26 მაისი თუ 9 აპრილი? როდის უნდა აღინიშნებოდეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე? შეიძლება თუ არა ამ ორი თარიღის დაპირისპირება და ორი ახალი წლის ანალოგიით ხელმძღვანელობა? იქნებ, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის თარიღს უახლეს ისტორიაში კი არ უნდა ვეძებდეთ, არამედ ისტორიულ წიაღსვლებში, რადგან რაც უფრო ძველია ეს თარიღი, მით უფრო მყარია არგუმენტი, რომ ჩვენ დამოუკიდებელნი ისტორიულად ვიყავით, თუ არ ჩავთვლით ჩვენი ისტორიის ცალკეულ მძიმე ფურცლებს, როცა ამა თუ იმ დიდი დამპყრობლის უღელი გვედგა.
დღესაც ცალკეულ პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ 9 აპრილი უნდა გამოცხადდეს დამოუკიდებლობის დღედ, ხოლო 26 მაისი საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის თარიღად. ამისთვის პეტიციების შეგროვებას იწყებენ და მიიჩნევენ, რომ ზვიად გამსახურდიას ღვაწლის უგულებელყოფაა, როცა 9 აპრილს სათანადო პატივს არ მივაგებთ და ბოლო 32 წლის განმავლობაში მცდარად აღვნიშნავთ 26 მაისს დამოუკიდებლობის თარიღად.
სხვათა შორის, არის ასეთი მოსაზრებაც, რომ 9 აპრილის სანაცვლოდ 26 მაისის აღნიშვნა ედუარდ შევარდნაძემ ზვიად გამსახურდიას ღვაწლის მისაჩქმალად შემოიღო და ეს შესაცვლელია.
მართლაც, 1991 წლის 9 აპრილს ზვიადს უთქვამს, „სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. 9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი. აღსრულდა ნება ქართველი ერისა! გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! ფარავდეს ღმერთი!“
26 მაისის მოწინააღმდეგენი იმასაც ამბობენ, რომ 1918 წლის 26 მაისის შემდეგ 3 წელიც არ ვიყავით დამოუკიდებელნი და ნოე ჟორდანიას მთავრობა რომ გარბოდა, ჯარი ჯერ კიდევ ომობდა. ამდენად, ამ ადამიანებისთვის 26 მაისი არ არის მნიშვნელოვანი, რადგან 1918 წლის 26 მაისზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ისტორიული თარიღები აქვს საქართველოს. მთელი საბჭოთა ეპოქის განმავლობაში დაპყრობილ საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ აზეიმებდნენ თავსმოხვეულ თარიღს - გასაბჭოების 25 თებერვალს, ახლა კი შევარდნაძის სურვილით ვზეიმობთ 26 მაისს, რათა ზვიადის ღვაწლი მიიჩქმალოს.
სინამდვილეში, 9 აპრილი ჩვენი ცოცხალი მეხსიერების ნაწილია, ჩვენს თაობას ახსოვს ეს თარიღი, მთელი თავისი ტრაგიკულობით, რუსთაველზე ტანკების შემოგრიალებით, რუსების ალესილი ნიჩბებით, დასახიჩრებულ ქართველთა გვამებით. 26 მაისი კი ჩვენი ცოცხალი მეხსიერების ნაწილი არ არის, ის ჩვენი წინაპრების უკომპრომისო ბრძოლის ეპიზოდია, რომელმაც საქართველოს ოკუპაციამდე, ანუ 1921 წლის 25 თებერვლამდე იარსება. ამდენად, 26 მაისი ჩვენი თაობისთვის ისტორიის კუთვნილებაა. ეს ნიშნავს, რომ ორივე თარიღს - 26 მაისსაც და 9 აპრილსაც თავისი პატივი უნდა მივაგოთ.
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი დიმიტრი შველიძე აცხადებს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის თარიღთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 10-15 წლის წინ წამყვან მეცნიერებთან (მალხაზ მაცაბერიძე, ოთარ ჯანელიძე, ვახტანგ გურული) ერთად გამოაქვეყნა ბროშურა, სათაურით „26 მაისი, თუ 9 აპრილი?!“ ისტორიკოსი დღესაც მიიჩნევს, რომ, როგორც დღესასწაულს, როგორც საზეიმო დღეს, აუცილებლად პრიორიტეტი 1918 წლის 26 მაისს უნდა მიენიჭოს, რადგან ჩვენი დღევანდელი დამოუკიდებელი სახელმწიფო პირველი რესპუბლიკის სამართალმემკვიდრეა და ამის შესახებ კანონშიცაა აღნიშნული.
„1918 წლის 26 მაისია ჩვენი სახელმწიფოს მესაფუძვლე, მესაძირკვლე. რაც შეხება 1991 წლის 9 აპრილს, ამ დღეს ჩვენ დამოუკიდებლობა კი არ მოვიპოვეთ, არამედ აღვადგინეთ. ამდენად, განა შეიძლება, 9 აპრილი ვიზეიმოთ და 26 მაისი უგულებელვყოთ? ეს იქნება დანაშაული ისტორიის წინაშე. ბოლოს და ბოლოს, ყველაზე სამართლიანი თუ ვიქნებით, ჩვენ სახელმწიფოს დამოუკიდებლობა ათეული საუკუნეების წინ ჰქონდა და იქიდან უნდა დავიწყოთ ათვლა. ჩვენ უნდა დავაძველოთ ისტორია და არ უნდა განვაახლოთ. გუშინდელი ბიჭების დონეზე არ უნდა დავდგეთ, რომ თურმე ახლა მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა“, - აცხადებს დიმიტრი შველიძე for.ge-სთან საუბარში.
მეცნიერი განმარტავს, რომ რეალურად, ახლა მოიპოვეს დამოუკიდებლობა აფრიკის ქვეყნებმა, რომლებსაც ადრე არავითარი სახელმწიფოებრიობა არ ჰქონდათ. ამდენად, ჩვენი მიზანი არ უნდა იყოს, რომ უახლეს ისტორიას დავუკავშიროთ ეს თარიღი. ყველა ხელისუფლებამ თავიდან ხომ არ უნდა დაიწყოს წელთაღრიცხვა?! ეს სირცხვილია, ჩვენ ამაყი და ღირსეული ხალხი ვართ, მოგვაქვს თავი, რომ ძველი ისტორიის მქონე ხალხი ვართ. როგორც ილია ჭავჭავაძე იტყოდა, ჩვენ ისტორიული ერი ვართ და არა ჩვეულებრივი, გუშინ დაბადებული ერი. ახლა თუ გვინდა, ჩვენი თავი ნიგერიას, უგანდას, მოზამბიკს გავუტოლოთ, ეს სხვა საკითხია. მაშინ 9 აპრილს კი არა, თუ უნდათ, გუშინდელ დღეს გამოაცხადონ საქართველოს დამოუკიდებლობის თარიღი, რაც ჩვენს ისტორიას არ ეკადრება.
დიმიტრი შველიძე მიიჩნევს, რომ დამოუკიდებლობის დღედ 9 აპრილის გამოცხადება ზვიად გამსახურდიას ღვაწლის უგულებელყოფაცაა, რადგან სწორედ ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა საქართველოს დღევანდელი დამოუკიდებლობა პირველი რესპუბლიკის სამართალმემკვიდრედ და დამოუკიდებლობის აღდგენაც მას უკავშირდება.
„სხვათა შორის, ახლა გამოვიდა კონსტანტინე ზვიადის ძე გამსახურდიას უზარმაზარი მონუმენტური ნაშრომი მამის შესახებ. ვისაც ქვეყანა უყვარს, ამ წიგნს უნდა გაეცნოს და იქ საინტერესო პასაჟებს ამოიკითხავს“, - ამბობს მეცნიერი.
თეოლოგი ლევან აბაშიძეც მიიჩნევს, რომ 9 აპრილთან შედარებით 26 მაისს უნდა მიენიჭოს უპირატესობა, რადგან 26 მაისი ჩვენი ისტორიაა.
„როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა მოხდა, ყოველთვის ხაზს უსვამდნენ, რომ ჩვენ საბჭოთა კავშირის კონსტიტუციით კი არ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, საბჭოთა საქართველოს მემკვიდრეები კი არ ვართ, არამედ ვართ პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეები, ანუ 1918 წლის 26 მაისის საქართველოს მემკვიდრეები. ასე რომ, 26 მაისის გაუქმება, მე მგონი, არც მოხდება და არც იქნება გამართლებული. მე მგონი, პირიქით უნდა მოხდეს, 26 მაისი უნდა იყოს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ხოლო 9 აპრილი ამ დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. 9 აპრილის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ არ მინდა, 26 მაისს რაიმე ჩრდილი მიადგეს“,-აცხადებს ლევან აბაშიძე.