”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” განაგრძობს ბიზნესმენების მიერ სახელმწიფოსათვის ნაჩუქარი ქონების იმ ნუსხის გამოქვეყნებას, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით მომზადდა. 7 მაისს ცნობილი გახდა ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პუბლიკაციის -
“ნებაყოფლობითი ჩუქება თუ სახელმწიფო რეკეტი?” - მეორე ნაწილი, რომელიც 2008-2012 წლებში სახელმწიფოსთვის ქონების ჩუქების შემთხვევებს ასახავს. 2008 წლის დოკუმენტში კომპანიების მიერ სახელმწიფოსთვის ნაჩუქარი ქონების ნუსხაში ავტომობილები დომინირებს, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც სახელმწიფოს მიწის ნაკვეთებსა და სხვა ქონებას გადასცემენ საჩუქრად.
სამეწარმეო წილები, მოძრავი და უძრავი ქონება, მიწები, ავტომობილები - 2008-2012 წლებში სახელმწიფოსათვის ნაჩუქარი ქონების ნუსხა გრძელია და მრავალფეროვანი. ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ამ პერიოდში სახელმწიფოსთვის ნაჩუქარი ქონების საერთო ღირებულებამ 5 565 756,73 აშშ დოლარი და 25 338 041,86 ლარი შეადგინა. ამ ინფორმაციაზე წვდომა, როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბარში ორგანიზაციის პროექტების მენეჯერი გია გვილავა აცხადებს, ხელისუფლების შეცვლის შემდგომ გახდა შესაძლებელი. მოპოვებული ინფორმაციიდან გამოჩნდა, რომ იმ ბიზნესმენებისა და კომპანიების რიცხვი, ვინც სახელმწიფოს სიმბოლურ ფასად მიჰყიდა კონკრეტული ქონება ან, სულაც, აჩუქა, საკმაოდ დიდი იყო:
”მაგალითად, იმ ადგილას, სადაც ახლა იუსტიციის სახლი დგას, ფიზიკურმა პირმა სახელმწიფოს 1300 კვ.მ. შენობა-ნაგებობა ერთ ლარად აჩუქა. იყო შემთხვევა, როცა სხვა ფზიკურმა პირმა 680 კვადრატი ტერიტორია რუსთაველის გამზირზე ასევე ერთ ლარად გადასცა. რატომ უნდა მოგინდეს ასეთი ქონების სახელმწიფოსთვის ჩუქება, ეს კიდევ ცალკე მსჯელობის საგანია”...
გია გვილავა ამბობს, რომ ხშირი იყო სახელმწიფოსათვის წილის გადაფორმების შემთხვევებიც. მაგალითად, 2008 წელს შპს "ჯეოსელის" დამფუძნებელმა პარტნიორმა კომპანიამ საწესდებო კაპიტალის 100% წილიდან 2,5% წილი სახელმწიფოს აჩუქა. წილის ღირებულებად ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებულ დოკუმენტებში 250 025 აშშ დოლარია მითითებული. ნაჩუქარ ქონებას შორის, როგორც გითხარით, ავტომობილები ჭარბობდა:
”თავიდან საბჭოთა პერიოდის ავტომობილებით იწყება ჩუქების პროცესი, ”ვაზ 21”-ით იწყებენ და შემდეგ ”ტოიოტას” ბოლო მოდელებს ჩუქნიან..”
”საერთაშორისო გამჭვირვალობას” ამ დრომდე ოთხი ბიზნესმენი დაუკავშირდა, რომელთა ვინაობას ჯერჯერობით ორგანიზაცია არ ახმაურებს. ოთხივე აცხადებს, რომ მათ მოუწიათ ქონების ჩუქებამ პოლიტიკური შეხედულებების გამო. როგორც გია გვილავა ამბობს, ქონების ჩუქებას თუ სიმბოლურ ფასად მიყიდვას რამდენიმე სახის სქემა უძღოდა წინ:
”ერთი სქემა იყო ასეთი, რომ საგადასახადო სამსახური შედიოდა და წარსული წლების ძალიან დიდ დავალიანებას აწერდა, რის გამოც ამა თუ იმ კომპანიის მფლობელებს უწევდათ ამ ქონების გადაცემა ვალის სანაცვლოდ, თუმცა წერდნენ , რომ აჩუქეს. შემდეგი სქემა იყო, რომ პირდაპირ ემუქრებოდნენ ან ოჯახის წევრი ჰყავდათ დაჭერილი და მისით მანიპულირებდნენ”.
”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”, მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ ეს იყო ტენდენცია, რომელსაც საქართველოს წინა ხელისუფლების დროს - ჯერ კიდევ 2003 წლიდან - ჩაეყარა საფუძველი და პიკს 2008-2009 წლებში მიაღწია.
საინტერესოა, რომ 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან, 2013 წლის პირველი იანვრის ჩათვლით, მთავარ პროკურატურაში ასეთი ტიპის 17 ათასზე მეტი განცხადებაა შესული, საიდანაც რამდენიმე ასეული განცხადება სწორედ ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ან იძულებითი გაჩუქების საკითხს ეხება. რადიო თავისუფლება ცოტა ხნის წინ გაესაუბრა პროკურატურის დეპარტამენტის უფროსს კახა წერეთელს, რომელმაც გვითხრა, რომ საკუთრების ხელყოფის საქმეებს პროკურატურაში შექმნილი 12 კაციანი ჯგუფი სწავლობს. რაც შეეხება ე.წ. წართმეული თუ ნაჩუქარი ქონების დაბრუნების საკითხს, აქ საქმე არც ისე მარტივადაა:
”პროკურატურის ამოცანა ვერ იქნება ქონების დაბრუნება. ჩვენ ორ ნაწილად უნდა გავყოთ ეს საკითხი. ერთი - სამართლიანობის დადგენა, იმ თვალსაზრისით, რომ დადგინდეს ფაქტი ქონების უკანონოდ წართმევის ან ჩუქების. ხოლო რაც შეეხება წართმეულის დაბრუნებას, აქ არის უამრავი სირთულე: მაგალითად, პირს წაართვეს მიწის ნაკვეთი და ამ ტერიტორიაზე დღეს არის აშენებული სამხედრო ბაზა და ა.შ. ეს აუცილებლად უნდა იყოს მომავალში მსჯელობის საგანი. უნდა დაიწყოს ფიქრი, თუ როგორ აუნაზღაურდეს ამ ხალხს ეს ქონება”.
პროკურატურაში შესული განცხადებების შესწავლის პროცესი რომ ხანგრძლივი იქნება, ამას კახა წერეთელიც ადასტურებს და ამასვე ვარაუდობენ ”საერთაშორისო გამჭვირვალობაშიც”, რომელსაც პროკურატურაში იმავე შინაარსის რამდენიმე საჩივარი აქვს შეტანილი.
თავის მხრივ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ბიზნესსექტორზე ზეწოლაში ახალ მთავრობას ადანაშაულებს. შეგახსენებთ უმცირესობის წევრის ზურაბ ჯაფარიძის ჯერ კიდევ იანვარში გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, ”ე.წ. ექსპერტი გია ხუხაშვილი ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე "პიქსელის" შენობაში ზის და ბიზნესის წარმომადგენლებს იბარებს”. ამ საკითხზე რამდენიმე დღის წინ პრემიერ ბიძინა ივანიშვილს კიდევ მოუწია გამოხმაურება: ”მე იმას დავუშვებ, რომ ისეთი კაცი გავიჩერო გვერდით, რომელიც ბიზნესს დააყაჩაღებს და წილში ჩაუჯდება და ა.შ? ნუ უჯერებთ ასეთ ხმებს”, განაცხადა პრემიერმა.
ნაჩუქარი ქონების ნუსხა დაწვრილებით ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ვებსაიტზე შეგიძლიათ იხილოთ. ქონების ჩუქების რამდენიმე ფაქტი ამ მასალიდან: შპს "ტოიოტა ცენტრი თბილისმა" სახელმწიფოს 1 453 370 ლარის ღირებულების ავტომობილები აჩუქა, შპს "გუდვილმა" კი - 1 675 717 ლარის ღირებულების 49 ერთეული "ტოიოტა ჰაილუქსის" მარკის ავტომობილი. 2009 წელს ერთ-ერთმა ფიზიკურმა პირმა სახელმწიფოს საჩუქრად გადასცა1 551 989 ლარის ღირებულების 42 ერთეული ავტომობილი. ამავე პერიოდში კავშირმა "დოსტაქარი" 3 102 139 ლარის ღირებულების მატერიალური ფასეულობები გადასცა სახელმწიფოს....
შპს "ავიასერვისმა" სახელმწიფოს 1 982 280,74 ლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკა გადასცა, ერთ- ერთმა ფიზიკურმა პირმა კი თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე მდებარე 2000 კვ. მ. მიწის ნაკვეთი, საერთო ღირებულებით 100 000 ლარი, გადასცა სახელმწიფოს...
”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მალე ქონების იმ ნუსხასაც გამოაქვეყნებს, რომელიც, პირიქით, სახელმწიფომ აჩუქა კონკრეტულ პირებს. საინტერესო იქნება გამოირკვეს, აცხადებს გია გვილავა, ხომ არ არის სახელმწიფოს მიერ ნაჩუქარ ქონებას შორის სწორედ ის ქონება, რომელიც მას უფასოდ ჩაუვარდა ხელში.