დავით ფაცაცია ''ქართული ოცნების'' პოლიტიკური საბჭოს წევრი გახლავთ, თუმცა მანამდე იყო რთული პოლიტიკური გზა, რომელიც ძირითადად სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართულ აქტივობაში გამოიხატებოდა. თავად აფხაზეთიდანაა და სწორედ ამას აბრალებს, რომ მოგვიანებით პოლიტიკაში ჩაება. დღეს ქუჩის აქციებიდან კაბინეტში გადაინაცვლა, თუმცა ხმაურიან განცხადებებს მაინც არ ერიდება.
- პოლიტიკაში ჩემი მოხვედრა აფხაზეთის ომმა განაპირობა. ბაბუშერაში ვცხოვრობდი და ომი ჩემ თვალწინ მიდიოდა. მძიმეა, როდესაც სოფლად ლაღად ცხოვრობ, ერთ დღეს მოდის ძალიან ბევრი ტანკი და გარშემო ყველაფერი იბომბება. როდესაც ბაბუშერის სანაპირო იბომბებოდა, ეზოში ბლის ხეზე ავედი და ბაბუას ბინოკლით ვუყურებდი ყველაფერს. ეს იყო კინო, რომელსაც ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდი, სანამ მსხვერპლი არ მოჰყვა. ომს გამარიდეს და რუსეთში წავედით. მამას მეგობრებთან ვიყავით, ნათლიაც იქ ცხოვრობდა. იმ წელს, როდესაც სოხუმი დაეცა, 18 სექტემბერს, თბილისში გადმოვფრინდით მე, და-ძმა, დედა და ბიძაშვილ-მამიდაშვილები. მამა სოხუმში დარჩა. ბოლო თვითმფრინავი იყო, რომლითაც ჩვენ გადმოვფრინდით. აქ მამას სიძის სახლში ვცხოვრობდით, ჩვიდმეტი ბავშვი სამოთახიან ბინაში. 21 სექტემბერს მამასთან კონტაქტი გაწყდა და 27 სექტემბერს ქალაქი დაეცა. ერთი თვის განმავლობაში არ ვიცოდით მამა სად იყო. მაშინ გავაცნობიერე, რა იყო ღმერთი და ყოველდღე ვლოცულობდი, რომ მამა გადარჩენილიყო. ჭორად ვიგებდით, რომ ცოცხალი იყო, ზოგი ამბობდა, რომ ყურმოჭრილი, თავმოჭრილი და სარზე წამოცმული ნახეს. 21 ოქტომბერს ტელეფონმა დარეკა და მამა გველაპარაკა. იმ დღეს მეორედ დავიბადე.
- სწავლა თბილისში გააგრძელეთ?
- დიახ, მამას მეგობრებმა ფული შეგვიგროვეს და ბინა გვიყიდეს. სოხუმის უნივერსიტეტში ვსწავლობდი და 2004 წლის 12 თებერვალს წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატარა რევოლუციის მოწყობა გადაწყვიტეს. ''კმარას'' ჯგუფი შემოიჭრა, ჩვენი რექტორის, ძალიან პატიოსანი ადამიანის ოთარ ჟორდანიას წინააღმდეგ აქცია მოაწყვეს. აქ იყო ''კმარას'' ყველა თვალსაჩინო წარმომადგენელი, თეა თუთბერიძე, ლადო ვარძელაშვილი, გიორგი კანდელაკი. გავუძელით ზეწოლას და რექტორი შევინარჩუნეთ.
- ამის შემდეგ გახდით პოლიტიკურად აქტიური?
- დიახ, ჯერ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საპროტესტო აქციებში ვმონაწილეობდი. იქ ერთ-ერთი რიგითი აქტივისტი ვიყავი. შემდეგ ორი არჩევანი მქონდა, ან ''რესპუბლიკურ პარტიაში'' უნდა შევსულიყავი, სადაც ბევრი მეგობარი მყავდა, ან ''ახალ მემარჯვენეებში''. ''რესპუბლიკური პარტია'' ავირჩიე. როდესაც ოქრუაშვილის პოზიციები გაძლიერდა და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი გახდა, ის ჩემთვის შეგნებული დამნაშავე იყო, ამიტომ პარტია დავტოვე და ''ახალ მემარჯვენეებში'' მივედი. შემდეგ წინააღმდეგობის მოძრაობა ''რატომ'' შევქმენი, რომლის ხელმძღვანელიც მე გახლდით.
- მახსოვს, მაშინ ძალიან ბევრი და ხმაურიანი აქცია ჩაატარეთ.
- დიახ, პირველი აქცია გვქონდა ''პირველ არხთან'', როდესაც მაშინდელი დირექტორი ლევან ყუბანეიშვილი გამოვიდა და თქვა, რომ ტანკებით თავს დაესხნენ. 6 აპრილს ასამდე ახალგაზრდა გიორგი გეგეჭკორის ხელმძღვანელობით დაარბიეს. ასევე ქალაქში სააკაშვილის და მასაჟისტი, დოქტორ დოტის საერთო ფოტოები გავაკარით. ყველაზე მძიმე 2009 წლის 6 მაისის ინციდენტი გახლდათ, როდესაც ახალი პარლამენტი შეიკრიბა და დეპუტატები ღამის ორ-სამ საათზე შედიოდნენ პარლამენტში. 12 ივნისს შეხლა-შემოხლა მოგვივიდა პარლამენტის დაცვასთან და დაგვარბიეს. ერთ-ერთი ახალგაზრდა მანქანის სახურავიდან გადმოხტა, ფეხი ჩამარტყა სახეში და ცხვირი გამიტეხა. სასწრაფო მოვიდა და მიმკურნალეს. საღამოს, მეგობრის დაჟინებული თხოვნით, მცხეთაში სახინკლეში წავედით. ათ წუთში პოლიციამ მოგვაკითხა და ოთხი ადამიანი დაგვაკავეს, საიდანაც ორი საერთოდ არაფერ შუაში იყო, აქციებშიც არ მონაწილეობდნენ. 30 დღე მომისაჯეს. ბინძურ ოთახში ვიჯექი, მარტო, ცხვირგატეხილი. ცხვირსახოცით პატარა კვადრატი გავწმინდე და ერთი ღამე იქ ვიჯექი. მერე ხერხემალი ამტკივდა და მეორე დღეს კიდევ ერთი კვადრატი გავწმინდე და დავწექი. ეს იყო ყველაზე მძიმე სამი დღე. ოთახში ვირთხა იყო, რომელიც ღამე არ მაძინებდა. 15 ივნისს ნგრევის ხმამ გამაღვიძა. ეს იყო აქცია ''ჩვენც დაგვიჭირეთ'', რომელიც ჩემმა მეგობრებმა მოაწყვეს. ალბათ გახსოვთ, როგორ სასტიკად დაარბიეს ისინი. შემდეგ ''კაპეზეში'' შემოყარეს, სცემეს, სურათებს უღებდნენ. ერთ-ერთს, გიორგი ბექაურს, იმ დღეს 61 ნაკერი დაადეს. ისე სცემეს ''კაპეზეში'', ეგონათ, რომ მოკვდა, ღუდუშაურის კლინიკასთან დააგდეს და გამვლელებმა გადაარჩინეს. დაკავებულების ნაწილი ჩემს ოთხში შემოყარეს. ძალიან მძიმე იყო, როდესაც დასახიჩრებული მეგობრები დავინახე. 17 ივნისს შიმშილობა გამოვაცხადე. არადა, თვალებზე პრობლემა მაქვს და არ შეიძლებოდა. მას შემდეგ კიდევ ბევრჯერ დამაკავეს.
- მარჯანიშვილის თეატრის ინციდენტის შესახებ მოგვიყევით.
- ერთი დღის ჩამოსული ვიყავი ავსტრიიდან და მეორე დღეს მოხდა 26 მაისის ცნობილი დარბევა. მეგობრებთან ერთად ვიჯექი კაფეში, დედამ რომ დამირეკა, არ მიხვიდე, დარბევა დაიწყოო. მაშინვე გავიქეცი, მაგრამ გზა გადაკეტილი დაგვხვდა. ყველგან სამხედრო ფორმაში ჩაცმული პოლიციელები იდგნენ, გაბრაზებული ვეუბნებოდი, აიღეთ ალბათ ხომ სოხუმი და ცხინვალი-მეთქი, ადამიანური ემოცია იყო. ''მარიოტს'' რომ მივუახლოვდი, პოლიციელები დავინახე, ორმოცდაათი ძაღლით იდგნენ, მაშინ მივხვდი, რომ საშინელება მოხდა. ეკლესიასთან მამაოებს ჯაჭვი ჰქონდათ გაკეთებული და ახალგაზრდებს იცავდნენ. ჩემთან ერთად იყო ერთ-ერთი უნგრელი ჟურნალისტი და მას ვუხსნიდი, რომ სააკაშვილი მზად იყო, ხელისუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერზე წასულიყო. მეორე დღეს დუდუხანა წეროძის შვილიშვილმა მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლზე დამპატიჟა. ძალიან მთხოვა და ოთხ მეგობართან ერთად წავედი. იქ მისულებმა გავარკვიეთ, რომ ეკვადორის კულტურის დღეები იყო. პირველი სამი რიგი დაკავებული დაგვხვდა. თავიდან მეგონა, რომ კულტურის მინისტრი მოდიოდა, დაცვა რომ გამრავლდა, მერაბიშვილზე ვიფიქრე, მას კიდევ აიტანდა ადამიანი, მაგრამ ბოლოს მივხვდი, რომ სააკაშვილი მოდიოდა. დაცვამ ამის შესახებ არაფერი იცოდა. ბიჭებს ვუთხარი, რომ იქ გაჩერება არ შემეძლო და თეატრი დავტოვე. მაგრამ თან ნერვები მომეშალა, ისე არ უნდა წავსულიყავი, რომ ჩემი სათქმელი არ მეთქვა. ეზოში ტაშის დამკვრელი ორმოცდაათამდე ახალგაზრდა იდგა. უცებ გაჩერდა პრეზიდენტის მანქანა და ბედნიერი, გახარებული სახით გადმოვიდა. მე მას ვუთხარი ის, რაც აუცილებლად უნდა მეთქვა.
- თუ არ ვცდები, მკვლელი უწოდეთ.
- დიახ, მე მას შევყვირე, შენ ხარ მკვლელი, ნაძირალა, არაკაცი და პასუხს გაგებინებთ იმაზე, რაც გუშინ ჩაიდინეთ და რასაც მთელი ამ წლების განმავლობაში სჩადიოდით. ამას ვუყვიროდი და ალბათ ყველა გაიგონებდა, ვინც ირგვლივ ცხოვრობდა. იმწუთას ის იყო მშიშარა ადამიანი. არ ეგონა, რომ მარტო ვიყავი, გარშემო იყურებოდა. დაცვამ შეკრა და შიგნით შეიყვანა. შემდეგ დაცვა გამომეკიდა და დამაკავეს. ჩემი მეგობრები ამ დროს სუპერმარკეტში იყვნენ და მათგან ორი დაიჭირეს, რომლებიც გარეთ გამოდიოდნენ. ერთი გადარჩა. ჯიბეში შოკოლადი მქონდა და მან გაავრცელა ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ შოკოლადი ვესროლე. შემდეგ ხალხი მეუბნებოდა - თქვი, რომ შოკოლადი ესროლეო, არ მისროლია და როგორ მეთქვა.
- თქვენი ახალგაზრდების ჯგუფი ხშირად ავრცელებდა სხვადასხვა ინფორმაციას სააკაშვილის ძვირად ღირებულ ვოიაჟებსა და საჩუქრებზე. რაც ბოლო დროს დოკუმენტებით დადასტურდა. საიდან იგებდით მაშინ ამ ამბებს?
- მეგობრები გვირეკავდნენ და გვეუბნებოდნენ, როცა სადმე დაინახავდნენ. მათ შორის ბარის თანამშრომლებიც. ბათუმის ისტორია, კიბეზე დაგორების და აუზის ცნობილი ამბები, ბათუმელებისგან გავიგეთ. ჩვენი მიზანი იყო, რომ ის თავგასულობა და უსამართლობა აღგვეკვეთა, რაც მან დანერგა, თორემ ის ვისთან ერთობოდა და როგორ - არ გვაინტერესებდა. დოქტორ დოტის მასაჟი ის ფაქტი იყო, რომელიც აუცილებლად უნდა გასაჯაროებულიყო, რათა ხალხს ენახა, ვისთან გვქონდა საქმე.
- თქვენი აზრით, რატომ ყიდულობდა ძვირად ღირებულ საჩუქრებს ქალბატონებისთვის?
- ალბათ, ეს მისი ბავშვობის კომპლექსია, ის, რაც მაშინ აკლდა.
- შეიძლება, ბავშვობაში ვინმესთვის სამაჯური ვერ ეყიდა და ახლა მარიამ საჯაიას უყიდა?
- აქ უფრო ხიბლის მომენტია, დაჩაგრულობის, არარეალიზებულობის, არასიმპათიურობის. როდესაც ამის საშუალება მიეცა, მთლიანად გამოხატა თავისი ეგო, პიროვნება. რითაც მისი გარყვნილი ბუნება, არაადეკვატურობა და არქიტექტურის უნიკალური ცოდნა გამოვლინდა. მარიამ საჯაიასთან მიმართებით ერთი გამონაკლისია, ის სიმპათიური გოგონაა (იღიმება).
- თინათინ ბოკუჩავაც სიმპათიური გოგონაა, მას ''აიფონი'' უყიდა.
- ალბათ, გემოვნებაზე არ დავობენ (იცინის).
- ამბობენ, სოფო ნიჟარაძესაც ანებივრებდა საჩუქრებით.
- სოფო ნიჟარაძეც გამონაკლისია, გეთანხმებით.
- ამბობენ, რომ ''ნაციონალური მოძრაობა'' პრეზიდენტობის კანდიდატად დავით ბაქრაძეს ან გიორგი ვაშაძეს წარადგენს.
- ბაქრაძე არ არის ლიდერის ტიპაჟი, რაც შეეხება ვაშაძეს, მას აქვს ლიდერის თვისებები, მაგრამ რაღაც ვარიანტში ვიზუალსაც აქვს მნიშვნელობა. ამიტომ არ მგონია, ან ერთი შედგეს, ან მეორე. თუმცა ბაქრაძე მაინც ოპტიმალური ვარიანტია.
- დეპუტატ ქალბატონებზე გკითხავთ. ამ მოწვევის პარლამენტში ყველაზე მეტად ისინი აქტიურობენ.
- ჩვენი პარტიის ერთ-ერთი მონაპოვარი სწორედ ეს არის. ეკა ბესელია, თინა ხიდაშელი, მანანა კობახიძე, ირინა იმერლიშვილი, კარგი ნაკრები შედგა. რაც შეეხება ნაციონალ ქალბატონებს, ჩემთვის ყველაზე მთავარი არის მორალი და სწორი პოზიცია, ამ კრიტერიუმებით ვერ შევაფასებ. სიმპათიურობის კუთხით თუ ვისაუბრებთ, გამორჩეულებიც არიან.
- საჯაია და ბოკუჩავა?
- ალბათ... ზოგს ჩიორა ესიმპათიურება (იღიმება). ალბათ თავიანთი თვისებებითა და აქტიურობით გამორჩეულები არიან, მაგრამ არაფრად ღირს, თუ ის ქვეყნის საწინააღმდეგოა. ''ნაციონალური მოძრაობა'' პოზიციურად ოპოზიციაა, მაგრამ ხალხის ინტერესებს ვერასოდეს გაატარებს. რაზეა საუბარი, როცა ვანო მერაბიშვილი ადამიანის უფლებებზე ილაპარაკებს, ადეიშვილი - სასამართლოს დამოუკიდებლობაზე და როდესაც სააკაშვილი აზერბაიჯანში ჩადის და ''ქართულ ოცნებასა'' და ''ნაციონალურ მოძრაობაზე'' ლაპარაკობს.
- თურქეთში მიღებულ ტრავმაზე პრესაში დაიწერა, რომ პრეზიდენტს ფიზიკურად დათა ახალია გაუსწორდა.
- დათა ახალიას რომ ეცემა, მას იქ აუცილებლად დააკავებდნენ. მე მაინც შეჯახება მგონია ან რაღაც მოხდა. გახსოვთ ალბათ, 2005 წელს სააკაშვილმა აზერბაიჯანში ტრავმა რომ მიიღო, მეორე დღეს გამოვიდა და თქვა, ვითომ ხელი მოიტეხა. ეს მეორე ვერსიაა უკვე, რომ ვითომ ხელი მოიტეხა.