„კარიმ ხანის განცხადების შემდეგ, ყველა სახელმწიფოს წარმოეშვა ვალდებულება, რომ ეს ადამიანები, თუკი მათი იურიდიქციის ქვეშ მოხვდებიან, დააკავონ და სასამართლოს აცნობონ“

„კარიმ ხანის განცხადების შემდეგ, ყველა სახელმწიფოს წარმოეშვა ვალდებულება, რომ ეს ადამიანები, თუკი მათი იურიდიქციის ქვეშ მოხვდებიან, დააკავონ და სასამართლოს აცნობონ“

სტრასბურგის შემდეგ, 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე საქართველომ მორიგი გამარჯვება ჰააგაში მოიპოვა. ისტორიული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოს მოსახლეობის მიმართ აგვისტოს ომის დროს რუსეთის ფედერაციისა და სეპარატისტული რეჟმების კონკრეტულმა წარმომადგენლებმა უმძიმესი დანაშაულები ჩაიდინეს.

ჰააგის სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა აგვისტოს ომის საქმეზე სამი პირის დაკავების ორდერისთვის განაცხადი შეიტანა.

კარიმ ხანის განცხადებით, აღნიშნული პირები არიან : გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ მინძაევი, რომელიც 2005-2008 წლებში „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ადმინისტრაციის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი იყო; გამლეტ გუჩმაზოვი, რომელიც აგვისტოს ომის დროს „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსი იყო; დავით სანაკოევი, „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტის დე ფაქტო წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში, ასევე ცნობილი როგორც ომბუდსმენი აგვისტოს ომის მოვლენების დროს.

რა მექანიზმებით მოხდება აღნიშნული პირების დაკავება, როგორ წარიმართება ახლა სასამართლო პროცესი, for.ge-ს ამ კითხვებს იურისტი ლევან ალაფიშვილი პასუხობს.

ჰააგის სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა აგვისტოს ომის საქმეზე სამი პირის დაკავების ორდერისთვის განაცხდი შეიტანა. რა მექანიზმები არსებობს მათი დაკავების?

- მექანიზმი არის საერთაშორისო სამართალი და თითოეული სახელმწიფოს ვალდებულება, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება შეასრულოს. ანუ, კარიმ ხანის განცხადების შემდეგ, ყველა სახელმწიფოს წარმოეშვა ვალდებულება, რომ ეს ადამიანები, თუკი მათი იურიდიქციის ქვეშ მოხვდებიან, გადაკვეთენ საზღვარს, გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები, დააკავონ და სასამართლოს აცნობონ. ამის შემდგომ, წყდება საკითხი ეს პირები პატიმრობას სად გააგრძელებენ. დაკავების გარდა სასამართლო განხილვები უნდა დასრულდეს, რათა სასამართლომ გადაწყვიტოს ისინი დამნაშავე არიან თუ არა.

იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლომ მათ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა, შესაძლებელია, რომ მათ სასჯელი საქართველოში მოიხადონ?

- ახლა მათ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. ვიდრე სასამართლო განხილვა მიდინარეობს, იქამდე იმ პერიოდის დაკავებაზეა საუბარი. თუ ამ სამ ძებნილს რომელიმე სახელმწიფო დააკავებს, ტრიბუნალს აცნობებს და ტრიბუნალი იღებს გადაწყვეტილებას სად, რომელ ქვეყანაში იყვნენ წინასწარ პატიმრობაში, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მათი სასამართლო სხდომებზე გამოცხადება. ანუ, სამართლიანი სასამართლოს წესები მათ მიმართ დაცული იყოს.

ამის შემდეგ, თუკი გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოვა სასჯელის მიზნით, ამ შემთხვევაში ასევე სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელ ქვეყანაში, ან რა წესით აღსრულდეს გადაწყვეტილება. ცალსახად არ არის გაწერილი სასჯელს სად მოხდიან. ორივე შემთხვევაში - წინასწარი პატიმრობის დროსაც, ისევე როგორც საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, პატიმრობის მოხდის ადგილს, ქვეყანას, დაწესებულებას, რეჟიმს ტრიბუნალი წყვეტს.

თქვენ თქვით, რომ პროკურორის გადაწყვეტილება ყველა ქვეყანას გადაეგზავნება. მათ შორის რუსეთიც იქნება და რუსეთი რამდენად აიღებს პასუხისმგებლობას, რომ ეს პირები დაკავებულები იყვნენ?

- რუსეთი ტრიბუნალთან მიმართებაში ჯეროვნად არ იქცევა. გავიხსენოთ, საქართველოსთან მიმართებაში თავიდან სასამართლოსთან კომუნიკაცია ჰქონდა. მოგეხსენებათ, ჰააგის სასამართლოს პროკურორის ფატუ ბენსუდას რუსეთში და შემდეგ საქართველოში ვიზიტებიც იყო. თუმცა, შემდეგ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ პროცედურების დაწყებაც მოინდომა, მაგრამ როცა ნახეს, რომ ეს ყველაფერი წარუმატებელი აღმოჩნდა, შეწყვიტა კომუნიკაცია. მეტსაც გეტყვით, რუსეთი რომის სტატუსის მონაწილე მხარე არ არის. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ რუსეთი ხელს შეუშლის, რადგან ამ შემთხვევაში საკუთარი დანაშაულიც უნდა აღიაროს.

რადგან რუსეთი ხელს შეუშლის, შესაძლებელია ამ შემთხვევაში სხვა სანქციებიც დაუწესდეს?

- სასამართლო სახელმწიფოებს არ და ვერ უწესებს სანქციებს. ის კონკრეტულ პირთა დანაშაულებს იძიებს. თუკი ეს ვერ აღსრულდა, ამ შემთხვევაში, საერთაშორისო სამართლის სხვა ინსტიტუტები უნდა ამუშავდეს - ეს იქნება ევროპული თუ გაეროს ფარგლებში. იქ უკვე შესაძლებელია კონკრეტული სახელმწიფოს მიმართ სხვადასხვა მექანიზმების გამოყენება.

ამ სამი პირის გარდა შესაძლებელია, რომ დაკავებულთა სიაში სხვებიც მოხვდნენ?

- ეს მხოლოდ ტრიბუნალში მოქმედმა პროკურორმა იცის. ამ ეტაპისთვის მათ სამი ადამიანი გამოკვეთეს. სავარაუდოდ, კიდევ გაგრძელდება ეს პროცესი. ამ ეტაპისთვის ბრალის წასაყენებლად ვინც დასაბუთებულად მიიჩნიეს, მხოლოდ მათი დაკავების გადაწყვეტილება მიიღეს.

იმ შემთხვევაში, თუკი ტრიბუნალმა გამამტყუნებელი სასჯელი გამოიტანა, რამდენწლიანი პატიმრობა შეიძლება შეეფარდოთ?

- სისხლის სამართლის ტრიბუნალის პრაქტიკაში სხვადასხვა შემთხვევა ყოფილა. ყოფილა 7-წლიანი, 12-წლიანი, 15-წლიანი პატიმრობა და თუ სწორად მახსოვს, ერთხელ 35-წლიანი პატირობაც კი მიუსაჯეს. ერთიანი პრაქტიკა არ აქვთ. ქმედებაზეა დამოკიდებული რას წაუყენებენ. სხვადასხვა სიმძიმეა - გენოციდი, ეთნიკური წმენდა, ადამიანის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული და ამათ შორისაც განსხვავება არის. აქედან გამომდინარე, სასჯელები ქმედებების შესაბამისია. მინიმუმი სასჯელი განსაზღვრული არ არის. ეს ხომ არ არის რომელიმე სახელმწიფოს სისხლის სამართლის კოდექსი. ჰააგის სასამართლო სხვანაირად მსჯელობს - ამა თუ იმ ადამიანმა ჩაიდინა ამდენი დანაშაული, მისი ბრალი, ქმედება არის მძიმე, როგორი სიმძიმისა და ხარისხისაა, ამ ხარისხის შესაბამისად მსჯელობს თუ რამდენ წლიანი პატიმრობა უნდა იყოს. ჰააგის ტრიბუნალის მიერ მისჯილი პატიმრები დღესაც ევროპისა და აზიის კონტინენტზე სასჯელს იხდიან.

პროკურორის გადაწყვეტილება გასაგებია და სასამართლო პროცესი რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს?

- ვერავინ ვერ გეტყვით სასამართლო პროცესი თუ რამდენ ხანში შეიძლება დასრულდეს. მით უმეტეს, იგივე სასამართლოს პრაქტიკაში არის ძალიან სწრაფი პროცესი. ბალკანური ქვეყნების ცნობილი საქმეები, იგივე კონგოს საქმე, რომელიც ხანგრძლივი იყო - თუ სწორად მახსოვს 7 წელი მიმდინარეობდა. ეს დამოკიდებულია იმაზე, პროკურატურა და სასამართლო მტკიცებულებებს როგორ მოიპოვებს, კონკრეტული სახელმწიფო ეთანამშრომლება თუ არა.