“ნაციონალების” შიდა დაპირისპირების დღემდე უცნობი სკანდალური დეტალები

“ნაციონალების” შიდა დაპირისპირების დღემდე უცნობი სკანდალური დეტალები

“ნაცმოძრაობაში” ერთმანეთის “ჩაშვების” პროცესი მიმდინარეობდა და ზოგიერთი მაღალჩინოსნის პასუხისგებაში მიცემა იგეგმებოდა. ამიტომ, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილს მადლობას უნდა უხდიდნენ, რომ “ნაციონალებს” მართვის სადავეები ჩამოართვა,” _ აცხადებს “ქართულ სიტყვასთან” საუბრისას “უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე. მისივე თქმით, “ნაციონალები” კომპრომატებს აჭარის ყოფილ ლიდერ ლევან ვარშალომიძესა და ბათუმის მერ რობერტ ჩხაიძეზეც აგროვებდნენ:

 

_ 2011 წელს ბათუმში მოღვაწე ბიზნესმენები, მათ შორის, შპს “ნიაკას”  დამფუძნებელი ირაკლი ანანიძე, “ნიაკას” დირექტორი არჩილ ბოლქვაძე და “ბათუმის წყლის” ხელმძღვანელი ალექსანდრე მიქელაძე სრულიად უკანონოდ დაიჭირეს.

_ ბიზნესმენების დაკავების საბაბი რა გახდა?

_ ანანიძესა და ბოლქვაძეს სახელმწიფო ქონების გაფლანგვა დააბრალეს _ თითქოს ყალბ სახელფასო უწყისებს ამზადებდნენ და მუშებზე იმაზე მეტ ხელფასს წერდნენ, ვიდრე სინამდვილეში ჰქონდათ. ბრალდების მიხედვითვე, ანანიძესა და ბოლქვაძეს სახელფასო უწყისებში თითქოს ისეთი ადამიანებიც შეჰყავდათ, რომლებიც “ნიაკაში” საერთოდ არ მუშაობდნენ და ამ თანხას ითვისებდნენ. თავიდან სისხლის სამართლის საქმე ბათუმის მერიის ხელმძღვანელი პირების მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, მაგრამ საბოლოოდ, საბრალდებო სკამზე კერძო საწარმოს მფლობელი და დირექტორი აღმოჩდნენ, რომლებსაც ბათუმის მერიის ხელმძღვანელობასთან კავშირი არ ჰქონდათ...

2013 წლის თებერვალში საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტიზა ჩავატარეთ და დადგინდა, რომ 2009-2011 წლებში, შპს ,,ნიაკა“-ს საბანკო ანგარიშებზე ფული მხოლოდ ლეგალური და კანონიერი წყაროებიდან _ ქალაქ ბათუმის მერიის მიერ ჩატარებულ ტენდერებში გამარჯვების შემდეგ, მერიასთან გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვებსა და სხვადასხვა დამკვეთთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ირიცხებოდა. ეს კი, აბსოლუტურად გამორიცხავს, რომ შპს ,,ნიაკა“ უკანონო შემოსავალს იღებდა, ან დაუსაბუთებელ ქონებას კანონიერ სახეს აძლევდა. მიუხედავად ამისა, ანანიძესა და ბოლქვაძეს ათ-ათი წელი მიუსაჯეს. ამასთან, ანანიძეს 170 ათასის მიტანა მოსთხოვეს, ბოლქვაძეს _ 35, მიქელაძეს კი, _ 16 500.

_ ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მხოლოდ ეს ერთი კომპანია იმარჯვებდა ხოლმე?

_ არა, მაგრამ თვალში მხოლოდ ეს ბიზნესმენები ამოიღეს და პროკურატურა იმის დამტკიცებას ცდილობდა, რომ ტენდერებში მხოლოდ ისინი იმარჯვებდნენ და მერე, ვითომ “ატკატის” სახით, ეს თანხები ბათუმის მერ რობერტ ჩხაიძესთან მიჰქონდათ, რომელიც ფულს, თავის მხრივ, ლევან ვარშალომიძეს აძლევდა. სხვათა შორის, დაკავების შემდეგ, პროკურორმა ლომთათიძემ ამ ბიზნესმენებს გარიგება შესთავაზა, თქვით, რომ ფული ვარშალომიძესთან მიდიოდა და გაგიშვებთო. აღსანიშნავია, რომ ეს კაცი ისევ პროკურორია და პასუხს არავინ სთხოვს.

_ მოკლედ, ნიკა, იმის თქმა გინდათ, რომ ზურაბ ადეიშვილი ლევან ვარშალომიძის დაჭერას გეგმავდა?

_ ძნელი სათქმელია, ვარშალომიძის “გაფუჭება” ადეიშვილის სურვილი იყო თუ სააკაშვილის, მაგრამ ფაქტია: ადეიშვილს ვიღაცების “ჩაძირვა” უნდოდა, რომ მერე პრეზიდენტთან თავი მოეწონებინა, ხომ ხედავ, ჩემს გარდა ყველა გყიდისო. ისე, არაა გამორიცხული, რომ საქმე თანხების მობილიზაციასთანაც გვქონდა.

_ რას გულისხმობთ?

_ არჩევნებამდე, ბიზნესის კუთხით, საქართველოში ფული აღარ შემოდიოდა, რადგან ბიზნესმენების ნაწილი “დაარეკეტეს”, ნაწილი კი, დაიჭირეს და სული ციხეში ამოხადეს. ამიტომ, “ნაციონალები” ბიზნესმენებისგან ხეირს აღარ ელოდნენ და გადაწყივტეს, თავიანთი გუნდის წევრები დაეყაჩაღებინათ. ზემოხსენებული ბიზნესმენების დაკავება სწორედ ამის ნათელი მაგალითია და რომ არა ხელისუფლების ცვლილება, ლევან ვარშალომიძეს ან დააპატიმრებდნენ, ან დიდ თანხას მიატანინებდნენ. საერთოდ, როცა კომპრომატები არსებობს, ადამიანი ადვილი სამართავია და ამ კუთხით არც ვარშალომიძე დაინდეს.

ისე, ადეიშვილი ახალ ხელისუფლებას კი არა, რეალურად, “ნაცმოძრაობას” ემალება.

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ ადეიშვილს ყველა ყოფილ მაღალჩინოსანზე კომპრომატები აქვს. საერთოდ, “ნაცმოძრაობაში” დიდი ინტრიგები ტრიალებდა და კაცმა არ იცის, ვინ ვისზე ნადირობდა. ჩემი ინფორმაციით, ადეიშვილის უცხოეთში გაქცევა სააკაშვილთან შეთანხმებული არ ყოფილა. ადეიშვილმა “ნაციონალებისგან”, უბრალოდ, თავი დაიძვრინა _ “ნაციონალები” მას ვეღარ იტანდნენ. ცეზარ ჩოჩელმა თავის პირით თქვა, მივედი და ადეიშვილს ვუთხარი, რას მერჩი, დაჭერას მიპირებო? ისინი, ვინც “ნაციონალურ” გუნდში მოიაზრებოდნენ, ერთმანეთს ვერ იტანდნენ, მაგრამ ერთად იმიტომ იყვნენ, რომ ეშინოდათ, კომპრომატების გამო ციხეში არ წასულიყვნენ. ასე რომ მომხდარიყო, სააკაშვილი წამებულის მანტიას მოისხავდა და იტყოდა, აი, რა ვქნა, ხალხო, ჩემიანებიც კი მღალატობდნენო და შოუებს მოაწყობდა.

_ ნიკა, ამბობენ, რომ ლევან ვარშალომიძეს წილი აჭარის თითქმის ყველა მსხვილ ბიზნესში ჰქონდა...

_ სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს აჭარაში ასლან აბაშიძეზე არანაკლები გავლენა ჰქონდათ. იმასაც ამბობენ, რომ ვარშალომიძეს “ნაციონალებიდან” წამოსვლა უნდოდა, მაგრამ კომპრომატებით ყურებით ჰყავდათ დაჭერილი.

_ ამას წინათ, სამართალდამცველებმა გონიოში ბორდელი აღმოაჩინეს. ხმა დადის, რომ პროსტიტუციასა და ადამიანებით ვაჭრობას ყოფილი მაღალჩინოსნები “კრიშავენ”...…

_ აჭარაში პროსტიტუცია დღესაც ყვავის. არ მინდა, უდანაშაულობის პრეზუმფცია დავარღვიო და ვინმეს ხელი დავადო, მაგრამ როცა აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური ხარს და შენს რეგიონში ასეთი რამ ხდება, პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, გეკისრება. ამიტომ, ვარშალომიძის პასუხისმგებლობის საკითხი ამ კუთხითაც უნდა დაისვას, მაგრამ საინტერესოა, პროკურატურა მსგავსი შემთხვევებით რატომ არ ინტერესდება? კობა დავითაშვილი რომ გამოდის და კაზინოების და ტოტალიზატორების გაუქმების მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვებას იწყებს, ამას არ ჯობია, რომ სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მოითხოვოს?!

_ “ნაციონალები” კომპრომატებს, ვარშალომიძის გარდა, საკუთარი გუნდის კიდევ რომელ წევრზე აგროვებდნენ?

_ როგორც ვიცი, ძველი თბილისის გამგებელ ნიკა მელიაზეც ხდებოდა კომპრომატების შეგროვება _ მცხეთაში ერთ-ერთი აღმასრულებელი დაიჭირეს და უთხრეს, ქრთამი აიღე და ახლა უნდა აღიარო, რომ ეს ფული ნიკა მელიასთან მიგქონდაო. “ნაციონალებში” ხელშეუხებელი მხოლოდ 4-5ადამიანი იყო _ ძმები ახალაიები, ადეიშვილი, მერაბიშვილი და დავით ბაქრაძე, მაგრამ როცა საქმეს დასჭირდა, ახალაიებიც გაწირეს და უნდათ, ყველაფერზე ხელი მათ შეაწმინდონ.

_ ვანო მერაბიშვილის წინააღმეგ მკვეთრი განცხადებები მიხეილ სააკაშვილის ერთგულმა ვარიკა ვერულაშვილმაც გააკეთა, ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის სურვილი “ზონდერების უფროსად” ცნობილმა გია უდესიანმაც გამოთქვა. ეს ხალხი ასე თავის გადასარჩენად იქცევა თუ ვანო მერაბიშვილთან პირადი ანგარიშები აქვთ?

_ ყველაფრის შემოქმედი ვანო იყო _ “ნაციონალებს” ის მართავს. მართალია, ბაჩანა ახალაიაც გავლენიანი ფიგურა გახლდათ, მაგრამ ვანოს მაინც ვერ გაუტოლდებოდა და ქვეყანას, რეალურად, მერაბიშვილი, სააკაშვილი და ადეიშვილი მართავდნენ. დანარჩენები კი, მათ დავალებას ასრულებდნენ.

რაც შეეხებათ “ნაციონალებიდან” წასულებს, ისინი საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრობენ, თუმცა რამდენიც უნდა ეცადონ, თავს სააკაშვილის სისტემის მსხვერპლად მაინც ვერ გაასაღებენ!