„ჯუმა მეჩეთში“ ყოფნისას ირაკლი ალასანიამ სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა (ვიდეო)

„ჯუმა მეჩეთში“ ყოფნისას ირაკლი ალასანიამ სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა (ვიდეო)

„ჯუმა მეჩეთში“ ყოფნისას, III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. ირაკლი ალასანიამ საქართველოს სრულიად მუსლიმთა კავშირის შეიხს ვაგიფ აქპეროვს მადლობა გადაუხადა სამხედროებისთვის ლექციის წაკითხვისა და დალოცვის გამო და შეხვედრის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება:

„ჩვენთვის ეს უდიდესი მოვლენაა. როდესაც ჯარს, რომლითაც ყველა ვამაყობთ, რომელიც საზოგადოების გამორჩეული ნაწილია, რომელსაც საკუთარი სიცოცხლე ქვეყნის სამსახურისთვის აქვს გადადებული და რომელიც მშვიდობის უზრუნველსაყოფად მუსლიმანურ ქვეყანაში მიემგზავრება, აუცილებლად გვჭირდება კარგად ვიცოდეთ ამ ქვეყნის ტრადიციები. ეს ჩვენს სამხედროებს ხელს შეუწყობს უფრო ეფექტურად მოიპოვონ ადგილობრივი მოსახლეობის კეთილგანწყობა. დღეს, ჯარში მსახურობენ ის ადამიანები, ვისაც საკუთარი სიცოცხლის ფასად სურთ საკუთარი ქვეყანა და ქვეყნის ინტერესები დაიცვან. ჩვენ ამ ტრადიციას, რომელიც დღეს დაინერგა აუცილებლად გავაგრძელებთ და ტრადიციად ვაქცევთ. აქ წარმოდგენილი სამხედროები - მუსლიმები, ქრისტიანები და ნებისმიერი სხვა რელიგიის წარმომადგენლები - ერთნი ვართ, ერთ მუშტად შეკრულები უნდა ვიცავდეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ეს ისტორიულად ასე იყო. ჩვენს ტრადიციებს ამდიდრებდა მუსულმანური ტრადიციები და სხვა რელიგიები, რომლებიც ასწლეულების და ათასწლეულების განმავლობაში ამდიდრებდა ჩვენს ქვეყანას. ამიტომ, დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვან ეტაპად მიმაჩნია, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ, რომ საქართველო არის ყველას სახელმწიფო, ვინც კი აქ ცხოვრობს, ყველა რელიგიის წარმომადგენლის სახელმწიფო და ერთად,

ერთ მუშტად შეკრულებმა უნდა დავიწყოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა“.
თავდაცვის მინისტრმა 31-ე ბატალიონის სამხედროებს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა და საერთაშორისო მისიის წარმატებით განხორციელება უსურვა.