ვანო მერაბიშვილს „ქართულ ოცნებასთან“ გარიგებაში ადანაშაულებენ

ვანო მერაბიშვილს „ქართულ ოცნებასთან“ გარიგებაში ადანაშაულებენ

”ნაციონალური მოძრაობის” გენერალურ მდივანს ვანო მერაბიშვილს კოალიცია ”ქართულ ოცნებასთან” და, კერძოდ, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობასა და გარიგებაში ადანაშაულებს თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი თეა თუთბერიძე. რა საფუძველი აქვს თუთბერიძის ბრალდებას და რამდენად არგუმენტირებულად მიიჩნევენ მას ექსპერტები?

„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის სახელს უკავშირებს თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი თეა თუთბერიძე გასული წლის სექტემბერში ციხის ცნობილი კადრების გავრცელებას. თეა თუთბერიძის მტკიცებით, კადრები, რომელმაც დიდწილად განაპირობა 1 ოქტომბრის არჩევნებში კოალიცია ”ქართული ოცნების” გამარჯვება, ვერ გავრცელდებოდა და, მით უფრო, მათ ვერ გადაიღებდნენ მაშინდელი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, ჩარევის გარეშე. მისი გავრცელებით კი, თეა თუთბერიძის აზრით, ვანო მერაბიშვილი შეეცადა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის დაემტკიცებინა, თუ რა მნიშვნელობის ფიგურას წარმოადგენდა თავად, თუმცა შედეგად მიიღო საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური კოალიცია ”ქართული ოცნების“ გამარჯვება. იმის დასამტკიცებლად კი, თუ რატომ იყო ვანო მერაბიშვილი მიხელ სააკაშვილზე განაწყენებული, თეა თუთბერიძეს შემდეგი არგუმენტი მოჰყავს: მას მერე, რაც მიხეილ სააკაშვილმა ვანო მერაბიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩამოაშორა და პრემიერად დანიშნა, ხოლო მოგვიანებით „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიაშიც კი არ შეიყვანა, ნათელი გახდა, რომ ის არჩევნების შემდეგ პრემიერის პოსტს ვერ მიიღებდა. ამასთან, თეა თუთბერიძე, რომელიც არ მალავს, რომ მას და სასამართლოში განსასჯელის სკამზე მჯდომ ყოფილ შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიას დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ, ამბობს, ბაჩო ახალაია სწორედ ვანო მერაბიშვილის გამოა დაპატიმრებულიო:

”ბაჩო ახალაია და დათა ახალაია არიან მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის დაპირისპირების მსხვერპლნი. რეალურად ისინი იყვნენ მიხეილ სააკაშვილის დასაყრდენი და ეს ძალიან კარგად გამოჩნდა არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე, როდესაც ბაჩო ახალაია გახდა შინაგან საქმეთა მინისტრი და ასევე მეორე ძალიან მნიშვნელოვან უწყებაში, მიუხედავად იმისა, რომ დიმიტრი შაშკინი, ვანო მერაბიშვილის კადრი, იყო მინისტრი, დათა ახალაია დაინიშნა მის მოადგილედ და ამით იმ პერიოდში მიხეილ სააკაშვილისგან ყველაფერი იყო ნათქვამი ვანო მერაბიშვილისთვის”.

ამასთან, თეა თუთბერიძის სიტყვებით, სააკაშვილ-მერაბიშვილის ბრძოლაში ქვეყანამ წააგო და, საბოლოოდ, არჩევნების შემდეგ მართვის სადავეები რუსული სპეცსამსახურების ხელში მოხვდა, რომელთა მუშაობის შედეგადაც ვანო მერაბიშვილმა, ორ ფრონტზე თამაშის გამო, პირადი სარგებელი ვეღარ მიიღო.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ თეა თუთბერიძის გამონათქვამების კომენტირება არ სურთ, თუმცა, პოლიტიკური ანალიტიკოსების დაკვირვებით, საქართველოში დამკვიდრდა ურთიერთბრალდებების ტრადიცია, მნიშვნელოვანი არგუმენტების გარეშე. ამ აზრს იზიარებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძეც:

”რის საფუძველზე ამბობს ამას [თეა თუთბერიძე], გარდა იმისა, რომ შედეგები მისთვის მიუღებელია მერაბიშვილის მოღვაწეობისაც და აგრეთვე „ოცნებისაც“? მე მგონია, რომ ეს უფრო ბოლო ხანების დაპირისპირებების შედეგია ნაციონალების შიგნით, ვიდრე რეალობა”.

რამაზ საყვარელიძის სიტყვებით, თეა თუთბერიძის მხრიდან ბაჩო ახალაიას დაცვა აბსოლუტურად ლოგიკურია, მათი მეგობრობის გათვალისწინებით. რამაზ საყვარელიძეს მიაჩნია, რომ თუთბერიძის მოტივაცია ახლობელი ადამიანის დაცვის სურვილია.

გლდანის ციხეში პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ამსახველი კადრების ვანო მერაბიშვილის სახელთან დაკავშირება პირველად არ ხდება. სულ თავიდან - ამასთან, პოლიტიკური მოტივაციის გარეშე - ამ თემაზე ჟურნალისტი ირმა ინაშვილი ლაპარაკობდა. ის ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვისაც ციხის კადრებთან დაკავშირებით საავტორო უფლებებზე ჰქონდა პრეტენზია. თავდაპირველად ირმა ინაშვილი ამბობდა, რომ ჩანაწერი მას ვანო მერაბიშვილის სახელით გადასცეს, მოგვიანებით კი თქვა, რომ კადრები მათ თავად მოიპოვეს, კარგად დაგეგმილი ჟურნალისტური გამოძიების წყალობით.

„არჩევნებისა და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი კახა კახიშვილი არ გამორიცხავს, რომ ”ქართულ ოცნებას” და ”ნაციონალური მოძრაობის” გარკვეულ წევრებს შორის არსებობდა და, ალბათ, ახლაც არსებობს გარკვეული მოლაპარაკება თანამშრომლობის შესახებ. თუმცა კახა კახიშვილი შეუძლებლად მიიჩნევს იმის მტკიცებას, რომ სწორედ ვანო მერაბიშვილია ასეთი შუამავალი და ფიქრობს, რომ უახლოეს მომავალში ბევრი რამ გაცხადდება:

”თუ ჩვენ ვნახეთ, რომ მთელი სამართლიანობის აღდგენის პროცესი დასრულდა მხოლოდ ახალაიების საქმით და იმ ბრალდებით, რომელიც აქვს წაყენებული, ნუ, მაშინ უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ გარკვეულ კონსულტაციებს ჰქონდა ადგილი „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. არჩევნებამდე ვინ რა როლს თამაშობდა, ეს გაირკვევა ზუსტადაც ამ ადამიანების მიმართ ხელის დაფარებით და ინდულგენციით ახალი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში”.

კახა კახიშვილის სიტყვებით, იმ ადამიანთა ვინაობა, ვინც „ქართულ ოცნებას“ ეხმარებოდა, საზოგადოებისთვის ცნობილი მას შემდეგ გახდება, რაც ე.წ. სამართლიანობის აღდგენის პროცესი დასრულდება და ამ პროცესში ინდულგენციებს მიიღებენ, თუმცა კახა კახიშვილს შეუძლებლად მიაჩნა იმის წინასწარმეტყველება, მიიღებს თუ არა ასეთ ინდულგენციას ვანო მერაბიშვილი.