ედუარდ შევარდნაძე -

ედუარდ შევარდნაძე -"ივანიშვილი დიდ შეცდომას უშვებს"

"ბიძინა ივანიშვილი იმდენად წინ წავიდა, რომ სხვებს მასთან მეტოქეობა ძალიან გაუჭირდებათ. სხვათა შორის, გული მწყდება, ბიძინა რომ ამბობს, დროებით ვარ პოლიტიკაშიო. ეს დიდი შეცდომაა, რაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა მისმა ამასწინანდელმა გამოსვლამ ევროსაბჭოში. იმის მიუხედავად, რომ იქ საკმაოდ რთული სიტუაცია იყო, ივანიშვილს მაინც არაფერი შეშლია და იმდენად კარგად გამოვიდა, რომ გულგრილად განწყობილი ხალხიც კი კეთილად განეწყო მის მიმართ. ეს იყო ღირსეული პოლიტიკოსისა და ღირსეული პიროვნების გამოსვლა. ივანიშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საქართველოში მას კონკურენტი არა ჰყავს, რომ ის უნდა დარჩეს ქართულ პოლიტიკაშიც და ქვეყნის სათავეშიც. მართალია, ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებაში მოსვლისას უამრავი პრობლემა დახვდა, ხალხი ამ პრობლემების სწრაფად გადაჭრას ითხოვს, მაგრამ მოსახლეობის დიდი ნაწილი მაინც მის მხარესაა. მართალია, მისი ოპონენტები ამტკიცებენ, ივანიშვილის რეიტინგი დაეცაო, მაგრამ აშკარაა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება", - აცხადებს საქართველოს ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "ივანიშვილი დიდ შეცდომას უშვებს" / "ნაციონალების" საქმე დამთავრებულია".

"ნაციონალების" საქმე დამთავრებულია. ახლა მთავარია ბიძინამ რამე სერიოზული შეცდომა არ დაუშვას - ამას ხშირად ვამბობ და ახლაც მინდა გავიმეორო... რაც შეეხება სააკაშვილს, მისი პოლიტიკაში მოსვლა დიდი შეცდომა იყო, ხოლო ქვეყნის სათავეში მოსვლა - მთლად უარესი. ვწუხვარ, რომ მე შევუწყვე ხელი სააკაშვილის წინსვლას და ამის გამო ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ედუარდ შევარდნაძე.

"ლმობიერებით ივანიშვილს არაფერი წაუგია - ამას დრო გვაჩვენებს და დაამტკიცებს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ჰუმანისტია და ეს თვისება პოლიტიკაშიც გამოვლინდა. მან პოლიტიკურ ასპარეზზეც დაამტკიცა, რომ ბუნებით ქველმოქმედი და ჰუმანისტი ადამიანია", - განაგრძობს რესპონდენტი.

"აგვისტოს მოვლენები ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს გამოძიებული და შეფასებული. მნიშვნელობა არა აქვს, ვის წისქვილზე დაასხამს ეს წყალს. ფაქტია, რომ ეს იყო დიდი შეცდომა, რომელსაც უმძიმესი შედეგები მოჰყვა. სამაჩაბლოსა და აფხაზეთის დაბრუნების გასაღები რუსეთში დევს, ამიტომ ივანიშვილმა ნათლად უნდა გამოკვეთოს და ჩამოაყალიბოს თავისი პოზიცია რუსეთის მიმართ. ვფიქრობ, რომ კეკლუცობა ამ საკითხ¬ში დაუშვებელია. რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება ნამდვილად არ ნიშნავს ორიენტაციის შეცვლას და სულაც არ შეუშლის ხელს ევროსტრუქტურებთან ურთიერთობას. მით უმეტეს, თვითონ დასავლეთიც ამისკენ მოგვიწოდებს. როდესაც ქვეყნის პირველი პირი ვიყავი, ჩემგანაც ამას მოითხოვდნენ, გვავალებდნენ კიდეც, რომ რუსეთთან ურთიერთობა როგორმე მოგვეგვარებინა", - ამბობს ედუარდ შევარდნაძე.

"ივანიშვილი არის ერთადერთი პრეტენდენტი საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე. ის ნომერ პირველი პოლიტიკოსი უნდა იყოს ქვეყანაში! ეს საჭიროა რამდენიმე წლით მაინც, ვიდრე საქართველო წელში გაიმართება", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "ბატონო ედუარდ, ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, რომ იავადმყოფეთ, რომ სუსტად ხართ" - პასუხობს:

"შეიძლება ვიღაც გულწრფელად განიც¬დის ამ საკითხს, ვიღაც - არა, ეს ყველაფერი ნაკლებად მაღელვებს. ამას წინათაც ატეხეს აჟიოტაჟი, ექსპრეზიდენტი ცუდად არისო, მაშინ ერთ-ერთ ქართულ გაზეთთან ვთქვი - კი მაგრამ, არ შეიძლება შევარდნაძეს ვირუსი შეხვდეს-მეთქი? მე მგონი, შეიძლება".