რატომ ასმევენ გიორგი ბარათელს ფსიქოტროპულ წამლებს

რატომ ასმევენ გიორგი ბარათელს ფსიქოტროპულ წამლებს

აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობის ბრადებით მსჯავრდებულ გიორგი ბარათელს მეორედ ასამართლებენ. ოღონდ ამჯერად სასჯელაღსრულების დაწესებულებეაში უკანონო ნივთის შესახვის ბრალდება წაუყენეს.

თუმცა, როგორც სასამართლო გამოძიებამ აჩვენა, მას ეს ბრალი არ უმტკიცდება.

გიორგი ბარათელის ადვოკატი მამუკა ნოზაძე ფიქრობს, რომ სასამართლო გიორგი ბარათელს გაამართლებს, ვინაიდან ბრალდების მიერ წარმოდგენილმა ორმა მოწმემ (რომელიც თითქოსდა ხელს ადებდა ბარათელს), არ დაადასტურა მისი ბრალეულობა. ბარათელის ახალ დანაშაულში დადანაშაულება კი შედიოდა ძველი ხელისუფლებისა და გურამ შარაძის მკვლელობის შემკვეთების ინტერესებში.

გიორგი ბარათელის წინააღმდეგ “ახალი დანაშაულში” დადანაშაულება მას შემდეგ მოხდა, რაც 1 ოქტომბრის არჩევნებში ნაციონალების დამარცხებით გულმოცემულმა ბარათელმა, საქვეყნოდ განაცხადა, რომ აკადემიკოსი გურამ შარაძე მას არ მოუკლავს და ამის მტკიცებულებებიც არსებობს.

ბატონო მამუკა, თბილისის საქალაქო სასამართლო იხილავს გურამ შარაძის მკვლელობის ბრალდებით გასამართლებულ გიორგი ბარათელის ახალ სს საქმეს. ფაქტობრივად, მას მეორედ ასამართლებენ. რა სტადიაზეა საქმის სასამართლო გამოძიება?

- დიახ, გიორგი ბარათელს მეორედ ასამართლებენ. ახლა მას წარდგენილი აქვს ბრალი, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკანონო ნივთის შენახვას ეხება. ეს არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373 პრიმა მუხლი. ედავებიან ე.წ. “ატმეჩკის” შენახვას. ვითომდა მას ჰქონდა კბილის ჯაგრისზე დამაგრებული ლურსმანი. ბრალდებას ადასტურებს ძირითადად სასჯელაღსრულების დაწესებულების ოთხი თანამშრომელი. ასევე მათ დაკითხული ჰყავდათ გიორგი ბარათელის თანასაკნელები. 19 თანასაკნელიდან ორი ადებდა ხელს, თითქოსდა გიორგი ბარათელს ჰქონდა რაღაც უკანონო ნივთი. ბოლო პროცესზე დაიკითხა ეს ორი პიროვნება, იოსებ გოგიაშვილი და ადამ ზარიძე, რომლებმაც კატეგორიულად გამორიცხეს გიორგი ბარათელის მხრიდან რაიმე უკანონო ნივთის შენახვა. როდესაც სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამსრომლები დაიკითხნენ, ზოგად ტრაფარეტულ ჩვენებას იძლეოდნენ, რაც არაფრით არ დასტურდებოდა. ფონოსკოპური ექსპერტიზაც არის ჩატარებული, რომელმაც კატეგორიულად გამორიცხა გიორგი ბარათელის მხრიდან უკანონო ნივთის ხელში ჭერის ფაქტი. ბრალდების მხარემ დაცვის მხარეს შემოგვთავაზა საპროცესო გარიგება - ყოველგვარი ბრალის აღიარების გარეშე სასჯელზე შეთანხმება, ანუ მინიმალურ სასჯელს მისცემდნენ. ეს მუხლი ითვალისწინებს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას, მინიმალური კი გამოდიოდა 6 თვე, რასაც ჩვენ არ დავთანხმდით.

რატომ არ დათანხმდით?

- სასამართლო პროცესზე ადამ ზარიძემ და იოსებ გოგიაშვილმა კატეგორიულად უარყვეს გიორგი ბარათელის მიერ რაიმე დანაშაულებრივი ქმედება. ძირითადად ამას ეყრდნობოდა ბრალდება. ამიტომ ბრალდების მხარემ სხვა მოწმეების დაკითხვაზე უარი განაცხადა, ანუ ბრალდებამ უარი თქვა იმ თანასაკნელების დაკითხვაზე, რომლებიც აბსოლუტურად გამორიცხავდნენ გიორგი ბარათელის დანაშაულებრივ ქმედებას.

გიორგი ბარათელს ახალი ბრალი წაუყენეს მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ გურამ შარაძის მკვლელი ის არ გახლდათ.

- დიახ, საქართველოში 1 ოქტომბერს განხორციელებული ცვლილების შედეგად, საზოგადოებას მიეცა იმედი, სამართლიანობა აღდგებოდა. ახალი ხელისუფლება სწორედ ამ იდეით მოვიდა. გიორგი ბარათელსაც მიეცა რწმენა იმისა, რომ ის იტყოდა სიმართლეს და ახალი ხელისუფლება რეაგირებას მოახდენდა. ამიტომ ოქტომბრის ბოლოს ბარათელმა მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას და მოითხოვა მისი დაკითხვა. ასევე მან განაცხადა, რომ ის უკანონოდ იხდიდა სასჯელს, რადგან მას არ ჩაუდენია გურამ შარაძის მკვლელობა. ის ითხოვდა (და ითხოვს) დამატებით გამოძიებასა და დაკითხვას. მთავარ პროკურატურას რამდენჯერმე მიმართა, როგორც გიორგი ბარათელმა, ასევე მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა. ამის შემდეგ გაძლიერდა მასზე ზეწოლები. გიორგი ბარათელი აცხადებს, რომ, საერთოდ, 2007 წლიდან, მას შემდეგ, რაც ის პატიმრობაში იმყოფება, ყოველთვის ხორციელდებოდა მასზე ზეწოლა, მაგრამ ამ განცხადების შემდეგ უფრო გაძლიერდა. სწორედ ეს პროვოკაცია - ახალი ბრალი, რის გამოც დღეს სასამართლო მიმდინარეობს, ამითაა განპირობებული და ემსახურება მის გაჩუმებას. ცდილობენ გიორგი ბარატელი გააჩუმომ, რომ არ თქვას ის სიმართლე, რაზეც წლების განმავლობაში დუმდა, ანუ არ იქნას გამოძიებული გურამ შარაძის საქმე.

1 ოქტომბრამდე ზეწოლა რაში გამოიხატებოდა?

- 1 ოქტომბრამდე გიორგი ბარათელი გაჩუმებული იყო, რადგან დააკავეს თუ არა, მასზე თავიდანვე ზეწოლა განხორციელდა, როგორც ფსიქოლოგიური, ასევე - ფიზიკური. შემდეგ ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა, თუნდაც პატიმრების მიგზავნით, რომ მას არ ეთქვა სიმართლე.

გურამ შარაძის საქმესთან დაკავშირებით გიორგი ბარათელი ახლა დაკითხეს?

- გიორგი ბარათელი არ დაუკითხავთ, მაგრამ გამოკითხეს. ამას ჰქვია გამოკითხვის პროცედურა. გვქონდა იმედი და დაპირებაც იყო, რომ გამოძიება დაიწყებოდა, მაგრამ ამ ეტაპზე არანაირი გამოძიება არ დაწყებულა. ამ დროისთვის ასეთი გადაწყვეტილებაა მიღებული, სამართლებრივი ხარვეზების შემსწავლელი კომისია რომ შეიქმნება, იქ მოხდება ამ საქმის შესწავლაც და გადასინჯვაც.

მაინც რატომ დასჭირდათ ახალი ბრალის შეთითხნვა? მავანმა, ვინც იცოდა, რომ ახალ რეალობაში შეიძლებოდა ბარათელს შარაძის მკვლელობის ბრალდება მოხსნოდა, იზრუნა მისი პატიმრობის გამართლებაზე?

- წინასწარ არავინ იცოდა, რა მოხდებოდა სასამართლო პროცესზე, დაცვა როგორ სტრატეგიას აიღებდა და რა დადგინდებოდა, მაგრამ ამის მთავარი არსია გიორგი ბარათელზე ზეწოლის განხორციელება. იმ თანამშრომლებიდან, რომლებიც ადრე გიორგი ბარათელზე ზეწოლას ახორციელებდნენ, სამსახურიდან ბევრი არ წასულა და  ისევ იმ დაწესებულებებში მიშაობენ, სადაც მუშაობდნენ. ამიტომ ეს ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ გიორგი ბარათელის გაჩუმებას, დადუმებას ისევე, როგორც დადუმებული გახლდათ 2007 წლიდან 2012 წლის ოქტომბრამდე, რათა არ ეთქვა სიმართლე, რომ გურამ შარაძე მას არ მოუკლავს, იგი უკანონოდ იხდიდა სასჯელს და, დღემდე გამოუძიებელია გურამ შარაძის მკვლელობა, არ არის პასუხისგებაში მიცემული რეალური მკვლელი.

ანუ დაინტერესებული პირების, ამ საქმის მასზე დამბრალებლების, გურამ შარაძის მკვლელობის შემკვეთების დაკვეთა იყო გიორგი ბარათელზე მეორე ბრალის შეთხზვა?

- რა თქმა უნდა. ვინც დაინტერესებული იყო გურამ შარაძის მკვლელობით და ამ მკვლელობის გამოუძიებლობით, მიჩქმალვით, ის ხალხია დაინტერესებული გიორგი ბარათელის გაჩუმებით. სწორედ ამ ხალხის მიერ ხდება პროვოცირებები, ახალი ბრალდებების შეთხზვით. ამით აიძულებენ ადამიანს, ფსიქოლოგიურად დაშინდეს, აგრძნობინებენ, რომ ისინი ისევ ძლევამოსილი ხალხია.

ამ ბრალის შემდეგაც გრძელდებოდა ზეწოლა?

- ამ ფაქტის შემდეგ, როდესაც ახალი ბრალი წარუდგინეს მას, საზოგადოებისა და ჟურნალისტების აქტიურობის შედეგად, ზეწოლები შეწყვეტილია.

თვითონ ბარათელი ფსიქოლოგიურად და მორალურად როგორ მდგომარეობაშია?

- ფსიქოლოგიურად და მორალურად ბარათელი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო 1 ოქტომბრამდე. მნიშვნელოვანია ის, რომ გიორგი ბარათელს აძლევდნენ დიდი დოზით ფსიქოტროპულ საშუალებებებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ მედიკამენტებს სპეციალურად აძლევდნენ, რათა ჰყოლოდათ გათიშული, არაადეკვატური.

დადგენილია, კონკრეტულად, რა ფსიქოტროპულ მედიკამენტებს აძლევდნენ?

- კონკრეტულად მე არ შემიძლია დავასახელო, რა ფსიქოტროპულ მედიკამენტებს აძლევდნენ, მაგრამ მედიკამენტი ფსიქოტროპული რომ იყო, ფაქტია. ამას თვითონაც აღნიშნავს.

ამასთან დაკავშირებით რაიმე ექსპერტიზა ხომ არ ჩატარებულა?

- არა. უბრალოდ, როცა ბარათელს შევხვდი, არაადეკვატური იყო და ვიცი, რომ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს იღებდა დიდი ოდენობით. ახლა იმას არ აქვს მნიშვნელობა, კონკრეტულად, რა მედიკამენტი იყო. მთავარია ის ფაქტი, რომ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს აძლევდნენ. ისიც დადგენილია და სახალხო დამცველის მოხსენებაშიცაა აღნიშნული, პატიმრების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი საშუალება, მათთვის დიდი დოზით ფსიქოტროპული მედიკამენტების მიწოდება რომ იყო. ახლა გიორგი ბარათელს აღარ ეძლევა ფსიქოტროპული საშუალებები და საკმაოდ კარგადაა, ჯანმრთელად აზროვნებს და ნორმალურად გრზნობს თავს.

ექსპერტიზაზე იმიტომ გკითხეთ, რომ ასეთ შემთხვევაში მტკიცებულებების ქონა ძალიან მნიშვნელოვანია. კარგია, რომ ეს გამოკვლეულია.

- ბარათელისთვის ფსიქოტროპული მედიკამენტებს მიწოდების ფაქტია დაფიქსირებული. მეტი რა მტკიცებულება გინდა, როცა ფსიქოტროპული მედიკამენტი გაქვს მიღებული, არაადეკვატური ხარ. ადამიანი ისეთ მდგომარეობაშია, როგორც ნარკოტიკული ნივთიერების მიღების შემთხვევაში. მე თვითონ მყავს ნანახი ასეთ მდგომარეობაში და ექიმებსაც აქვთ სამედიცინო ბარათში მითითებული, კონკრეტულად, რა მედიკამენტს აძლევდნენ.

.. გიორგი ბარათელს რომ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს აძლევდნენ, ამის მტკიცებულება არის.

- დიახ, დანიშნული ჰქონდა.

რომელი მედიკამენტიც ბარათელს არ სჭირდებოდა, რეალურად.

- დიახ, არ სჭირდებოდა. ეს დაფიქსირებული აქვთ ერთ-ერთი სარეაბილიტაციო ცენტრის “ემპათიის” ექიმებს, რომლებმაც მოინახულეს და მათ დასკვნაში აღნიშნეს, რომ ამ პატიმარს ფსიქოტროული მედილამენტი ეძლეოდა.

როგორ ფიქრობთ, ბარათელს ეს ბრალდება საბოლოოდ მოეხსნება?

- ვფიქრობ, რომ მოეხსნება, რადგან გასულ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ, ფაქტობრივად, მოხსნა სხვა მოწმეების დაკითხვა.