" ჩვენი ქვეყანა გახდება საიმედო და პროგნოზირებადი პარტნიორი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის"

(სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" პრემიერ–მინისტრის გამოსვლის ტექსტი)

მოგესალმებით, პატივცემულო ელჩებო!

მივესალმები პატივცემულ სტუმრებს!

ბატონებო,

მადლობას მოგახსენებთ საქართველოში ჩამობრძანებისათვის და ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისათვის.

ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია, რომ დღეს კიდევ ერთხელ გვეძლევა შესაძლებლობა თქვენთან ერთად ვიმსჯელოთ საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის მნიშვნელოვან საკითხებზე.

უპირველეს ყოვლისა, მადლობას მოგახსენებთ იმ მტკიცე და თანამიმდევრული მხარდაჭერისთვის, რომელიც ასე სჭირდება ჩვენს ქვეყანას დემოკრატიული განვითარებისათვის და აუცილებელია ევროკავშირთან და ევროატლანტიკურ სივრცესთან მისაახლოებლად.

ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ და ახლა მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვთქვა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედია.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში დემოკრატიზაციის გზაზე მიღწეული წარმატებები მაძლევს იმედს, რომ ჩვენს ქვეყანას უფრო მეტად გაეხსნება გზა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ.

ჩვენ ყველას, ხალხსაც და ხელისუფლებასაც, კარგად გვესმის, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ერთადერთი გზაა, რომელიც ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს ჩამოაყალიბოს ნამდვილი დემოკრატია. მხოლოდ ეს განაპირობებს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცებასა და დემოკრატიულ განვითარებას.

ჩვენი ხელისუფლების უპირველესი ამოცანაა დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება, დემოკრატიის პრინციპების დაცვა და ამ პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფოს შენება. სწორედ ამიტომ, ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს ნამდვილ ტრანსფორმაციასა და ევროპეიზაციას. ეს კი, საბოლოოდ, უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას, ქმედითი დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებას, ქვეყნის უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ აღმავლობას.

მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირისა და მისი თითოეული წევრი ქვეყნის მხარდაჭერასა და დახმარებას. ჩვენ მზად ვართ ვილნიუსის სამიტზე ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებისათვის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით. ჩვენ ველით, რომ სამიტი მხარს დაუჭერს შეთანხმების ხელმოწერას ევროკომისიის არსებული შემადგენლობის ვადის ამოწურვამდე.

მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტია ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავება ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის, ასევე ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის მიმართულებით. 2007 წლიდან საქართველო უერთდება ევროკავშირის საგარეო–პოლიტიკურ განცხადებებს. ჩვენ ასევე მზად ვართ, ნატოს მისიების პარალელურად, ჩვენი წვლილი შევიტანოთ საერთო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში მონაწილეობის გზით.

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ვილნიუსის სამიტს აქვს იმის პოტენციალი, რომ ისტორიულ მოვლენად იქცეს. მან შეუქცევადი უნდა გახადოს იმ პარტნიორი ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაცია, რომლებსაც ამისი მტკიცე სურვილი აქვთ.

ბატონებო!

ჩვენთვის მეტად დასაფასებელია ევროკავშირის როლი და ჩართულობა საქართველოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობის საქმეში. ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი მიმართულებები, როგორიცაა:

ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საქმიანობა, რომელიც ოკუპაციისხაზზეუსაფრთხოებისვითარებისკონტროლისერთადერთი ქმედითი საერთაშორისომექანიზმია;

ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით ეფექტიანი არაღიარების პოლიტიკის გატარება, რისთვისაც აუცილებელია გაგრძელდეს ძალისხმევა ამ პოლიტიკის განსამტკიცებლად;

სამხრეთ კავკასიაში და საქართველოს კრიზისის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობა და ჟენევის მოლაპარაკებებში აქტიური მონაწილეობა.

ამასთან ერთად, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები მუდმივად ფიგურირებდეს ევროკავშირ-რუსეთის პოლიტიკური დიალოგის დღის წესრიგში.

მეტად საჭიროდ მიგვაჩნია, ევროკავშირმა რუსეთთან აწარმოოს ინტენსიური და პრინციპული დიალოგი ისე, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების დაახლოება ევროკავშირთან არანაირად არ იქნეს აღქმული მოსკოვში, როგორც რუსეთის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა; პირიქით, ამ ქვეყნების დაახლოება რუსეთის მთავარ სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორთან (ევროკავშირთან) ემსახურება ევროკავშირისა და რუსეთის ერთობლივ ინტერესებს; ამ პრობლემებზე მეტად დროულად და პრინციპულად გაკეთდა აქცენტები 12 სექტემბრის ევროპარლამენტის რეზოლუციაში.

ბატონებო!

მიუხედავად გარკვეული დადებითი დინამიკისა, რომელიც შეიმჩნევა ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობის საქმეში, სამწუხაროდ, მოსკოვი კვლავ აგრძელებს უკანონო მოქმედებებს ოკუპაციის ხაზზე, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნისა და რეგიონალურ უსაფრთხოებას.

17 სექტემბრიდან რუსმა სამხედროებმა განაახლეს მავთულხლართებისა და ღობეების აღმართვა ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, კერძოდ კი – გორის რაიონის სოფელ დიცში და ქარელის რაიონის სოფელ დვანში. მსგავსი უკანონო მოქმედებები მძიმედ აისახება ადგილობრივ მოსახლეობაზე და მნიშვნელოვნად ზღუდავს მათ საერთაშორისოდ აღიარებულ უფლებებს, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და სხვა ეკონომიკურ, კულტურულ და სოციალურ უფლებებს. სამწუხაროდ, ადგილობრივი მოსახლეობა მოკლებულია საკუთარ სასოფლო–სამეურნეო ნაკვეთებზე საქმიანობის, პირველადი სამედიცინო დახმარების მიღებისა და სასაფლაოზე შესვლის უფლებას.

საქართველოსა და რეგიონის უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის აფხაზეთის რეგიონში მიმდინარე მილიტარიზაცია, რუსული ჯარებისა და მძიმე შეიარაღების არსებობა.

მინდა საქართველოს მთავრობის სახელით მივმართო ევროკავშირს:

არსებული სერიოზული საგარეო გამოწვევების გათვალისწინებით, გააძლიეროს აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა და უზრუნველყოს უკვე შეთანხმებული მიზნების რეალიზაცია ვილნიუსის სამიტისათვის;

მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საქართველო–ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით;

გააგრძელოს ქმედითი არაღიარების პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ;

მკვეთრად დააფიქსიროს თავისი პრინციპული პოზიცია, რომ დაუშვებელია ჟენევის მოლაპარაკებების დაკნინება არსებული ფორმატის შეცვლის მიუღებელი მცდელობებით;

სათანადო რეაგირება მოახდინოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ მიმდინარე საგანგაშო ვითარებაზე და მოუწოდოს რუსეთს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს უკანონო მოქმედება;

მოუწოდოს რუსეთს: გამოიჩინოს კონსტრუქციულობა ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღებასთან დაკავშირებით; ხელი შეუწყოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ეფექტიან ფუნქციონირებას; რეალურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული რესურსები ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საერთაშორისოდ აღიარებული უფლებების რეალიზაციისათვის.

ბატონებო,

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ქვეყნის დემოკრატიზაციის მიმართულებით.

პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში პროცესები მშვიდობიანად განვითარდეს. მიუხედავად სირთულეებისა, ნელ–ნელა შეიმჩნევა პოზიტიური დინამიკა და კონკრეტული შედეგები.

ჩვენ ვატარებთ ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის რეფორმებს. პოლიტიკურ ძალთა წონასწორობის აღსადგენად მთავარი პოლიტიკური ძალების მონაწილეობით ცვლილებები შევიდა კონსტიტუციაში, განვახორციელეთ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა, ძირეული რეფორმები ხორციელდება ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში, წარმატებები გვაქვს სოფლის მეურნეობის სექტორში, განათლების სფეროში, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია მედიის გათავისუფლება ხელისუფლების ზეგავლენისაგან და სხვ.

რაც შეეხება ადამიანის უფლებებს, ჩემი მოწვევით ევროკავშირმა საქართველოში მოავლინა თომას ჰამარბერგი, როგორც სპეციალური მრჩეველი სამართლებრივი და საკონსტიტუციო რეფორმებისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში. რამდენიმე დღის წინ ბატონმა ჰამარბერგმა წარადგინა ანგარიში, რომელიც ასახავს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებს მრავალი მიმართულებით. ამ ანგარიშის მიხედვით მეტად თვალსაჩინოა ის პოზიტიური ცვლილებები, რომელიც განახორციელა ახალმა ხელისუფლებამ დემოკრატიის კუთხით. ანგარიშს, რა თქმა უნდა, ახლავს კრიტიკული შენიშვნები და რეკომენდაციები, რომლებსაც ჩვენი ხელისუფლება აუცილებლად გაითვალისწინებს.

დაბოლოს, ერთ თვეში ჩვენს ქვეყანას დემოკრატიის კიდევ ერთი გამოცდა აქვს ჩასაბარებელი. იმედი მაქვს, ჩვენ დავარწმუნებთ ყველას, რომ ვართ ის ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გახდეს საქართველოში მომხდარი ფუნდამენტური ცვლილების ყველაზე უფრო მკაფიო დემონსტრირება. ჩვენს პოლიტიკურ გუნდს აქვს ამ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების ამბიცია.

ბატონებო,

ნება მომეცით, დასკვნის სახით გამოვთქვა მტკიცე რწმენა, რომ ჩვენი ქვეყანა გახდება საიმედო და პროგნოზირებადი პარტნიორი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის და რომ საქართველო თავის წვლილს შეიტანს მსოფლიოს განვითარების საქმეში.

ამ პათოსით მინდა დავასრულო ჩემი გამოსვლა და მადლობა გადაგიხადოთ ყურადღებისთვის.