კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა გადაცემაში „იმედი LIVE“ გამოეხმაურა განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლაა. მან სხვადასხვა ქვეყნის კონკრეტული მაგალითები მოიყვანა და აღნიშნა, რომ ამ ფონზე, საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე საუბარი, სამარცხვინოა.
„გერმანიაში, 147 ოჯახში ჩატარდა ჩხრეკა სიძულვილის ენასთან დაკავშირებით, რომელიც არის ამ [სოციალურ] ქსელებში. მინდა გაგახსენოთ, რომ საფრანგეთში არის დაპატიმრებული 12 000 ადამიანი [საპროტესტო] გამოსვლების გამო, 12 კაცი კი არის მკვდარი. 18 000 ბავშვი არის დახოცილი ღაზაში, 85 000 მშვიდობიანი მოქალაქე. ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დააყენა საკითხი, რომ ასოცირების ხელშეკრულება გაუქმდეს ისრაელთან ევროკავშირში. ამ ფონზე, ლაპარაკი, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაა, არის სამარცხვინო. ეს მეტყველებს იმაზე, რომ აბსოლუტურად დეგრადირებულ ერთობასთან გვაქვს საქმე, რომელსაც ევროკავშირი ჰქვია“, - განაცხადა ხაინდრავამ.
ამასთან, კინორეჟისორმა ოპოზიციონერი ლიდერების დაკავების საკითხზეც ისაუბრა.
„მე ხაზარაძეს, ჯაფარიძეს და ამ კიკუ ვაშაძესაც კარგად ვიცნობ. წარმოიდგინეთ, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძემ ათეულობით მილიონი დოლარი დახარჯეს იმისთვის, რომ ციხეში არ მოხვედრილიყვნენ. ამიტომ დაიწყეს პოლიტიკური მოღვაწეობა, ამისთვის შექმნეს პარტია და ასე შემდეგ და ამ ფონზე უცებ, სულ ყველანი ერთად დაეწყვნენ და საკუთარი ნებით შევიდნენ ციხეში. ეს არის გეგმის ნაწილი - ქუჩაში ვერაფერი ვერ მოახერხეს მაგათმა პატრონებმა, თქვეს რომ ერთადერთი გზა, რამაც შეიძლება დღეს გამოიწვიოს აღელვება, არის ის, რომ „პოლიტიკური პატიმრები“ დააპატიმრეს. რაზე დააპატიმრეს? - კონსტიტუციის და კანონის დარღვევაზე. ჩვენ საბჭოთა კავშირიდან გამოსულები ვართ, იმ უბედურებიდან და იქით იმიტომ მივისწრაფვოდით, რომ იქ გვეგულებოდა, კანონი, სამართალი, კონსტიტუცია, წესიერება და ა.შ. ეს შვიდი კაცი დაეწყო თავის ფეხით შევიდა ციხეში. თქვენ წარმოიდგინეთ, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს და რამდენად უნდა იყოს პასუხისმგებელი პატრონების წინაშე, რომ ბადრი ჯაფარიძე თავის ფეხით შევიდეს ციხეში? ამას ვერ გპატიობენ, რომ შენ ხარ ერთადერთი ქვეყანა ამ რეგიონში და ევროპაშიც როგორც ჩანს, რომელიც იცავს ცხოვრების წესს, სახელმწიფოს წესს“, - განაცხადა ხაინდრავამ.