ახალი ძველი თავმჯდომარე - კობახიძეს უკვე თითქმის მთელი ფორმალური ძალაუფლება აქვს მიუხედავად ამისა, ყველა თანხმდება, რომ სადავეები მაინც ბიძინას ხელშია

ახალი ძველი თავმჯდომარე - კობახიძეს უკვე თითქმის მთელი ფორმალური ძალაუფლება აქვს მიუხედავად ამისა, ყველა თანხმდება, რომ სადავეები მაინც ბიძინას ხელშია

პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტია უკვე მეორედ ჩაიბარა, გადაწყვეტილება 7 მაისს გამართულ პარტიის მეცხრე ყრილობაზე მიიღეს, ამასთან დამტკიცდა 15-წევრიანი პოლიტსაბჭო, რომლის შემადგენლობაშია „ოცნების" საპატიო თამჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. ახლადარჩეული თამჯდომარე აცხადებს, რომ მზადაა ნებისმიერ ადამიანთან ისაუბროს „ეროვნულ ინტერესებსა და ყველა იმ თემაზე, რომელიც აწუხებს პროტესტის ყველა მონაწილეს, გარდა აგენტებისა". ოპოზიცია აცხადებს, რომ კობახიძის არჩევა მოსაოდნელი იყო, რადგან „ივანიშვილს ძალიან შეზღუდული აქვს ადამიანების წრე, რომლებსაც შეუძლია ენდოს".

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსს" ეუბნება, რომ კობახიძეს ამჯერად პარტიის თავმჯდომარეობა განსხვავებულ მოცემულობაში უწევს.

„პირველი თავმჯდომარეობის დროს, საქართველოსა და დასავლეთს შორის ასეთი დაძაბული ვითარება არ იყო, ასევე არ იყო ასეთი დაძაბული ვითარება უკრაინაში და საერთოდ სხვა გეოპოლიტიკური კონტექსტი არსებობდა. დღეს სრულიად განსხვავებული ვითარებაა როგორც რეგიონში, ისე შიდაპოლიტიკურ კონტექსტშიც - მართალია კრიზისული არა, მაგრამ საკმაოდ ტურბულენტური. შემთხვევით არ უხსენებია, რომ ჩვენი საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებთან დიალოგის დაწყება სურს.

„დღეს ირაკლი კობახიძეს, როგორც პარტიის თავმჯდომარეს, სხვა გამოწვევებთან გამკლავება უწევს. ლოგიკური გადაწყვეტილება იყო, რომ სწორედ ის აირჩიეს პარტიის თვამჯდომარედ. ჯერ ერთი, ეს პარტიის მართვის პროცესს გააადვილებს, ის პრემიერია და მთავრობა ფაქტიურად ერთი პარტიის მიერ დაკომპლექტებული მინისტრებისგან შედგება, აქედან გამომდინარე, მართვის კუთხით ეს სავსებით გამართლებული ნაბიჯია.

„კობახიძის წინა თავმჯდომარეობის დროს, პარტია ნაკლებადკონსოლიდირებული იყო, ვიდრე ახლა. მაშინ პარტიაში შიდა რყევები ჯერ კიდევ მიდოდა და ახლა პარტია, ყოველ შემთხვევაში ჩემი აზრით, იმაზე გაცილებით უფრეო მეტად კონსოლიდირებულია, შიდა რყევების პროცესი კი მეტ-ნაკლებად დაძლეული. მეც ასე ვფიქრობ, რომ კობახიძე ყველაზე ოპტიმალური კანდიდატურა იყო, როგორც დამაბალანსებელი ფიგურა. მე პირადად ვერც წარმომედგინა, რომ პარტიის თავმჯდომარედ სხვა იქნებოდა დასახელებულილი.

„პარტიის გაცხადებული გენერალური ხაზის მიხედვით, სანდოობაა ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია, მეორეა კომპეტენცია, რაც კობახიძეს საკმარისი აქვს და შეიძლება საკმარისზე მეტიც. მოდით, პირდაპირ ვთქვათ, ესაა ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოცხადებული მისდამი ნდობა. სხვათა შორის, პარტიის საპარლამენტო სიის პრეზენტაციისას, ივანიშვილმა ეს ხაზგასმით აღნიშნა კიდეც", - ამბობს ანჯაფარიძე.

„ივანიშვილს ძალაუფლება იოტისოდენადაც არ დაუთმია"

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის აზრით, კობახიძე კი აირჩიეს პარტიის თავმჯდომარედ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მას გავლენის სფერო გაეზარდა, ივანიშვილს ძალაუფლება იოტისდენადაც არ დაუთმია.

„განსხვავება ბევრი არაფერი იქნება პირველ და მეორე თავმჯდომარეობას შორის. საპარლამენტო მმართველობის დროს, პარტიის თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრი ხდება, ეს ფაქტიურად დაუწერელი კანონია. ახლა კობახიძე უფრო პრემიერ-მინისტრია, ვიდრე პარტიის თავმჯდომარე, ამასთანავე, როგორც ჩანს, ამ ადგილის დაკავება მაინცდამაინც არავინ ისურვა, რადგან მოსალოდნელია აქციები და ა.შ. მოკლედ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარეობა მხოლოდ უარყოფით კონტექსტთანაა დაკავშირებული. კობახიძე ისედაც ამ არეალშია და როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, რომ ის იყოს პარტიის თავმჯდომარეც.

„თუმცაღა, რომ გითხრათ, რომ ეს უფლებრივად პარტიაში რაიმეს შეცვლის, ასე არ ვფიქრობ, რადგან ივანიშვილი აკონტროლებს პარლამენტის წვერთა აბსოლუტურ უმრავლესობას, როცა დასჭირდება კობახიძეს, მაშინ ჩამოიშორებს და აქ ივანიშვილს ძალაუფლება იოტისოდენადაც არ დაუთმია. მას კი პარტიის თავმჯდომარეობა არაფერში არ სჭირდება, მთავარია, კობახიძე „ოცნების" დეპუტატების იმ რაოდენობას ვერ აკონტროლებს, რომლითაც შეუძლია, რომ პრემიერის პოსტზე თავი მყარად იგრძნოს. იქ ივანიშვილი იქნება გადამწყვეტი, უმრავლესობა მისი მორჩილი იქნება დღესაც და თუ მოინდომებს ადვილად ჩაანაცვლებს კობახიძეს. იმით, რომ კობახიძე პარტიის თავმჯდომარე გახდა, არც ძალთა გადანაწილება მომხდარა და კობახიძის გავლენაც არ გაზრდილა", - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან".

ვინ შედის პოლიტსაბჭოში

პოლიტსაბჭოს შემადგენლობაშია პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრები ასევე არიან:

ირაკლი კობახიძე - თავმჯდომარე;

კახა კალაძე - გენერალური მდივანი;

მამუკა მდინარაძე - აღმასრულებელი მდივანი, უმრავლესობის ლიდერი;

შალვა პაპუაშვილი - პარლამენტის თავმჯდომარე;

გია ვოლსკი - პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი;

თეა წულუკიანი - პარლამენტის ვიცე-სპიკერი;

ნინო წილოსანი - პარლამენტის ვიცე-სპიკერი;

ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა მინისტრი;

ირაკლი ჩიქოვანი - თავდაცვის მინისტრი;

მაკა ბოჭორიშვილი - საგარეო საქმეთა მინისტრი;

ნიკოლოზ სამხარაძე - პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე;

მარიამ ქვრივიშვილი - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;

დიმიტრი სამხარაძე - პარტიის რეგიონული მდივანი, პარლამენტის წევრი;

სულხან თამაზაშვილი - პარტიის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე, აჭარის მთავრობის მეთაური.

რას აცხადებს ახალი თავმჯდომარე

ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილს მისი კანდიდატურის მხარდაჭერისთვს მადლობა გადაუხადა, ასევე მადლობა გადაუხადა ყოფილ თავმჯდომარეს, ირაკლი ღარიბაშვილს გაწეული საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ მისთვის პარტიის თავმჯდომარეობა დიდი პასუხისმგებლობაცაა და პატივიც.

„ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ დღეს საქართველოს ჰყავს პირველი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებშიც, ჩვენს ქვეყანას ომი არ ჰქონია და ჩვენ გვქონდა უწყვეტი 13-წლიანი მშვიდობა. ჩვენი ქვეყანა ინარჩუნებს მშვიდობას, სტაბილურობასა და ეკონომიკური განავითარების სწრაფ ტემპს და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დღეს ჩვენი პატარა, მაგრამ ამაყი ქვეყანა არის დამოუკიდბელი და სუვერენული როგორც არასდროს. კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა თქვენ ამ ყველაფრისთვის", - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, პარტია „მეათე საიუბილეო გამარჯვებისთვის" სრულიად იქნება მობილიზებული.

„პარტია სრულად იქნება მობილიზებული მე-10 საიუბილეო გამარჯვებისთვის და ეს გამარჯვება იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი კიდევ უფრო ძლიერი, კიდევ უფრო წელში გამართული, კიდევ უფრო განვითარებული საქართველოსკენ. ქართველი ხალხის მხარდაჭერით, ჩვენ მოვიგებთ მერის და საკრებულოს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში, რათა არცერთ მუნიციპალიტეტში არცერთი დღით არ შეჩერდეს განვითარება და სრულად დავიცვათ საქართველოს თითოეული მხარის, თითოეული კუთხის ინტერესები."

მისი თქმით, პარტიას აქვს „სახელმწფოებრივი ამოცანები" და ქართული პოლიტიკიდან „რადიკალების ჩამოშორების შემდეგ, რაც ძალიან მალე მოხდება", „ოცნება" აუცილებლად დაამარცხებს სიძულვილს და გააერთიანებს საზოგადოებას".

ამასთან, კობახიძე დასძენს, რომ დღეს სამყარო ურთულესი გამოწვევების წინაშეა, გავლენიანი ძალები ცდილობენ სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი დაათმობინონ ყველაზე ძლიერ სახელმწიფოებსაც კი - ეს არის უთანასწორო ბრძოლა, სადაც უპირატესობის შესაძლებლობას სიმართლე გაძლევს".

რას ამბობენ ოპოზიციაში

ოპოზიციაში ეჭვი არავის ეპარება, რომ პროცესი ივანიშვილის მიერ იმართება.

„ქართული ოცნების" ყრილობა და ახალი თავმჯდომარის არჩევა არაფერს ცვლის. ბიძინა ივანიშვილი ამ ვერტიკალის თავშია, ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ მიბმულია მოსკოვთან, რუსულ სპეცსამსახურებთან. ის ცენტრალიზებულად მთელ ვერტიკალს მართავს. მის შემდეგ რა ხდება, ასეთ ჰიპერცენტრალიზებულ სისტემაში, საერთოდ საინტერესო არ არის. ამის პარალელურად, მის ქვემოთ მთელი ძალაუფლების კონსოლიდაცია კობახიძის ხელში ხდება, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს, სანამ ბიძინა ივანიშვილი უცვლელ ადგილას რჩება და ისევ საპატიო თავმჯდომარეა. პროცესი მის მიერ იმართება, პოლიტიკას ის წყვეტს, ეს ოლიგარქატის მთელი არსია", - განაცხადა „ლელოს" წევრმა თაზო დათუნაშვილმა.

ენმ-ს პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე კი აცხადებს, რომ ივანიშვილს ძალიან შეზღუდული აქვს იმ ადამიანების წრე, რომელსაც შეუძლია ენდოს და კობახიძის არჩევა მოსალოდნელი იყო.

„მოღალატეთა ჯგუფის თავმჯდომარედ კობახიძის არჩევა, მოსალოდნელიც იყო - ივანიშვილს ძალიან შეზღუდული აქვს ადამიანების­ წრე, რომლებსაც შეუძლია ენდოს ქვეყნის ღალატის საკითხში. ამავდროულად, ისიც ჩანს, რომ ხავსს ეკიდებიან, თითქოს აშშ-ში კვლავ კობახიძის და ივანიშვილის ჭკუაზე გაივლის ვინმე და "მეგობარი აქტი" არ იქნება მიღებული და ხელმოწერილი ტრამპის მიერ. როგორც მიიღო კონგრესის ქვედა პალატამ "მეგობარი აქტი", ისე მიიღებს სენატიც ამ აქტს და პრეზიდენტი ტრამპიც მოაწერს ხელს. მას შემდეგ, რაც ეს მოღალატეთა ბანდა დამარცხდება ქართველ ხალხთან, ყველა კარგად დავინახავთ თუ როგორ აგებენ პასუხს იმ ყველაფრის გამო, რასაც სჩადიან ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინააღმდეგ", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.