"ალასანია პრეზიდენტობის კანდიდატობიდან არ ჩამოწეროთ"

ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, - შესაძლოა, ტერორისტები საქართველოში მართლაც გადიოდნენ მომზადებასო, დიდი რეზონანსი მოჰყვა. ამას პრეზიდენტი სააკაშვილი აშშ-დან გამოეხმაურა და განაცხადა: ამგვარი ლაპარაკი ქვეყნის ინტერესებს აზარალებსო. გვესაუბრება კოალიცია "ქართული ოცნებისა" და "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტარი ლევან ბერძენიშვილი:

- თუ არსებობს კითხვები, ამაზე უნდა ჩატარდეს გამოძიება და გაირკვეს სიმართლე. ეს თქვა პრემიერმაც, სხვა არაფერი. მის განცხადებამდე ამის შესახებ თავის ანგარიშში დაწერა ომბუდსმენმაც, როდესაც ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალები შეისწავლა. საქართველოს პრეზიდენტი მაშინ სად იყო, ეს რომ დაიწერა, თუ კითხვა არ იცის? პრემიერმა მხოლოდ ის თქვა, რომ ასეთი ეჭვი არსებობს და უნდა გამოვიძიოთო. არ ვიცი, ჰქონდა თუ არა ტერორისტების მომზადებასთან კავშირი წინა ხელისუფლებას, მართლა იყო თუ არა ამაში ჩართული შინაგან საქმეთა სამინისტრო, - ეს უნდა დაადგინონ სამართალდამცავებმა. ისე, არაფერს გამოვრიცხავ. ის, რომ სააკაშვილს არ სურს ამაზე ლაპარაკი და ეს ქვეყნის ინტერესების დაზიანება ჰგონია, ბევრს არაფერს ნიშნავს. ვანო მერაბიშვილს ნამდვილად შეეძლო ქვეყნის საწინააღმდეგოდ ემოქმედა. მაგას იმდენი ცუდი საქმე უკეთებია, ასეც რომ იყოს, სულაც არ გამიკვირდება. ეს ხომ ის ხალხია, რომლებმაც ადამიანის მკვლელობას მთელი სახელმწიფო ინტერესი გადააყოლეს.

- თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ პრემიერს ამაზე გამოძიების შედეგებამდე არ უნდა ელაპარაკა...
- ესენი ოპონენტები კი არა, ის ხალხია, რომელიც დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენს. თუ ეს ფაქტი დადასტურდა, გამოდის, რომ ესენი ქვეყნის იმიჯზე კი არა, საკუთარი დანაშაულის დაფარვაზე ზრუნავენ. პრემიერის განცხადებაში კი არ ვხედავ პრობლემას, არამედ იმაში, ეს თუ დაადასტურა გამოძიებამ. აი, ეს იქნება საგანგაშო.

- როგორ შეაფასებთ მიხეილ სააკაშვილის ამერიკაში ვიზიტს?
- როგორც შანსს იმისას, რომ უკანასკნელად იმოგზაუროს შტატებში ამ რანგში. მას ჰქონდა საინტერესო და სერიოზული შეხვედრები, მათ შორის ჯოზეფ ბაიდენთან.

- რომელმაც საქებარი სიტყვები არ დაიშურა სააკაშვილის მისამართით...
- ამაში არაფერია გასაკვირი, თუმცა, თუ თავიდან ბოლომდე გაეცნობით ბაიდენის ნათქვამს, იქ ქების გარდა სხვა რამესაც ამოიკითხავთ. ამერიკელებმა გამოიტირეს სააკაშვილი, უთხრეს, მშვიდობითო! უთხრეს ის სიტყვები, რასაც პენსიონერებს ეუბნებიან ხოლმე. არა მგონია, დიდად სასიხარულო ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილისთვის ბაიდენის ქება წარსულ დროში. მას გაცილებით ურჩევნია, იყოს მოქმედი პოლიტიკოსი, ვიდრე მასზე წარსულში ლაპარაკობდნენ და ეუბნებოდნენ, საინტერესო მმართველი იყავითო.

- ბატონო ლევან, როგორც პრემიერ-მინისტრმა ბრძანა, მას უკვე შერჩეული ჰყავს პრეზიდენტობის კანდიდატი, თქვენ რა იცით ამის შესახებ?
- არაფერი. ბიძინა ივანიშვილს სტრასბურგში ყოფნისას ველაპარაკე, თუმცა პრეზიდენტობის კანდიდატსა და საკუთარ სიმპათიებზე არაფერი უთქვამს. როგორც ვიცი, პოლიტსაბჭოზე რამდენიმე კანდიდატს განიხილავენ, შერჩევის შემდეგ კი ერთიან კანდიდატს წარვუდგენთ საზოგადოებას. სავარაუდოდ, მაისის შუა რიცხვებში ყველაფერი ცნობილი იქნება. შემიძლია გითხრათ, რომ რესპუბლიკელებს არ გვეყოლება
საკუთარი კანდიდატი. თავის დროზე, როდესაც ალიანსი შევქმენით, მაშინაც სხვა პარტიის წარმომადგენელი დავასახელეთ პრეზიდენტობის კანდიდატურად, გახსოვთ ალბათ, ეს ირაკლი ალასანია იყო.

- როგორც ჩანს, ამჯერად ირაკლი ალასანია, ალბათ, აღარც განიხილება სავარაუდო კანდიდატად, რადგანაც ივანიშვილი მას დიდად არ სწყალობს...
- წყალობა არაფერ შუაშია, აქ ლაპარაკია სულ სხვა რამეზე, ივანიშვილი და ალასანია სხვადასხვანაირად ხედავენ ხელისუფლებაში პრეზიდენტის როლს. ირაკლი ალასანია ძალიან კარგი და საინტერესო პოლიტიკური ფიგურაა, ასევე ძალზე საიმედო პარტნიორი, მაგრამ მას საპრეზიდენტო რესპუბლიკა მიაჩნია ქვეყნის განვითარების უკეთეს პერსპექტივად, მაშინ, როდესაც ივანიშვილიცა და სხვებიც სხვანაირად ვფიქრობთ და საპარლამენტო მმართველობას ვემხრობით. მაგრამ ამაზე ლაპარაკი ჯერ არ დასრულებულა, ამიტომ გირჩევთ, ალასანია პრეზიდენტობის კანდიდატობიდან არ ჩამოწეროთ. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. რესპუბლიკელებისთვის ნამდვილად არასდროს წარმოადგენდა პრობლემას ალასანიას პრეზიდენტობა და არც ახლა წარმოადგენს.

- თქვენ იმყოფებოდით სტრასბურგში პრემიერის ევროსაბჭოში გამოსვლისას, პრემიერმა არაერთხელ განუცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს, რომლებიც მას კითხვებს უსვამდნენ, რომ ცალმხრივი და არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ. რა კეთდება იმისთვის, რომ დასავლეთს სწორი და ობიექტური ინფორმაცია მიეწოდოს?
- ამისთვის უპირველესად საჭიროა, ამგვარი დიდი ფორუმების წინაშე წარდგეს ნორმალური ადამიანი და მშვიდად, გაწონასწორებულად ილაპარაკოს, რაც ნამდვილად შეძლო ივანიშვილმა, რომელმაც ილაპარაკა 12 წუთი, მერე კი უპასუხა 22 კითხვას, რითაც დაამყარა ევროსაბჭოს რეკორდი. როგორც იცით, ამისთვის სულ ერთი საათია გამოყოფილი და ამ დროში ათ კითხვაზე მეტს ვერავინ პასუხობს. მიუხედავად იმისა, რომ მან სერიოზულად გააკრიტიკა იქაურები, ბოლოს მაინც მთელი დარბაზის ტაში დაიმსახურა, ამის შემხედვარე გიორგი კანდელაკი გულამოსკვნილი ტიროდა, რადგან ივანიშვილს ტაშს უკრავდა ის პოლონელიც კი, პუტინისა და სააკაშვილის სიყვარულის შესახებ რომ დასვა სულელური კითხვა. ვახშამზე კი პოლონელი დეპუტატი მოვიდა ჩვენს სუფრასთან და გვითხრა, ჩიორა თაქთაქიშვილმა და თინა ბოკუჩავამ შემაცდინეს და იმათ დამასმევინეს ეს კითხვაო, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მინიონმა კი განაცხადა, ივანიშვილის გამოსვლა ნამდვილი ევროპული ტიპის ზომიერი გამოსვლა იყოო.

- ბატონო ლევან, ცნობილია, რომ სწორედ თქვენ იყავით "ნაცმოძრაობის" სათავეებთან, ახლა რა ხდება ამ პარტიაში?
- ის ხდება, რომ მისი რეიტინგი 10%-ს ვეღარ სცდება, მის კანდიდატს კი "ქართული ოცნების" წარმომადგენელი კი არა, კახა კუკავაც კი უგებს. თანაც არც კი რცხვენიათ, გამოდიან და ესეც კი უხარიათ, ამბობენ, 5% კი არა, 15% გვქონია რეიტინგი და არ მოვმკვდარვართო. "ნაცმოძრაობაში" თავიდანვე იდო კონფლიქტის მარცვალი, რადგანაც ამ პარტიამ ხალხი იდეოლოგიით კი არ გააერთიანა, არამედ ერთმანეთზე შეგროვილი კომპრომატებითა და შიშით. შეუძლებელია, ერთი იდეოლოგია ჰქონდეთ, მაგალითად, გიგა ბოკერიასა და ვანო მერაბიშვილს. ისე, ჩვენი ისტორიის განმავლობაში უმაღლეს თანამდებობებზე არაერთი სულელი ყოფილა, მაგრამ იმაზე მეტი სირცხვილი არა მგონია რამე იყოს, ვანო მერაბიშვილი რომ პრემიერ-მინისტრად გვყავდა, ეს უწიგნური და სულელი კაცი.

- თუმცა იმ წერილებში, რომლითაც ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა პოლიტიკურ ასპარეზზე, საკმაოდ აქებდა მერაბიშვილს.
- კი, ამბობდა, კარგი მენეჯერიაო, მაგრამ ამ აზრს მაინცდამაინც არ ვიზიარებ. მით უფრო, 19 აპრილის აქციის შემდეგ, რომელიც მან დაგეგმა და გამართა და რომელზეც აპირებდა თავი "ნაცმოძრაობის" მეფედ გამოეცხადებინა, მაგრამ მივიდა სააკაშვილი და აღმოჩნდა, რომ "მკვდარი" პარტიის "მკვდარი" მეფე ისევ სააკაშვილია. მოკლედ, ამ აქციის მენეჯერობაში მერაბიშვილს ორიანს ვუწერ. "ნაცმოძრაობაში" სულ იყო ფარული დაპირისპირებები, ეს განსაკუთრებით შესამჩნევი იყო მუშურ-გლეხურ ნაწილსა და ელიტას შორის, პირობითად რომ ვთქვა, კირკიტაძეებსა და ბოკერიებს შორის. ასევე იყო სხვა ნაპრალებიც, ამათგან განსაკუთრებით გამოირჩეოდა ახალაიასა და მერაბიშვილს შორის დაპირისპირება, რისი გაგრძელებაც უკვე საჯაროდ ვნახეთ და ეჭვი მაქვს, რომ კიდევ ბევრ რამეს ვნახავთ. ამას წინათ თეა თუთბერიძემ განაცხადა, ვანო მერაბიშვილი და გიგა ბოკერია რუსეთის ხალხიაო, ადრე მე მაბრალებდნენ ამას, ხედავთ, ეს რა მეგობრები მყოლია?! მოკლედ, დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრ საინტერესო ამბავს გავიგებთ, სავარაუდოდ, მალე ერთმანეთზე შეგროვილ კომპრომატებსაც გადმოშლიან.

- რას ნიშნავს დავით უსუფაშვილის განცხადებები, რომ დემოკრატიული პროცესის ფარგლებში ცდილობთ, შეუნარჩუნოთ სახე "ნაცმოძრაობას" და გადაარჩინოთ...
- ეს ნიშნავს იმას, რომ სასურველია ხელისუფლებაში ნამყოფმა პარტიამ გააგრძელოს არსებობა, ხანდახან მაინც რომ რამე ვკითხოთ. თუ ვერ გადარჩნენ, საფლავში არავინ ჩაჰყვება. ტყუილად გვსაყვედურობენ, რატომ ამბობთ, რომ უნდა გადარჩნენო… კულტურულ ქვეყნებში ასე ხდება: ერთი პარტია წააგებს ხოლმე არჩევნებს, მაგრამ რჩება პოლიტიკურ ველში, გვინდა, ბოლოს და ბოლოს, დავემსგავსოთ კულტურულ ქვეყნებს.