ოპოზიციური სპექტრის ნაწილი პროტესტის ახალ, უკიდურეს ფორმას მიმართავს - შიმშილობას. გამოითქვა მოსაზრება, რომ პროტესტი ისეთი ფორმა, როგორიც შიმშილობაა, დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში, შედეგის მომტანი არ არის. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ელენე ხოშტარიას, რომელმაც შიმშილობა გამოაცხადა, მისივე თანაპარტიელი, გედევან ფოფხაძე და კიდევ სამი აქტივისტი - ვასილ ელიავა, გიორგი სტეპანოვი და ბაჩო კუცია შეურთდნენ. ელენე ხოშტარიამ 29 ივნისს საკათარი მოთხოვნა წამოაყენა, თუ რა შემთხვევაში შეწყვეტს შიმშილობას. მისი განცხადებით, შიმშილობას შეწყვეტს, თუ ოპოზიცია შეთანხმდება, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.
„არ ვამბობ, რომ სიცხადე ზუსტად მე, როგორც ვამბობ, ისეთი უნდა იყოს - პუნქტები, ზუსტად, რა ტიპის ბრძოლა უნდა იყოს. უბრალოდ, მე საზოგადოებას ვაცნობ ჩემს ხედვას, როგორ ვიბრძოლოთ. თუ ამ ხედვაზე ჩვენ ყველა ჩამოვყალიბდებით ერთიანად, თუნდაც კორექტირებებს შევიტანთ ფორმებში, (ჩემს ჭკუაზე კი არ უნდა იარონ), მაგრამ თუ პრინციპულად შევთანხმდებით ნულოვან ართანამშრომლობაზე, არშეგუებაზე, არაღიარებაზე, რა თქმა უნდა, მე, მაშინ მთელი ჩემი ენერგიით გადავერთვები ბრძოლაში, რომლისაც მჯერა“, - განაცხადა ხოშტარიამ.
ამასთან, ელენე ხოშტარია შიმშილობაზე და პოლიტიკურ ამოცანებზე მის პოზიციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, მისი შიმშილობა არის განაცხადი:
„ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ დიდი შემართებით. ამიტომ ეს შემართება ჩემის მხრივ, მე ასე დავაფიქსირე.
სწორი ბრძოლის სტრატეგია ჩემი აზრით:
- ერთობა რეჟიმთან ართანამშრომლობის იდეის გარშემო;
- ე.წ არჩევნების დელეგიტიმაცია;
- პოლიტიკური ალტერნატივის შექმნა;
- პროტესტის გაძლიერება ერთიანი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ძალით;
პოლიტიკური პარტიების სიცხადე ბრძოლის სტრატეგიაზე მიმაჩნია, გადამწყვეტია ამ ეტაპზე, რადგან სანამ ოცნება შეტევაზეა ჩვენი ბუნდოვანება ნიჰილიზმს აღვივებს.
პრეზიდენტმა ეს სიცხადე 26 მაისს და შემდეგ 5 ივნისს შემოიტანა - არანაირი მოგონილი არჩევნები - მთელმა რიგმა პარტიებმა პოზიცია დააფიქსირეს. დარჩა პარტიები, ვინც არ დააფიქსირა და მე ველოდები ამ პოზიციას.
შესაბამისად, მე როდის შევწყვეტ შიმშილობას, ეს ჩემი პირადი საქმეა და არ ვაპირებ უკან დახევას არცერთი მილიმეტრით.
ჩემ ძვირფას მეგობრებს „ლელოდან“ კი მივმართავ, რომ მე შანტაჟის ენით, არა თუ მეგობრებთან არამედ მტრებთანაც არ ვსაუბრობ, არაფერი სამაგისო არ მაქვს.
ვთქვათ ყველამ საკუთარი პოზიცია და ავიღოთ მასზე პასისმგებლობა“, - დაწერა ხოშტარიამ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე თვლის, რომ შიმშილობამ, როგორც პროტესტის ფორმამ, საკუთარი თავი ამოუწურა.
„მას შემდეგ, რაც ხოშტარიამ შიმშილობა გამოაცხადა და სხვებიც შეუერთდნენ, ამ შიმშილობას არ ჰქონია კონკრეტული მიზანი. შიმშილობა, როგორც პროტესტის ფორმა ცხადდება და მას ერთვის კონკრეტული მოთხოვნები, რომ ეს მოთხოვნები დაკმაყოფილდეს. ხოშტარიას და მის თანამებრძოლებს შიმშილობაში ასეთი მოთხოვნები არ წაუყენებიათ, უბრალოდ, გამოაცხადეს შიმშილობა, როგორც პროტესტის ფორმა.
შიმშილობამ, როგორც პროტესტის ფორმამ, ჩვენს საზოგადოებაში ამოწურა თავი. ვნახეთ შიმშილობის არაერთი აქტები: მიხეილ სააკაშვილის, რამდენიმე ოპოზიციონერის, თავად ელენე ხოშტარიასი, რომელიც სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანას ითხოვდა, მაგრამ რით დამთავრდა ეს შიმშილობა?! - არაფრით. როგორც დაიწყო შიმშილობა, ისევე შეწყვიტა. დიდი ალბათობით, ახლაც ასე მოხდება, გარკვეული ხანი იშიმშილებს, მერე საზოგადოება, მომხრეები მოუწოდებენ, რომ შეწყვიტონ შიმშილობა, რადგან მათ ცოცხალი და საღ-სალამათი სჭირდებათ ეს ადამიანი, შემდეგ ისიც ამ მოთხოვნას გაითვალისწინებს და შიმშილობას გააჩერებს“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ. For.ge-სთან ინტერვიუში.
გედევან ფოფხაძემ კი კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარს განაცხადებს, შეწყვეტენ თუ არა შიმშილობას, უპასუხა, რომ „ერთიანი ოპოზიციური ფრონტი გაცილებით უფრო დიდი არგუმენტია რეჟიმისთვის, ვიდრე მოშიმშილეების მიმართ ემპათია“.
„ამათ არანაირი ემპათია არ გააჩნიათ. მე რომ რაიმე მომივიდეს და სიტყვაზე, გარდავიცვალო, ესენი გარდაცვალების ცნობასაც არ გამოაქვეყნებენ, როგორც ყოფილ დეპუტატზე. მაგათ ხელისუფლებაში ყოფნა და სკამების ქონა გაცილებით უფრო დიდ სიკეთედ მიაჩნიათ, ვიდრე ელემენტარული თანაგრძნობა. როცა შენი ყოფილი ორი კოლეგა შიმშილობს და ჯანდაცვის კომიტეტს აქვს შესაძლებლობა, მოვიდეს და გკითხოს, რა გინდაო და ამ კომუნიკაციასაც არ ამყარებს, გერმანიის ელჩს დასცინი და აქილიკებ იმის გამო, რომ მოვიდა, ე.ი. შენ გასული ხარ მორალური სტანდარტიდან. ამიტომ ერთიანი ძალა უფრო დიდი არგუმენტია, ვიდრე შიმშილობა. თუ აქ ერთიანი ძალა იქნება, რომელიც იტყვის, რომ „მოდით უკომპრომისოდ ვიბრძოლოთ ყოველგვარი თანამშრომლობისა და ლეგიტიმაციის გარეშე“ მე შიმშილს მათთან ერთად ყოფნა მირჩევნია. თუ მე ვხედავ გაერთიანებულ რუსთაველის გამზირს ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან და ქართულ საზოგადოებასთან ერთად - შიმშილობა არ არის გამოსავალი. რატომ უნდა შეეწიროს ელენე ხოშტარია იმას, რომ ამ რეჟიმს ემპათიის განცდა არ აქვს?“, - აღნიშნა ფოფხაძემ.