კიდევ ერთი პოლიციელზე თავდამსხმელი, ზვიად რატიანი დააკავეს

კიდევ ერთი პოლიციელზე თავდამსხმელი, ზვიად რატიანი დააკავეს

პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე პოეტ ზვიად რატიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა 10 000 ლარიანი გირაოს გამოყენების შესახებ და სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 23 ივნისს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ზვიად რატიანი თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომელს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულმა რატიანმა განაჩენის გამოცხადებამდე მოსამართლეს მიმართა, რომ გაეთვალისწინება დაცვის მხარის შუამდგომლობა და აღნიშნა, რომ არსად მიიმალება, რადგან ყოველ საღამოს რუსთაველზე უნდა იყოს. მისივე თქმით, ის ასევე არ აპირებს, რომ დანაშაული განმეორებით ჩაიდინოს.

„რაც შეეხება საფრთხეებს, პუნქტობრივად მივყვები. არსად მივიმალები, რადგან მე ყოველ საღამოს რუსთაველზე უნდა ვიყო. მოწმეებზე ზემოქმედებას რაც შეეხება, ისეთ ვითარებაში, სადამდეც ქვეყანა დაიყვანეთ, ზემოქმედებისა და ანგარიშსწორების საფრთხე ჩემი მისამართითაა, მათ შორის, ციხეში. რაც შეეხება დანაშაულის გამეორებას - იმ საქმეში, რომელსაც მე ვემსახურები - ლიტერატურაში, ერთი და იმავე მეტაფორის გამოყენება ლამაზი არ არის. რასაც ბრალად მიყენებთ, ამის გამეორებას არ ვაპირებ“, - თქვა ზვიად რატიანმა.

ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, პოლიციელი ჩვენებაში ამბობს, რომ მან ძლიერი ტკივილი განიცადა, პროკურატურის შეფასებით, ეს არის საფუძველი, რაც პოლიციელზე თავდასხმის მუხლით კვალიფიკაციის შესაძლებლობას იძლევა. როგორც მარიამ პატარიძემ განაცხადა, პროკურატურა რამდენიმე საფუძველზე ითხოვდა პატიმრობის შეფარდებას.

„პროკურორმა პატიმრობის დასაბუთებულად წარმოგვიდგინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ზვიად რატიანს 19-ჯერ გადაუკეტავს გზა რუსთაველზე. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რის საფუძველზეც ითხოვდა პროკურატურა პატიმრობის გამოყენებას. გარდა ამისა, ბრალდების მხარე უთითებდა, რომ რატიანი მოწმეებზე მოახდენდა გავლენას. ეს მოწმეები არიან პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც საგამოძიებო უწყებამ უკვე გამოკითხა. მეორე საფრთხე, რომელსაც პროკურორი პატიმრობის დასაბუთებულად უთითებდა, არის ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე“, - განაცხადა მარიამ პატარიძემ.

საქმის პროკურორის განცხადებით, ბრალდებული თავს დაესხა პოლიციელს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რისი ამსახველი ვიდეოჩანაწერებიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში. გიორგი გოგალაძეს თქმით, საქმეს, ასევე, ერთვის პოლიციელთა ჩვენებები და მოწმეთა გამოკითხვის ოქმები.

„ბრალდებულს ბრალი წარდგენილი აქვს პოლიციელზე თავდასხმისა და მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე, კერძოდ 2025 წლის 23 ივნისს იგი თავს დაესხა პოლიციელს და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რისი ამსახველი ვიდეოჩანაწერებიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში. გარდა პოლიციელთა ჩვენებისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებისა, აღნიშნული ვიდეო ჩანაწერები ნათლად ასახავს, რომ ბრალდებული თავს ესხმის პოლიციელს და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს მას. სხვა დეტალებთან მიმართებაში უკვე გამოძიების მსვლელობის ეტაპზე დადგინდება და შემდეგ უკვე საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე იქნება გარკვეული“, - აღნიშნა გიორგი გოგალაძემ.

აღსანიშნავია, რომ გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს როგორ ურტყამს ზვიად რატიანი ხელს პოლიციელს, თუმცა ამ დრომდე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს, მათ შორის ევროპელ დეპუტატებს, რომლებიც სოლიდარული არიან ძალადობის მიმართ, ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმას და აღნიშნა, რომ ძალადობის მიმართ სოლიდარობა, შემდგომი ძალადობის წაქეზებაა.

„ძალადობის მიმართ სოლიდარობა, შემდგომი ძალადობის წაქეზებაა“, - ვთქვი რამდენიმე დღის წინ, როდესაც ევროკავშირის ელჩმა, პოლიციელზე თავდამსხმელს, დემონსტრაციულად, სოლიდარობა გამოუცხადა. ეს გაფრთხილება ზუსტად ორ დღეში ახდა. კატასტროფაა, რომ ევროკავშირის დროშით, დღეს, სიძულვილი და ძალადობა ითესება“, - წერს შალვა პაპუაშვილი და აზიარებს კადრებს, სადაც ჩანს როგორ ურტყამს რატიანი პოლიციის თანამშრომელს.

ვიცე-სპიკერის გიორგი კახიანის განცხადებით, გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, თუ რატომ მოხდა ზვიად რატიანის დაკავება - იგი პოლიციელთან მივიდა, მას ესაუბრებოდა და ხელი გაარტყა პოლიციელს. სამართლებრივად, ეს არის თავდასხმა პოლიციელზე.

„კამერით გადაღებულ კადრში ჩანს ისიც, რომ ის პიროვნება, ვინც გაავრცელა ზვიად რატიანის დაკავების კადრები, ასევე იღებდა იმ ფაქტსაც, თუ რატომ მოხდა მისი დაკავება. ეს ყველაფერი ერთ მარტივ მიზანს ემსახურება, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ - საზოგადოებას ატყუებენ, დეზინფორმაციას ავრცელებენ, იმიტომ რომ ამ ყველაფერს ისევ მოაყოლონ შეფასებები, თითქოს, პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს, თითქოს, დიქტატურა მყარდება ქვეყანაში“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.