თურქული კულტურული ექსპანსია დაიწყო

თურქული კულტურული ექსპანსია დაიწყო

1988 წლის 16 ოქტომბერს საბჭოთა კავშირის ტელევიზიამ ქვეყნის მოსახლეობას ერთგვარი სიურპრიზი მოუწყო და ბრაზილიური სერიალის „მონა იზაურა“ ჩვენება დაიწყო. სიმპათიური დიაცის სევდიანმა თავგადასავალმა გულგრილი არავინ დატოვა. ქვეყანა „იზაურამანიამ“ მოიცვა და ამ „საპატიო საქმეში“ საქართველო გამონაკლისი არ ყოფილა.

„ექსპერიმენტმა“ გაამართლა და რამდენიმე წელიწადში „უბრალოდ მარია“ ვიხილეთ. იმავე დროს რუსეთის მეორე არხზე ორი ათას სერიანი „სანტა ბარბარას“ დემონსტრირებაც დაიწყო. ალბათ გახსოვთ ის პერიოდი. საქართველოში ცხოვრება ჭირდა, არ გვქონდა შუქი, გაზი, პურის რიგებში კი დღის მნიშვნელოვან ნაწილს ვატარებდით. მექსიკელი მკერავი მარიასა და ამერიკელი მილიონერების ცხოვრების დეტალები ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ის სულიერი შვება აღმოჩნდა რომელმაც იმ მძიმე წლების გადატანაში ხელი შეუწყო.

მოგვიანებით რუსული არხები გაგვითიშეს, მაგრამ სერიალების ვაკუუმის შევსება უკვე ქართულმა ტელეკომპანიებმა დაიწყეს. იმედია გაიხსენებთ ტელევიზია „თამარიონს“ და ვენესუელურ „ნამუშევარს“ „რევანში“.

დროთა განმავლობაში სერიალები სოკოებივით მომრავლდა და ქართული სატელევიზიო სივრცის მუდმივ ბინადრად გადაიქცა. ამ „პროდუქციას“ საქართველოში თაყვანისმცემლები არასოდეს აკლდა. საინტერესოა რომ  სერიალებს ქალებთან ერთად ქართველი მამაკაცებიც ეტრფიან. ვერც გაამტყუნებ, ტოტალური უმუშევრობის ხანაში, სახლში ჩამჯდარი „ძლიერთა სქესის“ წარმომადგენლები მთელ დროს ხომ საყვარელ ტელევიზორებთან ატარებენ.

რამდენიმე წლის წინ „საპნის ოპერების“ ისტერიამ საქართველოს ერთხელ უკვე გადაუარა. ალბათ მიხვდით, საუბარი მარიო ჩიმაროზე მაქვს. კუბაზე დაბადებულმა ვარსკვლავთბიჭუნამ ჩვენი მანდილოსნების გული მცირე დროში მოიგო და ცოტა დააკლდა „საქართველოს სახალხო მსახიობის“ წოდება რომ დაემსახურებინა.

მექსიკური, ვენესუელური, კოლუმბიური და ბრაზილიური სერიალების მოჭარბების ხანაში ვერ წარმოვიდგენდი თანამემამულე ტელეაუდიტორიის გაკვირვებას ვინმე კიდევ თუ მოახერხებდა. სამწუხაროდ შევცდი  და ამაში დამნაშავე თურქული ფილმები აღმოჩნდა.

ერთგვარი შესავლისა და ისტორიული რაკურსის შემდეგ ალბათ დროა  საქმეზე გადავიდეთ.

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ერთ-ერთი ქართული საკაბელო არხით თურქული სერიალი „ეზელის“ ჩვენება დაიწყო. იმავე პერიოდში ტელეკომპანია „მაესტრომ“ ამავე ქვეყნის ტელეინდუსტრიის ერთ-ერთი „შედევრით“ გაგვანებივრა. მონასტერი ამის შემდეგ აირია.

სრულიად საქართველოს უდიდესი ნაწილი ახალი სანახაობით „დაავადდა“. სერიალების სტაჟიანმა თაყვანისმცემლებმა სამხრეთ ამერიკულ პროდუქციას ზურგი აქციეს და ყურადღება თურქულ „საპნის ოპერებს“  მიაპყრეს. საყოველთაო „თურქოლოგიის“ გაძლიერებაში საკუთარი წვლილი ჩვენმა ტელევიზიებმაც შეიტანეს. აიღეთ გადაცემების ბადე და ნახავთ რომ ყოველდღიურად, შუადღის ოთხი საათიდან, საღამოს ათ საათამდე ზედიზედ ხუთი სურათის ნახვა შეგიძლიათ.

რამდენიმე დღის წინ ერთ პარლამენტარს ვესაუბრე და ამ პიროვნებამ სინანულით აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობას დღეს მხოლოდ თურქული სერიალები და პოლიტიკა აინტერესებს. მაინც რაში მდგომარეობს ამ ტელესერიალების ეგზომ დიდი პოპულარობა?

თუ დააკვირდით, ქართული ტელეკომპანიები რუსული სერიალების დემონსტრირებას ერიდებიან, რადგან მოსახლეობის გარკვეული ნაწილის გაღიზიანება არ სურთ. ამ დროს საუკუნეების განმავლობაში თურქეთი ჩვენი ისტორიული მოწინააღმდეგე გახლდათ. სამწუხაროდ საქართველოს მოსახლეობამ თანამედროვე თურქულ ცხოვრებასა და საკუთარ ადათ-წესებში ბევრი საერთო აღმოაჩინა. ერთ-ერთმა ჩემმა ნაცნობმა ეს ფენომენი შემდეგნაირად ახსნა:

„ოჯახური ტრადიციები, რამდენიმე თაობა ერთად რომ ცხოვრობს. გლოვა გვაქვს მსგავსი - წივილ-კივილით და თავში ხელების ცემით, ქალები ოთახში და მამაკაცები გარეთ. აკვანიც დავინახე. კიდევ ქალიშვილობის ინსტიტუტი, თუმცა ეს ტრადიცია ჩვენშიც იკლებს და როგორც ჩანს - თურქეთშიც. კაცების ჰეგემონიაა ქალებთან შედარებით. თურქულ სერიალებშიც ერიდებიან გადამეტებულ სექსუალურ სცენებს და ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას. ნათესაური კავშირები. იქაც აქვთ ტერმინი - "რას იტყვის ხალხი". ერთია, რომ ჩვენ სულ „ღმერთოს" ვიძახით და ისინი სულ "ალაჰს".

თურქული ტელესერიალები ძალიან იაფი ღირს, ხარისხით კი სამხრეთამერიკულ პროდუქციას აღემატება. ნებისმიერი სურათი მხოლოდ 100-მდე სერიას მოიცავს და ვენესუელური თუ კოლუმბიური „თანამოძმეებისაგან“ შედარებით გაწელილი არ არის.

ჭკვიანი ხალხია თურქები. საკუთარ ქვეყანაში ტურისტული ინდუსტრიის განვითარებას დიდ ყურადღებას აქცევენ და  ამ საქმეში სერიალები თავის მნიშვნელოვან როლს თამაშობს. პირადად ვიცი რამდენიმე ქართული ოჯახი, რომლებსაც სტამბულის მონახულება გულში უკვე ამოუჭრია და მომავალი წლის ზაფხულში ამ სურვილის ასრულებას შეეცდება. ეს ხალხი ამბობს რომ ამ ნაბიჯისკენ თურქულმა სერიალებმა უბიძგეს.

ჩვენი მოსახლეობის ნაწილი მეზობელ სახელმწიფოში სტუმრობაზე ოცნებობს. იქ ჩასულებს ადგილობრივებთან კომუნიკაციის საშუალება რომ ჰქონდეთ, უახლოეს მომავალში მთელს საქართველოში ალბათ თურქული ენის შემსწავლელი კურსები დიდი რაოდენობით გაიხსნება.

ჩემი პირადი აზრი გახლავთ, მაგრამ რაც საუკუნეების განმავლობაში ოსმალებმა ცეცხლითა და მახვილით ვერ მოახერხეს, „უწყინარი“ თურქული სერიალები მოკლე დროში შეძლებენ. არავინ კამათობს რომ ბათუმი პრაქტიკულად თურქული ქალაქი გახდა და ამ სამწუხარო ტენდენციას სრულიად საქართველო ეწინააღმდეგება. ყოველ მედალს მეორე მხარე გააჩნია. დაფიქრებულხართ, რომ ბოლო თვეებში ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თურქული კულტურული ტყვეობის მსხვერპლი გახდა და ეს ტენდენცია უფრო და უფრო საშიშ სახეს ღებულობს.

მეეჭვება ამ სერიალების მასობრივი შემოდინება ვინმეს სპეციალურად დაეგეგმა. ტელეინდუსტრია ბიზნესის ერთ-ერთი სახეობაა და თუ პროდუქცია მოთხოვნადია ის კარგად იყიდება. საქართველოში თურქულმა ფილმებმა დიდი პოპულარობა მოიპოვა და ტელევიზიებს მის ჩვენებაში ბრალს ვერ დავდებთ. უბრალო დიასახლისს ვერ აუხსნი რომ ამ ფილმების მუდმივი ყურებით მისი მსოფლმხედველობის თანდათანობით შეცვლა მიმდინარეობს და ამ პროცესს ადრე თუ გვიან მისი „გათურქება“ მოჰყვება.

შეიძლება მკაცრად ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ იმ კატეგორიას მივეკუთვნები რომლებიც ამ სერიალების მოწინააღმდეგეთა რიცხვში შედიან.

თურქული სერიალების პოპულარობის ერთ-ერთი ფაქტორი იქ მოთამაშე მსახიობების პროფესიონალიზმი და გარეგნობაა. ქართველი მანდილოსნები იქაური კაცებით აღფრთოვანებულები არიან, ჩვენმა მამაკაცებმა კი აღმოაჩინეს რომ „ოსმალო“ დიაცები სილამაზით რუსებსა და უკრაინელებს არ ჩამოუვარდებიან. შედით ნებისმიერ ქართულ ფორუმზე და ნახავთ რომ თურქი აქტიორების ღირსებებზე დიდი და პატარა გაცხოველებული მსჯელობს. გამიკვირდა და ამ პროცესში ქართველი კაცებიც მონაწილეობენ. მაგალითად ფატმანგული უფრო ლამაზია თუ სილა.

საქართველოში არაერთი პრობლემა დაგროვდა, რომლებსაც გადაწყვეტა ესაჭიროება. წავიდნენ ხელისუფლების სათავიდან საძულველი „ნაციონალები“. წესითა და რიგით ქვეყანა უნდა განვითარდეს და ამ საქმეში ქართულმა საზოგადოებამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს. ჩემი პირადი აზრია, რომ თურქული სერიალები ჩვენი მოსახლეობის სულიერ დეგრადაციას ემსახურება და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ამ ქვეყნის ტრადიციების დამკვიდრებას ემსახურება.

მიმაჩნია რომ ამ საშიში ტენდენციის წინააღმდეგ თავად ტელევიზიები უნდა გამოვიდნენ და ამ სახის ფილმების დემონსტრირება შეწყვიტონ. საქართველოში აშშ ყოველთვის საოცნებო ქვეყანად მიაჩნდათ.სერიალების „დახმარებით“ ამ რიცხვს ჩვენი მეზობელი თურქეთიც მიემატა. ოსმალოთა კულტურული ემანსიპასია მოქმედებას განაგრძობს და ქართველთა უსისხლო და უმტკივნეულო „გათურქებაში“ დიდი წვლილი შეაქვს.

დღევანდელი წერილის დასასრულს ტრადიციას არ დავარღვევ და სხვადასხვა ფორუმებიდან ამოკრეფილ რამდენიმე ციტატას წარმოგიდგენთ.

„რაღა სერიალებით დაიწყეს ამ შეჩვენებულებმა. ძალიან კარგი კინო და კულტურა აქვთ თურქებს, გინდ ძველი და ახალი რეჟისორები. მაგით დაეწყოთ და მერე შემოეპარებინათ ეს სულელური სერიალები.“

„ტელევიზორის დანახვა უკვე მეჯავრება. 2-3 თვეში საათნახევრით თუ დავჯდები ტელევიზორთან, ისიც სპორტული გადაცემების სანახავად.“

„ნაწილობრივ ეს ყველაფერი თურქეთის ბინძური, მაგრამ ძალიან ჭკვიანური პროპაგანდის შედეგია.“

„ალბათ, თურქულ მენტალიტეტთან სიახლოვე აღმოაჩინა ხალხმა.“

„მხოლოდ მარისაბელი, ხოსე და ხუანი? მოსაწყენია სულ ერთი და იგივე. აქ კი ნახეთ რა სახელები გაჩნდა: იავუზი, ჩიჩეკი... ახალი და განსხვავებული.“

„ამ დასვენებებზე აჭარაში ვიყავი და ხალხი ხალისობდა - თურქული სერიალის გამო საღამოობით ქალაქი ცარიელია, კაციშვილი აღარ დადის ქუჩაშიო. არამგონია სხვა რეგიონებშიც განსხვავებული მდგომარეობა იყოს.“

„ისე „მაესტროში“ ამხელა რესურსი იმიტომ ჩაიდო რომ თურქული სერიალები გავიდეს?“

„ქართული სერიალები გადაიღონ და გაუშვან. მაღალი რეიტინგიც ექნება, ოღონდ ცოტა ნორმალური გააკეთონ.“

„იდეა მაქვს იცით. თურქული სერიალები „დინამოს“ სტადიონზე, თამაშის დროს რომ გაუშვათ ხოლმე დიდ მონიტორზე? ჩვენს მტრებს გადავრევთ, ეს რა დასწრება ჰქონიათ ქართველებს თამაშებზეო!“

„ჯანდაბა... გადამირია დედა ამ თურქულმა სერიალებმა. აქამდე „ოდნოკლასნიკების" გახსნის და დახურვის მეტი არაფერი იცოდა და ეხლა თურქული სერიალების ინტერნეტში ძებნა და ონლაინში ყურება დაამუღამა.   სანამ ლეპტოპი აქვს ოკუპირებული ვცდილობ ტელევიზორში მაინც ვნახო რამე საინტერესო და იქაც თურქული სერიალებია ყველგან.“

„რაც სერიალების ექსპორტი დაიწყეს, ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ამ წელს 26%-ით გაიზარდაო. პირადად მე რაც თურქული სერიალების ყურება დავიწყე, იმის მერე სტამბულზე ფიქრი არ მასვენებს“.