"გამოძიება უნდა ჩატარდეს. სირცხვილია, რომ ასეთი მოვლენა ხდება ქვეყანაში და გამოძიება არ ტარდება, ვინ რას აკეთებდა. ადამიანის უფლებები ირღვეოდა და რატომ ომის დღეებში? ვინ დაიწყო ომი, ეს არ არის პროკურატურის კვლევის საგანი. მაგრამ რას აკეთებდნენ პოლიტიკური თანამდებობის პირები იმ დღეებში და ასრულებდნენ თუ არა მათზე დაკისრებულ მოვალეობას, ეს არ აინტერესებს გამოძიებას? სააკაშვილი არ არის საქართველო, საქართველო მარადიულია და რაც მათ გააფუჭეს, ეს უმიზეზოდ არ მომხდარა. საერთაშორისო ვალდებულება გვაქვს რომის სტატუტით, რომ ჩვენ გამოვიძიოთ ის, რაც გამოსაძიებელია. ეს ქვეყნის სუვერენიტეტს არ ეხება. ხალხს აქვს კითხვა და პასუხებია გასაცემი. ჩვენი ყოველი გადაწყვეტილება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ინტერესების მიხედვით იქნება მიღებული", - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით"აუცილებლად დავადგენთ, რას აკეთებდნენ "ნაციონალები" აგვისტოს ომის დროს".
"დღეს რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპია. სააკაშვილის მხრიდან ხალხის მოტყუება და მუშტების ჰაერში ქნევა უკვე სასაცილო და კარიკატურულია. მისმა პოლიტიკამ მოგვიტანა ის შედეგი, რაც დღეს საქართველოს სჭირს. ახალი ხელისუფლება არ გააგრძელებს ამ უპასუხისმგებლო პოლიტიკას და, როგორც ითქვა, ურთიერთობა აეწყო კორექტულ, მაგრამ პრინციპულ პოზიციაზე. საქართველოსთვის ცხინვალი და აფხაზეთი განუყოფელი ნაწილებია და მჯერა, ამ ოცნებას ავიხდენთ, თუმცა ამას დრო სჭირდება. "ნაციონალების" ისტერიკა მაფიქრებინებს, რომ მათ სურთ, ამ ვითარებაში დარჩეს ქვეყანა. ჩემი აზრით, მათ მორალური უფლება არა აქვთ, ვინმეს მორალი უკითხონ. მათ ჯერ არ აუღიათ პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ჩაიდინეს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ეკა ბესელია.
"19 აპრილის აქცია მართლაც იყო "ნაციონალური მოძრაობის" უნიჭო და კომიკური პერფორმანსი. რას ჰგავდა მათი გამოსვლები? რომელ ეროვნულ მოძრაობაზე საუბრობდა ან ვაშაძე, ან ვანო მერაბიშვილი? სასაცილოა, აბა არა, რომ ვანო მერაბიშვილი იყოს ეროვნული მოძრაობის ლიდერი. მგონი, "ნაციონალები" რეალობას ასცდნენ და თავისივე გამოგონილ სამყაროში დარჩნენ. საინტერესოა, რომელ ეროვნულ ფასეულობებზე ლაპარაკობს ვანო მერაბიშვილი იმ ადგილიდან, სადაც სისხლში ახშობდა მშვიდობიან მომიტინგეებს და თვალებს სთხრიდა საკუთარ მოქალაქეებს. როგორ უნდა ბედავდეს ვანო მერაბიშვილი ამდენი ძალადობის შემდეგ და სხვა "ნაციონალები", რომ სამართალზე გველაპარაკებიან? მიმაჩნია, რომ უსწრაფესად უნდა იყოს გამოძიებული 7 ნოემბრიდან 26 მაისის ჩათვლით ყველა დარბევა და ძალადობა. აქ ვგულისხმობ იმ ძალადობასაც, რომელიც არჩევნების წინ ხდებოდა. ვიცი, რომ პროკურატურა და შსს-ს ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს და ეს საქმეები ბოლომდე იქნება მიყვანილი", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ჩვენ, ხელისუფლების თითოეულმა წარმომადგენელმა, უნდა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი მოქალაქეების დარღვეული უფლებები აღვადგინოთ. ათასობით ადამიანი ელოდება უკანონო განაჩენების გადასინჯვას, ჩამორთმეული სახლ-კარისა და ბიზნესის დაბრუნებას. მართლაც უამრავი საქმე და დანაშაულია გამოსაძიებელი. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ადამიანებს დავეხმაროთ. უკვე 6.000-ს გადასცდა ჩემს კომიტეტში შემოსული საჩივრების რაოდენობა. მათი დიდი ნაწილი უკვე რეაგირებულია ჩემგან და ახლა შედეგებს ველოდები. მინდა, ყველას ვუთხრა, ჩვენ დღეს ხელისუფლებაში ვართ არა იმიტომ, რომ ჩვენ ვიყოთ კარგად, არამედ ჩვენი მოსახლეობა რომ იყოს კარგად. მათზე უნდა ვიზრუნოთ", - დასძენს ეკა ბესელია.