„14ი წლის სიძე და 13ი წლის პატარძალი“; „აბიტურიენტების ნაწილი უმაღლეს სასწავლებელში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან“, - მედიასაშუალებების მიერ ამგვარი წინადადებების გამოქვეყნება ჯერ არ ისჯება, მაგრამ მალე, შესაძლოა, ჟურნალისტებისთვის „ყურის აწევისა“ და ფინანსური ჯარიმის დაკისრების საფუძველი გახდეს. პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში უკვე იმსჯელეს ინიციატივაზე, რომელიც ქართული ენის ნორმების დარღვევისთვის მედიასაშუალებებისა და თანამდებობის პირების გარკვეული თანხებით დაჯარიმებას ითვალისწინებს.
ინიციატივა ჯერ ოფიციალურად დარეგისტრირებული არ არის და ფულადი ჯარიმებიც დასაზუსტებელია. პირველადი ინფორმაციით, მედიასაშუალებს ქართული ენის უცოდინრობისთვის, პირველ ჯერზე, 1000-დან 5000 ლარამდე, განმეორების შემთხვევაში, კი 10 ათასი ლარის გადახდა მოუწევთ. გაცილებით მცირეა საჯარო მოხელეების პასუხისმგებლობა - თანამდებობის პირებს სახელმწიფო ენის უცოდინრობა 200-დან 500 ლარამდე დაუჯდებათ.
„კანონის მიზანი ენობრივი ნორმების დაცვაა. პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს ყველა, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები,“- აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე. დეპუტატი ქარულ ენაში ბარბარიზმების, ანუ ენის ბუნებისთვის შეუფერებელი სიტყვების დამკვიდრების წინააღმდეგია და ცუდი პრაქტიკის შესახებ კონკრეტული მაგალითებით საუბრობს.
„ახლახან დამკვიდრდა სიტყვა „კოჰაბიტაცია“, არადა, მშვენიერი ქართული სიტყვები გვაქვს - „თანაცხოვრება“, „თანაარსებობა“. როცა გაქვს სიტყვა „მგრძნობიარე“, რატომ უნდა გამოიყენო „სენსიტიური“? ილია ჭავჭავაძემ ლელთ ღუნიას შემოატანინა სიტყვა „საბჭო“, მთაში ნაპოვნი ბროლივით სუფთა სიტყვაა - ჟღერადი და ტევადი, დღეს კი მის ნაცვლად „ბორდს“ ამბობენ. ასეთ რაღაცებს უნდა მიექცეს ყურადღება. ენას გაფრთხილება და ამაღლებული დამოკიდებულება სჭირდება,“- აცხადებს განათლების კომიტეტის თავმჯდომარე და სენსაციების მოყვარულებს სთხოვს, ენის სიწმინდის დაცვას სახუმარო თემად ნუ აქცევენ.
„სახელმწიფო ენის ნორმების დაცვის შესახებ“ კანონის მიღების ინიციატივა პარლამენტის განათლების კომიტეტს ეკუთვნის. პროექტი კი ენათმეცნიერთა და იურისტთა ჯგუფმა შეიმუშავა.
ენათმეცნიერი ავთანდილ არაბული, რომელიც პროექტის ერთ-ერთი ავტორია, for.ge-სთან საუბრისას სახელმწიფო ენის დაცვის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამ საკითხთან დაკავშირებულ ისტორიას იხსენებს. არაბული ყვება, რომ საქართველოში „სახელმწიფო ენის დაცვის შესახებ“ კანონზე მუშაობა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს დაიწყო, ხელისუფლებაში ზვიად გამსახურდიას გუნდის მოსვლის შემდეგ კი საკითხი პრეზიდენტთან დაისვა და ენის სახელმწიფო კომისიაც შეიქმნა. ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო, პროცესი მალევე შეფერხდა და კანონპროექტი პარლამენტში, წლების შემდეგ, 2002 წელს შევიდა.
„საკანონმდებლო ორგანოში პირველადი განხილვებიც დაიწყო. მაგრამ ამას მოჰყვა არასასურველი კამპანია, აზრების რადიკალიზაცია და კანონპროექტის განხილვა შეჩერდა. შემდეგ ახალი ხელისუფლება მოვიდა, კანონი პარლამენტიდან გაითხოვეს და მთელი დოკუმენტაცია უკვალოდ დაიკარგა“, - იხსენებს ავთანდილ არაბული.
ენათმეცნიერის თქმით, ახლახან პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში ინიცირებული პროექტი რეალობის გათვალისწინებით დამუშავდა და გადახალისდა.
„ქუჩებში წარწერებს და გარე რეკლამებს რომ გადახედოთ, ვერ გაიგებთ, რომელი ქვეყნის ქალაქში ხართ. ამ საკითხების რეგულირება საჭიროა და, შესაბამისად, უნდა შეიქმნას მარეგულირებელი, მაკონტროლებელი ორგანო. ვფიქრობდით, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, შემდეგ მნიშვნელობა დავიწროვდა და სახელმწიფო ენის ინსპექციაზე შევჯერდით“, - აცხადებს არაბული.
საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები განმარტავენ, რომ ჟურნალისტებზე სანქციების დაწესებისა და სანქციების ოდენობის შესახებ მედიაში მცდარი ინფორმაცია გავრცელდა, რადგან ენობრივი ნორმების დარღვევისთვის ათასობით ლარიანი ჯარიმა, სწორედ, რეკლამის შესახებ კანონშია განსაზღვრული.
„ენობრივი ნორმების დარღვევის გამო, სანქციები არა უშუალოდ ჟურნალისტებს, არამედ მაუწყებლებს და მედიასაშუალებებს დაეკისრებათ. რედაქციას, დაშვებულ შეცდომასთან დაკავშირებით, სახელმწიფო ენის ინსპექციიდან, პირველად, მითითება მიუვა, თუ მედიასაშუალება არ გაითვალისწინებს მითითებას და კვლავ არ დაიცავს ენობრივ ნორმებს, შემდეგ ეტაპზე, უკვე, ფულადი ჯარიმა დაეკისრება“, - აცხადებს არაბული.
ინიციატივის ავტორებს პარლამენტის მიერ „სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონის მიღების შემთხვევაშიც კი „ფუჭ ოცნებად“ მიაჩნიათ ენობრივი ნორმების კუთხით ინტერნეტსივრცის გაკონტროლება. თუმცა, ფიქრობენ, რომ გარკვეული დროის შემდეგ, სპეციალური პროგრამის მეშვეობით, ესეც შესაძლებელი იქნება. მანამდე კი გამართული ქართულით წერა ჟურნალისტების გარდა, კანონმდებლებსაც მოეთხოვებათ და კანონები იმგვარად დაიწერება, რომ მის წასაკითხად ლინგვისტების განმარტება საჭირო აღარ გახდება.
პროექტის ავტორები ასევე აცხადებენ, რომ ენობრივი ნორმების დაცვის თვალსაზრისით, სანქციები არ იმოქმედებს პოლიტიკოსთა ზეპირ განცხადებებსა და ჟურნალისტების მიერ მათი ნათქვამის ციტირებაზე.
ინიციატივის კანონად ქცევის შემთხვევაში, მედიასაშუალებებში ბარბარიზმების გარდა, სკარბეზული გამონათქვამებიც შეიზღუდება. კანონის ამოქმედებამდე კი სპეციალური კომისია სახელმწიფო ენის იმ ნორმებს დაადგენს და გაავრცელებს, რომლის დაცვაც ჟურნალისტებსა და საჯარო მოხელეებს მოეთხოვებათ.