პროკურატურაში გამოძიება დაწყებულია „საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟის საქმეზე", რომლის ერთ-ერთი ნაწილი 2019 წელს ჩორჩანასთან საგუშაგოს ჩადგმის ეპიზოდია. პრემიერი ირაკლი კობახიძე, რომელიც ორიოდე წლის წინ ყოფილ თანაგუნდელზე ამბობდა, რომ „ბუზი ბევრი ბზუოდა, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუოდა", ახლა ყოფილ პრემიერს, არც მეტი არც ნაკლები, სამშობლოს ღალატში ადანაშაულებს.
კობახიძე ფიქრობს, რომ რაც ჩორჩანას ინციდენტი იმის მინი მოდელი იყო, რაც 2008 წლის აგვისტოს მოხდა - გახარიამ სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს მოწყობასთან დაკავშირებით საქმის კურსში არც ჩააყენა არც პრემიერ-მინისტრი, არც ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები და არც ევროკავშირის მონიტორინგის მისია.
პრემიერს გახარიასადმი მიძღვნილი ფრაზაც შეახსენეს, რის საპასუხოდაც განაცხადა, რომ რომ მისი ეს განცხადება კორონავირუსის პანდემიის მართვას ეხებოდა.
როგორც აღინიშნა, პროკურატურამ 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საგუშაგოს გახსნის საქმეზე გამოძიება დაიწყო, რა პერიოდშიც გიორგი გახარია შს მინისტრის თანამდებობას იკავებდა ამავე წლის 8 სექტემბრამდე, რის შემდეგაც ის დააწინაურეს და 2019-21 წლებში საქართველოს მთავრობას ხელმძღვანელობდა. კობახიძეს ამაზეც აქვს პასუხი, რომ გახარია შს მინისტრობის შემდეგ პრემიერდ „დიფ სტეიტიდან" განხორციელებული ზარის გამო დაწინაურდა, თუმცა არ აკონკრეტებს, კერძოდ ვისი ზარი იყო და ვისთან.
„არსებობს ასეთი ინფორმაცია, რომ თავის დროზე გიორგი გახარიამ, რომელიც მაშინ იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, მის მიერ დაგეგმილ ქმედებებზე საქმის კურსში არავინ ჩააყენა. მაია ცქიტიშვილი ინფრასტრუქტურის მინისტრი იყო და რა შუაშია?! საქმის კურსში არ ჩააყენა არც სუს-ის უფროსი, არც პრემიერ-მინისტრი, არც სხვა ძალოვანი სტრუქტურა და ჩააყენა მარტო ინფრასტრუქტურის მინისტრი. მე პირადად მამუკა ბახტაძისგან ვიცი, რომ ის არ იყო საქმის კურსში ამასთან დაკავშირებით. საერთოდ არავინ ჩააყენა საქმის კურსში, ეს უკვე თავისთავად ხომ აჩენს ეჭვებს. თუ რაღაც ისეთ პრობლემური არ ხდებოდა, რატომ არ ჩააყენა არავინ საქმის კურსში?! ეს ნიშნავს იმას, რბილად რომ ვთქვათ, ბატონი გიორგი გახარია რაღაც უცნაურს აკეთებდა. ეს არის ძალიან მარტივი ლოგიკურ დასკვნა, რომელიც შეიძლება გამოვიტანოთ ამ ყველაფრიდან რეალურად.
„რაც ჩორჩანაში მოხდა ეს იყო იმის მინი მოდელი, რაც მანამდე მოხდა 2008 წელს, როდესაც სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი და თქვენ იცით რა შედეგები მოჰყვა მერე ამას. ამის მინი მოდელი იყო ჩორჩანა, გადაიდგა არასწორი ნაბიჯი, რასაც მოჰყვა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დამატებით მილიონი კვადრატული მეტრის ოკუპაცია. რა თქმა უნდა, ეს არის განსახილველი", - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერი დარწმუნებულია, რომ „ქართულ ოცნებას" დღეს ქვეყანაში იმაზე მაღალი რეიტინგი აქვს, ვიდრე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჰქონდა და მმართველი პარტია თვითმმართველობის არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში მოიგებს. ამავდროულად ორჭოფობს, მოიწვიოს თუ არა ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში აკვირდება საქართველოში თითქმის ყველა ტიპის არჩევნებს, რომლის საბოლოო დასკვნასაც ხელისუფლება და ოპოზიცია სხვადასხვაგვარად კითხულობს. მაგალითად, წინა წლის 26 ოქტომრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნაში გაკეთებულ აქცენტებზე კობახიძემ ეუთო/ოდირს მადლობაც კი გადაუხადა და ამოიკითხა, რომ "არჩევნები იყო თავისუფალი და კონკურენტული".
ჩვენ დღეს გვაქვს იმაზე მაღალი რეიტინგი, ვიდრე გვქონდა საპარლამენტო არჩევნების წინ. ანუ, საპარლამენტო არჩევნებში თუ ავიღეთ 54%, დღეს შეგვიძლია ავიღოთ ამაზე მეტი. ასეთი ვითარებაში, რა თქმა უნდა, ოპოზიცია არის აბსოლუტურად განწირული. ჩვენ მოვიგებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს. ასეთ ვითარებაში აღარ იციან, რა ქნან. თან ენანებათ ის 2-3 მანდატი, რომელიც შეუძლიათ, რომ მიიღონ საკრებულოებში, თან მეორე მხრივ, ხედავენ, რომ აბსოლუტურად განწირულები არიან მარცხისთვის. ამასთან არის დაკავშირებული ის რაღაცა შიდა ბრძოლები, რომელსაც ჩვენ ოპოზიციაში ვხედავთ. რაც კარგია და მთავარია, ოპოზიცია არის აბსოლუტურად დაშლილი და მოშლილი", - განაცხადა კობახიძემ.
„ზოგადად, წარუმატებელი რევოლუციის მცდელობის შემდეგ ისჯებიან ადამიანები და ახლა, ალბათ, „ქართული ოცნება" მაგას აკეთებს", - განაცხადა გირჩი-მეტი თავისუფლების წევრმა, ბორის-ჩელე ყურუამ „ტვ პირველის" ეთერში. კობახიძის თქმით, ესაა „მორიგი აღიარება" და ოპოზიცია, რეალურად, ჩართული იყო რევოლუციის ორგანიზების მცდელობაში, რომელიც ჩავარდა.
ევროპარლამენტი და ევროპული საბჭო 17 ივნისს შეთანხმდა ევროკავშირში ხანმოკლე ვიზიტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფუძვლებზე. შეთანხმება აადვილებს, უვიზო მიმოსვლის შეჩერებას, მათ შორის, პირველ ეტაპზე არა მთლიანად მოსახლეობის, არამედ იმ თანამდებობის პირებისთვის, ვისაც ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო შეთანხმებების დარღვევებზე ეკისრება პასუხისმგებლობა.
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე საუბარი არის შანტაჟი ქართველი ხალხის წინააღმდეგ, აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული ნაბიჯი და ასეთ შესაძლო არაგონივრულ ქმედებაზე ეს ადამიანები მიიღებენ საკადრის პასუხს ქართველი ხალხის მხრიდან, ამბობს კობახიძე.
„ვიღაცეებს სწყინთ, რომ „ნაცმოძრაობა" ვერ დაბრუნდა ხელისუფლებაში, სწორედ ეს ადამიანები საუბრობენ დღეს ასეთი თემებზე და ცდილობენ, რათა დააშანტაჟონ ქართველი ხალხი. არჩევნების წინაც აშანტაჟებენ ქართველ ხალხს. თქვენ გახსოვთ, რომ ევროკავშირის ელჩიც გამოვიდა და დააშანტაჟა ქართველი ხალხი. მათ შორის, პირდაპირ მოუწოდებდა საზოგადოებას, რომ მაქსიმალური აქტიურობით გასულიყვნენ საარჩევნო უბნებზე, რათა ჩამოეშორებინათ არსებული ხელისუფლება. პირდაპირ მოუწოდა „ქართული ოცნების" წინააღმდეგ ხმის მიცემისკენ. პირდაპირ, უხეშად ჩაერია ევროკავშირის ელჩი. ამ შანტაჟმაც არ გაჭრა, არაფერმა გაჭრა, მაინც აგრძელებენ, ეს არ არის სწორი და ჯანსაღი მიდგომა. მე მგონია, რომ ეს არის შანტაჟი ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ეს იქნება აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული ნაბიჯი და ასეთ შესაძლო არაგონივრულ ქმედებაზეც ეს ადამიანები მიიღებენ საკადრის პასუხს ქართველი ხალხის მხრიდან", - განაცხადა პრემიერმა.
რაც შეეხება ნატო-საქართველოს ურთიერთობებს, რომელიც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში შენელდა და გაიყინა კიდეც, კობახიძე ამბობს, რომ თავად ალიანსში არც ახლო და არც საშუალოვედიან პერსპექტივაში უკრაინასა და საქართველოს გაწევრიანებაზე არ მსჯელობენ.
„რაც შეეხება ნატო-საქართველოს ურთიერთობებს, ხედავთ, როგორ ვითარდება მოვლენები ბოლო პერიოდის განმავლობაში. ნატო აცხადებს, რომ ისინი არც ახლო პერსპექტივაში და არც საშუალოვადიან პერსპექტივაში არ მსჯელობენ უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანებაზე, რაც არის ფაქტი და მოცემულობა. ვნახოთ, მომავალში როგორ განვითარდება მოვლენები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.