გიორგი ფარესიშვილს სკანდალური მასალების გადაცემას ჟურნალისტი მარი გულორდავა ჰპირდებოდა

გიორგი ფარესიშვილს სკანდალური მასალების გადაცემას ჟურნალისტი მარი გულორდავა ჰპირდებოდა

3 მაისს საქართველოში სამარცხვინო ფაქტი დაფიქსირდა. ინტერნეტსივრცეში ამაზრზენი ვიდეოკადრები გამოქვეყნდა. ვინმე დავით ბერაძემ ჟურნალისტთა კორპუსს, მათ შორის, თქვენს მონა-მორჩილს, 17:49 წუთზე "ფეისბუქის" სამესიჯოში ვიდეომასალა გამომიგზავნა თხოვნით, გაეცანითო.

გიორგი ფარესიშვილი აცხადებს, რომ გავრცელებული ვიდეოფირი ფაბრიკაციაა და მან ზუსტად იცის იმ პირთა ვინაობა, რომლებიც ამ მასალის გავრცელებაში მონაწილეობდნენ. გამოძიება უკვე დაწყებულია და ამ ფაქტის გამომზეურება ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პრესტიჟის საქმეა. მართალია, პრემიერი "ნაციონალებისკენ" იშვერს ხელს და საკუთარი თანამებრძოლების გადარჩენას ცდილობს, მაგრამ როგორც გიორგი ფარესიშვილი აცხადებს, არსებობს მტკიცებულებები კონკრეტული მაღალჩინოსნების წინააღმდეგ და ის ამ ფაქტებს უახლოეს მომავალში გამოამზეურებს.

"ქრონიკა+" ესაუბრება გიორგი ფარესიშვილს:

- გიორგი, თქვენ შეხვდით ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, რიჩარდ ნორლანდს, არ გეკითხებით საუბრის დეტალებს. გვითხარით მხოლოდ ის, რისი თქმაც ამ ეტაპზე შეგიძლიათ.
- საინტერესო შეხვედრა იყო. დიდი მადლობა ბატონ ელჩს, რომ მოძებნა დრო და პირადად დაინტერესდა ჩემი პრობლემით. შეხვედრა საათნახევარზე მეტხანს გაგრძელდა. რიჩარდ ნორლანდი დაინტერესდა კონკრეტულად ამ საქმის დეტალებით და ჩემი ბოლოდროინდელი სკანდალური განცხადებებით ხელისუფლების მაღალჩინოსნების მისამართით. მე ჩემს ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია მივაწოდე მას და, ასევე, განვუცხადე, რომ ამ ფაბრიკაციასთან დაკავშირებით გამოძიებას არ ვენდობი იქამდე, სანამ ირაკლი ღარიბაშვილის პირველი მოადგილე არის გელა ხვედელიძე და მთავარი პროკურორის პირველ მოადგილედ დარჩება ლაშა ნაცვლიშვილი. ეს ადამიანები დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენენ საქმესთან დაკავშირებით. ჩემი კატეგორიული მოთხოვნაა, დაიწყოს ასევე გამოძიება ლაშა ნაცვლიშვილზე, გელა ხვედელიძეზე და გია ხუხაშვილზე. ელჩმა ასევე განაცხადა, რომ ეს არის ფაბრიკაცია და მთხოვა, რომ ძალიან არ მენერვიულა ამასთან დაკავშირებით.

- თქვენ განაცხადეთ, რომ მასალები კონკრეტულ პიროვნებას მოგელაძისა და მისი ქმრის ურთიერთობის თაობაზე უნდა გადმოეცა პარასკევს. მოდი, დავკონკრეტდეთ, ვინ არის პიროვნება, როგორ დაიწყო მასთან შენი ურთიერთობა და რას გპირდებოდა ის?
- მე ეს ადამიანი 2011 წელს გავიცანი და მასთან გარკვეული ნაცნობობა მაკავშირებს. ეს არის ჟურნალისტი მარიამ გულორდავა. ეს ადამიანი საერთო ახლობლებისგან გავიცანი და მასთან არ მქონდა რესპოდენტ-ჟურნალისტის ურთიერთობა. მე იგი გასული კვირის ოთხშაბათს დამიკავშირდა, მანამდე კი "ფეისბუქში" მომწერა, რომ სურდა გადმოეცა ჩემთვის გარკვეული ინფორმაცია, კონკრეტულად რის თაობაზე, არ უთქვამს, მხოლოდ ის მომწერა, რომ ეხებოდა გია ხუხაშვილს.

- როდის შეხვდით მარი გულორდავას? ცოტა უცნაურია, ჟურნალისტი, რომელსაც აქვს სკანდალური ინფორმაცია, არ აქვეყნებს მას გაზეთში, სადაც მუშაობს და გაწვდით თქვენ?
- მარი გულორდავას მეორე დღესვე შევხვდი "ალიას" ოფისში საინტერვიუ ოთახში. მისი პირველი კითხვა იყო, ვარ თუ არა მზად, გამოვაქვეყნო ინფორმაცია გია ხუხაშვილის, ნათია მოგელაძისა და მოგელაძის ქმრის კავშირების თაობაზე? მე ვუპასუხე, რომ ჯერ უნდა მენახა კონკრეტული ფაქტები, რითაც მტკიცდებოდა ამ სამი ადამიანის მიერ ჩადენილი დანაშაული. მან მიპასუხა, თუ მე ამას დავთანხმდებოდი, იგი
მომაწვდიდა კონკრეტულ ფაქტებს, რომ გია ხუხაშვილის დავალებით ნათია მოგელაძეს და მის ქმარს დაწყებული ჰქონდათ მთელი ტომების შეკერვა და სულ მალე დაიწყებოდა დაჭერების ახალი სერია და ამას აპირებდა ახალი ხელისუფლება. ასევე დავინტერესდი, რომელ პიროვნებებს ეხება ეს და რა ჯგუფს უნდა, რომ ინფორმაცია გავახმოვანო. პიროვნებების დასახელებას მარი გულორდავა დამპირდა პარასკევს საღამოს, რაც შეეხება ჯგუფს, რომელიც შესაძლოა იდგა ამ ინფორმაციის უკან, მე მოვითხოვე მათთან შეხვედრა, იმიტომ, რომ ამდენწლიანი უფფლებადაცვითი საქმიანობის განმავლობაში ყოველთვის ვცდილობდი, ჩემ მიერ გასაჯაროებული ფაქტები არგუმენტებით ყოფილიყო გამყარებული. მან მითხრა, რომ დაეკითხებოდა ამ ადამიანებს, მოინდომებდა თუ არა ვინმე ამ ჯგუფიდან ჩემთან შეხვედრას, მაგრამ მან ასევე მიპასუხა, რომ ის მთავარი უკვე გაფრინდა ქვეყნიდან, თუმცა დამპირდა, რომ ჩვენს შეხვედრაზე გარკვეულ დეტალებს თავად მეტყოდა. მე დამატებით ვკითხე მას, იყო თუ არა ეს მესამე ძალა, რომელიც თავის დამკვიდრებას ცდილობს, რაზეც მარიმ პირდაპირ მიპასუხა, - არა, ეს არის სხვა ჯგუფი, გარედან ჩანს, რომ ეს არის ჯგუფი, რომელიც მოიაზრება გია ხუხაშვილთან ერთად, მაგრამ ამ ჯგუფსაც კი უკვე ყელში ამოუვიდა მისი მოქმედებები.

- დავაკონკრეტოთ, "ალიას" ოფისში შესვლამდე დაცვის სამსახურია, ისე ვერ შეხვდები ვერავის, თუ დაცვამ არ გაგატარა. იყო თუ არა ეს იმ დღეს ასე?
- ნამდვილად ასე იყო, დაცვის სამსახურის წარმომადგენელი საქმის კურსშია. მე მას ვუთხარი, ვისთანაც მივდიოდი და მარი გულორდავა სწორედ დაცვის თანამშრომელმა გამოიყვანა. გარდა ამისა, ეს ფაქტი იცოდა "ალიას" კიდევ ერთმა ჟურნალისტმა, რომელიც არის ჩემი მეგობარი და ორი-სამი დღით ადრე მე მას ვესაუბრე. ამ ეტაპზე ვინაობას არ დავაკონკრეტებ.

- რამდენი ხანი გრძელდებოდა თქვენი შეხვედრა და რაზე შეთანხმდით?
- "ალიაში" შეხვედრა გრძელდებოდა 10 წუთი. შევთანხმდით, რომ პარასკევს საღამოს ისევ შევხვდებოდით, იგი მომიტანდა კონკრეტულ მასალებს. ასევე, მქონდა იმედი, რომ თუ მარი შეხვედრას არ მომიწყობდა, დამისახელებდა მაინც იმ პირთა ჯგუფს, ვის ინტერესებშიც შედიოდა ამ ფაქტების გამომზეურება.

- შემდეგ რა მოხდა?
- პარასკევს 7 თუ 8 საათზე მარი გულორდავა ჩემთან შეხვედრაზე მოვიდა ბუკიას ბაღთან. შეხვედრის ადგილზე ტელეფონით შევთანხმდით. მოვიდა და მითხრა, რა მასალების გადაცემაზეა ლაპარაკი, თუ იცი, რა კადრები გავრცელდა შენზეო?

- ამ მომენტისთვის ჯერ კიდევ არ იცოდი, რა კადრები იყო გავრცელებული?
- არ ვიცოდი კადრების გავრცელების თაობაზე, თუმცა იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რაც მე გავაკეთე გელა ხვედელიძის, გია ხუხაშვილისა და ლაშა ნაცვლიშვილის თაობაზე (გარკვეული ბიზნესკლანების შექმნა, ლაფანყურის გამოძიებაზე ხელის დაფარება და ა.შ.) მოველოდი გარკვეულ პროვოკაციებს. ჩემი მეგობრებიც მაფრთხილებდნენ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მე ვფიქრობდი, რომ ეს იქნებოდა ფიზიკური ანგარიშსწორება. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამ ადამიანებს შეეძლოთ მსგავსი სიბინძურის შეთითხვნა.