„ირან-ისრაელის კონფლიქტთან დაკავშირებით ხელისუფლება გონივრულად მოქმედებს, ხოლო ვინც ამ თემით მანიპულირებს, უსაფრთხოების სამსახურის ინტერესის სფეროში უნდა მოხვდნენ“

„ირან-ისრაელის კონფლიქტთან დაკავშირებით ხელისუფლება გონივრულად მოქმედებს, ხოლო ვინც ამ თემით მანიპულირებს, უსაფრთხოების სამსახურის ინტერესის სფეროში უნდა მოხვდნენ“

ექსპერტები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, ირან-ისრაელის მზარდი კონფლიქტის ფონზე იმოქმედოს მაქსიმალური სიფრთხილით და მხოლოდ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. უსაფრთხოების საკითხებში ანალიტიკოსი დავით კუხალაშვილი for.ge-თან საუბარში აცხადებს, რომ მკვეთრმა პოზიციონირებამ, განცხადებებმა ან რომელიმე მხარის მხარდაჭერამ, შესაძლოა, ქვეყანა სერიოზული უსაფრთხოების ჩიხში მოაქციოს, დააზიანოს როგორც სტაბილურობა, ისე სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი.

მისი თქმით, ხელისუფლებას გააჩნია დახურულ წყაროებზე წვდომა, საიდანაც მიმდინარეობს ღრმა ანალიზი და რისკების იდენტიფიცირება ხდება - ეს კი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესბია. ექსპერტი ხაზს უსვამს, რომ საზოგადოებრივი ზეწოლა ან პოლიტიკური სპეკულაციები ამგვარ ვითარებაში მიუღებელია, რადგან საქართველოს მთავარი ამოცანა რეგიონის გამწვავებულ კრიზისში მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნებაა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სოციალურ ქსელში ირანის საზოგადოებრივი მაუწყებლის სტუდიის ფოტოს აზიარებენ, სადაც გამოფენილი იყო ისრაელის მიერ განადგურებული, ირანის მაღალჩინოსნების სურათები. უმრავლესობის წევრთა შეფასებით, ოპოზიციის პროპაგანდისტები პირდაპირ ახალისებენ მკვლელობას, რაც ქვეყნის ინტერესებს აზიანებს, ხოლო ჩვენს მოსახლეობაში მიზანმიმართულ სიძულვილს თესავენ.

„რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები დღენიადაგ ცდილობენ, რომ საზოგადოებაში გააღვივონ როგორც სიძულვილი, ასევე ყველაზე მძიმე დანაშაულები“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა. მისი თქმით, ეს სიძულვილი არის დასპონსორებული გარე ძალებისგან.

„თუ ჩვენ მათ ბუნებას გადავხედავთ, წარსულში ისინი არა მარტო სურვილით გამოდიოდნენ, რომ ადამიანები მოეკლათ, არამედ ადამიანებს პირდაპირ ქუჩაში კლავდნენ“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

კომენტარი ამ თემაზე პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმაც გააკეთა. ვოლსკი ამბობს, რომ ეს ოპოზიიცის მხრიდან მიზანმიმართული ქმედებებია და არც ერთი პოსტი ტყუილად არ იდება.

„არც ერთი პოსტი არ იდება გარკვეული მიზნის, წინასწარი შეთანხმებისა და ჩამოყალიბებული გეგმის გარეშე. აქ მხოლოდ ირაკლი კობახიძეზე არ არის საუბარი. აქ არის გარკვეული გეგმა, რომელიც საქართველოში პროცესების ე.წ. მაიდანიზაციას ითვალისწინებს, რაც აუცილებლად უნდა იყოს დაგვირგვინებული სისხლისღვრით. ეს არის ამოცანა. ამ ამოცანის შესასრულებლად ირანის, უკრაინის თუ სხვა ქვეყნის მაგალითებს გამოიყენებენ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. სულ არ აინტერესებთ, ვინ იქნება მოკლული ამ მიტინგების დროს - უმრავლესობის მხარდამჭერი თუ ოპოზიციის მხარდამჭერი - მთავარია, რომ სისხლი დაიღვაროს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

დავით კუხალაშვილი for.ge-თან ამბობს, რომ მიუხედავად საზოგადოების, პოლიტიკური სპექტრისა თუ მესამე სექტორის მოთხოვნებისა, საქართველოს ხელისუფლება ირან-ისრაელის კონფლიქტთან დაკავშირებით იმოქმედებს მხოლოდ ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.

„მხოლოდ სახელმწიფოსა და ხელისუფლებას აქვს წვდომა დახურულ წყაროებზე, რაც საიდუმლო ინფორმაციას გულისხმობს. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებას შეუძლია საფრთხეების იდენტიფიცირება და რისკების სწორად შეფასება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ის იმოქმედებს საზოგადოებრივი განწყობებისა და პოლიტიკური ჯგუფების სურვილების მიხედვით, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა სერიოზულ ჩიხში აღმოჩნდება. შესაძლებელია, ეს ჩიხი ისეთი სიღრმის იყოს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობაც კი შეეწიროს. ამიტომ ამ კონფლიქტთან დაკავშირებით ხელისუფლების ქმედებები და განცხადებები ფრთხილი და მოზომილი უნდა იყოს. არ არის აუცილებელი მკვეთრი ნაბიჯები ან ხმამაღალი განცხადებები. ხელისუფლება ამ ეტაპზე ზუსტად და გონივრულად მოქმედებს და მეტის საჭიროება არ არსებობს“, - ამბობს კუხალაშვილი.

მისი თქმით, ნებისმიერი ზეწოლა ხელისუფლებაზე, რომ მან რომელიმე მხარის სასარგებლოდ იმოქმედოს, უსაფრთხოების კუთხით სერიოზულ რისკს შეიცავს. ხოლო ისინი, ვინც ამ თემით მანიპულირებას ცდილობენ, უნდა მოხვდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინტერესის სფეროში.

„აუცილებელია, რომ ჩვენი სპეცსამსახურები დაინტერესდნენ იმ ადამიანებით, რომლებიც ხელისუფლებას ღიად მოუწოდებენ კონკრეტული პოზიციის დაფიქსირებისკენ ან ქმედებებისკენ. უნდა დადგინდეს, ხომ არ მოქმედებენ ისინი რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახურის ინტერესების შესაბამისად. დღეს საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესშია, ამ რთულ რეგიონულ კონფლიქტში სიმშვიდე შევინარჩუნოთ. ეს არის მთავარი, რასაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს. ამიტომ დაჟინებული მოწოდებები მკვეთრი პოზიციების დაფიქსირებისა და განცხადებების გაკეთებისკენ ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციაა. საერთაშორისო ურთიერთობებში, უსაფრთხოების კუთხით, გადაწყვეტილებები მიიღება ინფორმაციის ფართო ნაკადის ანალიზის საფუძველზე. შესაბამისად, სახელმწიფოს აქვს უპირატესობა - წვდომა დახურულ წყაროებზე. ფაქტია, რომ ამ რისკების შეფასება ხელისუფლებამ უკვე მოახდინა. ამიტომ ინიციატივების გაჟღერება ან სიჩქარის გამოვლენა მხოლოდ მავნებლურ შედეგს გამოიწვევს“, – აცხადებს კუხალაშვილი.

რაც შეეხება ლტოლვილთა ნაკადის საქართველოში შემოსვლის საფრთხესა და პრევენციულ ზომებს, უსაფრთხოების ექსპერტის თქმით, საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს არსებული რისკების გათვალისწინებით და განსაზღვრავს, როგორი ტიპის ლტოლვილთა მიღებაა შესაძლებელი და ვინ შეიძლება მოხვდეს ამ ნაკადში.

„ლტოლვილთა მიღება ჰუმანიტარული აქტია. შესაბამისად, გაჭირვებაში მყოფი ადამიანების მიტოვება სახელმწიფოსა და ხელისუფლებისთვის მისაღები არ არის. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა დონის საფრთხესა და რისკებთან გვექნება საქმე. ასევე, ქვეყნის იმიჯისთვისაც უარყოფითი იქნება, თუ ის გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს უარს ეტყვის. ბუნებრივია, ყველა სახელმწიფოს აქვს თავისი პოლიტიკურ-უსაფრთხოების ინტერესები და შესაძლებელია, საქართველოდან მკვეთრი პოზიციის დაფიქსირება მოითხოვონ როგორც ევროპის ქვეყნებმა, ისე სხვა პარტნიორებმა. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოს ხელისუფლებამ მხოლოდ საკუთარი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს. მთავარი ის არის, რომ მიღებული გადაწყვეტილებები იყოს ჩვენი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი“, – აცხადებს ანალიტიკოსი.