა და სიმშვიდე შენარჩუნდა. ზეწოლა გაგრძელდება, მაგრამ მჯერა, რომ მათი პრინციპულობა საკმარისი იქნება, რათა არ დაუშვან ქვეყნის ინტერესების შელახვა“, - აცხადებს ანალიტიკოსი.