„მხოლოდ რამაზ იოსელიანთან მიმართებით არ გავრცელდა სამართლიანობა“

„მხოლოდ რამაზ იოსელიანთან მიმართებით არ გავრცელდა სამართლიანობა“

„გორის თეატრის მსახიობები ორი თვეა იბრძვიან კულტურის მინისტრ გურამ ოდიშარიასთან შესახვედრად, მაგრამ ის იმალება. ქაჯეთის ციხედ არის ქცეული კულტურის სამინისტრო“, - აცხადებს მსახიობი რამაზ იოსელიანი for.ge-სთან საუბარში.

საქმე ისაა, რომ გორის თეატრის ხელმძღვანელის პოსტზე რამაზ იოსელიანის კანდიდატურა დაიბლოკა. რამაზ იოსელიანის თქმით, იმის მიუხედავად, რომ მსახიობების დიდი ნაწილი მხარს მას უჭერდა, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთა ამრჩევმა სარეკომენდაციო საბჭომ გორის თეატრის მოქმედ ხელმძღვანელს სოსო ნემსაძეს მიანიჭა უპირატესობა. არადა, იქაური მსახიობები ირწმუნებიან, რომ სოსო ნემსაძის მმართველობის პერიოდში თეატრში სერიოზული „ჩავარდნა“ იყო, რაც მის განვითარებაზე უარყოფითად აისახა.

რამაზ იოსელიანი კი სამ წელზე მეტი მართავდა გორის თეატრს და მსახიობების თქმით, ეს თეატრისთვის ყველაზე ნაყოფიერი წლები იყო და ყოველწლიურად რამდენიმე ახალი სპექტაკლი იდგმებოდა.

თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების ამომრჩევი სარეკომენდაციო საბჭო კომისიის 7 წევრისგან შედგება: ვასილ კიკნაძე, ნოდარ გურაბანიძე, გიორგი ცქიტიშვილი, ნიკოლოზ წულუკიძე, ლაშა ჩხარტიშვილი, ირინა ღოღობერიძე და მარინე ვასაძე. ისინი თეატრის ხელმძღვანელებს ფარული კენჭისყრით ირჩევენ და რეკომენდაციას კულტურის სამინისტროს აცნობენ. დადგენილი წესის თანახმად, საბჭოს გადაწყვეტილება რეკომენდაციის ხასიათს ატარებს და სამინისტრო უფლებამოსილია, კომისიის გადაწყვეტილება არ გაიზიაროს.

მსახიობი რამაზ იოსელიანი ჩვენთან საუბარში უკვე ღიად აკონკრეტებს, რომ ეს საკითხი გადაწყვიტა უშუალოდ თეატრმცოდნე ვასილ კიკნაძემ, რომელმაც რატომღაც საკუთარ თავზე აიღო, თუ ვინ იყოს თეატრის ხელმძღვანელი მთელ საქართველოში.

„პირადად მე გორის თეატრში არ შემიშვა „ქართული თეატრის“ „პატრიარქმა“ ვასილ კიკნაძემ. მან აღშფოთებით განმიმარტა, რა გინდა, თავი დაანებე, შენ არტისტი ხარ, სამხატვრო ხელმძღვანელად უნდა იყოს რეჟისორიო. როცა ვუთხარი, რომ მაშინ ამ პოსტზე რატომ დანიშნეს რეჟისორები, ამაზე პასუხი ვერ გამცა. უამრავ თეატრში სწორედ მსახიობები არიან სამხატვრო ხელმძღვანელები და ეს შეზღუდვა მარტო ჩემზე გავრცელდა. მოვიდა თუ არა „ოცნება“, თქვეს, სამართლიანობა უნდა აღვადგინოთო. სამართლიანობის აღდგენაში იგულისხმებოდა ნაციონალების მიერ ყველა მოხსნილი სამხატვრო ხელმძღვანელის საკუთარ ადგილზე დაბრუნება. სამართლიანობიდან გამომდინარე, აღადგინეს რობიკო სტურუა, ქეთი დოლიძე და, თურმე მხოლოდ რამაზ იოსელიანთან მიმართებით არ ვრცელდება ეს სამართლიანობა. არადა, ნაციონალებმა გამომიშვეს თეატრიდან და ახლაც იგივე გრძელდება“, - გვითხრა მსახიობმა.

მისივე თქმით, გორის თეატრში სწორედ სოსო ნემსაძის ხელმძღვანელობისას ნაციონალების სასარგებლოდ კარუსელები ტრიალდებოდა. ამის შესახებ ოდიშარიამ კარგად იცოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში, პიროვნულად არ აწყობდათ რამაზ იოსელიანის კანდიდატურა.

ჩვენს შეკითხვაზე, დასახმარებლად თუ მიმართა თუმანიშვილის თეატრის მსახიობებს, თუნდაც ნინელი ჭანკვეტაძეს, რომელთანაც იგი თუმანიშვილის თეატრში მოღვაწეობდა, რამაზ იოსელიანმა აღნიშნა, რომ თუმანიშვილის თეატრის მსახიობებს ხმა არ ამოუღიათ და არ გამოუთქვამთ სურვილი, მის გამო ებრძოლათ. ეტყობა, ყველა საკუთარ თავს უფრთხილდება...

ამასთან, რამაზ იოსელიანი აცხადებს, რომ საკუთარზე მეტად გორის თეატრის მსახიობების ბედი ადარდებს, რადგან არ იცის, რა ელით მათ სოსო ნემსაძის პირობებში. მით უმეტეს, ამის პრეცედენტი უკვე იყო - მისი ერთ-ერთი თანამოაზრე, თეატრის მთავარი ინჟინერი, საკუთარ თეატრში არ შეუშვა და გარეთ გამოაგდო სოსო ნემსაძის მოადგილემ და დაცვამაც იგივე გაუმეორა - შენ არ შემოხვალ თეატრშიო. არადა, ამ ადამიანს პასპორტი ჰქონდა კაბინეტიდან ასაღები, ამიტომ დაცვის თანხლებით ავიდა თავის კაბინეტში და პასპორტი აიღო.

„ამ დროს სოსო ნემსაძის მოადგილე, ყოფილი ოფიციანტია. უკვე დაიწყეს რეპრესიები. ეს დაპირისპირება თუ ღიად არ იქნება, ყოველ შემთხვევაში, ქვედა დინებებით განხორციელდება. შესაძლოა, მსახიობთა ნაწილი გაუშვან კიდეც, ეს არ გაუჭირდებათ, ისეთი სკოლა აქვთ გავლილი ნაციონალებთან“, - აღნიშნა რამაზ იოსელიანმა.

მანვე განმარტა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას არ აპირებს, მით უფრო, პრემიერ-მინისტრი სამოქალაქო სექტორში აპირებს გადანაცვლებას. ამიტომ თავად იბრძოლებს სამართლიანობის აღსადგენად. ერთს კი ურჩევდა ბიძინა ივანიშვილს, რომ მინისტრებად ნორმალური პიროვნებები შეარჩიოს და არა - ლაქიები, რადგან „ქვეყანას ლაქიების ნაცვლად, პიროვნებები სჭირდება“.

მისივე შეფასებით, კულტურის მინისტრი პასუხს ვერაფერზე სცემს, რადგან არცერთ საკითხში კომპეტენტური არ არის, საკუთარი აზრი არ აქვს, ასინეთასავით ყური აქვს მიდებული და ვინც რას იტყვის, იმას იმეორებს.

„ამხელა კაცმა ვერ გადაწყვიტა, კონკრეტულად რა უნდოდა ჩემთან მიმართებით. არადა, მეგონა, პოლიტიკური ნიშნით ხელოვანების დევნა დასრულდებოდა“, - განაცხადა რამაზ იოსელიანმა.