სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) ჩაატარა კვლევა, რომლის თანახმადაც, ამომრჩეველთა მეტი ნაწილი ემხრობა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ერთიანი სიით მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში. კითხვაზე, „ოპოზიციურმა პარტიებმა 2025 წლის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში ერთიანი სიით უნდა მიიღონ მონაწილეობა, თუ ცალკე სიებით?“ პასუხები ასე გადანაწილდა: „ერთიანი სიით უნდა მიიღონ მონაწილეობა“ - 23,5%; „ალბათ, ერთიანი სიით უნდა მიიღონ მონაწილეობა“ - 13,9%; „ალბათ, ცალკე სიებით უნდა მიიღონ მონაწილეობა“ – 10,6%; „ცალკე სიებით უნდა მიიღონ მონაწილეობა“ – 13,4%; „არ ვიცი/უარი კითხვაზე“ - 38,6%.
აღნიშნულმა კვლევამ განამტკიცა მოსაზრება, რომ ოპოზიციური სპექტრი კიდევ ერთხელ უნდა დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და ეცადოს კონსენსუსის მიღწევას.
კონსტიტუციონალისტი ირაკლი ხმალაძე For.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი გეგმა უნდა შეიმუშაონ, სხვა შემთხვევაში მათი მარცხი გარდაუვალია.
„პროფესიულად და ობიექტურად ჩატარებული სოციალური კვლევის შედეგები უნდა იყოს დამაფიქრებელი ყველასთვის, ვინც კი ფიქრობს ადგილობრივ არჩევნებზე, იმისათვის რომ შეფასდეს არჩევნებში მონაწილეობის მოსალოდნელი შედეგები, ამის მიხედვით უნდა გაკეთდეს დასკვნა. თუმცა, იმ მწირი მონაცემებითაც კი, რომელიც გამოქვეყნდა, ერთი რამ არის ცხადი: თუ ოპოზიციური პარტიებმა ერთობლივი პოზიცია არ შეიმუშავეს, მაშინ ოპოზიციის მარცხი, პრაქტიკულად, გარდაუვალი იქნება. არჩევნებში მეტ-ნაკლები წარმატების მიღწევის წინაპირობა ოპოზიციისთვის იქნება მათი ერთობლივი პოზიცია, სხვაგვარად დამარცხდებიან“, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ ოპოზიციურმა სპექტრმა ადგილობრიც არჩევნებში უნდა მიიღოს მონაწილეობა, თუკი ამას მისი ამომრჩეველი უკარნახებს.
„ძალიან იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ბოიკოტს შედეგი მოაქვს. თუკი უკარნახებს ოპოზიციური განწყობელიების ხალხი მათ პოლიტიკოსებს, რომ ჩაებნენ ბრძოლაში, ალბათ, უკეთესი იქნება, თუ გვიანი არ არის უკვე“, - აღნიშნა მან.
ISSA-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, თბილისელების გამოკვეთილი უმრავლესობა, ხოლო რეგიონების ყოველი მეორე მაცხოვრებელი ქვეყნის არასწორი მიმართულების განვითარებაზე მიუთითებს. კითხვაზე: თქვენი აზრით, ზოგადად, საქართველო ვითარდება სწორი მიმართულებით, თუ თვლით, რომ ქვეყანა ვითარდება არასწორი მიმართულებით? - საქართველოს მასშტაბით გამოკითხული მოსახლეობის 33.0%-ი თვლის, რომ სწორი მიმართულებით ვითარდება. საქართველოს მასშტაბით გამოკითხული მოსახლეობის 57.1% თვლის, რომ არასწორი მიმართულებით ვითარდება. საქართველოს მასშტაბით გამოკითხული მოსახლეობის 6.6% თვლის, რომ არცერთი მიმართულებით ვითარდება. საქართველოს მასშტაბით გამოკითხული მოსახლეობის 3.3%-მა არ იცის ან უარს აცხადებს პასუხზე.
რამაზ საყვარელიძის თქმით, ეს კვლევა ვერ იქნება იმის ინდიკატორი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მისი საგარეო პოლიტიკა შეცვალოს, რადგან მისი შეფასებით, მმართველ პოლიტიკურ ძალას არ სურს ხელისუფლება „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩააბაროს.
„არ მგონია, რომ ასეთი მონაცემები გამოდგეს იმის პულსად, რომ პოლიტიკა შეცვალონ. მთელი ეს აქციები, დასავლეთთან მიმართებაში, გამოწვეულია იმით, რომ ხელისუფლებას არ უნდა არგუმენტების გარეშე გამოაცხადოს ხელახალი არჩევნები და ხელისუფლება დაუთმოს „ნაციონალურ მოძრაობას“. მეეჭვება, რომ ასეთი სოციოლოგიური მონაცემი გახდეს ცვლილების მიზეზი, რადგან ამ ცვლილების უკან დგას საკითხი, ვის ხელში იქნება ხელისუფლება“, - დასძინა რამაზ საყვარელიძემ ჩვენთან საუბარში.
სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილის შეფასებით, კვლევამ აჩვენა, რომ ოპოზიციური განწყობები საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, მაღალია. მისი თქმით, ზოგი ოპოზიციური პარტია რომ იღებს მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში და ზოგი არა, ეს ყველაზე უფრო მეტად აზიანებს არჩევნების გზით ხელისუფლების მოპოვების შესაძლებლობას თბილისში.
„კვლევამ აჩვენა, რომ ოპოზიციური განწყობები საქართველოში, განსაკუთრებით, თბილისში მაღალია. თბილისში, ჯამურად, ოპოზიციურ განწყობების ხვედრი წილი დაახლოებით, 66%-ია, ხოლო „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის წილი დაახლოებით, 25%-ია. ანუ, მნიშვნელოვნად მაღალია ოპოზიციური პოლიტიკური ძალების მიმართ მხარდაჭერა, ოღონდ ძალიან დიდ გამოწვევას წარმოადგენს ეს უპირატესობა, როგორ შეიძლება, ითარგმნოს რეალურ საარჩევნო ტაქტიკებში - ანუ, როგორ უნდა გამოიყენოს ოპოზიციამ უპირატესობა „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებით, რათა თბილისში ძალაუფლება მოიპოვოს. ამას სჭირდება რამდენიმე დათქმა და სერიოზული წინაპირობა. სამწუხაროდ, ეს წინაპირობები ჯერჯერობით არ სრულდება და ის, რაც დღეს საქართველოში ხდება უფრო მეტად „ქართული ოცნების“ პროექტისთვის წყლის დასხმაა, ვიდრე ოპოზიციური პროექტისთვის. კერძოდ, ეს ზიგზაგური მოძრაობა - ზოგი იღებს მონაწილეობას, ზოგი არა, ზოგი ბოიკოტს უცხადებს არჩევნებს, ზოგი პირიქით მონაწილეობას ემხრობა, ეს ყველაზე უფრო მეტად აზიანებს არჩევნების გზით ხელისუფლების მოპოვების შესაძლებლობას თბილისში. ამიტომ, აუცილებელია, ოპოზიციურმა ძალებმა ამ მიმართულებით საერთო ენა გამონახონ - მოუწოდონ საკუთარ ამომრჩევლებს, მიიღონ მონაწილეობა, შეთანხმდნენ საერთო მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებზე. თუ ეს არ მოხდება, ძალიან რთულდება არჩევნებში გამარჯვება, თუნდაც თბილისში“, - განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.