ბოლო დღეებში საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის ურთიერთობებში დაძაბულობა კიდევ უფრო იზრდება. საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან ბრიტანეთის ელჩის, გარეთ უორდის შეხვედრიდან მალევე, ლონდონში საქართველოს დიპლომატიური მისიის წარმომადგენელი, გიორგი საგანელიძე საგარეო უწყებაში დაიბარეს, სადაც მას ბრიტანეთის კრიტიკული გზავნილები გადასცეს.
ბრიტანულმა მხარემ თბილისს რწმუნებულის მეშვეობით, მკაცრი გზავნილები და პრეტენზიები გადასცა. საუბარია ოპოზიციური ლიდერების დაკავებაზე, კრიტიკული აზრის ჩახშობაზე და დასავლელი პარტნიორების მისამართით გაკეთებულ ბრალდებებზე.
ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ისინი შეშფოთებით აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და არ გამორიცხავენ დამატებით ზომებს, მათ შორის ფინანსური სანქციების გაფართოებასაც.
საქართველო, თავის მხრივ, ბრიტანეთს ქვეყნის სტრატეგიული ინტერესებისა და სუვერენიტეტის პატივისცემისკენ მოუწოდებს და „ექსტრემიზმის დაფინანსებასა“ და „ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში“ ადანაშაულებს.
ოფიციალური თბილისი ბრიტანეთის ასეთ მიდგომას სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპების დარღვევად აფასებს. საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანა ყურადღებით ადევნებს თვალს ბრიტანეთის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს და მოლოდინი აქვს, რომ ისინი საქართველოს სუვერენიტეტისა და სტრატეგიული ინტერესების პატივისცემით იმოქმედებს.
მმართველ გუნდში პირდაპირ აცხადებენ, რომ ლონდონის მხრიდან წაყენებული პრეტენზიები უსაფუძვლოა, ხოლო საქართველოს პასუხი ფაქტებზე დაფუძნებული. მათი თქმით, ბრიტანეთის მიერ მხარდაჭერილი ორგანიზაციები, მათ შორის „ტაბულა“ და გია ჯაფარიძის პლატფორმა, ქვეყანაში ექსტრემისტულ განწყობებს ახალისებენ. მმართველი გუნდის შეფასებით, საგანგაშოა ისიც, რომ გაერთიანებული სამეფოს ელჩი, წინასაარჩევნო პერიოდში, ოპოზიციის მხარეს იდგა, რაც მათი აზრით, ლონდონის პოლიტიკური მიზნების პირდაპირი გამოვლინებაა.
„ჩვენ ქართულად ვსაუბრობთ, ისინი – ინგლისურად და რაღაცას ერთმანეთს ვერ ვაგებინებთ. არადა, ვხედავთ, ბრიტანეთის ელჩი ქართულს სწავლობს და, წესით, რაღაც უნდა ესმოდეს ჩვენიც, მაგრამ ჩვენ ერთს ვამბობთ და ისინი სხვა რაღაცას გვპასუხობენ. მეც ძალიან კონკრეტულ საკითხებზე ვსაუბრობდი. ვსაუბრობდი იმაზე, რომ ელჩმა დაარღვია ვენის კონვენცია იმით, რომ ჩაერია საპარლამენტო არჩევნებში აგიტაციის სახით „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ - ბრალდება ნომერი ერთი.
ამას უპასუხონ, თქვან, რომ არ დაარღვია და მისი განცხადება არ იყო ჩარევა. ამის ნაცვლად ამბობენ, რომ ცრუ ბრალდებებია. განათლებული ადამიანები ასეთ დიალოგს არ აწარმოებენ. ბრიტანეთის პოლიტიკური ელიტის მიმართ უფრო დიდი წარმოდგენა აქვს ქართველ ხალხს. ამიტომ, პირველი, ბრიტანეთის ელჩმა დაარღვია ვენის კონვენცია, როდესაც არჩევნებამდე ათი დღით ადრე საარჩევნო აგიტაციას ეწეოდა საჯაროდ, ინტერვიუს სახით „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. გვაინტერესებს პასუხი, დაარღვია თუ არა, მათი გაგებით, ვენის კონვენცია და თუ დაარღვია, რას აპირებენ, რომ მოიმოქმედონ? მეორე, ბრიტანეთის საელჩო ცდილობდა, დაეფინანსებინა ექსტრემისტული განწყობების მქონე ადამიანები. ამაზე გვაინტერესებს პასუხი. შეხვედრაზე ამაზეც გვქონდა საუბარი, რომ ეს ცრუ ბრალდებაა, თითქოს ექსტრემიზმის დაფინანსებას აპირებდნენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ბრიტანეთის მხრიდან ფინანსური სანქციები საქართველოს რამდენიმე ოფიციალურ პირს, მათ შორის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებსა და მოსამართლეებს უკვე დაუწესდა. ბოლო პერიოდში ლონდონმა სპეციალური გზამკვლევიც გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოში მოქმედ ბიზნესებს აძლევს რეკომენდაციებს, თუ როგორ იმოქმედონ ბრიტანულ სანქციებთან შესაბამისობაში.
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტისა და ანალიტიკოსის, თამარ კიკნაძის შეფასებით, საქართველოს რწმუნებულის დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაბარება არ არის მოვლენათა იზოლირებული ჯაჭვი, არამედ წარმოადგენს ბრიტანელი ელჩის საქართველოში შიდა საქმეებში სისტემატური ჩარევის კულმინაციას.
For.ge-სთან კიკნაძე ხაზგასმით აღნიშნავს იმ პარადოქსული მდგომარეობის შესახებ, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას, ვენის კონვენციით დაცული სუვერენიტეტის ფარგლებში, უნდა ჰქონდეს პრეტენზიები უცხო ქვეყნის დიპლომატიური მისიის მიმართ, სანაცვლოდ კი თავად ხდება ბრიტანეთის მხრიდან საპრეტენზიო ნოტების ობიექტი.
„ის, რასაც დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში აკეთებდა, იქნება ეს ოპოზიციის თუ მესამე სექტორის დაფინანსება გრანტების სახით, ასევე ქვეყნის არჩევნებში ჩარევის კუთხით, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციით გაწერილია, რომ მსგავსი აქტივობების განხორციელება ელჩს კანონდარღვევად ეთვლება. ეს საქართველოს საშინაო საქმეებში პირდაპირ ჩარევის ღია ფაქტებია. აქ დაფარულიც კი აღარაფერია. პირდაპირ ვნახეთ, საელჩომ როგორ გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მესამე სექტორისა და ოპოზიციისთვის გრანტების გამოყოფას აპირებდნენ. თუმცა, ახალი კანონის მიღების შემდეგ ამას ვეღარ იზამენ“, - ამბობს ანალიტიკოსი.
მისივე თქმით, ბუნებრივია, როდესაც ასე გექცევიან, რაღაც საპასუხო ქმედებები უნდა განახორციელო. შენს მოსახლეობას უნდა აუხსნა, თუ რაშია საქმე.
„საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა განცხადებები, რაც არც არის იმ ქმედებების ადეკვატური, რასაც დიდი ბრიტანეთი ჩადის საქართველოს მიმართ. მაშ, რადგან პატარა ქვეყანა ვართ, საკუთარი ქვეყნის ინტერესები არ უნდა დავიცვათ?!“, - ამბობს ანალიტიკოსი.
მისივე თქმით, ის, რასაც დიდი ბრიტანეთის ელჩი და დანარჩენი დასავლელი ელჩები გვთავაზობენ, ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ გულხელი დაიკრიფოს და შეეგუოს იმას, რომ ოპოზიციას ხელისუფლება გადააბაროს, არა არჩევნების გზით, არამედ ხელოვნურად, გარედან მომხდარი გადატრიალების გზით.
„ეს არის ის ხელისუფლება, რომელმაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ქვეყანა ძალიან მძიმე რეგიონალური მდგომარეობიდან სამშვიდობოს გაიყვანა. ჯერ კიდევ არ ვიცით, რა და როგორ იქნება. ეს რისკები და გამოწვევები ჩვენი ქვეყნის მიმართ ნამდვილად დგას. მხედველობაში საერთაშორისო ვითარება მაქვს და მცდელობა, რომ საომარ მოქმედებებში საქართველო ჩართულიყო. ეს რეპრესიული მეთოდები, რომელიც ახლა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ხდება, პირდაპირ არის მცდელობა იმის, რომ გარედან, ქართველი ხალხის გარეშე, ხელისუფლების ცვლილება მოხდეს“, - აცხადებს კიკნაძე.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც აშშ-ის ხელისუფლებაში ტრამპი და მისი გუნდი მოვიდნენ, მან უარი თქვა იმ პოლიტიკაზე, რასაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევა ჰქვია. ამერიკამ სწორედ ის ორგანიზაციები გააუქმა, რომლებიც საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში რევოლუციურ ძალებს აფინანსებდნენ. ამ პლაცდარმმა კი ახლა დიდ ბრიტანეთში გადაინაცვლა.
„ჩვენ ვიცით, როგორი განწყობა აქვს ტრამპს „USAID-ის“ და „NED-ის“ მიმართ, ასევე „რადიო თავისუფლებისა“ და „ამერიკის ხმის“ მიმართ. ეს ორგანიზაციები და მედია გამომცემლობები პირდაპირ სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში ერეოდნენ. შესაბამისად, დიდმა ბრიტანეთმა იტვირთა ახლა ეს მოვალეობა. ევროპა გახდა „Deep State“-ის მთავარი დასაყრდენი ადგილი. ევროპელები განაგრძობენ იმ პოლიტიკას, რომელსაც ბაიდენი აწარმოებდა. ეს პოლიტიკური ისტებლიშმენტი ბაიდენის ადმინისტრაციის იდეებისა და პოლიტიკის გამტარებელია“, - ამბობს კიკნაძე.
ამიტომ ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ საქართველოს რწმუნებულის ინგლისში დაბარება ემსახურება ერთ რამეს - საქართველოს ხელისუფლებაზე გაძლიერებულ ზეწოლას.
„რა სახის სანქციების დაწესებაზეც არ უნდა იყოს მუქარა და შანტაჟი, საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო წლებისა და მოვლენების გათვალისწინებით აჩვენა, რომ მასზე მსგავსი ზეწოლა არ და ვერ მოქმედებს. ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას არა აქვს უფლება, სისუსტე გამოიჩინოს და უცხო ძალების ინტერესები გაატაროს“, - ამბობს კიკნაძე.