„მე შევხვდი აზრიან და გაწონასწორებულ ადამიანს, რომელიც ამავდროულად მგრძნობიარეა სხვათა გასაჭირის მიმართ. არის მასში რაღაც ასკეტური, მიუხედავად დიდი წარმატებებისა იგი უბრალოდ, თავმდაბლად უყურებს ცხოვრებას. არ ეფლობა პატივმოყვარეობასა და ილუზიებში“- ეს შეფასება პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟმა ცოტნე გამსახურდიამ პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ ექსკლუზიურთად geotimes.ge-სთვის გააკეთა, მას შემდეგ რაც პრემიერთან მისი შეხვედრის შესახებ შევიტყვეთ და დავუკავშირდით:
-ბატონო ცოტნე, ჩვენი ინფორმაციით, პრემიერ ბიძინა ივანიშვილს შეხვდით, ვისი ინიციატივით დაიგეგმა შეხვედრა?
-შეხვედრის ინიციატორი მე გახლდით.მინდოდა ამ ლეგენდური ადამიანის პირადად უკეთ გაცნობა და მისი ხედვების უშუალოდ შეტყობა. ყველამ ვიცით,რაც მან საქართველოს მოსახლეობისათვის გააკეთა, მაგრამ მე საკუთარი სახელითაც მინდოდა ადამიანურად მისთვის მადლობის თქმა და ამ სიტყვებს ზედმეტ პათეტიკაში ნუ ჩამომართმევთ. პირველ ოქტომბერს სააკაშვილის კრახი რომ არა, მე პირადად ციხიდან ცოცხალი ვერ გამოვიდოდი...
- დიდხანს ესაუბრეთ პრემიერს და რა საკითხებზე გაკეთდა აქცენტი?
-ჩვენი საუბარი დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა და საკითხების ფართო სპექტრს შევეხეთ: ლაპარაკი იყო როგორც პოლიტიკურ,ისე სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზე. ძალიან მომეწონა ის, რომ მას მკაფიო და ჩამოყალიბებული პოზიცია ჰქონდა ამ პრობლემათა შესახებ, დაწყებული ინსტიტუციონალური ცვლილებებისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების აუცილებლობით, და დამთავრებული ჯანდაცვისა თუ დაავადებული ადამიანების მდგომარეობით.
- ბატონო ცოტნე, ალბათ სამართლიანობის აღდგენაზე ისაუბრეთ ბიძინა ივანიშვილთან, თქვენ თავად იწვნიეთ წინაა რეჟიმის სისასტიკე და კარგად იცით რა მოლოდინი აქვს მოსახლეობას…
-რა თქმა უნდა, ერთ-ერთი საკითხი სამართლიანობის აღდგენაც გახლდათ. დავინახე,რომ ეს პროცესი მას ძალიან აღელვებს; რათა არ მოხდეს მოვლენათა უკონტროლო,ძალადობრივ ფორმატში გადასვლა ერთის მხრივ, და ამავე დროს საკადრისი კანონიერი პასუხი გაეცეთ ძალადობრივი რეჟიმის მესვეურებს სააკაშვილის მეთაურობით.
მისთვის არ დამიმალავს ასევე მთავარი პროკურორისა და ცალკეულ ფიგურათა უნიათობა და არაპროფესიონალიზმი. მე პირადად თითქმის ნახევარი წელიწადია ვერ მივაღწიე ვერავითარ კანონიერ რეაგირებას, ჩემს პროკურატურისადმი მიმართვებზე. მითუმეტეს რომ გახმაურებული საქმე იყო და წარმომიდგენია რა დღეში არიან სხვები. ასევე პრემიერს მოკლედ გავაცანი ჩემი სააკაშვილის რეჟიმთან დაპირისპირების ისტორია, რითაც ადამიანურად შეძრული დარჩა...
- ეს ერთჯერადი შეხვედრა იყო თუ შესაძლოა სამომავლოდ გაღრმავდეს ურთიერთობა?
- ძალიან კეთილგანწყობილი შეხვედრა იყო და შევთანხმდით სამომავლო კომუნიკაციაზეც. ასევე გავიხსენებ, რომ მან საოცრად თბილად ისაუბრა მამაჩემის პიროვნებასა და მისი მოღვაწეობაზე
- ამ შეხვედრის შემდეგ ხომ არ უნდა ველოდეთ თქვენ პოლიტიკურ გააქტიურებას?
-არ ვიცი პოლიტიკურად გააქტიურებაში რას გულისხმობთ. მე საერთოდ პოლიტიკას ფართო,არისტოტელესეული გაგებით ვუყურებ: ნებისმიერი სერიოზული საზოგადოებრივი აქტივობა პოლიტიკის სფეროს განეკუთვნება და ამ მხრივ არც მე ვიქნები გამონაკლისი.
-პირველად შეხვდით ბიძინა ივანიშვილს, ალბათ დასკვნები უფრო მკაფიოდ გააკეთეთ, არის ივანიშვილი ის ადამიანი, ვინც საქართველოს სამშვიდობოს გაიყვანს?
-ცოტა უხერხულად მეჩვენება ამგვარ ნიუანსებზე საუბარი, მაგრამ მე შევხვდი აზრიან და გაწონასწორებულ ადამიანს, რომელიც ამავდროულად მგრძნობიარეა სხვათა გასაჭირის მიმართ. არის მასში რაღაც ასკეტური, მიუხედავად დიდი წარმატებებისა იგი უბრალოდ, თავმდაბლად უყურებს ცხოვრებას. არ ეფლობა პატივმოყვარეობასა და ილუზიებში. დასკვნის სახით, კი ერთი რამის თქმა ნამდვილად შემიძლია, ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობის არჩევანი და პირადად ჩემი წარმოდგენა ბიძინა ივანიშვილზე გამართლდა!