თავდაცვის სამინისტროს დარბაზში სამოქალაქო ოფისისა და შეიარაღებული ძალების ყველა სტრუქტურული ერთეულის პირველი საანგარიშო შეხვედრა გაიმართა. დღეიდან თავდაცვის სამინისტროში ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ ანგარიშის წარდგენა ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და თავდაცვის უწყებაში არსებული გამოწვევების ერთიანი ძალით გადაჭრას შეუწყობს ხელს.
სხდომა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გახსნა. სიტყვით გამოსვლისას მან 11 თვის განმავლობაში თავდაცვის უწყებაში განხორციელებულ რეფორმებზე, პრიორიტეტებზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება. „ყველა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, შეიარაღებული ძალების სხვადასხვა მიმართულების წარმომადგენლები ვსაუბრობთ იმაზე, თუ წლის განმავლობაში რისი გაკეთება შევძელით. მაგრამ განსაკუთრებით მეტ დროს დავხარჯავთ იმ პრობლემებზე, რომელიც სისტემაში არსებობს და რომლის აღმოფხვრა აუცილებელია. ჩვენ გვაქვს ორწლიანი გეგმა, გვაქვს თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტი, რომელიც შეიარაღებული ძალების განვითარების სახელმძღვანელო დოკუმენტია. ასე რომ, ზუსტად იმ გეგმით მივდივართ, რომელიც ერთი წლის წინ დავსახეთ. ასევე, ვემზადებით ანგარიშისთვის, რომლითაც უნდა პარლამენტის წინაშე უნდა წარვდგეთ“ - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
გაფართოებულ შეხვედრაზე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა გაერთიანებული შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ძნელაძემ. მისი თქმით, შეიარაღებული ძალების განვითარება „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის“ დოკუმენტის მიხედვით მიმდინარეობს - შტაბში სტრუქტურული რეორგანიზაცია განხორციელდა; ეროვნული გვარდია რეზერვისა და მობილიზაციის ახალი კონცეფციის შემუშავებაზე მუშაობს; კარიერული წინსვლისთვის ახალი საბჭო შეიქმნა; ინტენსიურად მიმდინარეობს 2008 წლის აგვისტოს ომსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების დახმარება. შტაბის უფროსმა შეიარაღებულ ძალებში დაგეგმილ ღონისძიებებზეც გაამახვილა ყურადღება. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთი ასეული ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში ჩასართავად წვრთნებს გადის; სახმელეთო ძალები აღმოსავლეთ და დასავლეთ ოპერატიულ დაჯგუფებებად იყოფა.
გაფართოებულ შეხვედრაზე წლიური ანგარიში წარადგინეს სამოქალაქო ოფისისა და შეიარაღებული ძალების ყველა სტრუქტურული ერთეულის, ასევე დაქვემდებარებული ინსტიტუტების ხელმძღვანელმა პირებმა. მათ დეპარტამენტების მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე, პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილეს ყურადღება.