ტრადიციული და ნეგატიური

ტრადიციული და ნეგატიური

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოება – ევროპული არჩევანი“ აგრძელებს  მედია–კვლევას, რომლის მიზანია, არჩევნების პერიოდში, მედია–მონიტორინგის გზით, განსაზღვროს, რამდენად იცავს პრესა ობიექტურობის პრინციპს და პროექტში მონაწილე ექსპერტების დახმარებით, შემუშავდეს დასკვნა აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებით, შეიქმნას ზოგადი სურათი მედიასაშუალებების აქტიურობისა არჩევნების პერიოდში. ამავე დროს, პროექტის მიზანს წარმოადგენს არა მხოლოდ ამა თუ იმ პოლიტიკური პროცესისადმი მედიის ყურადღების ხარისხის განსაზღვრა, არამედ უშუალოდ იმის დადგენა, თუ რა ადგილს უთმობს ბეჭდური მედია თავად არჩევნებისთვის მზადების პროცესს, პოლიტიკური სუბიექტებისა და ამომრჩევლის ურთიერთობას, მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდის პროცესში საკუთარ როლს და ადგილს, საარჩევნო ადმინისტრაციების საქმიანობას, მათ მიღწევებს თუ მათ ქმედებებში აღმოჩენილ დარღვევებს.   

პროექტში დაკავებული ექსპერტები ამ საკითხებზე საკუთარ დასკვნებს გამოაქვეყნებენ. ყოველი კვირის დასასრულს გააანალიზებენ წინასაარჩევნო პერიოდში მედიის აქტიურობას, გამოყოფენ იმ პრიორიტეტულ თემებს, რომელიც თავად გაზეთებმა აირჩიეს  გასაშუქებლად.

აქვე დავძენთ, რომ დამოუკიდებელი ბეჭდური მედია თავად წყვეტს, რომელ მოვლენას ან პოლიტიკურ სუბიექტს რა ადგილი დაუთმოს საკუთარი გაზეთის ფურცლებზე. თუმცა, ამავე დროს, არსებობს ზოგადი კრიტერიუმები, რომელთა დაცვაც მედიისთვის აუცილებელია პოლიტიკურ მოვლენათა ობიექტური გამშუქებლის ფუნქციის შესასრულებლად.

გასულ კვირას ექსპერტებმა გააანალიზეს ის პუბლიკაციები, რომელიც შემდეგ გაზეთებსა თუ ინტერნეტპორტალებში გამოქვეყნდა:  „რეზონანსი“, „ვერსია“, „კვირის პალიტრა“, „ასავალ-დასავალი“, „კვირის ქრონიკა“, „პრაიმ-ტაიმი“, „ახალი თაობა“, „Netgazeti.ge“, „for.ge“, „primereinfo.ge“

არჩევნების თემას ამ გამოცემებმა, ჯამში, 49 სტატია მიუძღვნეს. აქედან არჩევნების თემა უარყოფით კონტექსტში 16-ჯერ გაშუქდა, ნეიტრალური აღმოჩნდა ასევე 29 სტატია, ოთხ პუბლიკაციაში კი კონკრეტული კანდიდატისა და პროცესის მიმართ დადებითი განწყობა ჭარბობდა.

გაზეთები საკუთარი შიდა განაწესების მიხედვით მოქმედებენ

თამარ მჭედლიშვილი

ევროპის სულ ცოტა 29 ქვეყანაში ჟურნალისტთა ორგანიზაციებსა და კავშირებს საკუთარი ეთიკის კოდექსი აქვთ მიღებული. მართალია, ისინი კონკრეტულად არჩევნების გაშუქებას არ ეხება, მაგრამ მისი პირუთვნელი დაცვა სწორედ არჩევნების პერიოდში ხდის მედიას ობიექტურს და მიუკერძოებელს.

გარდა ამისა, ზოგიერთ გაზეთს მიღებული აქვს შიდა-უწყებრივი განაწესი, რომელიც შეიძლება უშუალოდ ეხებოდეს არჩევნების გაშუქებას, ან უფრო ზოგადი ხასიათის იყოს. ამასთანავე, არჩევნების გაშუქების საკითხი, როგორც ჩანს, ყველაზე ხშირად სარედაქციო საბჭოების მიერ კონსენსუსის წესით წყდება (გაზეთის დაუწერელი ძირითადი მიმართულება, რომელიც ყველა ჟურნალისტისთვის კარგად არის ცნობილი), რასაც ემატება კონკრეტული გადაწყვეტილებები სხვადასხვა პარტიებისა და კანდიდატების გაშუქების შესახებ (მაგალითად, ყველა ძირითადი პარტიის ლიდერის ინტერვიუს გამოქვეყნება, საარჩევნო პროგრამების განხილვა, ცალკეული საკითხებისა და პარტიების პოზიციების წარმოჩენა).

გასულ კვირას ქართულმა ბეჭდურმა მედიამ კვლავ დაამტკიცა, რომ გაზეთები მოქმედებენ სწორედ საკუთარი შიდა განაწესების მიხედვით და იმ კანდიდატებს, ვისაც ფავორიტებად არ მიიჩნევენ, გაზეთების გვერდებზე მოხვედრის მინიმალური შანსი აქვთ.

პრინციპში, ეს არც არის გასაკვირი, რადგან დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, 23 საპრეზიდენტო კანდიდატის პროგრამების ბეჭდვამ და მათთან ინტერვიუების გამოქვეყნებამ, შესაძლოა, გაზეთის გაყიდვას ავნოს კიდეც. ერთი სიტყვით, არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში გაზეთები გააშუქებენ მხოლოდ რამდენიმე, ფავორიტად აღიარებული კანდიდატის წინასააარჩევნო ქმედებებს. დანარჩენებს კი უყურადღებოდ დატოვებენ. რამდენად სამართლიანია კანდიდატების ასეთი დიფერენცირება - ცალკე საუბრის თემაა. ფაქტი კი ფაქტად რჩება - ერთი თვის მანძილზე მკითხველს არ მოაკლდება ინფორმაციები გიორგი მარგველაშვილზე, დავით ბაქრაძეზე, ნინო ბურჯანაძეზე... ნიუსების დონეზე გაშუქდება შალვა ნათელაშვილის და ზურაბ ხარატიშვილის წინასაარჩევნო აქტივობები. ესაა და ეს... 

და კიდევ - ამ ერთი თვის მანძილზე გაზეთები კვლავ გააგრძელებენ ჩვენი ერის „სასიქადულო“ ექსპერტ-ანალიტიკოსების და, სიმართლე რომ ითქვას, უკვე გაცვეთილი სახეების მოსაზრებების, ვარაუდების, „ანალიზის“ გამოქვეყნებასაც, რადგან იგივე შიდაგანაწესიდან გამომდინარე, გაზეთებსაც საკუთარი ფავორიტი „ბრძენკაცები“ ჰყავთ.

ეს ტენდეცია არჩევნებამდე არ შეიცვლება, მეტის მოლოდინი მკითხველს არ უნდა ჰქონდეს.         

ახლა უფრო კონკრეტულად: გასულ კვირას ყველაზე დიდი ყურადღება გაზეთებმა ნინო ბურჯანაძეს დაუთმეს.  შემდეგ - გიორგი მარგველაშვილს და დავით ბაქრაძეს.

ამ მხრივ გამოვყოფდი გაზეთ „ვერსიას“, რომელმაც ბურჯანაძის და მისი ოჯახის ისტორიაც გაიხსენა და ბიძინა ივანიშვილსა და პრეზიდენტობის კანდიდატს შორის არსებულ სავარაუდო ფარულ გარიგებაზეც გააკეთა აქცენტი:  „...საინტერესოა, რა დამსახურებისთვის დანიშნეს საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელად, თუმცა ამ კითხვაზე პასუხი ნათელია - კოვზანაძე ბურჯანაძის კადრია ანუ ლოგიკა იქით მიდის, რომ ივანიშვილსა და ბურჯანაძეს შორის თავიდანვე არსებობდა ფარული გარიგება, რომლის თანახმადაც, დემოკრატიული მოძრაობის კადრები ,,ოცნების’‘ ხელისუფლებაში საკვანძო თანამდებობებს დაიკავებდნენ“. („ვერსია“ 23-24 სექტემბერი)     

ამავე გაზეთში გამოქვეყნდა კანდიდატთა პირველი სამეულის (მარგველაშვილი-ბაქრაძე-ბურჯანაძე)ქონებრივი დეკალარაცებიც, რაც უინტერესო საკითხავი მართლაც რომ არ არის იმის მიუხედავად, რომ აშკარად იგრძნობა სუბიექტური დამოკიდებულება ამა თუ იმ კანდიდატს შორის („ვერსია“ 25-26 სექტემბერი)

 

საინტერესო იყო გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნებული იმავე სამეულის პლუს გიორგი თარგამაძის პოზიცია ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით. ეს თემა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია და გაზეთის დაინტერესებაც სრულიად ლოგიკური იყო... აი, პასუხების კი - რა მოგახსენოთ... ეს კი იმას ნიშნავს, რომ კანდიდატებს არ აქვთ დასაბუთებული პასუხი ამ საჭირბოროტო საკითხთან დაკავშირებით, რაც, პირველ რიგში, ამ თემასთან მათი მხრიდან არასერიოზულ მიდგომაზე მიანიშნებს

გაზეთმა „ახალმა თაობამ“ კვლავ არ უღალატა ტრადიციას და ფავორიტი კანდიდატების საქმიანობა, ძირითადად, ნიუსების დონეზე გააშუქა.

რაც შეეხება ყოველკვირეულ გაზეთებს: „კვირის პალიტრამ“ მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის უფროსთან დავით საგანელიძესთან ინტერვიუ შემოგვთავაზა, სადაც საპარლამენტო იმრავლესობის ლიდერმა, სხვა მოსაზრებებთან ერთად, გვამცნო, რომ „მარგველაშვილის კონკურენტები რეალურად მეორე ადგილისთვის იბრძვიან, რათა ძირითადი ოპოზიციური ძალის ადგილი დაიმკვიდრონ“ და იქვე მადლობა გადაუხადა ნინო ბურჯანაძის პარტიის იმ წევრებს, რომლებმაც 2012 წლის არჩევნებში ხმა "ქართულ ოცნებას" მისცეს. (კვირის პალიტრა- 23 -30 სექტემბერი)

„Prime time“-მა მართლაც საინტერესო ინტერვიუ გამოაქვეყნა ცესკოს თავმჯდომარესთან, ხოლო „ასავალ-დასავალმა“ კვლავ მომავლის მოდელირებული სურათი დაგვიხატა.

„მომისმინე, ყველფერი იქნება ასე“, - დაახლოებით, ასეთი პათოსით იყო გამსჭვალული ანალიტიკოს-ექსპერტთა ნააზრევები არჩევნების შედეგებზე და ყბადაღებულ კოაბიტაციაზე...და ასეთი კიდევ ბევრი სტატია შეგხვდება არჩევნებამდე და ამას მკითხველი უკვე შეეგუა.

საგულისხმოა, რომ იმავე  „Prime time“-მა ყურადღება დაუთმო NDI-ის კვლევის შედეგებს. თავისთავად, ეს მკითხველისთვის მართლაც საინტერესოა, მაგრამ ჩნდება იმის განცდა, რომ ამომრჩეველთა გამოკითხვის გამოქვეყნება არჩევნების გაშუქების პროცესს უნებლიედ ტენდენციურს ხდის. გამოკითხვის შედეგები გვკარნახობს, ვინ არის მედიის ყურადღების ღირსი და ვინ - არა. ის პარტიები და კანდიდატები, რომლებსაც, გამოკითხვის მიხედვით, გამარჯვების მეტი შანსი აქვთ ან, რომლებსაც შეუძლიათ არჩევნებში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიონ, საინფორმაციო გადაცემების „გმირები“  ხდებიან, ხოლო სხვები მედიის უმნიშვნელო ყურადღებას იმსახურებენ ან საერთოდ მის მიღმა რჩებიან. მეორეც - გამოკითხვის შედეგებმა, შესაძლოა, კანდიდატებისადმი ნდობა გაზარდოს და, თავისდაუნებურად, ელექტორატზეც მოახდინოს გავლენა.

ტრადიციული და ნეგატიური

როზი ჯღამაია

გასულ კვირას NDI-ის სოციოლოგიურმა კვლევებმა, პრაქტიკულად, სრულად დაიპყრო ქართული მედია. თითქოს, კვლევის შედეგები მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო, ვინაიდან მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატი, გიორგი მარგველაშვილი, წინასაარჩვენო კვლევებით თუ ვიმსჯელებთ, კონკურენტებს მნიშვნელოვნად უსწრებს (39%). თუმცა, წინა კვლევებისგან განსხვავებით, ვნებათაღელვა გამოიწვია „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის, დავით ბაქრაძის (18%) დაწინაურებამ.

თითქმის ყველა ქართულ გამოცემაში გავრცელდა ნინო ბურჯანაძის კომენტარი ამ კვლევასთან დაკავშირებით და თითქმის ყველგან, სათაურშივე იყო გამოტანილი ბურჯანაძის ფრაზა - „პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს სამარცხვინო კვლევაა“

ეს არის „ენდიაის“ გამიზნული პოლიტიკა, საზოგადოება წინასწარ შეაგუოს არჩევნების გაყალბებას. მათ ძალიან კარგად უნდა ესმოდეთ, რომ არჩევნებს ვერ გააყალბებენ, რადგან მაშინ ტოტალურად უნდა გაყალბდეს არჩევნები, რომ მარგველაშვილი პირველ ადგილზე გავიდეს, ხოლო ბაქრაძე მეორეზე. ტოტალურ გაყალბებას კი საქართველოს მოსახლეობა არ დაუშვებს“, - ამბობს ნინო ბურჯანაძე.

გაზეთ „ასავალ-დასავალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, პოლიტიკური ექსპერტი სოსო ცისკარიშვილიც მიანიშნებს, რომ მარგველაშვილის ერთადერთი კონკურენტი ბურჯანაძეა:

„ნინო ბურჯანაძეს საკმაოდ სოლიდური პოლიტიკური გამოცდილება აქვს, ყველანაირი მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვიტყვი, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ძირითადი  კონკურენტები გიორგი მარგველაშვილი და ნინო ბურჯანაძე იქნებიან“.

თუმცა, ასე სულაც არ ფიქრობენ დავით ბაქრაძის მხარდამჭერები, გაზეთ „ვერსიასთან“ საუბარში მიხეილ თავხელიძე მარგველაშვილის გამარჯვებას ეჭვქვეშ აყენებს:

„სხვათა შორის, საკმაოდ დიდი შანსია, გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტი ვერ გახდეს. ოქტომბრის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებისა და გაუთავებელი სასამართლო პროცესების მიუხედავად, დავით ბაქრაძეს საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს და მას სტაბილური ამომრჩეველიც ჰყავს“, - მიიჩნევს თავხელიძე. 

სამაგიეროდ, მარგველაშვილის შტაბის უფროსი დავით საგანელიძე გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მარგველაშვილის გამარჯვებას უკვე შემდგარ ფაქტად მიიჩნევს.

გაზეთი „რეზონანსი“ კი 23 სექტემბერს აქვეყნებს ინტერვიუს კახი კახიშვილთან, რომელიც ქვეყანაში მეორე ტურის ჩატარებას ვარაუდობს:

„ვფიქრობ, რომ არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რადგან რეალურად, არცერთი კანდიდატი დიდი მხარდაჭერით არ სარგებლობს”

ფაქტი ისაა, ქართულ პრესაში ისეა ყველაფერი არეულ-დარეული, რომ უცხო თვალისთვის გაუგებარია რატომ აქვს ან - არ აქვს რომელიმე კანდიდატს მხარდაჭერა. არსად საუბარი არაა იმ პრობლემებზე, რომელიც მოსახლეობას აწუხებს და რომლის გადაჭრის გზებზე აქვს ნაფიქრი რომელიმე კანდიდატს. მოკლედ რომ ვთქვათ, წინასააჩევნო პერიოდს მთლიანად ნეგატიური ფონი აქვს შექმნილი და ამას, ალბათ, მაინცდამაინც პრესას ვერ დავაბრალებთ.   

პრესაში კიდევ ერთი საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები, როგორც ჩანს, მოქმედებენ დევიზით: „ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია“. მიხეილ თავხელიძე გაზეთ „ვერსიასთან“ საუბრისას არ მალავს, რომ მისთვის მთავარია მარგველაშვილი დამარცხდეს და თუნდაც, პრეზიდენტი ნინო ბურჯანაძე გახდეს.

გასული  კვირას გაზეთი Prime time მნიშვნელოვან ადგილს უთმობს  ნინო ბურჯანაძეს და აღსანიშნავია, რომ გაზეთი პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით, ძირითადად, მოარულ ხმებზე დაფუძნებულ ინფორმაციას ისე ავრცელებს, რომ მის გადამოწმებას არ ცდილობს ადრესატთან.

„ბურჯანაძის ოფისიდან გამოსულ ხმებს თუ დავუჯერებთ, ბურჯანაძე გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ინაგურაციის სიტყვაშივე შესთავაზებს პოლიტიკურ გულს ივანიშვილს და პოლიტიკაში დარჩენის „უფლებასაც“ მისცემს. ბურჯანაძის საიდუმლო გეგმაც სწორედ აქედან იწყება. ინაგურაციის მომენტიდან ბიძინა ივანიშვილი უფლებამოსილებას მოიხსნის და ყველა მინისტრს სტატუსი შეუჩერდება. პარლამენტს კაბინეტი დასამტკიცებლად სწორედ პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს, სწორედ ამ ბერკეტის ხელში ჩასაგდებად იბრძვის ნინო ბურჯანაძე. მერე კი ყველაფერი, ფიქრობს, რომ ისე იქნება, როგორც თავად დაგეგმა - ვადამდელი არჩევნები, ამისათვის მან ჯერ კრიზისი უნდა შექმნას. სავარაუდოდ, კრიზისს სწორედ კაბინეტის დაკომპლექტება გამოიწვევს“.

შეიძლება ითქვას, გასულ კვირას, ქართული პრესა, მეტწილად, ნინო ბურჯანაძით უფრო დაინტერესდა. ამაში ალოგიკური, თითქოს, არაფერია, რადგან ბურჯანაძემ, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა, ყველაზე ადრე და თანაც, აგრესიული კამპანია გააჩაღა. თუმცა, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ბურჯანაძის მთელი კამპანიაც ძირითადად ნეგატივზეა აგებული. თუ აქამდე ბურჯანაძე, ძირითადად კოაბიტაციის თემას იყენებდა მმართველი გუნდის კანდიდატის წინააღმდეგ, ახალა უკვე, იგი არასამართლიან წინასაარჩევნო მდგომარეობას უჩივის და ეს ჩივილი მხოლოდ შიდამოხმარებაზე არ არის გათვლილი.

დასასრულს, უნდა ითქვას, რომ მთელი წინასაარჩევნო პერიოდი, პრაქტიკულად ნეგატიურ კონტექსტში მიმდინარეობს. იმის ნაცვლად, რომ კონკურენტები ერთმანეთს საპრეზიდენტო პროგრამებით ეჯიბრებოდნენ, საარჩევნო კამპანია ერთმანეთის შეცდომებზე აქვთ აგებული, რაც, ბუნებრივია, ქართულ პრესაშიც აისახა.