ზაფხული არც ისე ცხელია, მაგრამ პოლიტიკურად აშკარად ცხელი ზაფხული გვექნება. „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ხელმეორედ დაიბარეს. ამჯერად გიორგი გახარია სხდომაზე ჩორჩანას საკითხთან დაკავშირებითა არის დაბარებული. ყოფილ პრემიერს კომისიაზე 23 ივნისს ელოდებიან, მაგრამ უცნობია, ამჯერად მივა თუ არა კომისიზე გახარია. კომისიის თავმჯდომარეს თეა წულუკიანს იმედი აქვს, რომ გიორგი გახარია დამატებით გამოკითხვაზე გამოცხადდება.
„ჩვენ ვაგრძელებთ ჩორჩანის, წაღვლის და სხვა სოფლების თემაზე საუბარს, სადაც მან გვითხრა, რომ ტერიტორიის არც ერთი სანტიმეტრი, მისი ამ გადაწყვეტილებით, რომელიც საგუშაგოს განთავსებას შეეხებოდა, ოკუპირებული არ ყოფილაო, თბილისის ცენტრალურ ხელისუფლებას არ დაუკარგავს კონტროლიო. ჩვენ მოვისმინეთ წაღვლის მცხოვრებლის განმარტება, სადაც მან თქვა, რომ მთელი ტყე დაკარგა ქვეყანამ, ოკუპანტმა სახელმწიფომ დაიკავა და რუსეთი უფრო მეტად შემოვიდა ქართულ ტერიტორიაზე, ვიდრე მანამდე ჰქონდა ოკუპირებული. ეს ახსნა-განმარტებები და ჩვენებები ერთმანეთთან რადიკალურად წინააღმდეგობაშია, ამიტომ ჩვენი ვალია, მას დამატებითი კითხვები დავუსვათ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
გიორგი გახარიას თავაზე შავმა ღრუბელმა მოიყარა თავი. ამას ადასტურებს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, სადაც უკვე დაიკითხნენ 2019 წლის მდგომარეობით სუს-ის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური, მისი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი.
გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე მიმდინარეობს. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად შესწავლის საგანს წარმოადგენს 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შს ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედება.
ალექსანდრე ტაბატაძე, რომელიც მაშის სუს-ის მაღალჩინოსანი იყო, აცხადებს, რომ ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმა იყო ესკალაციის საფრთხე. შესაბამისად, მისი თქმით, 6 წლის წინ ამაზე იყო რეაქცია, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ საქმე სახელმწიფო უსაფრთხოებას ეხებოდა, საჯაროდ ვერ იტყოდნენ.
„რატომ არის ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებული, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას? რა მნიშვნელობა აქვს 6 წლის შემდეგ იქნება თუ...? მაშინაც გვქონდა რეაქცია, რა თქმა უნდა, მაგრამ როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოებას ეხება საქმე, საჯაროდ ვერ ვიტყოდით და ვერც დღეს გეტყვით ვერაფერს. რა თქმა უნდა, იყო ესკალაციის საფრთხე და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.
მანამდე, ამ ხელისუფლების პირობებში 2 საგუშაგო დაიდგა, სადაც მოსახლეობას პრობლემები ექმნებოდა? ეს იყო 2012 წელს, როდესაც გორის რაიონის სოფელ ზარდიაანთკარში დაიდგა ერთი სტაციონარული საგუშაგო, მაგრამ ეს იყო ყველა უწყებასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორებთან შეთანხმებული. ამის შემდეგ, იქიდან არანაირი საოკუპაციო ხაზი არ გადმოწეულა. საგუშაგო დაიდგა საჩხერის რაიონში, სოფელ პერევში. იგივე განხორციელდა იქაც. ჩვენ ასევე, მოვახდინეთ კოორდინაცია“, - განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის, კახა კახიშვილის განცხადებით, ჩორჩანას საგუშაგოს აღმართვის საკითხზე მთავრობის ადმინისტრაცია ოფიციალურად ინფორმირებული არ ყოფილა. როგორც კახიშვილმა აღნიშნა, გამოძიებას მან უთხრა, რომ არც ერთ სამუშაო თათბირზე, რომელიც მისი მონაწილეობით მიმდინარეობდა, ეს საკითხი არ განხილულა. კითხვაზე, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ როდის შეიტყო აღნიშნულის შესახებ, კახიშვილმა განაცხადა, რომ არც ერთი უწყებიდან ადმინისტრაციაში კორესპონდენცია არ შესულა.
„ამ საკითხთან დაკავშირებით, არცერთი უწყებიდან ოფიციალური კორესპონდენცია პრემიერ-მინისტრის ინფორმირებულობის მიზნით, ადმინისტრაციაში არ შემოსულა. ვერ დავადასტურებ სატელეფონო ფორმატით იყო თუ არა პრემიერ-მინისტრისთვის ცნობილი, მაგრამ ოფიციალურ ფორმატში ინფორმაცია არ ყოფილა. თუ ნახავთ არქივებს, ეს საკითხი 29 აგვისტოს გახმაურდა, ხოლო 2 სექტემბერს, ფაქტობრივად 3 დღეში, მამუკა ბახტაძე გადადგა. ბახტაძემ გადადგომის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა.
თუმცა გადადგომამდე 1 კვირის წინ, უმაღლესმა თანამდებობის პირებმა ვიცოდით, რომ პრემიერი გადადგომას აპირებდა, შესაბამისად, პრემიერი აქტიურობით არ გამოირჩეოდა. მეტიც, რადგან ბახტაძე თვლიდა, რომ უნდა გადამდგარიყო, აგვისტოს მეორე ნახევარში მთავრობის სხდომებიც არ ჩატარებულა. 29-ში რომ გახდა ცნობილი და 2-ში თანამდებობას ტოვებს, რა რეაგირება უნდა მოეხდინა მას?!“, - განაცხადა კახა კახიშვილმა, რომლის განცხადებით, ჩორჩანას საგუშაგოს შესახებ ინფორმაცია თავად მხოლოდ მედიის საშუალებით გაიგო.
გიორგი გახარია, რომლის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს და ხელისუფლების ყოფილმა მაღალჩინოსნებმა უკვე მისცეს ჩვენება, ამ დრომდე მედიასთან არ გამოჩენილა. შესაბამისად, უცნობია ვისი დავალებით მოქმედებდა გახარია და თუ არა დავალება, მაშინ რას ემსახურებოდა მისი გადაწყვეტილება და რატომ არ ჩააყენა საქმის კურსში საქართველოს ხელისუფლება? კითხვები ბევრია, მაგრამ კითხვების ადრესატი არ ჩნდება.
პარტიაში კი აცხადებენ, რომ საქმეს პოლიტიკური მდგენელი აქვს. ბექა ლილუაშვილის განცხადებით, ჩორჩანას ეპიზოდი იყო ერთადერთი მოვლენა საქართველოს ისტორიაში, როდესაც სამხედრო ესკალაციის გარეშე მოხდა ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების დაცვა და მცოცავი ოკუპაციის შეჩერება. მისი თქმით, ამ მოვლენით ქვეყნამ ეროვნული და ტერიტორიული ინტერესები დაიცვა.
„ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, რომელიც გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში განხორციელდა ყველა შესაბამისი უწყების ჩართულობით და ამ მოვლენამ მოახდინა ის, რომ ჩვენ დავიცავით ქვეყნის ეროვნული და ტერიტორიული ინტერესები. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ქვეყანამ მოახერხა, ყოველგვარი ესკალაციის საფრთხის გარეშე, ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების დაცვა.
ამის უკან, ეს პროცესი, რაც წარმოებს პროკურატურის და საგამოძიებო კომისიის მხრიდან, სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური დევნა გიორგი გახარიას წინააღმდეგ და ეს არ არის ახალი დაწყებული. იგივე კომისიაზე დაბარების საკითხი, სადაც ჩანდა, რომ სისხლის სამართლებრივი, პოლიტიკური დევნის საფუძვლები მზადდებოდა და ეს არის პოლიტიკური დევნის მკაფიო მაგალითი, რომელიც კარგად აჩვენებს, ვინაა რეალური პრობლემა „ქართული ოცნებისთვის“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, ჩორჩანასთან დაკავშირებით გიორგი გახარიას მიმართ კითხვები ლეგიტიმურია. როგორც ვოლსკი აცხადებს, ჩორჩანაში საგუშაგოს დადგმა რუსეთის საოკუპაციო ძალის გადმოწევის წინაპირობა იყო, რის შედეგადაც დაიკარგა ტერიტორიის მილიონი კვადრატული მეტრი და ამავდროულად, ახალგორის მიმართულება ხალხისთვის სრულიად ჩაიკეტა.
„კარგად იცით, რომ საგარეო და საშინაო თემებში ჩვენთვის ყველაზე მთავარი არის საკითხი, რომელიც ეხება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და იმ საფრთხეებს, რასაც ქმნის ოკუპაცია, საოკუპაციო ჯარი, სამხედრო ქვედანაყოფები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან. არაერთი ობიექტია, ათეულობით ობიექტია საოკუპაციო ზოლის იქით, მაგრამ ზოლის აქეთ გადმოწევა ისე, რომ თავისი სტრატეგიული ამოცანები შეასრულოს რუსეთის ფედერაციამ, რასაკვირველია, არის ყველაზე მწვავე, რაც შეიძლება ამ ვითარებაში მოხდეს.
ჩორჩანაში საგუშაგოს დადგმა რუსეთის საოკუპაციო ძალის გადმოწევის წინაპირობა იყო, რის შედეგადაც დაიკარგა ტერიტორიის მილიონი კვადრატული მეტრი და საოკუპაციო ძალის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა. გარდა ამისა, სერიოზული შედეგია, რომელიც ახალგორის მიმართულებით მივიღეთ და თუკი რაღაც შესაძლებლობა არსებობდა, რომ ახალგორის მიმართულებით ხალხს ემოძრავა, ეს მიმართულება სრულიად ჩაიკეტა. ანუ, შედეგით თუ ვიმსჯელებთ, უმძიმესია ის ვითარება, რომელიც ოკუპაციის ამ კონკრეტულ მონაკვეთზე შეიქმნა და, რასაკვირველია, იმ პერიოდის ხელმძღვანელის მიმართ დასმული კითხვები ლეგიტიმური, აუცილებელი და სასწრაფოა“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
პოლიტიკურ მდგენელს ვერ ხედავს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, დღეს, ზეწოლას ეძახიან იმას, რასაც სხვა მოტივი გარდა პოლიტიკისა არ აქვს.
„მგონია, რომ ზეწოლის ტერმინს არ ხმარობენ, არ იმსახურებს ისეთი შემთხვევა, როდესაც ერთი პარტია, მეორე პარტიას ებრძვის და ძალიან ხშირად კომპრომატებით ებრძვიან. კომპრომატებით ბროძოლა ზეწოლად არ ითვლება, ითვლება ბრძოლად და სამწუხაროდ, ასეთ ბრძოლებს ვერ გადარჩება ვერავინ და ვერც საქართველო. მიდის ჩვეულებრივი ბრძოლა პოლიტიკურ ძალებს შორის და ერთი პოლიტიკური ძალა, მეორეს გაუხსენებს თუ რამდე შეცდომა ჰქონდა დაშვებული. ისევე, როგორც ოპოზიციური ძალები გახარიასთან ამ ტიპის კამათის ფონზე იხსენებენ ხოლმე - კი მაგრამ, მერე რატომ დააწინაურეთ პრემიერადო? ასე რომ, ორივე მხრიდან მიდის სროლა ჯერჯერობით მხოლოდ ბრალდებების და რომელს უფრო დაუჯერებს ამომრჩეველი, ის ნასროლი გამოდგება უფრო შედეგიანი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.