საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის ანგარიში პარლამენტის კომიტეტებს (ვიდეო)

საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის ანგარიში პარლამენტის კომიტეტებს (ვიდეო)

საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს თავდაცვის სფეროში საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.  პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების, საგარეო ურთიერთობებისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრა ვაზიანში IV  ქვეითი ბრიგადის შტაბში გაიმართა.

მიხეილ დარჩიაშვილმა მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა აშშ-სთან თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე - თავდაცვის სფეროს მოდერნიზებასა და ISAF-ის სამხედრო მისიაში ერთობლივი მონაწილეობაზე. მისი შეფასებით, დღევანდელი შეხვედრა   თავდაცვის უწყებაზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია: „დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია თავდაცვის სისტემაზე საპარლამენტო ზედამხედველობის განმტკიცების კუთხით, რაც, თავის მხრივ, არის დემოკრატიული სიმწიფის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. ჩვენ გავაგრძელებთ პარლამენტთან ამ კუთხით თანამშრომლობას. არის საკითხები, რაზეც კანონმდებლებმა  ინტერესი გამოთქვეს. აღნიშნულ შეხვედრებს რეგულარულად ჩავატარებთ და  კანონმდებლებს გარკვეულ ინფორმაციას მივაწვდით“.

გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ აშშ-სთან ინტენსიური თანამშრომლობის ფარგლებში, სამხედრო განათლების კუთხით ისაუბრა.

დღესვე, ვაზიანში IV ქვეითი ბრიგადის ხელმძღვანელობამ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს ბრიგადის ძალთა სტრუქტურაზე, სამხედრო ინფრასტრუქტურაზე, შეიარაღებაზე, საბრძოლო გამოცდილებაზე, ამოცანებზე, სწავლების მეთოდებსა და მიმდინარე რეორგანიზაციის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი თავდაცვის სამინისტროს მიერ მსგავსი ტრადიციის დამკვიდრებას მიესალმა და იმედი გამოთქვა, რომ ამ ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. „კმაყოფილი ვართ იმით, რომ თავდაცვის სამინისტროს აქვს ანგარიშვალდებულების განცდა როგორც პარლამენტის, ისე სამოქალაქო საზოგადოების წინაშე. ეს მართლაც დასაფასებელია. ტრადიციად იქცა, როდესაც თავდაცვის სამინისტრო საკუთარი ინიციატივით წარუდგენს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს ანგარიშს მიმდინარე რეფორმებსა და სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით“ - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

პარლამენტარებათან საანგარიშო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დღესვე, სტუმრებმა  IV ქვეითი ბრიგადის ინფრასტრუქტურაც დაათვალიერეს.

ანგარიშის წარდგენა პარლამენტის კომიტეტების წინაშე თავდაცვის სამინისტრომ დაამკვიდრა. პირველად ანგარიშით თავდაცვის მინისტრი დეპუტატების წინაშე ქუთაისში, საქართველოს პარლამენტში მიმდინარე წლის მარტში გამოვიდა. საქართველოს პარლამენტის კომიტეტების წინაშე თავდაცვის სამინისტროს საქმიანობის ანგარიშის წარდგენა  უკვე ტრადიციად დამკვიდრდა.