„ლაზიკა ანაკლიის პორტთან ძალიან აგებს, რადგან ანაკლიას გაცილებით დიდი პოტენციალი გააჩნია“, - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
პრემიერის თქმით, საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა და ეს ფუნქცია ჩვენ იდეალურად უნდა შევასრულოთ. ამისათვის ანაკლიის პორტი უნდა აშენდეს, რომელსაც წელიწადში 110 მილიონ ტონამდე გამტარიანობა ექნება. ამდენად, ანაკლიის პორტი შეიძლება ყველაზე დიდი პროექტი გახდეს საქართველოში, რომელიც თანაინვესტირების ფონდისთვის პირველი პროექტი იქნება.
„ჩვენ სამი პროექტის ვარიანტი გვქონდა, ეს კი საუკეთესოა, რომელიც 12 თვის განმავლობაში 24 საათი იმუშავებს. პორტის მშენებლობა გაცილებით გაიოლდება. წინა ხელისუფლება პორტზე სულ საუბრობდა მაგრამ მისი აშენების არც პროექტი და არც დაფინანსების ვარიანტი არ არსებობდა. თქვენ იცით, სააკაშვილის აკვიატებული იდეა ლაზიკის პროექტთან დაკავშირებით. ჩვენმა ეკონომიკურმა ჯგუფმა სამი ვარიანტი განიხილა და აღმოჩნდა, რომ ლაზიკა ძალიან აგებს ანაკლიის პორტთან, რომელიც სიმძლავრით რამდენჯერმე უფრო დიდია. ამასთან, ჭაობის ამოშრობამ, შესაძლოა, ძალიან დიდი ბუნებრივი კატაკლიზმები გამოიწვიოს. ამიტომ, ასეთი პორტის მშენებელობის დაწყებისთვის სერიოზული მზადება და დოკუმენტაციის დამუშავება ხდება. ეს შეიძლება ყველაზე რეალისტური პროექტი გახდეს საქართველოში“, - აღნიშნა პრემიერმა.
ანაკლიის პორტის პროექტის შესახებ ჯერ კიდევ 2010 წლიდან გახმიანდა. იმ დროისთვის პორტში ინვესტიციის ჩადებას უცხოეთში მცხოვრები ქართველი გეგმავდა. მოგვიანებით პროექტი შეჩერდა. არადა, პორტის სრულად განხორციელებისთვის მინიმუმ ორმილიარდიანი დაფინანსება იყო საჭირო. პროექტის ავტორი სპარტაკ ერაგია ამ თემაზე მხოლოდ მოკლე კომენტარებით შემოიფარგლებოდა, მაგრამ აცხადებდა, რომ ხელისუფლების ნების შემთხვევაში, პროექტის განხორციელება და ინვესტიციის მოზიდვა რეალური იქნებოდა.
ანაკლიის უპირატესობის შესახებ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას მოგვიანებით პრეზიდენტიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ლაზიკა და ანაკლია ერთი და იგივე გეოგრაფიული დასახელებაა. მისივე პოზიცია გაიზიარა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრო ბარნოვმაც.
„სიცრუეში ცხოვრებაც ასეთი უნდა! ჰკითხეთ ერთი პრემიერს, რით განსხვავდება ანაკლიისა და ლაზიკის პორტი? სინამდვილეში, ეს ერთი და იგივეა და ლაზიკის პროექტს თავიდან ანაკლიის პორტი ერქვა. პრემიერის გენიალური ტყუილის შემდეგ, უკვე, რამდენიმე ათეულმა ადამიანი დარეკა სამეგრელოდან! მინდა ვუთხრა პრემიერს, რომ საქართველოს მოსახლეობამ გეოგრაფიაც მასზე უკეთ იცის და სინდისიც მეტი აქვთ და ასეთ უტიფარ ტყუილებს კი ისეთი მოკლე ფეხები აქვს, რომ კარებამდე ვერ მიასწრებთ, ჩემო კარგო“, - აცხადებს ანდრო ბარნოვი.
ანაკლიის პრიორიტეტის შესახებ For.ge ექსპერტებს ესაუბრა.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე განმარტავს, რომ ანაკლია და ლაზიკა არ არის ერთი და იგივე პროექტი. უფრო მეტიც, ანაკლია სუპერ-პროექტია, რომელსაც უდიდესი დატვირთვა აქვს და ქართული საინჟინრო აზრის ბრწყინვალე ნაშრომია, ხოლო შინაარსობრივად მიუღებელი და საზიანო პროექტი - ლაზიკა თავისი მასშტაბით უმნიშვნელოა ანაკლიის პროექტთან შედარებთ. რუკას თუ დავხედავთ და ამ პროექტებს შევადარებთ, აღმოჩნდება, რომ ლაზიკა ერთი პატარა წრეა.
„მე ნანახი მაქვს ანაკლიის პროექტი, ეს არის ვულკანური ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც შეუძლია, აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის მიმართულებით ტვირთების მოძრაობის ფუნქცია დაუბრუნოს საქართველოს. ლაზიკა არის პატარა წერტილი, თანაც, ლაზიკა აბსოლუტურად დეფორმირებული პროექტი იყო, სრულიად არასაჭირო საქართველოსთვის. ეს იყო ხელოვნური ქალაქი, რომელშიც გაუგებარია, ვის და რატომ უნდა ეცხოვრა. ანაკლიის პორტს კი თავისი მომსახურე პერსონალიც ეყოლება, იქ მოსახლეობაც იქნება და ეს დაკავშირებული არ იქნება ისეთი ხელოვნური ქალაქის გაშენებასთან, როგორიც ლაზიკა იყო“, -აღნიშნა დემურ გიორხელიძემ.
მისი თქმით, საჭიროა ამ პროექტის პროპაგანდა, რადგან ანაკლიის პერსპექტივის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია აკლია, ბიზნესწრეებიც კი არ არიან ინფორმირებულნი და ისიც კი არ იციან, არსებობს თუ არა რეალურად ეს პროექტი.
თუმცა დემურ გიორხელიძის თქმით, ეს პროექტი არა მარტო არსებობს, იგი უწვრილმანეს დეტალებშია გათვლილი და მზად არის რეალიზაციისთვის. შედეგი კი ძალიან დიდი იქნება, რადგან თვითონ ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურას უკავშირდება სხვა მომსახურე ინფრასტრუქტურა, რომელიც არა მარტო სამუშაო ადგილებს შექმნის, არამედ ფუნქციურად უზრდის დატვირთვას საქართველოს და მისი რეალური სატრანსპორტო ფუნქცია-დამაკავშირებლის ფუნქცია მძლავრად იქნება წარმოდგენილი.
ექსპერტის შეფასებით, ეს არ არის მხოლოდ შავი ზღვის პორტი, ჩაკეტილი, ვიწრო რეგიონალურ ზომებში, არამედ იგი მოიცავს როგორც ევროპას, ასევე, ჩინეთის მიმართულებით არეალს და იქნება აბსოლუტურად თანამედროვე ნაგებობა.
„რამდენადაც ვიცი, საუბრობენ როტერდამის პორტთან დაკავშირებითაც. თუ ანაკლიისა და როტერდამის პორტების ფუნქციონალური „შეკვრა“ მოხერხდა, ეს საუკეთესო იქნება. ეს გათვლილია პროექტში, აღარაფერს ვამბობ აღმოსავლეთ ევროპის პორტის აუზზე. სულ რამდენიმე წელიწადში შეიძლება საოცრად კარგი რამ ვიხილოთ საქართველოში. ჩვენ ძალიან ძლიერი ინტელექტუალური ძალები გვყავს. ეს მთელ მსოფლიოში ცნობილი პროექტია, ერთადერთი, საქართველოში არ იცნობენ ამ პროექტს“, - გვითხრა დემურ გიორხელიძემ.
„მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე“ ხელმძღვანელი ანზორ საკანდელიძე ადასტურებს, რომ ლაზიკა და ანაკლია სხვადასხვა ტერიტორიაა. ანაკლია, თავისი ბუნებრივი ლანდშაფტით, რელიეფურად და მასშტაბურად გაცილებით მომზადებულია მძიმე მასის გემების შესვლისა და მანევრირებისთვის. უფრო მეტიც, პორტის ინფრასტრუქტურისთვის ანაკლიაში ნაკლები დანახარჯები იქნება.
„აკადემიკოს პაატა გიორგაძის ხელმძღვანელობით, ჩვენ ჩართულნი ვართ ქართული მიწისქვეშა წლყების ჩამოსხმის, დაფასოებისა და საზღვარგარეთ გატანის საქმეში, რაც თითქმის ბოლომდეა მიყვანილი, მონახულია ინვესტორი, რომელიც ამ საქმეში 2 მილიარდ 100 მილიონს დებს, თუმცა ყველაზე დიდი შეფერხება გვქონდა ზუსტად ტვირთის გატანის საქმეში. ამჟამად მთელი საქართველოს გამტარუნარიანობა 50 მილიონი ტონაა. არადა, შეიძლებოდა მილიარდობით ბოთლის გატანა, საამისო მომხმარებელიც არსებობს. ამდენად, რაკი ბატონმა ბიძინამ თქვა, რომ ჩაიდება 6 მილიარდი და დაიწყება ანაკლიის პორტის მშენებლობა, ამ პროექტმა სულზე მოუსწრო ჩვენს პროექტს. სარკინიგზო, საპორტო გადაზიდვების მხრივ გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც შეავსებს ამ დანაკლისს“, - აღნიშნა ანზორ საკანდელიძემ.
რაც შეეხება სააკაშვილისეულ ლაზიკას, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს იყო მორიგი სიგიჟე, რაც რეალურ გათვლებს არ ემყარებოდა. ანაკლიის პორტი კი გამართლებულია ეკონომიკურადაც და ეკოლოგიურადაც. უფრო მეტიც, რაც რუსებმა აფხაზეთის ომის დროს ჩამოგვაჭრეს და წაგვართვეს, იმაზე უკეთესი გამოვა ანაკლიის პორტი.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გიორგი აბაშიშვილი აცხადებს, რომ დასავლეთ საქართველოში კიდევ ერთი კარგად მოწყობილი, თანამედროვედ აღჭურვილი პორტის არსებობა აუცილებელია და ეს იქნება ანაკლია თუ ლაზიკა, უკვე გათვლის საკითხია. ამდენად, რომელიც უფრო მომგებიანი იქნება და, სადაც უკეთესი საპორტო თუ ინფრასტრუქტურის მოწყობის პირობებია, იქ უნდა აშენდეს პორტი.
„საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, ფუნქციის გაძლიერებაზე როცა ვსაუბრობთ, აუცილებლად გვესაჭიროება დამატებითი პორტი. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა აზიიდან მომავალი ტვირთებისთვის გახდება კიდევ მეტად საინტერესო. ტვირთბრუნვის გაზრდა ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის შემოსავლები პირდაპირპროპორციულად გაიზრდება. გარდა ამისა, ამ პორტის მშენებლობისა და შემდგომ ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ უამრავი ადამიანი დასაქმდება, რაც როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერიოდში ქვეყანას დიდ სამსახურს გაუწევს“, -აღნიშნავს გიორგი აბაშიშვილი.
ამასთან, მისთვის გაუგებარია სააკაშვილის მიზნები, როცა იგი თვალით უნახავ ლაზიკის პროექტზე მსჯელობდა. ექსპერტი კატეგორიულად გმობს ხელოვნური ქალაქების მშენებლობას, რაც საბჭოთა კავშირის სტილი იყო. ასეთი ქალაქები საქართველოს ახსოვს, თუმცა დღეს ისინი უკვე მოსახლეობისგანაა დაცლილი ან აბსოლუტურად უფუნქციოა და მძიმე სოციალური ვითარებაა.