მფრინავი, რომელმაც არ შეასრულა ოქრუაშვილის დანაშაულებრივი ბრძანება - დაებომბა კვიციანების საცხოვრებელი სახლი და მშვიდობიანი მოსახლეობა, ღალატის ბრალდებით დააკავეს

მფრინავი, რომელმაც არ შეასრულა ოქრუაშვილის დანაშაულებრივი ბრძანება - დაებომბა კვიციანების საცხოვრებელი სახლი და მშვიდობიანი მოსახლეობა, ღალატის ბრალდებით დააკავეს

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის N43-ე სხდომა თავისი შინაარსით უმძიმესი იყო. კომისიაზე განიხილეს 2006 წლის ივლისში კოდორის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაცია. პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ ბოლო საჯარო ხდომა გამართა. კანონმდებლები 5 აგვისტომდე დახურულ ფორმატში იმუშავებენ, შემდეგ კი დასკვნას დადებენ და რაც, როგორც ჩანს, უმძიმესი იქნება. დასკვა გენერალურ პროკურატურას გადაეგზავნება.

კომისიაზე უმძიმესი განცხადება გააკეთა ქართველმა მფრინავმა, იმედა მაისურაძემ, რომლის ჩვენების საფუძველზე, დიდი ალბათობით, ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს ახალი ბრალი წარედგინება. მფრინავმა მაისურაძემ მაშინდელი თავდაცვის მინისტრი დაადანაშაულა ემზარ და ნორა კვიციანების საცხოვრებელი სახლების განადგურების ბრძანების გაცემაში.

მფრინავმა იმედა მაისურაძემ, რომელიც კოდორის ხეობაში დაგეგმილ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობოდა, 19 წლის წინანდელ დანაშაულებრივ მოვლენებზე დეტალურად ისაუბრა. როგორც მაისურაძემ თქვა, კვიციანების სახლზე ავიაიერიში ხუთი დამრტყმელი ვერტმფრენითა და უმართავი რაკეტებით უნდა მიეტანათ. მფრინავი იხსენებს, რომ კოდორის ხეობაში დაგეგმილ ოპერაციას, რომელშიც ერთდროულად რამდენიმე დანაყოფი მონაწილეობდა, პირადად ირაკლი ოქრუაშვილი ხელმძღვანელობდა.

იმედა მაისურაძის თქმით, მას შემდეგ, რაც სამხედროებმა ოქრუაშვილის დავალება არ შეასრულეს და მას ღიად დაუპირისპირდნენ, კოდორის ხეობაში უკვე მეორედ, 2 ვერტმფრენი გაუშვეს. მიზანი ისევ ნორა და ემზარ კვიციანების სახლის განადგურება იყო. მფრინავი ამბობს, რომ მეორე მცდელობაც უშედეგოდ დასრულდა, რის გამოც ის დააკავეს. ყოფილმა ხელისუფლებამ მაისურაძის წინააღმდეგ გამოძიება ღალატის მუხლით დაიწყო.

„მეორე გაფრენის შემდეგ უკან რომ ვბრუნდებოდი, სანამ დავჯდებოდი, უკვე ვხედავდი, რომ ციმციმებიანი მანქანები მელოდებოდნენ სენაკში. სამხედრო პოლიციამ დამაკავა და ფოთში წამიყვანა. დავალება არ შეასრულე მოღალატე ხარ, უვარგისი მფრინავიო. ფოთში სატუსაღო იყო ბევრი კოღოებით, მხოლოდ მე დამიჭირეს. დაკითხვებზე მეკითხებოდნენ დეტალებს, რაღაცებს მაბრალებდნენ ცოტ-ცოტას. სრულ სისულელეებს იძახდნენ - თითქოს მე ემზარ კვიციანისგან რაღაც თანხა მქონდა აღებული“, - განაცხადა იმედა მაისურაძემ.

როგორც მფრინავმა თქვა, 10-დღიანი დაკავების შემდეგ გაათავისუფლეს და თბილისში საბრძოლო ვერტმფრენით დაბრუნების უფლება მისცეს. მას უკვირს თუ ასეთი საშიში იყო და თანაც მოღალატე, როგორ მისცა ხელმძღვანელობამ მოღალატე ადამიანს ამის უფლება.

„შეკრიბეს მთელი ავიაციის პირადი შემადგენლობა, მე ჩამომიყვანეს ფოთიდან სენაკში, კიდევ ერთად გვლანძღეს ყველა და შემდეგ ისევ ფოთში წამიყვანეს. ამ წაყვანიდან ორ დღეში ჩამოვედი სენაკში. 10 დღეში გამათავისუფლეს, თავდაცვაში დავრჩი, საბრძოლო ვერტმფრენით გადმოვფრინდი თბილისში, თუ ასეთი საშიში ვიყავი საბრძოლო ვერტმფრენი ისევ როგორ მანდეს?! ჩემი მდგომარეობა იყო სასაცილო, პატარა ბავშვს რომ აშინებენ, ასეთი ვითარება იყო.

სამხედრო პოლიციაში ტერორი ჩვეულებრივ ამბად ითვლებოდა. გვეუბნებოდნენ - „მოკუნტული“ უნდა იარო, ყველაფერი უნდა აიტანო. ეს იყო მათი პრინციპი. შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ მიზანმიმართულად ცდილობდნენ ყველას შიშით დამორჩილებას. ოფიცერი, რომელიც ჩურჩულით იწყებს საუბარს - ის უკვე ოფიცერი აღარ არის“, - აღნიშნა მფრინავმა.

საგამოძიებო კომისიის წევრის კითხვაზე, დარჩებოდა თუ არა ქვეყანა ავიაციის გარეშე, მაისურაძის პასუხი იყო დადებითი. „სახელებს და გვარებს ვერ გეტყვით, ფაქტობრივად, არც ვიცნობდი, მაგრამ სამხედრო პოლიციის თანამშრომლები იყვნენ და ესწრებოდნენ მთელი ამ პროცესის მიმდინარეობას, მათ შორის დავალების მიღებასაც. რაც შეეხება ზეზვა ბაკურიძის საქმეებს, ერთ-ერთი განსაკუთრებით აქტიური სამხედრო პოლიციის ხელმძღვანელი სუხიტაშვილიც იყო. მასთან შეხება უკვე თბილისში მქონდა. ტერორიზება პირადი შემადგენლობისთვის ჩვეულებრივ ამბად ითვლებოდა- ატერორებდნენ ყველას“, - აღნიშნა მაისურაძემ.

მფრინავი სამშობლოს ღალატის მუხლით დააკავეს მხოლოდ იმიტომ, რომ არ შეასრულა ირაკლი ოქრუაშვილის დანაშაულებრივი ბრძანება და არ დაბომბა კვიციანების საცხოვრებელი სახლი და მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობა, რომლებიც ხელებაწეული სთხოვდნენ არ ესროლათ მათთვის. იმედა მაისურაძის განცხადებით, მაშინდელმა თავდაცვის სამინისტროს და გენერალური შტაბის ხელმძღვანელობამ ისინი დაარწმუნა, რომ ოპერაციის ჩატარების ადგილიდან მოსახლეობა ევაკუირებული იქნებოდა, მაგრამ ადგილზე მიფრენისას დაინახეს ბავშვები და ქალები თეთრი ზეწრებით ხელში.

„მას შემდეგ, რაც ხელმძღვანელობამ დაგვარწმუნა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ევაკუირებული იყო, შემდეგ უკვე გადავწყვიტეთ გაფრენა. სიტუაცია ისეთი იყო, იქ უარის თქმას, ფაქტობრივად, ვერავინ გაბედავდა, ისე ჰქონდათ სიტუაცია დაყენებული პირად შემადგენლობაში და მთელ შეიარაღებულ ძალებშიც. პირველი გაფრენა რომ შევასრულეთ, იქიდანაც იყო ცეცხლი, იმიტომ რომ ჩვენს სატრანსპორტო ვერტმფრენს მოხვდა რამდენიმე ტყვია და ეკიპაჟებმა რომ ითხოვეს დახმარება, მიზნების ძებნა დავიწყეთ და ვერავინ ვერ ვნახეთ, დავინახეთ მხოლოდ მორბენალი ბავშვები და ქალები დარბოდნენ თეთრი ზეწრებით...

100%-ით დარწმუნებულები ვიყავით, რომ მოსახლეობა არ იყო ევაკუირებული იქიდან და შესაბამისად მერე უკვე არ ვიმუშავეთ მიზნებზე. მოვძებნეთ ცარიელი რიყე ადგილი და სათქმელად, საჩვენებლად გავუშვით რამდენიმე „ზალპი“. მაგრამ რეზულტატი რომ ვერ მიიღეს, ეტყობა, პირდაპირ გადმოსცემდნენ, ჩვენ რომ დავბრუნდით სენაკში ბაზაზე უკან, უკვე იცოდნენ, რომ ის მიზანი რაც ჰქონდათ, ვერ მიაღწიეს“, - განაცხადა იმედა მაისურაძემ.

როგორც მფრინავმა აღნიშნა, ივლისის ბოლოს მიიღეს დავალება, რომლის შინაარსი იყო კონკრეტულად ორი სახლის განადგურება, როგორც პროგრამა მინიმუმი. კონკრეტულად, ემზარ კვიციანის და მისი დის, ნორა კვიციანის სახლები უნდა განადგურებულიყო, რის შესახებ დავალება მათ ირაკლი ოქრუაშვილისგან მიიღეს.

„რომ გადავიანგარიშოთ, ხუთი დამრტყმელი ვერტმფრენი და თითოზე 80 რაკეტა - 400 ცალი 80 მმ-იანი S8. ეს სერიოზული ძალაა, ისე ვერ გააკეთებდი გასროლას, რომ დაზიანება არ ყოფილიყო. მიზანს კი გაანადგურებდი, მაგრამ, გარშემო იქნებოდა ძალიან სერიოზული ზიანი, მსხვერპლი, ყველაფერს მოვშანთავდით. კვიციანების ოჯახზეა ლაპარაკი, კონკრეტულად, ნორასი და ემზარის სახლები უნდა განადგურებულიყო.

სიმართლე გითხრათ, ცოტა ქაოტური სიტუაცია იყო, გადარბენა-გადმორბენები იყო ყველგან. სენაკის ბაზაზე ავიაციის სეგმენტი ცალკეა, ფეხოსნების - ცალკე. სენაკში რომ ჩავფრინდით, მიგვიყვანეს მანქანებით მეორე ბრიგადის ფეხოსნების შტაბში და ყველა იქ იყვნენ, მერაბიშვილიც და ოქრუაშვილიც იქ ბრძანდებოდნენ, მათი მოადგილეებიც, გენშტაბის უფროსიც და აბსოლუტურად ყველა.

კვიციანების ორი სახლის განადგურება ჩვენ კონკრეტულად დაგვავალა ირაკლი ოქრუაშვილმა. მიზეზი არ უთქვამთ, არავის არ უსმენდნენ აბსოლუტურად. მოსახლეობის ევაკუირების თემაზე, ამ მიზანთან იყო თუ არა მოსახლეობა, ერთი ამბავი ატყდა. ფაქტობრივად, ჩვენ საავიაციო ქვედანაყოფის მფრინავები, წინააღმდეგი ვიყავით გაფრენის, ბოლოს, მგონი მიხვდებით, როგორც გაგვიშვებდნენ.

წინააღმდეგი კი ვიყავით, მაგრამ ასე პირდაპირ ვერც ვბედავდით გვეთქვა, რომ არ წავალთ, მოსახლეობა ევაკუირებული არის თუ არა, ამაზე პასუხი საბოლოო ჯამში მივიღეთ, რომ კი, იქ არავინ დაგხვდებათო, მაგრამ რომ ჩავედით იქ ვისაც დაეძებდნენ, იმათ გარდა ყველა იქ იყო. 400 ჭურვიდან, ალბათ 60 დავხარჯეთ, ისიც იმისთვის, რომ იმიტაცია შეგვექმნა, მთლად რომ არ გვესროლა, კატასტროფა იქნებოდა ჩვენთვის, რადგან კაციჭამიები გველოდებოდნენ უკან და ვიცოდით რაც გველოდა“, - აღნიშნა იმედა მაისურაძემ.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს, კოდორის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომისიამ განმეორებით მოუსმინა ხეობის მკვიდრს. თორნიკე გერლიანმა ჩხალთის პოლიციაში მომხდარის დეტალები გაიხსენა და თქვა, თუ როგორ აღმოჩნდა ქართველი სამხედროების პირადი მონაცემები, იარაღი, ტყვია-წამალი და ტექნიკა ოკუპანტების ხელში. ადგილობრივი ამბობს იმასაც, რომ კუდის მაღალჩინოსნები პროვოკაციებს აწყობდნენ, რის გამოც მოსახლეობა კოდორის ხეობაში ვეღარ შედიოდა. გერლიანის განცხადებით, კუდ-მა ხეობისკენ წასული ადგილობრივების შესაშინებლად მოაწყო თითქოსდა ორმხრივი სროლა.

„ერთხელ ჩვენ შევდიოდით და ჩვენს შესაშინებლად მოაწყვეს, თითქოს, ორმხრივი სროლა არისო. კუდ-ის ჯგუფი წავიდა წინ, ჭუბერში იყვნენ დისლოცირებულები, 10-15 კაცი განლაგდა რაღაც სიშორეზე და დაიწყეს ჰაერში სროლა. კოდორის ხეობაში რომ მივდიოდით, ვიცოდით, რომ არაფერი ხდებოდა. გვითხრეს, რომ ჯგუფია გადმოსული, მოხდა საცეცხლე კონტაქტი, უკან დაბრუნდით, თორემ აგიყვანენ, ჩაგხოცავენ - ასეთი რაღაცები კეთდებოდა, სპექტაკლებს დგამდნენ. ორმელეთის ხეობაში, სანამ უღელტეხილზე ავიდოდით, მანდ მოხდა ეს, მაგრამ მაინც მივედით ბოლომდე და სამწუხაროდ, მარტო ჩვენები დაგვხვდნენ მანდ, სხვა არავინ იყო.

არც უღელტეხილზე იდგნენ რუსები და საკენში რომ ჩახვიდოდი, მერე იყო მათი საგუშაგო, მანამდე კაციშვილი არ იდგა 2008 წელს. მერე, როცა დაიწყო პროვოკაციები სოდ-ის მხრიდან, მერე უკვე დაამატეს საგუშაგოები და გააძლიერეს დაცვა. მანამდე პრობლემა არ იყო, საკენში ჩავდიოდით, იქ იყო საგუშაგო და მანქანებს ამოწმებდნენ უბრალოდ, იარაღი ხომ არ იყო და დოკუმენტაციას კითხულობდნენ, ალბათ, მერე ამოწმებდნენ სიაში სამხედროების სიას, რომელიც ოკუპანტებს ხელში ჩაუვარდათ“, - განაცხადა თორნიკე გერლიანმა.

როგორც თორნიკე გერლიანმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე აღნიშნა, 11 აგვისტოს დატოვა მოსახლეობამ ხეობა, ხოლო ორ დღეში ეს ადგილი ოკუპანტებმა დაიკავეს, რომლებსაც დატოვებული დახვდათ სამხედროების პირადი მონაცემები. როგორც გერლიანი იხსენებს, აფხაზეთიდან ახლობლებმა გააფრთხილეს კოდორის მაცხოვრებლები იმის თაობაზე, რომ ოკუპანტებს სიები ჰქონდათ და შესაბამისად, ხეობაში არ უნდა შესულიყო ის ხალხი, ვისაც შეხება ჰქონდა სამხედრო დანაყოფთან, ფორმირებებთან ან პოლიციასთან.

„2008-ში, 11 აგვისტოს რომ გამოვედით ჩვენ, 13-ში შევიდა უკვე ოკუპანტის ძალები. ის ორი დღე არავინ შესულა, მანდ მერე ადგილობრივმა მოსახლეობამ დაიწყო უპრობლემოდ შესვლა, რამდენიმე დაბრუნდა, დაახლოებით 16-17 აგვისტოს შედიოდა მოსახლეობა, მანქანებითაც შევიდნენ, არანაირი პრობლემა არ ჰქონდათ, მარგამ აფხაზეთში ჩვენ ძალიან ბევრი ახლობელი გვყავს, ერთად გაზრდილები ვართ, ძალიან ბევრს ჰყავს დედა ქართველი, ბევრი ქართველი ცხოვრობს მანდ.

დაირეკა იქიდან, გაგვაფრთხილეს, რომ თუ რომელიმე ხართ ნამყოფი რომელიმე სამხედრო დანაყოფში, პოლიციაში ან სამხედრო ფორმირებაში, კაციშვილმა შემოსვლა არ გაბედოთ - ყველას სიები დახვდათ აქ და ყველას სიები იციანო. ეს გაფრთხილება მივიღეთ და ამის მერე, ვინც იყო ნამყოფი „მონადირეში“, თუნდაც მერე, 2006-07 წლებში ანდა 2008-ში, არავინ შევიდა კოდორის ხეობაში და, ფაქტობრივად, გადარჩნენ ეს მებრძოლები იქაურ დაკავებებს“, - აღნიშნა თორნიკე გერლიანმა.