დღეს რომ საქართველო უცხოტომელთა ალყაშია მოქცეული და გამოსავალიც არ ჩანს, ეს არახალია, მაგრამ კეთილი სურვილებით მოსულ ხელისუფლებას რომ არავითარი სტრატეგია არ გააჩნია, ესეც ცხადია. მე პირადად ორჯერ შევაწუხე ბატონი პრემიერ-მინისტრი და სახალხოდ ვკითხე, რას აპირებდა ამ საკითხის მოსაგვარებლად, მაგრამ ორჯერვე ბუნდოვანი პასუხი მივიღე. შემდგომში კი იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ უნდა გამკაცრდეს მიგრაციის კანონი. თუმცა დღემდე არც მიგრაციის კანონი გამკაცრებულა და ასეც რომ მოხდეს, ეს საქმეს მაინც ვერ უშველის, კონსტიტუციაში შესაცვლელი გვაქვს ის მუხლი, რომელიც უცხოელ მოქალაქეებს ყველა სახის ქონების ყიდვის უფლებას აძლევს. ცვლილება მისაღებია საკონსტიტუციო უმრავლესობით, რაც დღეს მმართველ გუნდს არ გააჩნია. აი, რას ამბობს "ალიასთან" საუბარში სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე:
- ინდოელებსა და ჩინელებზე აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ, ამ საკითხზე საუბარს თავად ბიძინა ივანიშვილიც თავს არიდებს. არადა, წაგვლეკეს ამ უცხოელებმა.
- მიწების უმეტესობა გაყიდულია კერძო პირების მიერ, ხომ?
- რა თქმა უნდა.
- რატომ გაყიდეს?
- იმიტომ, რომ მათ მხარდაჭერა არ ჰქონდათ და ხელჩაქნეულები იყვნენ.
- ახლა ხომ არ არიან ხელჩაქნეულები, რატომ ყიდიან? ახლა ნაკლები იყიდება. აქ ორი თემაა: არსებობს სახელმწიფო მიწები, მაგრამ სანამ არ აღირიცხება, ხელს ვერავინ ახლებს. მეორეა, კერძო მიწები და ამაში ვერ ჩავერევით.
- შეაჩერეთ, ძმაო, საქართველოში დღეს ჩამოსულს დღესვე შეუძლია მიწის ყიდვა, ეს სამართალია?
- კონსტიტუციაში წერია.
- რა წერია, ეს კონსტიტუციაც ჩვენს ხელში არ არის?
- მე გეტყვი, რას ვფიქრობ ამაზე... მიწა არის სულ სხვა რამე, არ შეიძლება, ერთიან ჭრილში იყოს განხილული... ჩვენ თბილისიდან ვერ გადავწყვეტთ, ანაგაში მიწა უნდა გაიყიდოს თუ არა. ეს ყველაფერი უნდა იყოს თემის გადასაწყვეტი, ეს არის ინდივიდუალური საკითხები. ამ შემთხვევაში ტყეებზეც ვილაპარაკოთ... წარმოგიდგენია, ჩემს სოფელში რომ ჩავიდე და ვინმემ ტყეში არ შემიშვას?
- ჩემი სოფელი ზუსტად ამ დღეშია, მოვიდა ვიღაცა, თქვა, ჩემიაო და არავის არ უშვებს.
- ეს არასწორია.
- ვიცი, რომ არასწორია, ახლა რას იზამთ, ჩამოართმევთ?
- ეგეც გასარკვევია, რა ფორმით არის გადაცემული, არსებობს კეთილსინდისიერი მყიდველი. ჯერ ტყეში შევიხედოთ, ვითომ ზოგი უვლის და ამ დროს მომსპარია ყველაფერი. მე რამდენიმეჯერ გადავედი ნაქერალას უღელტეხილზე, მთელი ფერდობები იჩეხება.
- კი, ბატონო, მყიდველი კეთილსინდისიერია და ტყეში არ მიშვებს, რას უზამთ?
- ფაქტია, რომ ეს საკითხები განსახილველია.
- გამოდის, ჩემთვის არაფერი არ იცვლება.
- არა, ტყის მეპატრონეს უნდა მოელაპარაკოს სახელმწიფო, ან უნდა გამოისყიდოს, ან კიდევ იჯარის პირობები შეცვალოს.
- აქ ერთი გზა არსებობს, უნდა წავართვათ და გადავცეთ სოფელს, ასეა?
- მე სხვანაირად ვიტყოდი... სოფელს ტყეზე ის უფლებები უნდა აღუდგეს, რაც ადრე ჰქონდა. სიტყვა "წართმევას" არ გამოვიყენებდი.
- თუ ჩემი უფლებების აღდგენა გინდათ, მაინც წართმევამდე მივდივართ...
როგორც ხედავთ, ამ ეტაპზე არც იმისთვის ვართ მზად, რომ წლების განმავლობაში მავანთა მიერ მიტაცებული ტყეები დავიბრუნოთ. სურვილი კი არსებობს, რომ ახალმა ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას ასიამოვნოს, მაგრამ ეს როგორ უნდა გააკეთოს, არ იცის. კი, ბატონო, როგორც ბატონი მინისტრი ამბობს, მომსპარი და განადგურებულია ჩვენი ტყეები, გადის
და გადის ტრაილერებით ხის მასალა... მერე რა? ვის ჯიბეშიც აქამდე მიდიოდა ფული, ისევ იმათ ჯიბეში ჩადის.