Sancta Simplicitas

Sancta Simplicitas

Sancta simplicitas –„წმინდა უბრალოება“ - ფრაზა, რომელსაც მიაწერენ ჩეხური რეფორმაციის იდეოლოგიის მქადაგებელს, იან ჰუსს, როდესაც მის დასაწვავად დანთებულ ნედლ შეშას ტყიდან მომავალმა დედაბერმა ხმელი ფიჩხი „მიაშველა“ ასაბრიალებლად. გამოიყენება გულუბრყვილობის, მიამიტობის, უბრალოების აღსანიშნავად.

ადამიანის მიერ გულუბრყვილო ქმედება, ზოგ შემთხვევაში, საკუთარი თავის საზიანიოდაც კი, კაცობრიობის არსებობას გასდევს თან, თუმცა მეოცე-ოცდამეერთე საუკუნეებში შესაძლებელი გახდა ამგვარი ქმედებების გარედან პროვოცირება, თანაც არა მხოლოდ ცალკეული პირების, არამედ მასების მიმართაც. მეოცე საუკუნეში შემუშავებულ-აპრობირებულ ტექნოლოგიებს შეუძლიათ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის განწყობის ფორმირება სასურველი პერიოდის განმავლობაში, თანაც ისე, რომ თითოეული ინდივიდი დარწმუნებული იყოს მის მიერვე კრისტალიზირებული წარმოდგენებისა და მიღებული გადაწყვეტილებების დამოუკიდებლობაში.

ჰეროლდ ლასუელის (Harold Dwight Lasswell ) უოლტერ ლიპმანის (Walter Lippmann) ჯონ დიუდის ( John Dewey) ედვარდ ბერნეისისა ( Edward Louis Bernays) და სხვა ცნობილი ფსიქოლოგების მიერ შემუშავებული, ემპირიულად დადასტურებული თეორიების მეშვეობით მოსახერხებელი გახდა ადამიანებისა და ადამიანთა ჯგუფების განწყობის ფორმირება და მათი ქმედებისათვის გარკვეული მიმართულების მიცემა, თანაც, ცალკეულ შემთხვევაში საკუთარი თავის საზიანოდაც კი. თვალსაჩინო მაგალითია ედვარდ ბერნეისის მიერ, მეოცე საუკუნის დასაწყისში, ჩატარებული კამპანია ქალებში თამბაქოს მოწევის სააგიტაციოდ, რამაც სავსებით „წარმატებით“ ჩაიარა და რასაც ათეულობით მილიონი ქალის დაავადება და უდროო გარდაცვალება მოჰყვა. ანუ სულ უფრო იხვეწება ისეთი სოციალურ-ფსიქოლოგიური ფენომენი, როგორიც არის ფსიქოლოგიური მანიპულაცია და რომელიც მიმართულია ადამიანის აღქმის ან წარმოდგენის შეცვლაზე ცრუ, თაღლითური, ფარული ტაქტიკის მეშვეობით.

განსაკუთრებით ეფექტურად ითვლება ჯოზეფ ოვერტონის (Joseph Overton) მიერ შემუშავებული ტექნოლოგია, რომელიც „ევერტონის ფანჯრის“ სახელითაა ცნობილი და რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება საზოგადოებისთვის მიუღებელი იდეების წამოწევა, მათი გაპატიოსნება, კანონმდებლობით განმტკიცება და ცხოვრების წესად დანერგვა. როგორც სხვდასხვა ავტორი წერს, სწორედ ამ მეთოდის საშუალებით გახდა ევროპაში ჰომოსექსუალიზმის ჩვეულებრივ სოციალურ მოვლანად აღქმის დანერგვა.

და საერთოდ, ოცდამეერთე საუკუნეში მავანთა ძირითადი მიზანი არა სხვისი ტერიტორიების, არამედ იქაური მოსახლეობის ტვინების დაპყრობაა. მნიშვნელოვან ამოცანად იქცა სამიზნეში მოხვედრილი ქვეყნის, რეგიონის, შერჩეული ტერიტორიის მოსახლეობის კრიტიკული მასის აზროვნებაზე ზემოქმედება, გარკვეული დროით მათი განწყობის ფორმირების მიზნით.

მოსახლეობამდე გზავნილის მიწოდება ყველაზე მარტივი, პირდაპირი და მოსახერხებელი საშუალებები მასმედიის ორგანოები და სოციალური ქსელებია, ამასთან შესაბამისი დოზით გამოიყენება ყველა სფერო: ხელოვნება, სპორტი, რელიგია, მეცნიერება....

სხვის ქვეყანაში ინფორმაციის მიტანა გამავრცელებელ საშუალებამდე სხვადასხვა სუბიექტის მეშვეობით და განსხვავებული ხერხით ხორციელდება. მათგან ყველაზე მოსახერხებელი, წინდახედულად ჩამოყალიბებული, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მათი წევრებია. ანალოგიური ორგანიზაციები, ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სადაზვერვო საქმიანობისათვისაც. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ამგვარი ორგანიზაცია და თითოეული მათი წევრი სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებზე მუშაობს. უფრო პირიქით, ამ ორგანიზაციის უმრავლესობა საკმოდ ნაყოფიერ და სასარგებლო საქმიანობას ეწევა, ხოლო აბსოლუტური უმრავლესობა ყოვლად სასიკეთო მიზნებს დეკლარირებს. თუმცა არის მეორე მხარეც - ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, ან ორგანიზაციის წევრი პირდაპირ ასრულებს დამკვეთი ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებებს, ერთი შეხედვით უწყინარი ინფორმაციის შეგროვებიდან დაწყებული, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მცდელობით დამთავრებული.

უამრავ ქვეყანაში საზოგადოებრივი ორგანიზაციები გამოხატავენ მოსახლეობის განწყობას და მნიშვნელოვან დადებით როლს ასრულებენ ქვეყნის ცხოვრებაში. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ შემთხვევაში საუბარი ისეთ ორგანიზაციებზე გვაქვს, რომლებიც ბუნებრივად ჩამოყალიბდა ადგილობრივი მოქალაქეების მიერ, გარკვეული ინტერესთა სფეროს შესაბამისად და მათ მიერვე ხდება ამ ორგანიზაციის დაფინანსებაც.

პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ოთხმოცდაათინი წლებიდან მომრავლებული, ეგრეთ წოდებული ენჯეოების (NGO) ძალიან დიდი ნაწილი ფინანსდება სხვადასხვა ქვეყნის (არა მშობლიურის) მიერ და ბუნებრივია, რომ მათ მოქმედებებში გათვალისწინებულია დამფინანსებელი მხარის ინტერესები. მავანი მიზნებისათვის შექმნილ, ლეგალური საფარის ქვეშ შექმნილ სხვადასხვა სამართლებრივი სტატუსის მქონე ორგანიზაციისათვის პერსონალის შერჩევა ხდება აპრობირებული ნიშნების მიხედვით. უპირატესად ირჩევა არამკვიდრი ეროვნების, არაძირითადი რელიგიის, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის, გარკვეული ფიზიკური ნაკლის მქონე, სოციალურად და ეკონომიურად შედარებით დაბალ საფეხურზე მდგომი პირები....

ამგვარი ტიპების სათანამშრომლოდ მიზიდვა განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენს და ხშირად ყოველგვარი წინაპირობის გარეშეც ხდება. ცალკეული შემთხვევისათვის არსებობს უამრავი ეფექტური მეთოდი ადამიანის გადასაბირებლად. თვალსაჩინოებისათვის შეიძლება გავიხსენოთ ცსს-ს (CIA) დახვეწილი გადაბირების იდეალური ფორმულა - MICE, რომელიც, საბაზო მოტივის მიხედვით, იშიფრება შემდეგნაირად MONEY - ფული (სიხარბე), IDEOLOGY- იდეოლოგია (პოლიტიკური იდეების თანხვედრა), COMPROMISE - კომპრომატი (შიში), EGO - ეგო (პატივმოყვარეობა).

ენჯეოების შექმნის პარალელურად, ან ოდნავ მოგვიანებით, ხდება სხვადასხვა სახის ჰუმანიტარული, რელიგიური, პოლიტიკური ორგანიზაციების, მასმედიის ორგანოების ჩამოყალიბება-გადაბირება. ამ ორგანიზაცის ნაწილი კომპლექტდებიან საზოგადოებრივი ორგანიზაციებში დაკვალიანებულ-გამოცდილი კადრებით. ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება სხვადასხვა ტიპის სასწავლებლის, საქველმოქმედო და კომერციული ორგანიზაციების შექმნას.

მომძლავრებული მასმედია, არასამთავრობო და პოლიტიკური ორგანიზაციები, შესაბამისი და „მოძმე“ ქვეყნების დიპლომატიური სამსახურებისა და სხვა, უკვე ამოქმედებული ორგანიზაციების დახმარებით იწყებენ სასურველი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ელიტის ჩამოყალიბებას, ორგანიზაციების ფილიალების გავრცობას ქვეყნის მასშტაბით....

საერთო ხელმძღვანელობას დაქვემდებარებული, ვითომ განსხვავებულ ორგანიზაციათა სისტემას, ძალუძს არა მხოლოდ პატრონი ქვეყნის სპეცსამსახურების ისეთი დავალების შესრულება, როგორც სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის მოპოვებაა, არამედ მშობლიური ქვეყნის საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის ზომბირება უკვე აპრობირებული აგიტაციურ-პროპაგანდისტული მეთოდების საშუალებებით, მათი განწყობის ფორმირება და სასურველი ქმედებისაკენ პროვოცირება.

აქ უკვე შესაძლებელია გადავიდეთ შემდეგ მნიშვნელოვან საკითხზე.

მთელი აგიტაცია-პროპაგანდა ეფუძნება მოსახლეობის უნარს კრიტიკულად აღიქვას ინფორმაცია. აზროვნების მიხედვით, ჯერ კიდევ ლეონარდო და ვინჩი ყოფდა საზოგადოებას სამ ნაწილად: ვინც, ხედავს, ვისაც შეიძლება დაანახო და ვინც ვერასდროს დაინახავს, ანუ ის პირები, რომლებიც გადაწყვეტილების მიღებისას წარმოდგენებით, ემოციითა და ვნებით უფრო ხელმძღვანელობენ, ვიდრე გონებით. თანამედროვე ფსიქოლოგიური კვლევების მიხედვით, ეს ნაწილები სრულებით არ არიან თანაბარნი და როგორც სხვა ორგანიზმები, შეესაბამებიან „ოქროს კვეთას“: პირველი 12%მდე, მეორე დაახლოებით 12დან 32% და მესამე - 68%-ს ქვევით. ამ პროპორციებს გაცილებით კარგი თვალსაჩინოება გააჩნიათ ფიბონაჩის რიცხვთა მწკრივის მიხედვით კვადრატში გამოსახული ოქროს სპირალის სქემაზე (ნახ 1).

სწორედ დიდ კვადრატში მოხვედრილი ჯგუფის დამუშავება ხდება პირველ ეტაპზე. ამასთან, ამ კატეგორიის ადამიანები ზემოქმედებას ექვემდებარებიან სოციალური სტატუსისა და მატერიალური შესაძლებლობის მიუხედავად. თანდათან პროპაგანდა მოიცავს შედარებით მცირე კვადრატში გამოსახულ ადამიანთა ტვინებს, უფრო პატარა კვადრატის მკვიდრთა დამუშავება კი უკვე საჭირო აღარ ხდება, რადგან ისინი თავად ხვდებიან, რომ უმცირესობაში არიან და ხშირ შემთხვევაში, მათი ნაწილი, კომფორმიზმის ბუნებრივი თვისებიდან გამომდინარე, ჩათრევას ჩაყოლას ამჯობინებს. დარჩენილი მოწინააღმდეგე ნაწილიდან კი, განსაკუთრებით საზოგადოების გამოჩენილ პირებს, აკრიტიკებენ, მაქსიმალურად ავიწროებენ, დასცინიან, აიგნორინებენ.... რა თქმა უნდა, ადამიანის ინტელექტის მატება, გამოცდილებისა და ცოდნის შეძენის შესაბამისად, გარკვეულწილად ზრდის კრიტიკული აზროვნების უნარსაც, თუმცა მნიშვნელოვან გავლენას ვერ ახდენს.

საქართველოს საზოგადოებაზე მენტალურ-პროპაგანდისტული ზემოქმედების ნათელი მაგალითი იყო „უცხოური გავლენის აგენტებზე“ კანონპროექტის ინიცირებისას განვითარებული მოვლენები. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისისმა განაცხადა, რომ აშშ-ში მოქმედ კანონს „უცხოეთის წარმომადგენელთა რეგისტრაციის შესახებ აქტს“ - FARA-სა და საქართველოში წარმოდგენილ კანონპროექტს შორის დიდი განსხვავებაა, იმიტომ რომ, ჩვენი კანონი არ ეხება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ან დაფინანსების წყაროებს და ეხება მხოლოდ უცხოეთის მთავრობების წარმომადგენლებსო (????), ანუ თქვენთან მოქმედი ენჯეო მგელი კი არა, კრავიაო, კრავი?!

როგორც მოსალოდნელი იყო, ამას მოჰყვა კოლოსალური მექანიზმის ამოქმედება. შედეგად მივიღეთ რუსთაველზე გამოსული ათეულობით ათასი ეგზალტირებული და გულანთებული ახალგაზრდა ლოზუნგით „არა რუსულ კანონს“. მართალია, პროტესტის გამომხატველთა მხრიდან ერთი ათეულიც არ იყო გაცნობილი კანონს, მაგრამ პროპაგანდისტულმა მანქანამ ბრწყინვალედ იმუშავა ყველაზე მოწყვლადი აზროვნების მქონე ასაკზე. მომიტინგეთა გამოსვლებმა „შედეგს“ მიაღწიეს - საკუთარი ხელისუფლება დაემორჩილა სხვა ქვეყნის მმართველების თითის ქნევას და „ჩააგდო“ აღნიშნული პროექტი.

საპროტესტო ტალღის სიმრავლის ძირითადი მიზეზი სწორად შერჩეული და კარგად მიწოდებული ალგორითმი იყო:

1) სტადია

- რუსეთმა დაიყრო და ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%!

- რუსეთმა დაბომბა საქართველოს ტერიტორია და დახოცა უამრავი ადამიანი!

- რუსეთის ხელშეწყობით მოქმედმა ბანდებმა, სეპარატისტულ ტერიტორიებზე, დახოცეს უამრავი ქართველი და მოახდინეს იმ ტერიტორიების ეთნოწმენდა!

- რუსეთი პერიოდულად ანახლებს ბორდერიზაციას!

დასკვნა - რუსეთი საქართველოს მტერია!

2) სტადია

- რუსეთში ავტოკრატული რეჟიმია!

- რუსეთში ყვავის კორუფცია!

- რუსეთში ბოგინებს კრიმინალური სამყარო!

დასკვნა: რუსეთი ცუდია!

3) სტადია

- დასავლეთი (აშშ+ევროპა) აღიარებს ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას!

- დასავლეთი გვეხმარება ყველა მიმართულებით!

დასკვნა: დასავლეთი ჩვენი მეგობარია!

4) სტადია

- დასავლეთი დემოკრატიული სივრცეა

- დასავლეთი სამართლის ეტალონია

- დასავლეთში საუკეთესო განათლების მიღებაა შესაძლებელი

- დასავლეთში გაცილებით დიდი შესაძლებლობებია ვიდრე მთელ დანარჩენ სამყაროში!

დასკვნა: დასავლეთი კარგია!

5) სტადია

- დასავლეთი არ ემხრობა კანონს „აგენტების შესახებ“

- რუსმა მოიწონა აღნიშნული კანონპროექტის ინიცირება.

- კანონის მომხრეებს სურთ რუსეთთან დაახლოება და დასავლეთთან დაცილება!

- აგენტების კანონის მიღებით საქართველოს მოქალაქეს (მე) გაურთულდება (გამირთულდება) დასავლეთის სამყაროსთან ურთიერთობა, შეიზღუდება (შემეზღუდება) განვითარების შესაძლებლობები....

დასკვნა: კანონი რუსულია! კანონის მხარდამჭერები რუსეთის მომხრენი არიან!!!!!

ეს არის უხეში დემონსტრირება გარკვეული ალგორითმის მიხედვით დალაგებული გზავნილებისა მოქალაქეთა ტვინებისათვის. აღნიშნული შეტყობინების აფირმაციის სწორი ფორმით, დოზებითა და სიხშირით მიწოდება იწვევს წინასწარ განზრახული მოსაზრების ჩამოყალიბებას, იძლევა საკმაოდ დიდი ჯგუფების, სასურველ დროს, მწვავე ემოციებისა და ვნებების გამძაფრების, მათი მოქმედების მართვის შესაძლებლობებს.

მართალია, აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით გამოწვეული რეაქციის საპასუხოდ შეიძლება დაისვას თუნდაც შემდეგი სახის კითხვები:

  1. თუ მეგობარი ქვეყნიდან წამოსული სახსრები საქართველოს სასიკეთოდაა მიმართული, რატომ აქვს ასეთი მწვავე რეაქცია ამ თანხების მომწოდებელ-მხარჯველებს შემოსავალ-ხარჯების საჯაროობაზე? - მათთვის უფრო სასარგებლო არ იქნება სასიკეთოდ დახარჯული თანხების დეკლარირება?
  2. რატომ ცდილობს სხვა ქვეყნიდან დაფინანსებული ორგანიზაციების მნიშვნელოვანი ნაწილი რელიგიური ღირებულებების, მართლმადიდებური ეკლესიის, პატრიარქისა და საეკლესიო პირების, სახელოვანი ისტორული ფიგურების, მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების, ტრადიციული ღირებულებების, ეთიკური და ზნეობრივი ნორმების, ოჯახის ინსტიტუტის დისკრედიტაციას, დაკნინებას, დაცინვას, ლაფში ამოსვრას, გაუბრალოებას...?
  3. რატომ ხარჯავს დიდ თანხებს ჰომოსექსუალიზმის, ნარკომანიის, სიძვა-მრუშობის, საყოველთაო ნიჰილიზმის გავრცობა-პოპულარიზაციისათვის?

თუმცა, ვნებებისა და ემოციების გამწვავების სტადიაზე, რაიმე ლოგიკური კონტრარგუმენტების დაპირისპირება, ვითარებას ვერანაირად შეცვლის. ამ დროს მცირეოდენი კრიტიკული შინაარსის შემცველ კითხვასაც კი მხოლოდ გაღიზიანების გამწვავება და უკუშედეგის მოტანა შეუძლია, რადგანაც ქვეცნობიერში უკვე ჩამოყალიბებულია მისთვის კომფორტული წარმოსახვითი სივრცე და ემოციური ფონი, რომლის დარღვევის მცდელობაც მნიშვნელოვან დისკომფორტს იწვევს.

მარტის მოვლენების დინამიკა ძალიან გავს ანტონიო გრამშისა (Antonio Sebastiano Francesco Gramsci) და ჯინ შარპის (Gene Sharp) თეორიებზე აგებულ „ხავერდოვანი რევოლუციების“ სცენარის ერთ-ერთ ეტაპს.

შექმნილი ვითარება შეიძლება შევადაროთ 1991-1992 წლის პროცესებსაც, როდესაც, ფაქტობრივად, ჩვენივე ხელებით, ოღონდ ძალისმიერი საშუალებებით, საქართველო აქციეს ფსევდოდამოუკიდებელ ქვეყნად. დამოუკიდებლობის გაძლიერების ამჟამინდელი, მოკრძალებული მცდელობაც კოლოსალურ წინააღმდეგობას წააწყდა, კვლავ ჩვენივე მოსახლეობის ნაწილის „გულწრფელი პროტესტის“ წყალობით, ოღონდ გაცილებით რბილი მეთოდებით, ცდილობენ მარიონეტი „მანიაკალური ჯგუფის“ ხელისუფლებაში დაბრუნებას. 32 წლის შემდეგაც საწადელის მიღწევა ჩვენივე მოქალაქეების მიამიტობითა და აქტიურობით სურთ. და 32 წლის შემდეგაც ქვეყანაში მოიძებნება საკმაოდ დიდი რაოდენობა ისეთი ადამიანებისა, რომლებიც მზად იქნებიან, „ანთებული გულებით“ „შეუნთონ ხმელი ფიჩხი“ საკუთარ მომავალს. „ო sancta simplicitas!“

ყოველივე ზემოთ თქმულიდან ნათლად ჩანს, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოება მხოლოდ მისი მოსახლეობის სიცოცხლის, ღირსების, მატერიალური და ინტელექტუალური ღირებულებების, სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა კი არ არის, არამედ ადამიანების ტვინების დაცვაცაა სხვა ქვეყნის (და არა მხოლოდ მტრულად განწყობილის) სპეცსამსახურების ზემოქმედებისაგან. ოცდამეერთე საუკუნეში იმდენად დაიხვეწა მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, განვითარდა ტექნოლოგიები, გაღრმავდა ცოდნა ფსიქოლოგიასა და სოციოლოგიურ მეცნიერებებში, რომ უკვე ძირითადი ბრძოლა მიმდინარეობს არა ტერიტორიისათვის, არა მოწინააღმდეგეთა სიცოცხლეების მოსასპობად, არმედ მისი მოსახლეობის გონების დასაპყრობად.

განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ აუცილებელია შესაბამისმა სამსახურებმა ბევრად მეტი ყურადღება დაუთმონ ამ მტკივნეულ საკითხს, შეიმუშაონ გონივრული გეგმა, დროულად განახორციელონ სათანადო, კომპლექსური და ეფექტური ღონისძიებები.

 

 

 

amo ბ-ნო ნოდარ აქამდე გეძინათ?
1 წლის უკან
რომანი "განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ აუცილებელია შესაბამისმა სამსახურებმა ბევრად მეტი ყურადღება დაუთმონ ამ მტკივნეულ საკითხს, შეიმუშაონ გონივრული გეგმა, დროულად განახორციელონ სათანადო, კომპლექსური და ეფექტური ღონისძიებები". სასიცოცხლოდ აუცილებელი ქმედება, კრიტიკულად მნიშვნელოვანი. სხვაგვარად, ნურავის ნუ დააბრალებენ იმ უბედურებას, რასაც უქადის მიმდინარე მოვლენები ქვეყანას. დიდი შეცდომებია ( რომელიც, ხშირად დანაშაულზე უარესია) დაშვებული უმაღლეს განათლებაში, როდესაც ილიაუნის ძალისმიერი ჩამოყალიბება და მასში თავისუფლების ინსტიტუტის ფილიალის გასნა დატოვეს უყურადღებოდ, როდესაც გ. ალასანიას მისცეს უფლება შეექმნა ანტიქართული კერა თავის, ასევე წაგლეჯით მითვისებულ უნივერსიტეტში. დიდი შეცდომაა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დატოვეს სააკაშვილის რეჟიმის დროს დანიშნული თანამშრომლები, დიდი შეცდომა და მანკიერი პრაქტიკაა, როდესაც რექტორებად და მინისტრებად არასათანადოდ შერჩეულ, ძალიან სუსტ, ადვილად სამართავ პიროვნებებს ნიშნავენ. მეორე დიდი პრობლემაა თსუ-ს (ვაღიარებ, ამ შემთხვევაში, მიკერძოებას ვიჩენ) ავტონომიური სტატუსის დაკნინება, ბიუჯეტის უკიდურესი სიმწირე, სახელმწიფოს მხრიდან დახმარების, პრაქტიკულად, არარსებობა და სხვა მრავალი.
1 წლის უკან
lavrenti ბ-ნო ნოდარ! ძალიან კარგი სტატიაა! დღესავით ნათელია, რომ ჩვენს საზოგადოებას ჰაერივით სჭირდება განათლება ამ მიმართულებით, რათა გაერკვეს ვინ არიან ჩვენი ჭეშმარიტი მეგობრები და ვინ არა და ასე თუ ისე რეალური წარმოდგენა შეექმნას მიმდინარე მოვლენებზე.
1 წლის უკან