ირანის ბირთვული ობიექტებიდან რადიაციის გაჟონვა დადასტურდა - რა საფრთხე ელის საქართველოს

ირანის ბირთვული ობიექტებიდან რადიაციის გაჟონვა დადასტურდა - რა საფრთხე ელის საქართველოს

ისრაელის მიერ 13-14 ივნისის ღამეს ირანის ბირთვულ ობიექტებს დარტყმის შედეგად რადიაციამ გაჟონა და ეს შაბათს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომაც ოფიციალურად დაადასტურა. თუმცა, ეს ინფორმაცია ეყრდნობა ირანის ხელისუფლების მიერ სააგენტოსათვის მიწოდებულ მონაცემებს, რომლის მიხედვით რადიაციის დონე გაზრდილია მხოლოდ ამ ბირთვულ ობიექტების ტერიტორიაზე. ისრაელის პრემიერმა კი განაცხადა, რომ ირანის ბირთვული პროგრამების გულს დაარტყეს, რომლის შედეგად განადგურდა ირანის ბალისტიკური რაკეტების არსენალის მნიშვნელოვანი ნაწილი და ურანის გამამდიდრებელი ყველაზე დიდი ობიექტი ქალაქ ნათანზში.

მოგვიანებით საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძრვანელმა რაფაელ გროსმა განაცხადა, რომ ნათანზის ურანის გამამდიდრებელი ბირთვული ობიექტი განადგურებულია, თუმცა უცვლელია რადიოაქტივობის დონე, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ გარე რადიოლოგიური ზემოქმედება არ მომხდარა. თუმცა, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია შესაძლოა არასრული იყოს, რადგან მათ არ აქვთ პირდაპირი წვდომა ირანის ბირთვულ ობიექტებზე. გარდა ამისა, ისრაელსა და ირანს შორის ვითარება უკიდურესად დაძაბული რჩება და მოსალოდნელია ახალი დარტყმები, რომელთა შედეგების წინასწარ პროგნოზირებაც რთულია.

ორგანიზაციის „საქართველოს მწვანეები - დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ საქართველოში რადიაციის მონიტორინგის სისტემა მუშაობს, ჯერჯერობით რადიაციის დონე გაზრდილი არაა და არაფერი გვემუქრება, თუმცა, ამავდროულად ამბობს, რომ თავად ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს არ აქვს სრული ინფორმაცია, თუ რა ხდება ადგილზე, რადგან სამხედრო ობიექტებზე არ უშვებენ, ირანში მდებარე ურანის გამამდიდრებელი ორი ქარხანა კი სამხედრო ობიექტებია.

ჩხობაძე ამბობს, რომ თუ რადიაციამ გაჟონა, რა გზით და რამდენ ხანში შეიძლება ჩამოაღწიოს საქართველომდე, ეს კლიმატურ პირობებზე და ქარის მიმართულებაზეა დამოკიდებული.

ისრაელმა ოპერაცია „აღმავალი ლომი" 13 ივნისს გამთენიისას დაიწყო, რომლის მიზანიც, ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ირანიდან მომდინარე ბირთვული საფრთხის თავიდან აცილებაა. ისრაელის სამხედრო და სადაზვერვო სამსახურები აცხადებენ, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნის ზღვარზეა, რაც ისრაელს საფრთხეს უქმნის. ამის საპასუხოდ, 14 ივნისის ღამეს, ირანმა ისრაელის მიმართულებით ასეულობით რაკეტა გაისროლა, რამდენიმემ „რკინის გუმბათი" გაარღვია და მიზანმდე მიაღწია. აფეთქებები იყო თელ-ავივსა და იერუსალიმში.

ირანის მთავარი ბირთვული ობიექტები

ირანის ძირითადი ბირთვული ობიექტები მდებარეობს ნათანზში, ფორდოუში, ისპაჰანში, ჰონდაბში, თეირანსა და ბუშერში.

ისრაელის მთავარი სამიზნე ნათანზიში მდებარე ყველაზე დიდი ურანის გამამდიდრებელი ქარხანა იყო. იქვე მდებარეობს ურანის გამამდიდრებელი ერთ-ერთი მთავარი კომპლექსი. მიწისქვეშა და მიწისზედა ქარხანა მთის ძირში ვაკეზეა გაშენებული. სამსართულიან მიწისქვეშა საიდუმლო ქარხნის მშენებლობის შესახებ 2002 წელს გახდა ცნობილი.

კიდევ ერთი ლოკაცია, სადაც ირანელი სპეციალისტები ურანის გამდიდრებაზე მუშაობდბენ ფორდოუს დასახლებაა, იქ არსებული ობიექტი დაცულია, ის მთის ფერდობშია შეჭრილი.

ირანის ბირთვული ტექნოლოგიების მნიშვნელოვანი ცენტრი სიდიდით მეორე ქალაქში ისპაჰანში მდებარეობს. აქ მიმდინარეობს საწვავის ფირფიტების წარმოება და ურანის გადამუშავევა, კომპლექსს შეუძლია ლითონური ურანის წარმოება, რომელიც საჭიროა ბირთვული ბომბის შესაქმნელად.

რაც შეეხება ჰონდაბს, აქ ირანს პლუტონიუმის წარმოება შეუძლია, რომელიც ასევე ატომური იარაღისთვის გამოიყენება. ჰონდაბში ნაწილობრივ აშენებულია ბირთვული რეაქტორი.

ირანის ბირთვული კვლევითი ობიექტები თეირანშიცაა განთავსებული. იქვეა აშენებული ბირთვული რეაქტორი.

ქვეყნის ერთადერთი მოქმედი ატომური ელექტროსადგური კი ბუშერში მდებარეობს.

რას აცხადებს საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტო

სააგენტოს ხელმძღვანელის, რაფაელ გროსის თქმით, ირანის ქალაქ ნათანზის ბირთვული ობიექტი, რომელშიც ურანის გამდიდრება ხდებოდა, განადგურებულია. მისი თქმით, ამავე დროს უცვლელია რადიოაქტივობის დონე, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ გარე რადიოლოგიური ზემოქმედება არ მომხდარა.

„ნათანზში ბირთვული საწვავის გამდიდრების საპილოტე მიწისზედა ობიექტი, სადაც ირანი ურანის 60%-მდე გამდიდრებას აწარმოებდა, განადგურებულია. ასევე განადგურებულია ელექტრო ინფრასტრუქტურა და მისმა გათიშვამ, შესაძლოა, დააზიანა ცენტრიფუგები. თუმცა, უცვლელია რადიოაქტივობის დონე, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ გარე რადიოლოგიური ზემოქმედება არ მომხდარა.

„ამჟამად ირანის ხელისუფლება გვატყობინებს თავდასხმების შესახებ ორ სხვა დაწესებულებაზე, კერძოდ, ფორდოს საწვავის გამდიდრების ქარხანასა და ისპაანზე. ამ დროისთვის ჩვენ არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია, გარდა მინიშნებისა, რომ სამხედრო მოქმედებები ამ ობიექტების გარშემო მიმდინარეობს, რომლებიც თავდაპირველად არ ყოფილა სამხედრო ოპერაციის ნაწილი. თუმცა, ახლა მაქვს საკმარისი ინფორმაცია, რომ განვაცხადო, ეს ობიექტები ასევე იწვევს შეშფოთებას", - განაცხადა რაფაელ გროსიმ.

რა საფრთხე ემუქრება საქართველოს

გარემოს დამცველი ნონო ჩხობაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ჯერჯერობით რადიაცია მომატებული არაა საქართველოში და არაფერი გვემუქრება, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ არაა ცნობილი ადგილზე რა ხდება, პრევენციული ზომებია მისაღები.

„ჯერჯერობით ჩვენ არაფერი არ გვემუქრება, რადგან მონიტორინგის სისტემა მუშაობს. თუ ფონის მომატება გვექნება - მაშინ კი. მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, გაჟონვა არ მომხდარა, მოხდა უსაფრთხოების გარსის დაზიანება. დილით განცხადებაც გააკეთა სააგანტომ, რომ მას არ აქვს სრული ინფორმაცია.

„ატომური სააგენტოდან წარმომადგენლებს გუშინ საღამოს ველაპარაკე. ვიცი, რომ მათ ჯერჯერობით სრული ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა ატომურ სააგენტოს გააჩნია სპეციალური რეაგირების ჯგუფი, რომელიც ალბათ ირანში გაემგზავრება, რომ დააფიქსიროს, თუ რამე არის. მაგრამ სამხედრო ობიექტებზე მათ არ შეუშვებენ და შესაძლოა სამოქალაქო ობიექტებზე შევიდნენ და შესაძლებელია საფრთხე იყოს.

„ჩვენ ბოლომდე არ ვიცით რა მოხდა, უკვე რამდენად იყო გამდიდრებული ურანი და შესაბამისად, ვერ ვაკეთებთ მოდელირებას. ჩვენ ნამდვილად კარგი მონიტორინგის სისტემა გაგვაჩნია და ფონი თუ მოიმატა, დაფიქსირებას შეძლებს.

„მაგრამ ქარის მიმართულებას აქვს მნიშვნელობა, ანუ კლიმატი როგორ იმოქმედებს და ატომსფეროში როგორი მოძრაობა იქნება, მაგას აქვს მნიშვნელობა.

„ზოგადად, ჯერჯერობით არაფერი არაა ცნობილი. სამხედრო ობიექტებზე არავის უშვებენ, რადგან ურანის გამამდიდრებელი ორი ქარხანა რეალურად სამხედრო ობიექტებია. ერთი გამამდიდრებელი რომ სერიოზულად დაზიანდა და ფაქტიურად დაშლილია, ეს გასაგებია. აგრეთვე დარტყმა მიაყენეს ექსპერტებს და სპეციალისტებს, ვინც ამ პროგრამას ხელმძღვანელობდნენ.

„ჩვენ არაფერი გვემუქრება, მაგრამ მონიტორინგის სისტემა უნდა გაძლიერდეს. მუდმივი კონტროლი ისედაც ტარდება და უბრალოდ ინფორმაცია უნდა მიაწოდონ მოსახლეობას. სასწრაფოდ შესაბამისმა სტრუქტურებმა უნდა დაიწყონ მომზადება იმის მიხედვით, რამე რომ მოხდეს, მოვლენები როგორ განვითარდება - რა ინფორმაციასაც მოგვაწვდის ატომური სააგენტო, როგორ უნდა გავაფრთხილოთ მოსახლეობა.

„აუცილებელიასახელმწიფოს ჰქონდეს თავისი რეზერვი, საკვები, პირველადი საგნები, რათა, რამე რომ მოხდეს, მოსახლეობის სახლებში იზოლაცია შესაძლებელი იყოს. ისიც თუ დასჭირდა, მაგრამ ეს საფრთხე ჯერჯერობით არ გვაქვს. ინფორმაციები უნდა გაიცვალოს სომხეთის სადგურებთან, რადგან სომხეთსაც აქვს გაშლილი რადიაციული მონიტორინგის სისტემა, ისევე, როგორც ჩვენ", - განაცხადა ჩხობაძემ.

კითხვაზე, თუ რადიაციამ გაჟონა, რა გზით და რამდენ ხანში შეიძლება ჩამოაღწიოს რადიაციულმა ღრუბელმა საქართველომდე, სპეციალისტმა გვითხრა, რომ ეს კლიმატურ პირობებზეა დამოკიდებული.

„საკმაოდ დიდი ხანი დასჭირდება, თუმცა ეს კლიმატის პირობებიდან გამომდინარეა - ქარი საით დაუბერავს, იმის მიხედვით ხდება პროგნოზირება. მაგრამ სანამ ჩვენამდე მოვა, იქვე დაილექება. თუ ურანი გამდიდრებულია, მასში იქნება მყარი ნაწლაკები და მაგ შემთხვევაში, ეს გზადაგზა დაილექება. შესაბამისად, ჩვენამდე შეიძლება არაფერი არ მოვიდეს და ალბათ არც მოვა, უბრალოდ მონიტორინგის სისტემა მაინც საგანგებო რეჟიმზე უნდა იყოს გადაყვანილი და მუდმივად კონტრილი იყოს. ეს ფარი საქართველოში ისედაც არსებობს, მაგრამ მაქსიმალურდ ანალიზები უნდა გაკეთდეს, ანუ ამ შემთხვევაში ელემეტარული დაკვირვება უნდა მოხდეს, მეტი არაფერი",- განაცხადა ნინო ჩხობაძემ „რეზონანსთან".