ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სასამართლო განჩინების საფუძველზე ცეზარ ჩოჩელის ოჯახის წევრების სახელზე რიცხული კომპანიების წილები და უძრავი ქონება დააყადაღა.
საგამოძიებო სამსახურის განმარტებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2010-2013 წლებში შპს „მიქსორის“ მიერ სახელმწიფოს კუთვნილი შპს „რკინაბეტონის შპალის ქარხნის“ თაღლითურად დაუფლებით ცეზარ ჩოჩელმა დაახლოებით 49 მილიონი ლარის უკანონო შემოსავალი მიიღო და ლუდსახარში „ზედაზენის“ 70% წილი შეიძინა დარჩენილი თანხით კი „ბარამბოსათვის“ და „ბერტასთვის“ სხვადასხვა ტექნიკა-დანადგარები იყიდა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისვე ინფორმაციით, შპს „მიქსორმა“ როგორც შპს „რკინაბეტონის შპალის ქარხნის“ დამფუძნებელმა ქარხნიდან დივიდენდის სახით 12 მილიონი ლარი გაიტანა.
„სახელმწიფოსათვის მიყენებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ზიანის ანაზღაურებისა დაგამოძიების დასრულებამდე დანაშაულებრივი გზით შეძენილი აქტივების რეალიზაციის აღკვეთის მიზნით, ყადაღა დაედო ცეზარ ჩოჩელის ოჯახის წევრების სახელზე რიცხულ, მის გამგებლობაში არსებული კომპანიების შპს „მიქსორის“, შპს „რკინაბეტონის შპალის ქარხნის“, შპს „ბარამბოს“, შპს „ბერტას“, შპს „რკინაბეტონის შპალის ქარხნის“ 70%-იან წილს ლუდსახარშ „ზედაზენში“, ასევე ზემოაღნიშნული საწარმოების საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას,“- აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
უწყების განმარტებით, საწარმოების საქმიანობის შესაძლო შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, ყადაღა არ დადებია ფირმების მოძრავ ქონებას კერძოდ, ტექნიკა-დანადგარებს, საბანკო ანგარიშებს, საწარმო მარაგებს და საქმიანობისთვის აუცილებელ სხვა საშუალებებს და მათ სრული შესაძლებლობა აქვთ შეუფერხებლად განაგრძონ სამეწარმეო საქმიანობა.
ცეზარ ჩოჩელის წინააღმდეგ გამოძიება გრძელდება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ჩოჩელისა და მისი ოჯახის კუთვნილი კომპანიების დაყადაღების ფაქტს აკრიტიკებს ეკონომიკის საკითხთა ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე. მისი განცხადებით, კომპანიების დაყადაღება უმართებულო გადაწყვეტილებაა და სახელმწიფო პოლიტიკა ბიზნესისთვის ხელშეწყობაზე უნდა იყოს ორიენტირებული.
„მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებების წინააღმდეგი ვარ. მით უფრო, რომ ცეზარ ჩოჩელი საქმე განხილვაშია და ჯერ არ არის გარკვეული, ვინ არის დამნაშავე. ჩოჩელმა ახლახან პრესკონფერენციაზე ღიად ისაუბრა მის მიმართ არსებულ კონკრეტულ პირთა ინტერესებზე. ამ ადამიანსაც უნდა მოუსმინონ და მისი არგუმენტებიც გაიზიარონ. დაყადაღებებსა და ბიზნესსაქმიანობის შეწყვეტას ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდით და ცუდია, თუ ხელისუფლება ამ გზას გააგრძელებს. ბიზნესს საფრთხე არ უნდა შეექმნას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ „ზედაზენი“ და „ბარამბო“ ქართული წარმოების ერთგვარ სახედ მიიჩნევა და ეს კომპანიები ასე იოლად არ უნდა დააყადაღონ,“- აცხადებს ფორ.გე-სთან საუბრისას ირაკლი ლექვინაძე.