პრემიერი ირაკლი კობახიძე მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და ოპოზიციას აფრთხილებს, რომ 26 მაისს „ფეხი არ წაუცდეთ". მისი თქმით, მთავრობას სათანადო ღონისძიებები აქვს დაგეგმილი დამოუკიდებლობის დღეს „ზუსტად იგივე ფორმატში, როგორც წინა წლებში იმართებოდა". თავის მხრივ სალომე ზურაბიშვილიც ემზადება და მასაც აქვს 26 მაისთან დაკავშირებული გეგმები.
„განზრახვა, გააკეთონ რამე ისეთი, რაც ხელისუფლებას ხელს შეუშლის, თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ხელისუფლებამაც რაღაც რეაქცია უნდა მისცეს, მათ შორის უპირველეს ყოვლისა ძალოვანი რეაქცია. ეს ჩანაფიქრი თავისთავად ძალის გამოყენების პროვოცირებაა, თორემ ამას სხვა შედეგი არ ექნება. დავუშვათ ოპოზიციამ ხელისუფლების გეგმები ჩაშალა, ამით რას მიაღწევს?" - კითხულობს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე.
მთავრობამ 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გეგმა დაამტკიცა, რომელიც 15 აპრილითაა დათარიღებული. წინა წლებისგან განსხვავებით, ახლა ამ გეგმაში და საღონისძიებო სივრცეების ჩამონათვალში რუსთაველის გამზირი ნახსენები არ არის. მთავრობის გეგმის მიხედვით, ღონისძიებები გაიმართება თბილისში - ალექსანდრეს ბაღის, ორბელიანის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე, ორბელიანის ქუჩაზე, პრეზიდენტის სასახლესთან. ამასთან, თავისუფლების მოედანზე წვევამდელები ფიცს დადებენ. იგივე ღონისძიება გაიმართება მუნიციპალიტეტებში.
თავის მხრივ სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივ მოძრაობებთან, პროტესტში მონაწილე აქტივისტებთან, პარტიებსა და წინააღმდეგობის პლატფორმის წევრებთან ერთად 26 მაისის საორგანიზაციო კომიტეტი შექმნა, რომელიც აქტიურად ემზადება და დროდადრო განცხადებებიც კეთდება გეგმებთან დაკავშირებით. ზურაბიშვილის თქმით, „ყველა ერთად, საქართველოს ყველა მოქალაქე ჩავიბარებთ 26 მაისს".
„26 მაისი ჩვენია! 26 მაისი არის სიმბოლო დამოუკიდებლობის და დღეს საქართველოში დამოუკიდებლობა გადასარჩენია. ჩვენ გადავარჩენთ დამოუკიდებლობას, გადავარჩენთ ქვეყანას ყველანი ერთად ჯერ 9 მაისს, შემდეგ 26 მაისს", - თქვა ზურაბიშვილმა.
ოპოზიციის ნაწილი ღონისძიებაზე მისვლას აპირებს, "ოცნებაში" კი აცხადებენ, ზურაბიშვილის გეგმები დესტრუქციას ემსახურება და მარცხისთვის არის განწირული.
პრემიერი სალომე ზურაბიშვილს და ოპოზიციას აფრთხილებს, რომ „ფეხი არ დაუცდეთ".
„26 მაისი წარიმართება ისე, როგორც უნდა წარიმართოს, ჩვენ გვაქვს სათანადო ღონისძიებები დაგეგმილი, ზუსტად იგივე ფორმატში, რა ფორმატითაც ეს ღონისძიებები იმართებოდა შარშან, შარშანწინ, წინა წლებში. რა თქმა უნდა, ოპოზიციის არავითარ გეგმას განხორციელება არ უწერია, ფეხი არ დაუცდეთ, ეს არის ძალიან მკაფიო გაფრთხილება, როგორც სალომე ზურაბიშვილის, ისე სხვა „ნაციონალების" მიმართ."
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ სალომე ზურაბიშვილის გაზრახვა საქართველოს მთავრობისთვის ხელის შეშლაა, მაშინ ლოგიკურად ხელისუფლებასაც რეაქცია უნდა ჰქონდეს.
„ანალოგიური განზრახვა, გააკეთონ რამე ისეთ, რაც ხელისუფლებას ხელს შეუშლის, თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ხელისუფლებამაც რაღაც რეაქცია უნდა მისცეს, მათ შორის უპირველეს ყოვლისა ძალოვანი რეაქცია. ეს ჩანაფიქრი თავისთავად ძალის გამოყენების პროვოცირებაა, თორემ ამას სხვა შედეგი არ ექნება. დავუშვათ ოპოზიციამ ხელისუფლების გეგმები ჩაშალა, ამით რას მიაღწევს? არჩევნებში ამით უკეთეს შედეგს ვერ დადებს.
„ნებისმიერი ჩაშლა დადებით შედეგს არ იძლევა, ფეხბურთი რომ ფეხბურთია, თუ გუნდმა ჩაიფიქრა და მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშე დაამტვრია, ამის შედეგი ის იქნება, რომ ის ჯარიმას მიიღებს, თორემ გულშემატკივრებისთვის დიდი ხეირი არ იქნება და შეიძლება გუნდმა ვერც მოიგოს, რომც მოიგოს მერე დიდად სალაპარაკო ხდება.
„ჩანაფიქრი არის იმის პროვოცირება, რომ მერე ჯო უილსონმა დაიძახოს ამერიკაში, რომ, აი, ძალა გამოიყენეს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგო. ეს არის მიზანი და ამ მიზანს გვერდს როგორ აუვლიან, ან თუ არ აუვლიან, ეს უკვე დამოკიდებულია იმაზე, შიგნით სამზარეულოში რა სტრატეგია ყალიბდება",- განაცხადა საყვარელიძემ.
კითხვაზე, იმ პირობებში, როცა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ 26 მაისის ღონისძიებების ჩამონათვალში არ ფიგურირებს რუსთაველის გამზირი, სადაც დიდი ალბათობით შესაძლოა სალომე ზურაბიშვილმა მოაწყოს მისივე დაანონსებული ღონისძიება, როგორი იქნება ორი 26 მაისი, საყვარელიძემ გვითხრა:
„იქნება როგორც ორი ახალი წელი, ერთადერთი განსხვავებაა, რომ ორივე ერთ დღეს მოხდება. მე თუ მკითხავთ, ძალიან წამგებიანი განზრახვა და მიზანია, რადგან ადრე თუ გვიან ხომ მივა ეს საზოგადოება იქამდე, რომ პარტიებს ხმა მისცენ და მათი ბედ-იღბალი ამის მიხედვით გადაწყდეს და ასეთი დესტრუქციული ინიციატივის მქონე პარტიებმა, რომ ჩავშალოთ, გავაფუჭოთ, დავანგრიოთ, მეეჭვება, რომ ხმები მიიღონ.
„საქართველოს ბევრი მეზობელი ჰყავდა, რომელიც მას იარაღით უტევდა, ანგრევდა, ხელისუფლებას და მოსახლეობას ერჩოდა. ვინც გარბევს და ცხოვრებას გინგრევს, იმასთან ყოფნა რატომ გენდომება ადამიანს, მით უმეტეს ხელისუფლებაში მისი მოყვანა? ამიტომ 26 მაისის ჩაშლის მორიგი მცდელობა ისევ და ისევ იმ შედეგის მომტანი იქნება, რომ ოპოზიციას კიდევ უფრო ნაკლები ადამიანი მისცემს ხმას",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".