თურქულ-ქართული ურთიერთობის ცხელ თემებზე, მათ შორის თურქეთის "საქართველოსთან მეგობრობის ასოციაციის" საქმიანობაზე აღმოსავლეთმცოდნე-თურქოლოგი, პროფესორი გიორგი ანთელავა გვესაუბრება.
- თურქულ-ქართული ურთიერთობები განსაკუთრებით ბოლო 20 წლის განმავლობაში გააქტიურდა. ეს ეხება კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირებსაც, თუმცა ამ მიმართულებით გადადგმული ზოგიერთი ნაბიჯი კითხვის ნიშნებსა და შეშფოთების საფუძველსაც აჩენს. თურქეთის "საქართველოსთან მეგობრობის" ასოციაცია 2004 წელს შეიქმნა. მისი საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და მიზნებზეა საუბარი ბროშურაში, რომელიც ამ ასოციაციის დაარსების მეშვიდე წლისთავს მიეძღვნა. ბროშურაში აღნიშნულია, რომ ასოციაციის მისიაა "თურქეთში მცხოვრები ჩვენი მოძმეების მიერ კულტურული ფასეულობების არდავიწყება-შენარჩუნებაზე ზრუნვა, ძველ და მომავალ თაობებს შორის ამ კულტურული ფასეულობების გავრცელება, ასევე, საქართველოში მცხოვრები ნათესავებისა და მოძმეებისთვის ამ უმაღლესი ფასეულობების გაცნობა, მათთვის კულტურის, განათლებისა და სოციალური პროგრესის გამოცდილების გაზიარება, ორ ქვეყანას შორის მეგობრული ხიდის აგება".
როგორ აპირებენ ამ ხიდის აგებას? ირკვევა, რომ საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებში ცოდნის გასავრცელებლად საზოგადოების გრიფით ქართულ ენაზე თურქულიდან 100-მდე "ფუნდამენტური" ნაშრომი ითარგმნა, გამოიცა და უფასოდ გავრცელდა საქართველოს ყველა კუთხეში 2-მილიონიანი ტირაჟით. რა ფუნდამენტურ ლიტერატურაზეა ლაპარაკი? ეს არის "წინასწარმეტყველი მუჰამედის ცხოვრება", "ისლამის წესების, კანონებისა და მსოფლმხედველობის განმარტებების" კრებული, "ლოცვის წესების მასწავლებელი", "ყურანის ანბანი", "ნებადართული და აკრძალული", "სარწმუნოების 6 საფუძველი", "ისლამური ტერორის ანათემას გადაცემა", მოზარდებისათვის განკუთვნილი ისლამის ილუსტრირებული სახელმძღვანელოების მთელი სერია, რაზეც თურმე მზარდი მოთხოვნა არსებობს... ჩემი აზრით, ეს იმ პროპაგანდისტული ხაზის გაგრძელებაა, რომელიც თავის დროზე მოახვიეს თავს ჩვენს საზოგადოებას თბილისში ე.წ. შავი ზღვის ქვეყნების საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფუძნებით. უნდა აღინიშნოს, რომ ამ იდეას ყველა თურქოლოგი ეწინააღმდეგებოდა, გარდა ერთი ჩვენი კოლეგისა. სწორედ ამ ადამიანისა და რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირის მაშინდელმა შესაძლებლობებმა გადაწყვიტა ამ სასწავლებლის "წარმატებულად" დაფუძნება. საგულისხმოა ისიც, რომ თურქები ამგვარი უნივერსიტეტის დაარსებას პოსტსაბჭოური სივრცის არაერთ ქვეყანაში ცდილობდნენ, მაგრამ საქართველოს გარდა ყველამ უარი თქვა - თურქმენეთმა, ყაზახეთმა, აზერბაიჯანმაც კი. მეტიც, ე.წ. შავი ზღვის ქვეყნების უნივერსიტეტის დამფუძნებელი სექტა-საზოგადოება "ნურჯულუქი" თურქეთში აკრძალული იყო როგორც რელიგიურ-ექსტრემისტული ორგანიზაცია, ხოლო მის სულიერ ლიდერს ფეთხულა გიულენს თურქეთში ცხოვრებაც აეკრძალა. თუმცა დღეს ამ ყველაფრის მიმართ ეტყობა, პოზიცია შეიცვალა, რაც პირდაპირ უკავშირდება დღევანდელ თურქეთში ისლამისტური იდეოლოგიის აშკარა აღზევებას, რაც განდგომაა ქემალიზმის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპიდან.
- გავრცელებული ინფორმაციით, დღეს აჭარიდან თურქეთში სულ მეტი ახალგაზრდა მიდის რელიგიურ სასწავლებლებში განათლების მისაღებად...
- ეს პროცესი სულ უფრო აქტიურდება, მით უმეტეს, რომ მედრესეებში სწავლა უფასოა. მივყვეთ "საქართველოსთან მეგობრობის ასოციაციის" მიერ გამოცემული ბუკლეტის ტექსტს: "საქართველოში თურქი წინაპრების მრავალი სამახსოვრო ძეგლია, მათი უმრავლესობა კომუნისტურ პერიოდში დაინგრა... ასოციაცია ამ ძეგლების ნუსხის შედგენაზე მუშაობს, მათი დაცვის თაობაზე სპეციალურად მიმართავს კულტურის სამინისტროსა და სხვა შესაბამის უწყებებს"... ყველამ ვიცით, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არაერთი მეჩეთია და მათი რიცხვი დღითი დღე იზრდება (ძირითადად, აზერბაიჯანელებით დასახლებულ რაიონებში), მაგრამ "თურქული ისტორიული ძეგლების (ხაზგასმით ვიმეორებთ - თურქული) სიმრავლეზე" ლაპარაკი არაეთიკური და არამეცნიერულია. თბილისში, ბოტანიკური ბაღის აღმართზე, ბოტანიკური ქუჩის NN32-ში მდებარე მეჩეთი უნიკალურიც კი არის იმ თვალსაზრისით, რომ აქ სუნიტები და შიიტები დღესაც ერთდროულად ლოცულობენ. ასოციაციის ბუკლეტში ეს მეჩეთი დანგრეულად არის მითითებული. ის მეჩეთი კი, რომელიც მეტეხის ძირში, ხიდთან მდებარეობდა და კომუნისტების დროს მართლაც ააფეთქეს, თურქული არ ყოფილა, შიიტური, სპარსული იყო. კომუნისტურ ეპოქაში თბილისში მხოლოდ მეჩეთი არ დაუნგრევიათ, ააფეთქეს რუსული ეკლესია რუსთაველის გამზირზე, ხელყვეს ქართული ეკლესიები. ამასთანავე, როცა ხაზგასმით აცხადებენ, საქართველოში თურქული მეჩეთები კომუნისტურ პერიოდში ხელყვესო, განა თურქეთშიც კომუნიზმი იყო?! ამას იმიტომ ვამბობ, რომ ქართული კულტურის ძეგლებისადმი, რომლებიც თურქეთის ხელისუფლების მიერ ძველი ძეგლების ოფიციალურ ნუსხაშია შეტანილი, წლების განმავლობაში ბარბაროსული დამოკიდებულება იყო; თურქულ პრესაში გამოქვეყნდა ინფორმაცია, თუ როგორ ააფეთქეს ტბეთის ტაძარი 1967 წელს შავშეთის კაიმაკამის (ადმინისტრაციის ხელმძღვანელი) მოთხოვნით, როგორ დაამტვრიეს ქართულწარწერიანი უნიკალური მზის ქვის საათი დოლისყანის ეკლესიაში, როგორ გამოიყენეს ბანას ტაძრის ლოდები იმავე ტაძრის შემოგარენში ასაშენებელი მედრესეს საძირკვლისთვის...
არანაკლებ საინტერესოა, საქართველოსთან მეგობრობის საზოგადოების სამომავლო გეგმები, პროექტები. ბუკლეტში ნათქვამია, რომ ქართულად უნდა გამოიცეს ყურანის განმარტებები, ისლამის ტერმინოლოგიის კვლევის საკითხზე ჩატარდეს ქართულენოვანი სიმპოზიუმი (ეს კი ნამდვილად საინტერესოა, თუკი მეცნიერულ კვლევებზეა ლაპარაკი), ასევე, თბილისში მუსლიმი ქალების სიმპოზიუმის ჩატარება; ბათუმში რელიგიის სასწავლო ლიცეუმის, ხოლო თბილისში ისლამური კულტურის ცენტრის გახსნა და სხვა ამდაგვარი. თავის დროზე თურქეთიდან შემოიტანეს რელიგიის სამინისტროს გრიფით ქართულ ენაზე გამოცემული წიგნები, მათ შორის "ყურანის მასწავლებელი", "წინასწარმეტყველის ცხოვრება"და სხვ. ერთ-ერთის წინასიტყვაობში ნათქვამია, რომ წიგნი სამშობლოს გარეთ მცხოვრები პატარა ქართველებისთვის არის განკუთვნილი. საინტერესოა, რა კავშირი აქვს დიანეთის (რელიგიის) სამინისტროს "სამშობლოს გარეთ მცხოვრებ პატარა ქართველებთან"? და ბოლოს, რა მიზნებს ემსახურება "საქართველოსთან მეგობრობის ასოციაცია" და ვისთან მეგობრობს ის საქართველოში?