ისრაელი იმედოვნებს, რომ ირანელები რეჟიმის წინააღმდეგ აჯანყდებიან - შესაძლებელია ეს?

ისრაელი იმედოვნებს, რომ ირანელები რეჟიმის წინააღმდეგ აჯანყდებიან - შესაძლებელია ეს?

ისრაელის მიერ ირანზე თავდასხმების მასშტაბები იმაზე მიუთითებს, რომ ისრაელის მიზანი არა მხოლოდ ბირთვული საფრთხის აღმოფხვრაა, არამედ ისლამური რესპუბლიკის რეჟიმის შეცვლაც. რამდენად რეალისტურია ასეთი შედეგი?

პარასკევს საღამოს, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ირანელ ხალხს ლიდერების წინააღმდეგ აჯანყებისკენ მოუწოდ.

„ისრაელის სამხედრო ოპერაციის მიზანია როგორც ბირთვული, ასევე სარაკეტო საფრთხეების აღმოფხვრა“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ. „და როდესაც ჩვენ ჩვენს მიზნებს მივაღწევთ, ჩვენ ასევე ვასუფთავებთ გზას თქვენთვის თქვენი მიზნის - თავისუფლების - მისაღწევად“ - დაამატა ნეთანიაჰუმ.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ რეჟიმის შეცვლის იმედი შესაძლოა ირანზე ისრაელის ამჟამინდელი თავდასხმების ერთ-ერთი მიზეზი იყოს. „ისრაელს ხალხის აჯანყების ხილვა სურს“, - განუცხადა „როიტერსს“ ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის ინსტიტუტის წარმომადგენელმა და ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მაიკლ სინგჰმა.

ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად უკვე დაიღუპა ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური, არმიის შტაბის უფროსი და ირანის სხვა მაღალი რანგის სამხედრო პირები. ირანის საპასუხო დარტყმის შემდეგ, ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „მოსალოდნელია კიდევ რამდენიმე თავდასხმის განხორციელება“, რაც მიანიშნა ირანელი ლიდერების კიდევ უფრო მეტი თავდასხმის და შესაძლოა, მკვლელობის შესაძლებლობაზე.

თუმცა, გაურკვეველი რჩება, შეიძლება თუ არა მიმდინარე მოვლენებმა გამოიწვიოს შიდა არასტაბილურობა და ანტისამთავრობო მოძრაობა. ამ ეტაპზე არ არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულება იმისა, რომ ასეთი პროცესები უკვე დაწყებულია და თუკი ისინი დაიწყება, მათი შედეგი სრულიად არაპროგნოზირებადია.

ისრაელისთვის სასურველი შედეგი, სავარაუდოდ, აჯანყება იქნება, რომელიც ხელისუფლებაში მოკავშირე ძალების მოსვლით დასრულდება. თუმცა, მთავარი კითხვაა, ვინ შეიძლება იყოს ამჟამინდელი რეჟიმის სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივა?

ირანის ოპოზიცია ბოლო წლებში ფრაგმენტული დარჩა. 2022 წელს „ქალი. სიცოცხლე. თავისუფლება“ მოძრაობის აჯანყებების შემდეგ, რომლებმაც ქვეყნის დიდი ნაწილი მოიცვა, ზოგიერთმა ოპოზიციურმა ჯგუფმა სცადა ანტიისლამისტი და რესპუბლიკელი აქტივისტების ფართო სპექტრის კოალიციის შექმნა. თუმცა, შიდა დაპირისპირებამ, მათ შორის ლიდერობისა და მომავალი მმართველობის ფორმის საკითხთან დაკავშირებით, სწრაფად შეარყია ეს ძალისხმევა.

ისრაელის მიერ სასურველ ალტერნატივად განხილულ ფიგურებს შორისაა ირანის უკანასკნელი შაჰის ვაჟი, რეზა ფეჰლევი. ის ემიგრაციაში ცხოვრობს, ცდილობს დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერის მოპოვებას და ისრაელსაც კი ესტუმრა. თუმცა, ზოგიერთ ირანელში მისი პოპულარობის მიუხედავად, ჯერ არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ ის შეიძლება ოპოზიციური მოძრაობის მიზიდულობის ცენტრად იქცეს.

ასევე არსებობს „მუჯაჰედინ-ე ხალკი“ (MEK), ემიგრაციაში მყოფი მემარცხენე ოპოზიციური ჯგუფი, რომელიც ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ისლამურ რესპუბლიკას, არამედ მონარქიის აღდგენასაც. 1980-იან წლებში MEK-მა მხარი დაუჭირა სადამ ჰუსეინს ირან-ერაყის ომის დროს, რაც ბევრი ირანელის თვალში მათ რეპუტაციას ლაქად აქცევს. ჯგუფს გავლენიანი მხარდამჭერები ჰყავს შეერთებულ შტატებში, რომელთაგან ზოგიერთი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბანაკთანაა დაახლოებული, მაგრამ მათი გავლენა ვაშინგტონის ამჟამინდელ ადმინისტრაციაზე მნიშვნელოვნად შემცირდა.

არსებობენ სხვა პოლიტიკური ძალებიც, სეკულარული დემოკრატებიდან დაწყებული საპარლამენტო მონარქებით დამთავრებული. თუმცა, ანალიტიკოსების თქმით, ამ ჯგუფებიდან არც ერთს არ აქვს მხარდაჭერა.

მაიკლ სინგჰის თქმით, ამჟამად არავინ იცის, ზუსტად რა პირობებმა შეიძლება გამოიწვიოს ოპოზიციის რეალური გაერთიანება.

გასულ წელს ირანსა და ისრაელს შორის დაძაბულობის ესკალაციის დროს, რეჟიმის დამხობის საზოგადოებრივი მოთხოვნის სერიოზული ნიშნები არ არსებობდა. თუმცა, მიმდინარე მოვლენები, ნგრევის მასშტაბის თვალსაზრისით, შედარებადი არ არის. მიუხედავად ამისა, მაიკლ სინგჰის თქმით, ისრაელის უპრეცედენტო დარტყმით მიყენებული ზიანის მიუხედავად, ათწლეულების განმავლობაში ისრაელის საწინააღმდეგო რიტორიკამ და იდეოლოგიამ - არა მხოლოდ ხელმძღვანელობაში, არამედ ირანის მრავალრიცხოვან შიიტ მოსახლეობაშიც ეჭვქვეშ დააყენა ხელისუფლების შეცვლის ფართომასშტაბიანი სახალხო მხარდაჭერის შესაძლებლობა.

კიდევ ერთი შესაძლო სცენარი რეჟიმის კოლაფსია, რასაც მოჰყვება ქაოსი, დასძენს ანალიტიკოსი. დაახლოებით 90 მილიონინი მოსახლეობის მქონე ქვეყანაში ასეთ სიტუაციას კატასტროფული შედეგები მოჰყვება მთელი რეგიონისთვის.

სამხედრო ექსპერტის, მიკ რაიანის თქმით, რუსეთს და ჩინეთს შეუძლიათ ირანს ამჟამინდელი რეჟიმის შესანარჩუნებლად მხარდაჭერა გაუწიონ.

„ირანის რუსეთთან ურთიერთობისა და ჩინეთის ინტერესის გათვალისწინებით, რომ კომუნისტური პარტია ხელისუფლებაში შეინარჩუნოს, რუსეთმა და ჩინეთმა შესაძლოა მხარდაჭერა გაუწიონ ირანის რეჟიმის შენარჩუნებას. არც პუტინს და არც სი ძინპინს არ სურთ, რომ მათ მოქალაქეებს ავტორიტარული რეჟიმის დამხობის მაგალითი აჩვენონ“, - წერს ის.

კითხვა კვლავ აქტუალური რჩება: რა მიზნები აქვს ირანს ამ ეტაპზე? ისრაელში სამიზნეებზე განხორციელებული დარტყმების სერიის მიუხედავად, თეირანს დიდი არჩევანი არ აქვს. ერთ-ერთი ვარიანტია აშშ-სთან მოლაპარაკებების გაგრძელება და დეესკალაცია. თუმცა, ასეთი ნაბიჯი აღქმული იქნება, როგორც სისუსტის აღიარება - განსაკუთრებით ტრამპის მოთხოვნების შემდეგ და, შესაძლოა, ირანის ხელმძღვანელობას მაღალი ფასი დაუჯდეს, - აღნიშნავს ექსპერტი.

წყარო: https://www.bbc.com/russian/articles/cpvk9p0g8r9o