პარასკევს, 27 ივნისს, საქართველოს პარლამენტში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის წლიურ ანგარიშს მოუსმინეს. „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, ირმა ზავრადაშვილმა ანგარიშის მოსმენის შემდეგ, თავისი კითხვა ხუმრობით დაასრულა: ოპოზიციის მავნებელი ლიდერების საუკეთესო დასჯა იქნებოდა, თუკი პრემიერ-მინისტრის ამ ანგარიშს მოასმენინებენ ციხეში დილას, შუადღეს და საღამოსო. For.ge-ს სტუმარია ირმა ზავრადაშვილი, რომელთან ინტერვიუც ამ ხუმრობით დავიწყე.
ქალბატონო ირმა, ოპოზიციის ამ ლიდერებს „რეჟიმის ტყვეებს“ უწოდებენ და ამ კონტექსტში, ოპოზიციის პროტესტის 245-ე დღეს, როდესაც ორი ათეული ადამიანიღა შემორჩა რუსთაველის გამზირს, მინდა, გკითხოთ, რასთან გვაქვს საქმე?
- იმდენად მნიშვნელოვანი საკითხები დავსვი პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიშის მოსმენის შემდეგ, მაგრამ რატომღაც მარტო ის გახდა მსჯელობის საგანი, რითაც ჩემი გამოსვლა დავასრულე...
ამ ინტერვიუში განვიხილოთ ყველა ეს საკითხი.
- დიახ, თუმცა არა უშავს. იცით, რასთან გვაქვს საქმე? გონივრული ეჭვი მაქვს, რომ რუსთაველზე ვინც დგას, ახლავე რომ გააჩეროთ და ჰკითხოთ, როგორ დაიწყო 245 დღის წინ აქციები, როგორ მიმდინარეობდა და როგორ გაგრძელდა, დარწმუნებული ვარ, ვერ გიპასუხებთ - არ იცის და არც ობიექტური არგუმენტის მოყვანა შეუძლია, რას აპროტესტებდნენ მაშინ და რას აპროტესტებენ ახლა. ზუსტად ვიცი, რომ ასე იქნება, რადგან წარმოუდგენელია, იმდენად პარადოქსულ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, შეუძლებელია, ლოგიკაში ჩავსვათ მთელი ეს პროცესი.
რაც შეეხება ლიდერების პატიმრობას, როცა ადამიანს აქვს არჩევანი, რომ ან ასე უნდა მოიქცეს, ან - ისე, არჩევანი უნდა გააკეთოს თავის საკეთილდღეოდ. იმ ეგრეთ წოდებული ოპოზიციის ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ მათთვის სასიკეთო მდგომარეობაა პატიმრობა, თუმცა შეეძლოთ, მისულიყვნენ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, გაეცათ პასუხები და არცერთი ციხეში არ იქნებოდა. ვინაიდან ისინი ციხეში წავიდნენ, ლოგიკურად უნდა ჩაითვალოს, რომ მათთვის სასარგებლო იყო ეს მეორე არჩევანი. როგორ წარმოგიდგენიათ, რომელიმე მათგანს ციხეში ყოფნა უნდა? თავისმა პატრონებმა და დირექტივების მიმცემებმა უთხრეს, რომ რადგან ქუჩის აქციებს და რადიკალურ ოპოზიციას, პრაქტიკულად, პულსი აღარ ესინჯება და მიერთებულია აპარატზე, ლიდერების ციხეში წასვლით, რადგან ჩვენს ქვეყანაში, ვიხუმრებ და, ევთანაზია აკრძალულია, შანსი გაუჩნდებათ, რომ რაღაც ფორმით, ოდესმე, „აპარატიდან მოიხსნან“ და დამოუკიდებელ სუნთქვაზე გადავიდნენ. გარდა ამისა, ვიღაცებს განცდა გაუჩნდათ, რომ ეს არის გმირობა. „დათა თუთაშხია“ მახსენდება, კაციჭამია ვირთხები რომ გამოჰყავდათ... ჰოდა, ახლა გამოსაკვეთია, ამ ლიდერებიდან რომელია უფრო ძლიერი, ეტყობა, ამ მექანიზმით, რომელი უფრო მეტად „გაგმირდება“, ერთმანეთს აჯიბრებენ მათი პატრონები. მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, იმიტომ რომ როცა არჩევანი გაქვს, ციხეში არ მიდიხარ, თუ ეს შენთვის სასარგებლო პროცესი არ არის. თუ არჩევანი არ გაქვს, ეს სხვა თემაა, მაგრამ როცა არჩევანი გაქვს, იმას აკეთებ, რაც შენთვის სასარგებლოა.
უკაცრავად, გაწყვეტინებთ, მაგრამ მიზანმიმართულად ირგებენ „წამებულის“ მანტიებს?
- აბსოლუტურად გეთანხმებით, მაგრამ წამებულის მანტია რამდენად მოირგეს, არ ვიცი, პატიმრის მანტია რომ მოირგეს და რომელიღაცას სურს, რომ განსაკუთრებულად დიდი დოზით გმირი გახდეს, ეს ფაქტია. წამებულის რა მოგახსენოთ, ამ მანტიას ვერ მოირგებენ ვერასოდეს, მწამებელი წამებულის მანტიას ვერ მოისხამს! ეგენი არიან მწამებლები, არც მეტი, არც ნაკლები და სირცხვილიც არის, ნაცმოძრაობის რეჟიმის რომელიმე რუდიმენტი რომ ცდილობს, ცხვრის ტყავში გაეხვიოს. ყველაზე მეტად მიკვირს იმ ადამიანიების, რომლებსაც მათი სჯერა და ფიქრობენ, რომელიმე მათგანი, ოდესმე, შეიძლება, ისეთი ანგელოზი გახდეს და ისე უხელმძღვანელოს ქვეყანას, რომ ის ქვეყანა არ დაიღუპოს, წარმოუდგენელია, პირდაპირ!
მაშინ, როდესაც პრემიერ-მინისტრის ანგარიშს ვისმენდით, პარალელურად, ევროსაბჭოს ცარიელ დარბაზში, ოპოზიციის დაპატიმრებული ლიდერების ინტერესებს მათივე მხარდამჭერი ევრობიუროკრატები იცავდნენ და „რეჟიმის ტყვეებად“ მოიხსენეს, ოღონდ არ დაგვავიწყდეს, რომ ამ ცარიელი დარბაზის „კულისებში“ იყვნენ თინა ბოკუჩავა და გიორგი გეგელია. ორმაგ სტანდარტებზე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო, ქალბატონო ირმა, რადგან ევროსაბჭოს ერთ-ერთმა დეპუტატმა აღშფოთება გამოთქვა ეუთო/ოდირის მისამართით და აღნიშნა, რატომ მიიჩნია ამ ორგანიზაციამ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები სამართლიანადო, როგორც ჩანს, ეუთო/ოდირის კომისიაშიც კი, მექრთამე ჩინოვნიკები არიანო. არადა, არჩევნების შემდეგ, ეუთო/ოდირის დასკვნას არც კი აღიარებდნენ.
- მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში, საქართველოს არ აკლდნენ ყორღანაშვილები, ორჯონიკიძეები და არც ისეთი მსტოვრები, რომლებიც მტერთან მირბოდნენ და ეუბნებოდნენ: ერეკლე მეფეს მეზარბაზნეები არ ჰყავსო. შესაბამისად, არც ეს მიკვირს, რადგან მორიგი დესანტი გადასხეს ქვეყნის მოღალატეებმა და უსამშობლოებმა ევროპაში და უკვე ვეღარ ვითვლი, რიგით მერამდენე რეზოლუციისთვის ემზადებიან. ეს რეზოლუციები, პრაქტიკულად, ერთმანეთისგან არ განსხვავდება, ერთი და იგივე შინაარსისაა და საშინლად არასწორი ფაქტებია მოყვანილი. სხვა კითხვა არ მაქვს, მხოლოდ ის მაინტერესებს, ვინმემ ამიხსნას, რატომ დაასანქცირეს ლაშა ტალახაძე?! მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი ქვეყანა ასახელა და თავისი ქვეყნის სახელი გაიტანა მთელი მსოფლიოს მასშტაბით! გიმეორებთ, მორიგი დესანტი ჩავიდა და მორიგი საფუძველი შექმნეს იმისთვის, რომ მორიგი რეზოლუცია მიიღონ საქართველოს წინააღმდეგ. ამ რეზოლუციასაც იგივე შედეგი ექნება, რაც დანარჩენებს ჰქონდათ.
ახლა რაც შეეხება ევრობიუროკრატების ორმაგ სტანდარტებს, იმდენად მარაზმშია უკვე გადასული, რომ გარკვეულ მომენტში, განცდა გიჩნდება ადამიანს, ჭირვეული ბავშვები რომ გაჯიუტდებიან, თოჯინას რომ წაართმევ - მინდა და მორჩა, არ მაინტერესებს, არაფერიო - ზუსტად ასეთი მდგომარეობაა. ჩვენთვის არ უნდა არსებობდეს არც კანონის უზენაესობა, არც სამშობლო, არც ენა, არც იდენტობა, არც მამული, არც სარწმუნოება, რადგან მათ ასე უნდათ და მორჩა! როგორც მახსოვს, ევროპის შინაარსი და საფუძველი იყო ქრისტიანობა და კანონის უზენაესობა, ასევე კერძო საკუთრების მაქსიმალური დაცვა. ასეთი ევროპისკენ წასვლა მინდოდა, ასეთი ევროპის ნაწილი მინდოდა, რომ საქართველო გამხდარიყო და იმიტომ ვიყავი უზომოდ მოწადინებული, რაც შეიძლება მალე გამხდარიყო საქართველო ევროპის დიდი ოჯახის წევრი. თუმცა, ჩვენ ვართ კავკასიელები და ევროპული კულტურა სად იყო მაშინ, როცა ჩვენი ქართული ცივილიზაცია უმაღლეს დონეზე იყო განვითარებული? შესაბამისად, მათი უღირსი დამოკიდებულება ჩვენს მიმართ, უკვე ყოველგვარ ზღვარს გადაცილებულია. ქართველი კაცის ყველაზე დიდი პროტესტი, იცით, როდის ჩნდება? ყველაზე დიდ პროტესტს ქართველი ადამიანი ამჟღავნებს მაშინ, როდესაც უსამართლოდ ექცევიან და მის ღირსებას ეხებიან! არც ერთს და არც მეორეს არ აკლებენ გარედან, თუ შიგნიდან (ეს ერთი ჯგუფის ორი ნაწილია, მცირე ჯგუფი შიგნით არის, აგენტების სახით და დიდი ჯგუფი არის გარეთ), რომ ადამიანებს შეულახონ ღირსება, დაუკარგონ იდენტობა, რომ სამშობლოს მიმართ ადამიანს არანაირი განცდა არ ჰქონდეს! ამას ქართველი ადამიანი არ მიიღებს და არც აპატიებს, არასოდეს, შესაბამისად, რამდენი რეზოლუციაც არ უნდა წერონ და იკითხონ, რაც არ უნდა გააკეთონ, ქართველი ხალხი არის ბრძენი. ამ სიბრძნის დამდასტურებელი ფაქტი იყო მორიგი საპარლამენტო არჩევნები შარშან - 1 200 000 ადამიანი წავიდა და უთხრა მსოფლიოს, რომ მე ვარ ქართველი, მაქვს ღირსება, მინდა დამოუკიდებლობა, ჩემი ღირსებით, ჩემი კულტურით, ჩემი იდენტობით მეცი პატივი და ვირჩევ ხელისუფლებას, რომელიც ამ ყველაფერს და რაც მთავარია, ჩემს სამშობლოს დაიცავს! არცერთი მოვლენა, არცერთი ფაქტი, ქაღალდზე დაწერილი არცერთი რეზოლუცია, ან ვერბალურად გამოხატული პროტესტი თუ ქართველი ხალხის ინტერესს არ ემსახურება, არ მიიღებს არავითარ შემთხვევაში!
პრემიერ-მინისტრის წლიურ ანგარიშს დავუბრუნდეთ, რა იყო მნიშვნელოვანი ირაკლი კობახიძის გამოსვლაში?
- მე ვიხუმრე, მაგრამ ტყუილი არ მითქვამს - საქართველოს მტრებისთვის, გარეთაც და შიგნითაც, უფრო რთული მოსასმენი არაფერი იქნებოდა, გარდა პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიშისა. ეს იყო ღირსეული ქვეყნის, ღირსეული მეთაურის ამბიციებით, იმედით და გაკეთებული საქმეებით სავსე ანგარიში. დაუფარავად გეტყვით, სიამაყის განცდა გამიჩნდა, რომ ამდენი წლის განმავლობაში, ირაკლი კობახიძის გუნდის წევრი ვარ, იმ პარტიის წევრი ვარ, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა და მართლაც ძალიან ძნელი მოსასმენი იქნება მათთვის სამჯერ კი არა, ერთხელაც კი.
მოხსენება სავსე იყო კონკრეტული ციფრებით, რაც მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რა ხდება ჩვენს გარშემო - ცეცხლშია გახვეული უამრავი ქვეყანა, როგორ შეიძლება, ეს არ დაინახო? ცეცხლის ალში გახვეული ქვეყნების გარემოცვაში, პატარა საქართველოში არის მშვიდობა და ხელისუფლების მიერ გატარებული პრაგმატული პოლიტიკით, სწორი გადაწყვეტილებებით, დღეს ჩვენ ვამბობთ, რომ წლის ბოლოს, 100 მილიარდ ლარს გადააჭარბებს სახელმწიფო ბიუჯეტი. ჩვენ რომ ასეთ პრაგმატულ ნაბიჯებს არ ვდგამდეთ, რომ არა ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის ბრძნული გადაწყვეტილებები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ფრთხილი და პრაგმატული პოლიტიკა, ჩვენ ხომ დღეს, ფაქტობრივად, არც ვიქნებოდით?! წარმოგიდგენიათ, რას ავცდით? ერთი ადამიანის სიკვდილის ფასადაც კი არ ღირს მთელი რადიკალური ოპოზიცია, არც ის რეზოლუციები და არც ცარიელ დარბაზში ჩვენზე მსჯელობა! თავზე ექცევათ ქვეყანა, უკრაინას ვგულისხმობ, აღარაფერი დარჩა, გული მწყდება უკრაინელ ხალხზე, არ ვიცი, როგორ უნდა გააგრძელონ ცხოვრება, ამის ნაცვლად, დგანან და პატარა საქართველოს სწორ და პრაგმატულ ნაბიჯებზე მსჯელობენ! სასაცილოა.
ჩემი დაკვირვებით, ამ ხალხისთვის რუსეთი ოკუპანტი 2014 წელს გახდა, როდესაც პუტინი ყირიმში შეიჭრა, არაფერს ვამბობ საქართველოში, 90-იან წლებში განვითარებულ მოვლენებზე, რომლის პარალელურად, ჯერ ცხინვალი და შემდეგ აფხაზეთი დავკარგეთ, თორემ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს კი ვნახეთ, რაც მოხდა - წითელ ხიდზე იდგნენ საკუთარი ჯიპებით და ერთმანეთს ასწრებდნენ ქვეყნიდან გაქცევას...
- ამ ორას დღეში, რეჟიმზე, უსამართლობასა და დაპატიმრებაზე რომ საუბრობენ, სანამ თვითონ არ გადაწყვიტეს, რომ ციხეში წასულიყვნენ, რომელიმე ოპოზიციონერი, ან მისი შვილი რატომ არ დაზიანდა? სხვისი შვილები გაწირეს და იმიტომ! სიტყვას დიდი ძალა აქვს, იმდენი ნეგატიური პროპაგანდით გამოუჭედეს ახალგაზრდებს ყურები, რომ გაწირეს ეს ბავშვები. წარმოიდგინეთ, აქ რომ ომი ყოფილიყო, ვერ გაასწრებდა ვერავინ მათ!
2012 წლიდან, ყველა არჩევნებზე შტაბის უფროსი ვიყავი, დიდუბის გამგებელი ვიყავი და თვითმმართველობა ყველაზე ახლოსაა მოსახლეობასთან. მე ვიცი, რა იყო 2012 წლამდე, რა დამხვდა 2014 წელს, როდესაც გამგებლად დავიწყე მუშაობა, რა მოთხოვნები ჰქონდა მოსახლეობას, რას გრძნობდნენ ჩემთან შეხვედრაზე, ან ახლა რომ მოდიან მიღებაზე, რა მოთხოვნები აქვთ - აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებული სურვილები აქვთ ადამიანებს. ყველაზე მთავარი იცით, რა მოხდა და ამის გამო, ბატონ ირაკლისაც გადავუხადე მადლობა. ორი, მნიშვნელოვანი რამ მოხდა: პირველი ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა იმდენი გააკეთა, რომ დიდი ილიას სიტყვები - სამშობლო და ქრისტიანობა ერთმანეთის თანხვედრი გახადა ქართველისთვის. ამის სერიოზული დადასტურება იყო ოჯახის სიწმინდის დღეზე გამოსული ხალხის რაოდენობა, თუნდაც მარტო თბილისში. უნაკლო ხელისუფლება ბუნებაში არ არსებობს, ოპოზიცია იმიტომ უნდა იყოს, რომ ხელისუფლებას ნაკლები ნაკლი ჰქონდეს და უფრო კარგად იმუშაოს. ხელისუფლების მთავარი ფუნქციაა, მოემსახუროს მის მოქალაქეებს. ირაკლი კობახიძემ და მისმა გუნდმა შეძლო, რომ ადამიანებს გაუჩნდათ განცდა - ხელისუფლება არა მარტო ემსახურება მათ, არამედ, ზრუნავს მათზე. ეს არის ორი უდიდესი მიღწევა, რომელიც შეიძლება მატერიალურად არ აისახოს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, ერისა და ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
უნაკლო ხელისუფლება არ არსებობსო, ბრძანეთ და თუ რომელიმე ჩინოვნიკი საკუთარ თანამდებობას ბოროტად იყენებს, ან დანაშაულს სჩადის, მყისიერ რეაგირებასაც ვხედავთ.
- კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ წარმოუდგენელია, უნაკლო ხელისუფლება არსებობდეს, ვერც ყველა მოქალაქე იქნება კმაყოფილი, მაგრამ მთავარია, შენი ქვეყანა წაიყვანო სწორ გზაზე, იდენტობა, ღირებულებები შეუნარჩუნო და მაქსიმალურად ეცადო, რომ შენი შესაძლებლობების ფარგლებში, ზოგადი გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, სწორი გადაწყვეტილებები მიიღო. პატარა ქვეყანა ვართ, ამინდს ვერ ვცვლით და როდესაც დიდი ქვეყნები ერთმანეთს ეჯახებიან, ჩვენი მოვალეობაა, ამ შეჯახებაში არ მოვყვეთ. ხელისუფლების დღევანდელი მოქმედება ცხელ ლავაზე სერფინგს უფრო ჰგავს, რადგან ებრძვის შიდა და გარე მტრებს, ამ პოლიტიკურ მოძრაობებში კი ისე უნდა ატაროს საჭე, როცა საჭესთან დააყენა 1 200 000-მა ადამიანმა, რომ დიდი ქვეყნების ჯახში, საკუთარი ქვეყანა არ მოჭყლიტოს.
როდესაც ცუდი ადამიანები, შემთხვევით, იმ ადგილზე ხვდებიან, რომელიც არ ეკუთვნით, ცდუნება ძალიან დიდია და არასწორი ადამიანები ამ ცდუნებას აჰყვებიან ხოლმე. ამიტომაც არსებობს კანონი და მის წინაშე ყველა თანასწორია, მათ შორის, ჩვენი გუნდის წევრებიც. თუ ვიღაცას ხელი წაუცდება რამეზე, ან თუნდაც ენა წაუცდება და საერთაშორისო დონეზე და თავისი ქვეყნის წინაშე არასწორ საქციელს ჩაიდენს, სათანადოდ უნდა დაისაჯოს. ევროპელ ბიუროკრატებს ჩვენი დასჯა იმიტომ უნდათ, რომ სამშობლოს არ ვღალატობთ. ჩემმა კოლეგამ კარგად თქვა და ძალიან მომეწონა: თუ იმიტომ უნდა დაგვსაჯონ, რომ სამშობლოს არ ვღალატობთ და ბიძინა ივანიშვილს არ ვღალატობთ, ძალიან დიდხანს მოუწევთ რეზოლუციების წერა და კითხვა.