თითქმის ოცწლიანი ლოდინის შემდეგ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება რუსეთმა საქართველოს თანხმობით მოახერხა. საერთაშორისო გაერთიანების წესდების თანახმად, საქართველოს, როგორც წევრ ორგანიზაციას, მეზობელი ქვეყნის მიღებაზე ვეტოს გამოყენების უფლება ჰქონდა. ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად, რუსეთი სავაჭრო ორგანიზაციის წევრი გახდა და გაწევრიანების სანაცვლოდ, ქართულ პროდუქტებზე ემბარგო მოხსნა, თუმცა სავაჭრო ურთიერთობების სრულად აღდგენაზე საუბარი, საოკუპაციო ხაზის გადმოწევის ფონზე გრძელდება.
პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ რუსულ ბაზრზე ქართული პროდუქციის მოთხოვნა დიდია, რასაც თავად რუსეთიც ითვალისწინებს. ეკონომისტთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში დაკისრებულ ვალდებულებებს არ ასრულებს და მხოლოდ ფორმალობით შემოიფარგლება.
„რუსეთის სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების შემდეგ დადებული ხელშეკრულების მიხედვით, პრაქტიკულად, ძალადაკარგულად გამოცხადდა ემბარგო, რომელიც ქართულ პროდუქციაზე 2006 წელს დაწესდა. ეს განპირობებული იყო იმით, რომ თავად მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია კრძალავს მსგავსი ტიპის მიდგომებს ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის. თუმცა, ერთია რა მოხდა ქაღალდზე და მეორეა რამდენად აისახა ეს ყველაფერი ბაზარზე. ამ პერიოდის მონაცემებს თუ გადავხედავთ, ჩანს, რომ ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე გატანის მაჩვენებლები მართლაც გაიზარდა, მაგრამ ეს უფრო ქართული მხარის აქტიურობის შედეგია და ვერ ვიტყვით, რომ ეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ განაპირობა.
რუსეთი არის არაორდინალური ქვეყანა, რომელიც ნაკლებად ითვალისწინებს საერთაშორისო ორგანიზაციების დაწესებულ თამაშის წესებს, ის მოქმედებს თავისი პრინციპებით. ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების შემდეგ გამოცხადდა, იგივე, სავაჭრო ომები უკრაინასთან, ბალტიისპირეთთან, პოლონეთთან, მოლდოვასთან და ა.შ ვფიქრობ, ეს არის ფორმალური პროცესი და არავის არ უნდა ჰქონოდა იმის ილუზია, რომ რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე აისახებოდა რუსეთის სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება.
ფინანსურ ნაწილში სარგებელი რუსეთის სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებით საქართველოსთვის, ფაქტობრივად, არ ყოფილა“, - მიიჩნევს ეკონომიკური ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე.
ეკონომისტი დემურ გიორხელიძე რუსულ-ქართულ სავაჭრო ურთიერთობებში არსებულ სირთულეებს საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობასაც უკავშირებს და ფიქრობს, რომ საქართველო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობას სათანადოდ ვერ იყენებს. გიორხელიძის აზრით, ის, რომ რუსეთი საქართველოსთან ემბარგოს გაუქმების ვალდებულებას მხოლოდ ფურცელზე ასრულებს, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის შესაბამის უწყებებს უნდა ეცნობოს.
დემურ გიორხელიძე: „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება ყველა წევრს ერთნაირ პირობებში აყენებს. რუსეთის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ არანაირ ფარგლებში არ ჯდება და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის რეგულაციებს არ ექვემდებარება. საქართველოს მიმართ მათ აქვთ ტენდენციური დამოკიდებულება. რუსეთმა რომ საკუთარ ტერიტორიაზე უხარისხო პროდუქცია არ უნდა დაუშვას, ამაზე არ შეიძლება ვიდავოთ, მაგრამ როგორც სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაში რეგულირდება ეს ყველაფერი, ისე უნდა ხდებოდეს რუსეთ-საქართველოს შორისაც.
არ უნდა არსებობდეს, კვოტები, სპეციალური მიმართვები და დათქმები იმისათვის, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს - იქნება ეს გორელი გლეხი, თუ იმერელი, უნდა შეეძლოს თავისუფლად გადაადგილება. როგორც ჩანს, ჩვენი ხელისუფლებაც ვერ ახერხებს საკუთარი პოზიციების დაცვას. საქართველომ უნდა შეახსენოს რუსეთს, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია არეგულირებს და რაკი რუსეთიცა და საქართველოც ამ ორგანიზაციის წევრები ვართ, დამატებები შეთანხმებები და მოალაპაკებები საჭირო აღარ უნდა იყოს. ერთადერთი, რაც უნდა კონტროლდებოდეს, ეს ხარისხია. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად გაუგებარია ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების პასიურობა. როდესაც ორ ქვეყანას შორის დავა წარმოიქმნება, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესდებაში არსებული რეგულაციებით უნდა ხდებოდეს ამ დავის გადაწყვეტა. თუმცა ჩვენი ხელისუფლება არის ჩამოკიდებული გაუგებარ მოლოდინს და საკუთარ პრეტენზიებს და შენიშვნებსაც არ აცნობს შესაბამის ორგანოებს.“
რა მოუტანა საქართველოს მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებამ? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძველი და ახალი მთავრობის წევრებს უჭირთ. პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, რუსეთზე გავლენის მოსახდენი კიდევ ერთი მექანიზმი ამოქმედდება, თუმცა, კითხვაზე რატომ არ გამოიყენეს ეს მექანიზმები ამ დრომდე, ძველი და ახალი მთავრობის წევრებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ.
უმცირესობის წევრ გიგი წერეთლის აზრით, „ახლანდელ ხელისუფლებას არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია რუსეთთან მიმართებით და ჯერ კიდევ მაამებლურ პოლიტიკას ატარებს“. მისი აზრით, ძველი ხელისუფლების მიერ გარკვეული სანქციების დაკისრების მოთხოვნა, ნაადრევი იქნებოდა, რადგან რუსეთი ახალი გაწევრიანებული იყო.
„საქართველოს ხელისუფლების პოზიცია რუსეთთან მიმართებით არის, ჩემი აზრით, საკმაოდ გაუგებარი და არაეფექტური. გაურკვეველი განცხადებები იმაზე, რომ ჩვენ უნდა მოვითმინოთ, არ უნდა წამოვეგოთ პროვოკაციას და ა.შ. ასეთი მაამებლური და გაუგებრად პრაგმატული პოლიტიკა არასდროს არ იქნება შედეგის მომტანი. შედეგის მომტანი არის გათვლილი, მაგრამ პრინციპული პოლიტიკა და ეს არ ნიშნავს, რომ აგრესიულობაში უნდა გადაიზარდოს. თუკი რუსეთი არღვევს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს და ჩვენ ვხედავთ, რომ არღვევს, ამაზე უნდა იყოს პრინციპული პოზიცია, საპროტესტო ნოტა იქნება თუ სხვა ფორმით მიმართვა. იმისათვის, რომ გამოიყენო შენს ხელთ არსებული ბერკეტები, იქნება ეს საერთაშორისო ზეწოლა თუ პირდაპირი ურთიერთობები, ამ ყველაფერს სჭირდება კარგად ჩამოყალიბებული პოზიცია. მათ მიაჩნიათ, რომ რუსეთთან დათმობის პოლიტიკა შედეგს მოიტანს, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არავითარ შედეგს არ მოიტანს“, - ამბობს გიგი წერეთელი.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ვიქტორ დოლიძე კი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ორმა ქვეყანამ სავაჭრო ურთიერთობა თავად უნდა მოაგვაროს, რადგან მესამე მხარის ჩარევამ შესაძლოა რუსეთის გაღიზიანება გამოიწვიოს.
„სიმართლე, რომ გითხრათ, მე ვაჭრობის საკითხში სირთულეებს ყველაზე ნაკლებად ვხედავ იქიდან გამომდინარე, რომ კარასინი-აბაშიძის ფორმატმა გარკვეული ნაბიჯები გადაგვადგმევინა წინ. სავაჭრო-ეკონომიკური სივრცე გაიხსნა. ბუნებრივია, დღესაც არსებობს რაღაც პრობლემები, მაგრამ რუსეთის მაღაზიის დახლებზე უკვე დევს მილიონობით ბოთლი ქართული ღვინო. ეს არ არის ცოტა, მაგრამ არც საკმარისია. აქ ძირითადი პრობლემა უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება და იმ გაუგებარ ნაბიჯებს, რომელსაც რუსეთი დგამს იმ ფონზე, როდსაც ჩვენ მხოლოდ პოზიტივზე ვაკეთებთ აქცენტს. იმ შემთხვევაში, თუკი სავაჭრო ურთიერთობებიც ანალოგიურად გართულდება, ბუნებრივია, მთელი საერთაშორისო საზოგადოება უნდა ჩაერთოს და არა მხოლოდ სავაჭრო ორგანიზაცია.
ჩვენ მაქსიმალურად დელიკატურად ვუდგებით ამ საკითხს. იმიტომ, რომ თვითონ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაც გვინდა და ვცდილობთ საუკეთესო გამოსავალი გამოვნახოთ იმისათვის, რომ ეს ურთიერთობები უკეთესობისკენ წავიდეს. ამიტომ საერთაშორისო ტრიბუნებიდან გაღიზიანება რუსეთისა მით უმეტეს იმ საკითხებზე, რომელიც მეტ-ნაკლებად გვარდება, ვფიქრობ, არასწორია. ამას სააკაშვილი აკეთებდა და სადამდეც მივედით, ვნახეთ. ამიტომ ჩვენ ცივი გონებით ვმოქმედებთ და რაღაც გარკვეული შედეგები, ჯერჯერობით, არსებობს და დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს“, - განმარტა ვიქტორ დოლიძემ.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განმარტებით, რუსეთს ქართული პროდუქციის შეტანა ბაზარზე მაინც მოუწევს, თუმცა იქვე დასძენს, რომ ამ ორი ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობის გაუარესების შემთხვევაში, რუსეთს ფინანსური სანქციები დაეკისრება. ექსპერტის აზრით, ახალი ხელისუფლება ჯერ სიფრთხილეს იჩენს, ძველს კი განსხვავებული შეხედულება ჰქონდა.
რამაზ საყვარელიძე: „თუკი რუსეთი სავაჭრო ორგანიზაციის წევრებისათვის არსებულ წესებს არ დაექვემდებარება, მაშინ ქართული მხარე უჩივლებს მას. რუსეთს ბაზრის ჩაკეტვის შემთხვევაში, როგორც ამ საერთაშორისო ორგანიზაციის წევრს, საკმაოდ დიდი სანქციები დაეკისრება. ხელისუფლება რომ უფრო ფრთხილად ექცევა რუსეთს ვიდრე ჩვენ ვართ ამას შეჩვეული, ეს ფაქტია. ალბათ, ჯერჯერობით, არ უნდა ქართულ მხარეს ვითარების გამწვავება და ცდილობს უფრო მშვიდობიანი ფორმით დაარეგულიროს პროცესი. ძველი ხელისუფლების დამოკიდებულება რუსეთთან განსხვავებული იყო. დღეს სწორედ მაგას საყვადურობს ძველი ხელისუფლება ახალს, რომ ქართულ მხარეს არასაკმარისი საპროტესტო მუხტი აქვს რუსეთის მიმართ. ამ ლოგიკით, იმდროინდელ ხელისუფლებას უფრო დიდი კამპანია უნდა წამოეწყო ამ შემთხვევაში. რატომ არ აკეთებდა ამას, ეს ცალკე გამოსაძიებელი საგანია. ძველმა ხელისუფლებამ იმდენჯერ გაატარა რუსეთის ინტერესები, რომ გამორიცხული არ არის, რომ ეს ქმედებაც ამით იყოს განპირობებული, თუმცა დანამდვილებით ამაზე საუბარი არ შეიძლება.“