„რევოლუცია! რევოლუცია!“ „ცეცხლი ოლიგარქიას!“ „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“ - რუსთაველის გამზირზე პროტესტი გრძელდება. რადიკალური დასავლეთის გეგმაში ისევ აქტუალურია საქართველოში ხელისუფლების შეცვლა. ამჯერად გეგმა მოდერნიზებული, უფრო დახვეწილი და მზაკვრულია. ამჯერად პოლიტიკურ დაპირისპირებაში ახალი გეგმა შემოვიდა - ე.წ. მუსლიმ ემიგრანტთა შემოსევა და ხელისუფლების ხელშეწყობით მათი მუდმივი ბინადრობის მოწმობით დამკვიდრების საკითხი. რა მიზანს ემსახურება აღნიშნული დეზინფორმაცია, ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
რადიკალურ ძალებთან ერთად გააქტიურდნენ ადამიანთა ჯგუფები. ნაწილი საუბრობს იმაზე, რომ მასიურად შემოდიან ირანელები ქვეყანაში და ხელისუფლება ამას ხელს უწყობს, მეორე ნაწილი და ამ შემთხვევაში გია კორკოტაშვილი აანონსებს სახალხო პოლიციის შექმნას, რომ გააკონტროლონ მიგრანტები. უმძიმესი პიოლიტიკური ზეწოლის ფონზე გვიწევს ცხოვრება და ვხედავთ, რომ დაპირისპირების ახალი ეტაპი დაიწყო. რა ნაბიჯები უნდა გადადგას სახელმწიფომ, რომ არ დაუშვას ქვეყანაში ის, რაც არის მიზანი - ქვეყნის საომარ პროცესში ჩართვა?
რამაზ საყვარელიძე: მცდელობა ნამდვილად არის. მარტივი სიტუაცია არ არის. მართლაც, ბოლო ხანებში პროტესტში ხაზი ესმევა მომენტს, რომ ბევრი უცხოელი შემოვიდა, რაც პარადოქსულია, იმიტომ რომ ეს საპროტესტო აქციები არ არის კონსერვატიული პოლიტიკური ძალების, ხოლო ლოზუნგი კონსერვატიულია, სულ რევოლუციას გაიძახიან. არადა, თავად ხელისუფლების პოლიტიკური ორიენტაციაა კონსერვატიული.
ესენი რადგან რევოლუციას იძახიან, ე.ი. ეს ხელისუფლება არ აწყობთ. მაშინ რატომ ამბობენ იმას, რომ უცხოელები გავყაროთო? უბრალოდ, იპოვეს თემა, რომლითაც უკამაყოფილოა საზოგადოება და ახლა ამ თემის ტრიალი მიდის. შეიძლება ზოგიერთი დაკვეთით იყოს ჩაჭიდებული ამ თემას და შეიძლება ზოგს მართლა აწუხებს. რა თქმა უნდა, არის შემაწუხებელი, მაგრამ გავითავლისწონოთ, იმ ნიღბიანებისა არ იყოს, სოციალურ ქსელში გაჩნდა კითხვები - საიდან აქვთ ამ ნიღბების და ჩირაღდნების ფული? აშკარად ისევ საქმე გავქვს დაფინანსებულ საპროტესტო აქციებთან.
თუ გვაქვს საქმე დაფინანსებულ აქციებთან, მაშინ დავაკვირდეთ - ვიღაცამ ხომ დააფინანსა ეს აქციები, ეს ვიღაცა თბილისში არ ზის. უფრო დიდი ფულია დახარჯული და უფრო სერიოზული დაფინანსებებია, რაც ნიშნავს იმას, რომ დასავლეთიდან გიპირისპირდებიან. ეს უილსონიც ჩასაფრებულია. ვხედავთ, რომ ერთ დღეში მიდის ინფორმაცია, ვიღაცა ინტენსიურად აწვდის ამ საპროტესტო ინფორმაციას, რომ მან მთელი დასავლეთის გასაგებად გამოთქვას უკმაყოფილება საქარვთველოს მიმართ და აღწეროს თურმე რა საშინელება ხდება, დიქტატურაა საქართველოში. ასეთ თამაშთან გვაქვს საქმე.
არიან ადამიანები, რომლებიც თავს ისულელებენ და გულუბრყვილოდ კითხულობენ, რომ ნუთუ არ შეიძლება ეს ხელისუფლებამ აღკვეთოსო? ამისთვის არიან ჩასაფრებული ის ძალები, რომლებიც ახლა მონაწილეობენ ამ აქციებში. იმათ ჰყავთ ტელეფონზე გამაგრებული უილსონი, ერთი პროცესია და ეს პროცესი ლიბერალების მხრიდან გამართულია სწორედ იმისთვის, რომ ამ ადგილას, კავკასიაში კონსერვატიული პოლიტიკური ძალები, რომელსაც წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლება, აღარ იყვნენ და მომავალში თუ აქ გაივლის რაიმე ტრანზიტი, ის ტრანზიტი გააკონტროლონ ლიბერალურმა პოლიტიკურმა ძალებმა. წმინდა წყლის პოლიტიკური ბრძოლა მიდის, უბრალოდ, ადამიანთა გულუბრყვილობის გამოყენებით - ზოგან ბომბებს იყენებენ და ზოგან ადამიანის გულუბრყვილობას.
ვხედავთ, რომ საპროტესტო მუხტი უფრო დახვეწილია, ახალი მეთოდები შემოტანეს, რომელიც გაცილებით აგრესიულია და ვხედავთ, რომ დღის წესრიგში ისევ არის პოლიტიკური სიტუაციის რადიკალიზაცია, ქაოსი, დესტაბილიზაცია, რაც გულისხმობს ხელისუფლების ძალადობრივ დამხობას. მაგრამ, რეალურად, მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ცვლილებაა მათი მოტივი? თქვენ ახსენეთ სატრანზიტო ხაზი, რომელმაც უნდა გაიაროს საქართველოზე და ბრძოლა მიდის იმაზე, ვინ გააკონტოლებს ამ ხაზს და ამიტომ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება აქ ხელისუფლებაში, ანუ რამდენად მართვადი მმართველი იქნება?
- როგორც ჩანს, არიან ჯგუფები და ასეთი რამ ხშირად ხდება პოლიტიკაში, რომლებიც მეტოქეს პირდებიან, შენ თუ მე დამსვამ ხელისუფლებაში, გავაკეთებ იმას, რაც შენ გინდა. ჯერ კიდევ რუსეთის რევოლუციის დროს 1917 წელს, როგორც ჩანს, ასეთი შეპირება მისცა ლენინმა გერმანიას, რომ გამოვიყვანთ რუსეთს პირველი მსოფლიო ომიდანო და მართლაც გამოიყვანა. მაშინ მთელი რუსეთი ამბობდა, რომ ლენინი გერმანიის აგენტი იყო. იმ მომენტში ლენინს ეჭირა ხელისუფლება და არც არაფერი მოსვლია. ეს, ისე, მაგლითისთვის, თან ის სისხლიანი ომი იყო. ჯერჯერობით ჩვენთან ასე არ არის. როცა ოპოზიციაში მყოფი რაღაცა ჯგუფი პირდება მტერს, რომ მის მიზანს ხელს შეუწყობს, მაშინ იწყება ასეთი გადაადგილებები, რომ გარედან უცხოელები აწვებიან და შიგნიდან ოპოზიცია აქტიურობს, რომ მიიღონ ის სურათი, რომელიც ერთსაც სჭირდება და მეორესაც.
როგორ ფიქრობთ, რამდენად მიღწევადი იქნება ეს სცენარი? მით უმეტეს, რომ წინ გაქვს თვითმართველობის არჩევნები, რომელიც თავისი მნიშვნელობით არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ კუთხით, რომ ერთადერთი არჩევითი ორგანოა...
- წარმოუდგენელიაო რომ ვთქვა, ღიმილის მომგვრელი იქნება, რადგან მთელი მსოფლიო დუღს და ამ დუღილის ფონზე რომელ მღვრიე წყალში რა თევზს დაინახავს ესა თუ ის პოლიტიკური ძალა და რა თევზის დაჭერას ეცდება, ძნელი სათქმელია. რა თქმა უნდა, საკამოდ სერიოზული მდგომარეობა არის. ოღონდ, მე ვისურვებდი, რომ რასაც მეკითხებით ამ კითხვებზე პასუხი საჯაროდ გაეცა ხელისუფლებას. ჩვენი დიალოგი მაინც ყურადღებიანი მკითხველის თვალში მოხვდება, ხოლო ხელისუფლების განცხადებას ყველა მიაქცევს ყურადღებას. ამიტომ, თუკი მთლიანი საზოგადოების მობილიზაციის საჭიროება დგას და უდავოდ დგას, ამ ფონზე ვისურვებდი, რომ ხელისუფლება მიჰყვეს ამ მოვლენებს თავისი კომენტარებით და არ დაიმალოს. დამალვით პრობლემა არ წყდება.
პრინციპში, ალბათ, არ იმალება. იგივე შალვა პაპუაშვილი ყოველდღიურად გადასულია მხილების კამპანიაში და ამერიკის საელჩოს შემდეგ ის ღიად უპირისპირდება ბრიტანეთის საელჩოს და მიმართავს გაასაჯაროონ ვის რა თანხებით აფინანსებდა 2004 წელს და რა გრანტებია დღეს გამოყოფილი. ამერიკის საელჩოს ჩაენაცვლა ბრიტანეთის, გერმანიის და საფრანგეთის საელჩო, რომლებიც დაუფარავად მოქმედებენ ქვეყანაში პოლიტიკური ხელისუფლების წინააღმდეგ...
- დღეს ულტრალიბერალიზმის მედროშე გახდნენ ევროპული ქვეყნები, რადგან ბაიდენის წასვლის მერე ამერიკა ასე გაბედულად ვერ იცავს ლიბერალიზმს, როგორც ადრე. მაგრამ ევროპა და უპირველს ყოვლისა ინგლისი, გერმანია, საფრანგეთი ლიბერალიზმის მომხრეები არიან. გავიხსენოთ, რომ ეს ქვეყნები უკრაინის საკითხშიც იმ პოზიციას იკავებენ, რასაც ბაიდენის და მისი ჯგუფი ამერიკაში. ასე რომ, ამ შემთხვევაში მიზიდულობის წერტილი გადმოვიდა სხვა მიმართულებით. ლიბერალური ძალების ფოკუსირება ახლა ხდება ევროპაში. ამ ფაქტთან გვაქვს საქმე, რაც არაერთხელ ახსენეს კიდეც, მაგრამ მაინც პროპაგანდა სჭირდება ყველაფერს. ჩვენ საგინებლად დავიტოვეთ, მაგრამ ნებისმიერ ბრძოლას სჭირდება პროპაგანდა. როდესაც დავით აღმაშენებელმა მიმართა თავის ჯარს, ის პროპაგანდა იყო და ასეთი საპროპაგანდო ამოცანა ჩვენ ძალიან ინტენსიურად გვიდგება ყოველდღე და ამიტომ, მნიშვნელოვანი ხდება პროპაგანდის კანონი და ამას აღნიშნავს ყველა.
მთავარი არის გამეორება, სიხშრე. ერთხელ ნათქვამი ჭეშმარიტება არაფერს არ იძლევა. რაც მიგაჩნია ჭეშმარიტებად, უნდა ითქვას ყოველდღე და ავტომატურად უნდა იყოს ჩართული მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება, ამ მხრივ ჩვენი ლიდერები არ გამოირჩევიან. ერთხელ გამოვლენ და თვლიან, რომ საკმარისია. სამწუხაროდ, არ არის ასე ადვილი მოსახლეობის ინფორმაციული შიმშილის დაკმაყოფილება.
საქართველოში ხელისუფლების შეცვლას ლობირებს დასავლეთი, ამ პროცესებს შორიდან აკვირდება რუსეთი, მაგრამ თუკი აქ რეალურად დადგა საფრთხე ხელიუსფლების ცვლილების, როგორ ფიქრობთ, რუსეთი უკვე არ იქნება მაყურებლის როლში და გადავა მოქმედებაზე?
- ლაპარაკი არის და ხანდახან პირდაპირ, მაგრამ ირიბად ყოველთვის დასავლეთის მხრიდან ლაპარაკი არის იმაზე, რომ ეს ხელისუფლება წინა ხელისუფლებით უნდა შეიცვალოს. მარტო ის, რომ „ოცნება“ წავიდეს, ეს არაა თემა. კარგად იციან, რომ შემდეგი ალტერნატივა არის „ნაციონალური მოძრაობა“ და ამაზე დიდი სიამოვნებით თანხმდებიან, რომ აი, წინა ხელისუფლების დროს დემოკრატიის მიმართ პრეტენზიები არ იყო და ევროპისკენ მოძრაობის საკითხი მთლიანად გამართული იყოო. მათთვის წინა ხელისუფლება არის იდეალი. თუ ხელისუფლების შეცვლაზე ლაპარაკობენ ჩვენი დასავლელი მეგობრები, ეს უდავოდ იქნება ხელუფლების ნაციონალებით შეცვლა.
მაგრამ თუ ხელისუფლება ნაციონალებით შეიცვლება ეს რუსეთის რეაქციას არ გამოიწვევს, იმიტომ რომ 2003 წელს რუსეთმა და ამერიკამ ერთად მოიყვანეს ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“. ასე რომ, მათაც აწყობთ ეს ცვლილება და იმიტომ არიან გასუსულები და ჩუმად. ერთადერთი იძახიან, რომ აი, საქართველომ წინააღმდეგობა გაუწია დასავლეთსო და ეს ჩვეული თემაა, დასავლეთის თემაზე არიან მგრძნობიარები. სხვა მხრივ დიდად არ ადარდებთ საქართველოში რომელი ხელისუფლება იქნება. რუსეთი საკმაოდ გამოცდილი პოლიტიკური სუბიექტია საიმისოდ, რომ ერთი ილაპარაკოს, მეორე იფიქროს და მესამე გააკეთოს.